ვისი ოჯახის დანგრევაზე გაუვრცელეს მარიტა როხვაძეს ჭორები და როდის იკავებს ის მამაკაცთან ურთიერთობაში წამყვან პოზიციას
მარიტა როხვაძე ყველანაირად ცდილობს, სწავლა, სიმღერა და გადაცემაზე მუშაობა ერთმანეთს კარგად შეუთავსოს. რაც მთავარია, დარწმუნებულია იმაში, რომ მომავალში უფრო მეტ წარმატებასაც მიაღწევს, რადგან შრომა არასდროს ეზარება.
მარიტა როხვაძე: ვცდილობ, სწავლა, მუსიკალური კარიერა და გადაღებები შევუთავსო ერთმანეთს და ყველაფერი ისეა, როგორც მე მინდა, რადგან, ისედაც ყველაფერი ისე არის, როგორც მე მინდა ხოლმე. არ ვარ მეოცნებე ადამიანი და არ ვოცნებობ ისეთ რაღაცეებზე, რაც არ გამოვა. რეალისტი ვარ და ყველაზე და ყველაფერზე რეალისტურად ვაზროვნებ. თან, როცა იცი, რომ, რაც უფრო მეტს იშრომებ, უფრო მეტად გამოვა, ეს კიდევ მეტ აზარტს გმატებს და ამას აქვს მთელი მუღამი. ჩემთვის არც არასდროს არაფერი არ მოურთმევიათ ლანგრით: აჰა, შენ – მილიონი დოლარი და კარგად იყავიო. მე თვითონ უნდა გამოვიმუშავო მილიონი დოლარი.
– შენს მიზნებში არის დრო, როდესაც მილიონერი გახდები?
– მილიონერი – არა, მილიარდერი – რატომაც არა. მთავარია, ადამიანმა მოინდომოს, არ აქვს მნიშვნელობა, მილიონი იქნება ეს თუ უფრო ნაკლები; მთავარია, მას ჰქონდეს იმდენი, რამდენიც სჭირდება. ფული არასდროს არის ზედმეტი, მაგრამ ყოველთვის მიზანმიმართულად უნდა დახარჯო, რომ მოგება მოგიტანოს. ჩემი შემოსავალი ხუთნიშნა და ექვსნიშნა არ არის, მაგრამ, რაც მაქვს, იმას ნორმალურად განვკარგავ და მეც ნორმალურად ვარ – თუ გავითვალისწინებთ სწავლის საფასურს, ბინის ქირას, ოჯახს, რადგან არავინ მუშაობს და საკუთარ თავს თვითონ ვირჩენ. ჩემი ოჯახის წევრები არ მუშაობენ და მეამაყება, რომ ამ ყველაფრის კეთება შემიძლია. ვიცი, რომ უფრო და უფრო მეტი მჭირდება, რათა გვერდში დავუდგე იმ ადამიანებს, ვინც ჩემს დახმარებას საჭიროებს. 12 მარტს ჩემი დაბადების დღეა, რაღაც თანხა მქონდა გადადებული და, მინდოდა, თბილ ქვეყნებში წავსულიყავი. მაგრამ ვერ დავზოგე და ვერ შევინახე ფული, რაზეც ცოტათი დამწყდა გული, მაგრამ ასე იყო საჭირო.
– ოჯახს მოახმარე?
– მამაჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ოჯახსაც ბევრი რამ სჭირდება – მხოლოდ წამალი ხომ არ არის, ამიტომ, უცბად შემომეხარჯა ფული. რა თქმა უნდა, ამას არ ვნანობ, რადგან ჩემთვის მთავარია, ჩემი საყვარელი ადამიანები ჩემ გვერდით იყვნენ. როცა რაღაც ჩემს ოჯახის წევრებს ეხება, ყველანაირ სიამოვნებას გვერდზე ვდებ.
– მშობლებიც ამაყობენ შენით...
– დედაჩემმა იცის თქმა: შენზე ისეთი კარგი რამ გავიგე, სიმაღლეში გავიზარდეო და მეც გული მიჩუყდება ხოლმე. მამა ერთადერთი მამაკაცია ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ჩემი ყველაფერი ესმის, ყველა თემაზე შემიძლია მას დაველაპარაკო. ჩემთვის მთავარია, ადამიანებს მარიტა დაამახსოვრდეთ როგორც კარგი ადამიანი, თორემ, დანარჩენი – გიჟი რომ ვარ და დაულაგებელი – ეს ისედაც იცის ყველამ. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც, ის ადამიანები, ვინც ჩემ გვერდით არიან, ჩემთან ურთიერთობით კარგ ხასიათზე დგებიან. კი მეუბნებიან, ენერგოვამპირი ხარო, მაგრამ, ენერგიას ვართმევ და ვაძლევ კიდეც. მხოლოდ გაცემა არ შემიძლია, სამაგიეროც უნდა მივიღო, თორემ, გამოვიფიტები. დედაჩემი მეუბნება, ცივსისხლიანი და გულქვა ადამიანი ხარო, თუმცა, არ არის ასე, პირიქით, ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ, ყველაფერს ეშველება და რატომ ვიყო ამის გამო დეპრესიაში?! მე მინდა ყოველი დღიდან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.
