როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც მის სხეულს შეიძლება დაემართოს და როგორ ასუსტებს ჩვენს სასიცოცხლო ძალებს ალკოჰოლი და ყავა
„თუ იოგას სამკურნალო მიმართულებას მისცემ, მას ბევრი მძიმე დაავადების დამარცხება შეუძლია. აიურვედაში (აიურ – სიცოცხლე, ვედა – ცოდნა) არ არსებობს დაავადება, რომლის ეტიოლოგია არ იყოს ცნობილი, ისევე, როგორც მისი მკურნალობის საშუალება,“ – ეს სიტყვები ექიმ-თერაპევტს, ვახტანგ შერვაშიძეს ეკუთვნის, რომელიც, ამავდროულად, საქართველოში პირველი აიურვედისტი ექიმი, 1988 წლიდან ჰა-თჰა იოგას ინსტრუქტორი და ბჰაკტი იოგაში, ანუ სიყვარულის იოგაში ხელდასხმული ბრაჰმანია.
ვახტანგ შერვაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ჩემთვის სკოლაში სიარული ჯოჯოხეთი იყო, საკმაოდ სტრესული, რადგან ყველა საგანი ხუთიანზე უნდა მესწავლა. ნერვიულობისგან, სტრესისგან, ჩემი კარმული ცხოვრებიდან გამომდინარე, გამიჩნდა კუჭის წყლული. როდესაც თბილისში ჩამოვედი, რათა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამებარებინა, წყლული გამირთულდა და გამიკეთეს ოპერაცია. ხუთი წელი ვაბარებდი სამედიცინოზე და, იმ წელს, როდესაც ჩავაბარე, ისევ გამიჩნდა წყლული და სწორედ მაშინ შემეპარა ეჭვი დღევანდელ მედიცინაში, თუმცა თავი არ დამინებებია. იმისთვის, რომ ფიზიკურად მოვძლიერებულიყავი, დავიწყე ჰა-თჰა იოგას შესწავლა, ვარჯიში და ოთხ თვეში წყლული ალაგდა.
– თავად ჰა-თჰა იოგას გურუსთან თუ გქონიათ პირადი ურთიერთობა?
– მედიტაციით – კი. როცა მისი სურათი გიკიდია კედელზე, კონცენტრაციას აკეთებ, მის წიგნებს კითხულობ, მისი გჯერა და უკვე განწყობით შემოდის, გასწავლის. დაახლოებით 10 წლის შემდეგ, ანუ 1988 წელს, უკვე ჰა-თჰა იოგას პირველი სამკურნალო ცენტრი გავხსენი ქუთაისში, თუმცა მანამდე დავინტერესდი ისეთი დაავადებით, როგორიც კიბოა. როდესაც მეორე კლასში ვსწავლობდი, ჩემი გამზრდელი მამიდა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება უდიდესი სტრესი იყო ჩემთვის. როცა ვიკითხე, რით გარდაიცვალა-მეთქი და მითხრეს – სიმსივნითო, მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს: მე ექიმი უნდა გავხდე და კიბო დავამარცხო-მეთქი. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მედიცინის ალტერნატიულ მიმართულებებს ვეძებდი. საბოლოოდ, უარვყავი დღევანდელი მედიცინა, რომელიც შედეგზე ორიენტირებული, მცდარი მედიცინაა, სწორი მკურნალობის ლიანდაგზე არ დგას... ერთ დღესაც, როდესაც სახარებას ვკითხულობდი, ასეთი აზრი მომივიდა: შეგიძლია, სიკვდილი დაამარცხო? მთელი სტუდენტობის განმავლობაში წვერით და ჩემი გაკეთებული ხის ჯვრით დავდიოდი, ბევრს ვკითხულობდი. როდესაც ეს კითხვა მომივიდა, ღრმად ჩავფიქრდი და გამახსენდა სახარებიდან სიტყვები: „სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი”. ასე დავიწყე სულიერი მოძღვრის ძებნა. ერთი წელი ურთიერთობა მქონდა გელათის მონასტერთან, მაგრამ არც იქ ჰქონდათ პასუხი. სახარებაში ბევრი საკრალური მომენტია, რომლებიც ჭეშმარიტმა მოძღვარმა უნდა იცოდეს. რომ ვერ მივიღე პასუხები, მითხრეს: თბილისში წადი, უფრო სწორად, მცხეთაში ერთი წმიდანია, მამა გაბრიელი და ის დაგეხმარებაო. წავედი მასთან. მამა გაბრიელი იმ დროს მირიანის კოშკში იყო. მიგვიღო, თავის გაკეთებულ ხის კუბოში იწვა, წამოჯდა და მკითხა, რა მაინტერესებდა. როგორც აღვნიშნე, სახარებაში, კერძოდ აპოკალიფსში, არის ადგილი, რომელიც ძალიან საკრალური და იდუმალია. ვკითხე: ეს რას ნიშნავს-მეთქი. პირდაპირ მიპასუხა: „არ ვიცი, შვილო“. სხვა მოძღვრების მსგავსად არ უთქვამს: არ გინდა, არ წაიკითხოო. მიხვდა, რომ სერიოზულად ვიყავი დაინტერესებული. როდესაც ადამიანი იოგაში ვარჯიშობს, მას ბევრი რაღაც ეხსნება, ბევრ კითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა. ამიტომ პირდაპირ მიპასუხა. შემდეგ იქვე, მის კელიაში, ნათარგმნი სახარება დავინახე და ვკითხე: ძველი ქართული სახარება რატომ არ გაქვთ. იქნებ კურთხევა მომცეთ, როცა ფული მექნება, დავბეჭდო-მეთქი. გამიღიმა: კარგიო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის საკვებზეც. ამის მერე ჩვენ შორის ფიზიკური კავშირი აღარ ყოფილა.