– ხშირად ჩაგიდენია ერთი და იგივე შეცდომა?
– ყოფილა ასეთი შემთხვევა და ეს ძირითადად პირად ურთიერთობებს უკავშირდება, რადგან ასეთ ურთიერთობებში ძალიან ჯინიანი და აუტანელი ვარ. ყველა მამაკაცს მოსწონს, როდესაც ის არის ურთიერთობაში დომინანტი, მე კი ასე არ შემიძლია. მე უფრო წამყვან პოზიციას ვიკავებ, რაც ძალიან არ მოსწონთ და, შესაბამისად, როცა ურთიერთობა დამიწყია, მერე ეს დამთავრებულა იმით, რომ „შენ ძალიან ძლიერი ხარ, არ შემიძლია, შენ გვერდით ვიყო.” თან, თუ განსხვავებულ აზრს იტყვი, რატომღაც, ჰგონიათ, რომ ეპასუხები ან ენა დაიგრძელე და უზრდელი ხარ; არადა, უბრალოდ, შენს აზრს განსხვავებულად აფიქსირებ. მე კი სულ ვცდილობ, ისეთი რამ ვთქვა, რისიც მერე არ შემრცხვება და არ „გამიტყდება.” ეს არ მოსწონთ მამაკაცებს, მათ სურთ, რომ ყველაფერზე უნდა დავეთანხმო, მაშინ, როცა საკუთარი აზრი გამაჩნია და შემიძლია, რაღაც ვთქვა. ანუ, რაში გამოიხატება სიძლიერე: ჩემს განსხვავებულ აზრს რომ ვაფიქსირებ, თუ სცენაზე რომ ავდივარ, უნდა მეცვას ისე, როგორც სცენას სჭირდება?
– სცენაზე შენს ჩაცმულობას მამაკაცის მხრიდან მოჰყოლია უკმაყოფილება და გამხდარა თქვენი ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი?
– როგორ არა. ბოლო დროს, როცა ჩემ გვერდით იყო ადამიანი, რომელიც მიყვარდა და ვუყვარდი... და სცენაზე თითის ქნევით – შენ ეს არ უნდა ჩაიცვა, რა თქმა უნდა, არ იქნება მისაღები. ჩემთვის პირველ ადგილზე მშობლის აზრია. მამას რომ ვეუბნები: შენი შვილი ახლა ავა სცენაზე და „ბოდეს” ჩაიცვამს, მან იცის, რომ ეს სცენაა და პრობლემა არ არის. და თუ ეს ვიღაცის ძმაკაცებს არ მოეწონებათ ან ცუდი თვალით შემხედავენ, ბოდიში და, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ვერ მექნება. როცა „ეჭედებათ” და ეწყებათ „გრუზინული” რაღაცეები, რა თქმა უნდა, მეც „ვჭედავ.” თუმცა, სასიყვარულო ურთიერთობებში დიდი გამოცდილება არც მქონია, რომ რაღაცეები ვილაპარაკო. სულ ორი იყო: ერთი კი იცი, მეორეს არ ვასაჯაროებ. თუ ადამიანი შემიყვარებს ისეთს, როგორიც ვარ, მაშინ შემოევლოს ჩემი დარჩენილი ცხოვრება. ბოლო დროს ცოტა ეჭვის თვალით დავიწყე ყურება, სიფრთხილესაც ვიჩენ. „ბლატნოი” ტიპები, „ბაბულიკური“ რაღაცეები რომ აქვთ და გაწელილი რომ დამელაპრაკებიან – აი, აქ მთავრდება ყველაფერი. თუმცა, ყოფილა შემთხვევა: ნორმალური ადამიანია, მაგრამ, დალევს ორ ჭიქას და იქ დაესმება წერტილი ყველაფერს. მამა მეუბნება, როცა მამაკაცზე სერიოზულად იფიქრებ, აუცილებლად დაათვრე და გაიგე, როგორია სიმთვრალეშიო. ასე რომ, თუ ვინმეზე სერიოზულად ვიფიქრებ, ჯერ დავათრობ, ძალით ჩავასხამ ალკოჰოლს, რომ თავისი ხასიათი გამოამჟღავნოს.
– შენ და ნიკა გრიგოლია ცნობილ ადამიანებთან სხვადასხვა ჭორებს ამოწმებთ. შენზე როცა ჭორაობენ, როგორი რეაქცია გაქვს?
– ეკრანზე, კამერებზე, მიკროფონზე ხომ შეყვარებული ვარ და, ძალიან გამიხარდა, როცა წამყვანობა შემომთავაზეს. ჩემზეც გამიგია ჭორები: ავარიაში მოვყოლილვარ, მოვმკვდარვარ, ვენები გადამიჭრია... ისე მიყვარს საკუთარი თავი და გარშემო მყოფები, რომ სუიციდით არასდროს დავასრულებ სიცოცხლეს. ყველაზე ცუდი ჭორი იყო, როდესაც დუტასთან ერთად გადაღებული ფოტო დავდე და ყველამ აიტაცა, ვოთომდა მე და დუტა ერთად ვართ; დუტამ ჩემ გამო ოჯახი დაანგრია; რომ ერთად ვისვენებდით. ტირილით დავურეკე დუტას და აქეთ დამამშვიდა.