– არ გახდა თქვენი სულიერი მოძღვარი?
– სულიერი მოძღვრის ძებნა ბჰაკტი იოგაში დავიწყე. იმ პერიოდში ბჰაკტი იოგათი ვიყავი დაინტერესებული და აბსოლუტურად ყველა კითხვაზე მივიღე პასუხი, მათ შორის იმ კითხვაზეც, რომელიც მამა გაბრიელს დავუსვი. პარალელურად ვედურ აღმოსავლურ ფილოსოფიას ვსწავლობდი, სადაც პირველად შევეხე ჩემს სანუკვარ აღმოჩენას – აიურვედას. აიურვედა, კიბოს აფასებს როგორც ფსიქიკურ დარღვევას – აურის გარღვევას, რომელიც გზას უხსნის ნეგატიურ ასტრალურ ენერგიას. პარაზიტის სახით ორგანიზმში მოთავსებულ ნეგატიურ სასიცოცხლო ენერგიას წარმოადგენს კიბო! ამიტომაცაა კიბოს მკურნალობასა და პროფილაქტიკაში ასე საჭირო სერიოზული ემოციური გაწმენდა, მედიტაცია და მანტრების გამოყენება. საიდუმლო მანტრებში ჩადებული იყო საწყისი კოდი, მთლიანი კოსმიური კანონის გასაღები. მანტრების დახმარებით შეიძლება აღდგეს წონასწორობა და გაკონტროლდეს ის ელემენტები, რომლებსაც ისინი მართავენ. ეს გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ იძლევა ჭკუის გაახალგაზრდავების საფუძველსა და ცნობიერების ტრანსფორმაციას. აიურვედაში არის დოშების პრინციპი. დოშა ნიშნავს შენს განსაკუთრებულ თვისებას. ჩვენი სხეული 5 უხეში ელემენტისგან შედგება: მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და ეთერი და, რომელიც უფრო მეტად არის გამოკვეთილი, იმის მიხედვით შეგიძლიათ, გაიგოთ, ვინ ხართ დოშით. სამი ბიოლოგიური ელემენტი – წოდებული დოშების სახით, სანსკრიტულ ენაზე იწოდება როგორც – ვატა, პიტა და კაფჰა და შეესაბამება ჰაერს, ცეცხლსა და წყალს. იმის მიხედვით, თუ რომელი ელემენტი ჭარბობს ამა თუ იმ ინდივიდის სხეულში, სახეზე გვაქვს ვატა, პიტა ან კაფჰა სხეულის კონსტიტუცია. ამისთვის სპეციალური ტესტი არსებობს, ის უნდა შეავსოთ და გაიგებთ თქვენს კონსტიტუციას. ყველამ უნდა იცოდეს თავისი კონსტიტუცია, რადგან ამის შესაბამისად შეგიძლიათ, გადახედოთ თქვენს მომავალ დაავადებებს. როცა დოშების წონასწორობა ირღვევა, ადგილი აქვს სხვადასხვა დაავადების გამოვლინებას. სამივე დოშის დარღვევა ორგანიზმში იწვევს კიბოს დაავადების წარმოშობას. დოშები კი ირღვევა: 1. არასწორი და არანორმალური კვებით. 2. მავნე ჩვევებით და უსუფთაობით, სასიცოცხლო ძალების დაკარგვით (დაფანტვით). 3. ნეგატიური აზროვნებით, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესით, სულიერი მისწრაფებების ნაკლებობით. ემოცია ფლობს თვისებას, დაბადოს სხეულში შესაბამისი გემო; ასევე, განსაზღვრული გემოს შეგრძნება ბადებს ჭკუაში შესაბამის ემოციას. გადაუმუშავებელი ფიქრები – უიმედობაა, გადაუმუშავებელი საკვები – ამა (შხამები). უარყოფითი ემოციები და მელანქოლია გამოყოფენ შხამებს, რომელთა დაგროვება ორგანიზმში იწვევს აგრეთვე დოშების წონასწორობის დარღვევას. საკვების ენერგეტიკა უპირველესად მოქმედებს დოშებზე. აიურვედის თანახმად, საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და, აგრეთვე, როგორ ვიღებთ, ჰარმონიაშია ჩვენს ბუნებასთან. უძველესი სიბრძნის თანახმად, მიღებული საკვები იყოფა სამ ნაწილად: ყველაზე უხეში ნაწილი ხდება ექსკრემენტი, საშუალო ნაწილი იქცევა სხეულად, ნაზი ნაწილი იქცევა ჭკუად. ჩვენი საკვების ბუნება მოქმედებს ჩვენს ემოციებზე. ისე, როგორც უარყოფით ემოციებს შეუძლია, დაარღვიოს ჩვენი საჭმლის მონელება, ასევე, თავის მხრივ, ცუდი საჭმლის მონელებას შეიძლება მოჰყვეს ნეგატიური მოქმედება ჩვენს ემოციებზე. არ შეიძლება, ხორცი ჩაითვალოს კეთილსასურველ პროდუქტად – ის შეიცავს თავის თავში სიკვდილის ენერგიას, ძალადობასა და რღვევას, რომელსაც თან ახლავს ისეთი ნეგატიური ემოციები, როგორიცაა შიში და სიძულვილი. ის პიროვნება, რომელიც იძლევა დაკვლის ნებას; ის ვინც კლავს; ის, ვინც ყიდის; ის, ვინც ყიდულობს; ის, ვინც აკეთებს მისგან საჭმელს; ის, ვინც ჭამს და ის, ვინც სხვას აჭმევს – ყველა თანაბრად იღებს ნეგატიურ ემოციებს და იბინძურებს აურას. როდესაც ადამიანი ხორცს იღებს, მასში შემოდის შიშის ჰორმონი, რადგან, როცა რაღაცას კლავენ, მასში შიშის ჰორმონი გროვდება, ჭამის შემდეგ კი ეს ჰორმონი ადამიანში შედის, რის გამოც მას ემართება ნევროზი, ეშინია სიკვდილის და მას ვერანაირი ფსიქიატრი ვერ უშველის, თუ არ დაიწყებს სწორად კვებას და არ იტყვის ხორცზე უარს. სასმელი წყალიც იყოფა სამ ნაწილად: უხეში ნაწილი იქცევა შარდად, საშუალო ნაწილი იქცევა სისხლად, ნაზი ნაწილი იქცევა საციცოხლო ძალად. უსუფთაო წყლის დალევა, რომელიც შეიძლება მოდიოდეს პირდაპირ ონკანში, ან დისტილირებული – გამოხდილი წყალი, ან კიდევ, ალკოჰოლი, ყავა და სხვა აღმგზნები საშუალებები, ასუსტებს ჩვენს სასიცოცხლო ძალებს და ამ მხრივ ქმნიან უწესრიგობას ჩვენს გრძნობებსა და ფიქრებში. აიურვედის თანახმად, ყურადღება უნდა მიექცეს: პროდუქტების შეთავსებას, საკვების მომზადების წესს, რაოდენობას, მიღების სისუფთავეს, აგრეთვე საკვების მიღების დროსა და ადგილს. ჩვენი ემოციური მდგომარეობაც უნდა იყოს კარგი განწყობის. კარგმა საკვებმა, თუ ის მიღებულია ცუდი განწყობით, შეიძლება გამოიწვიოს დაავადება. მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმ ადამიანის განწყობაც, ვინც ამზადებს საკვებს: უნდა მომზადდეს გულითადად და კეთილი გრძნობით. გარდა ამისა, აიურვედა ამბობს, რომ დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი ღვთაებრივი რწმენის დაკარგვაა – როცა ადამიანი ვერ შეიცნობს საკუთარ თავში და სხვებში ღმერთს. დაავადების გამომწვევი მიზეზი ასევე არის ჩვენი სხეულის არასწორი ექსპლუატაცია. ნებისმიერი სამედიცინო ცოდნის საბოლოო მიზანი კი არის უკვდავების მიღწევა. აიურვედა განკუთვნილია მათთვის, ვინც მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. როდესაც ჭეშმარიტ მკურნალთან მიდის ადამიანი, მას რაღაც დონეზე კი მისცემს ცოდნას, მაგრამ ის უნდა წაიყვანო უკვდავებისკენ – ეს არის აიურვედას პრინციპი. ადამიანი რომ უკვდავი გახადო (რა თქმა უნდა, აქ სულიერ უკვდავებაზეა საუბარი), მას ერთადერთი მოთხოვნილება უნდა ჰქონდეს: ნახოს ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი, რომელშიც შეიძლება მოიაზრებოდეს ჭეშმარიტი აიურვედისტი ექიმი, რომელიც კარგად იცნობს სულიერ საკითხებს, პასუხი აქვს კითხვებზე, არ არის არაფერ ფიზიკურზე მიჯაჭვული, პირდაპირი კავშირი აქვს უფალთან.
– თქვენ ხართ ვინმეს სულიერი მოძღვარი?
– მე მაქვს ბრაჰმანული ინიციაცია ბჰაკტი იოგაში, რაც იმას ნიშნავს, რომ შემიძლია ვასწავლო. გვაქვს ჰა-თჰა იოგას (სამკურნალო ვარჯიშების) ცენტრი თბილისში, სადაც ვატარებთ აიურვედის შემსწავლელ ლექციებსაც. ჩემი მოძღვარი უმაღლეს იოგაში არის მსოფლიო აჩარია გურუთა გურუ შრილა ნარაიანა გოსვამი მაჰარაჯი, მან მომცა ბრაჰმანის წოდება. 2003 წელს ის მსოფლიო აჩარიად აღიარეს. მე და ჩემი მეუღლე ნანდი ვიყავით მისი ბოლო მოწაფეები და მან მალევე, 90 წლის ასაკში, დატოვა მიწიერი სხეული. მისი წყალობით მეორე ინიციაცია – ბრაჰმანული მივიღე, ეს ნიშნავს მეორედ დაბადებას და ამ დროს ინათლები ცეცხლით. როცა ბრაჰმანის წოდებას იღებ, წმიდა ზონარს გაძლევენ, რასაც მხოლოდ მამაკაცები ატარებენ, მასზე საიდუმლო ლოცვები იკითხება, რომელსაც გურუ ჩუმად გაძლევს. იმდენად საიდუმლო ლოცვებია, ბოლომდე განმარტება რომ შეძლო, გასხივოსნდები. ამის შემდეგ შენი ვალია, ისწავლო და ასწავლო სხვას. ყველა ჭეშმარიტი იოგის მიზანია, გააკონტროლოს თავისი ჭკუა და გონება. თუ მასწავლებელი არ ასწავლის თავის მოწაფეს, როგორ გააკოტროლოს ჭკუა და გონება, ესე იგი, ის უბრალო ფიტნეს იოგაა... მე, რადგან ექიმი ვარ და იოგაშიც დიდი გამოცდილება მაქვს, შემიძლია, ეს ცოდნა გადავცე სხვებს, რადგან აიურვედა, ეს არის ცოდნა სიცოცხლის შესახებ და უნდა გადასცე სხვებსაც. მე თუ მექნება იმის საშუალება, გავაკეთო ჩემი კლინიკა, ვასწავლი ხალხს, როგორ არ გახდნენ ცუდად ან როგორ გაიუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა. იოგის დახმარებით ადამიანი იწყებს თავისი პიროვნული „მეს” მართვას. აღარ ბრაზდება; ტვინი უფრო მორჩილი ხდება; გრძნობები და ჭკუა კონტროლდება; ნელ-ნელა სწავლობს ცუდისა და კარგის გარჩევას; ირჩევს საკვებს; ცხოვრების წესს აყალიბებს და მშვიდდება. როდესაც ჭკუა მშვიდდება, მერე სიხარულის მომენტი შემოდის, სხვანაირად უყურებ გარემოს, გიხარია და ამ დროს უკვე სიყვარული მოდის. იოგის დახმარებით ადამიანი ნელ-ნელა ხდება ღმერთს მინდობილი და ხდება თავისუფალი.