როგორ გახდა ზურა ყიფშიძე პირველი ქართველი მოდელი მამაკაცი და რატომ გამოიქცა სამშობიაროდან მისი მეუღლე მშობიარობისას
ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ქართულ სერიალში „ქერჩი“ მსახიობი ზურა ყიფშიძეც გამოჩნდა და მისი როლების ძალიან გრძელ სიას კიდევ ერთი შეემატა. პირველ ფილმში, „მაცი ხვიტიაში“, საყვარელი საქმის – ცხენების სიყვარულის გამო მოხვდა და მას შემდეგ ათეულობით წარმატებული როლი შეასრულა. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს და არც ის მოსწონს, როცა ცოცხალ ლეგენდად მოიხსენიებენ. როგორც გვითხრა, არ მიაჩნია, რომ რამე ისეთი გააკეთა, რაც სხვას არ ჩაუდენია, რასაც, ნამდვილად ძნელია, დაეთანხმო. გარდა შემოქმედებისა, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და არის მისი ცხოვრებისეული ისტორიები.
– როგორც ინტერვიუმდე საუბრისას მითხარით, ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ, კონკრეტულად რას გულისხმობდით?
– „ქერჩის“ გადაღებები სიცივესა და მძიმე პირობებში მიმდინარეობდა. ათი სერიიდან ხუთი გადავიღეთ და როგორც ვიცი, საერთოდ გაჩერდა პროექტი, რაც ძალიან დასანანია. მარტის ბოლოს გაირკვევა საბოლოოდ, გავაგრძელებთ თუ არა ამ სერიალის გადაღებებს. როცა რაღაც გამოდის, მისთვის მსხვერპლის გაღება ღირს, მაგრამ ამ გაურკვეველი შედეგისთვის ცოტა მენანება ფილტვების ანთება, ჩამტვრეული ნეკნი, დამტვრეული მუხლი, ინფექციები და საავადმყოფოში გატარებული ერთი კვირა. კარგი იქნება, გაგრძელება მაინც ჰქონდეს, რადგან ლოგიკური წერტილი დაესვას ფილმსაც და ჩემი პერსონაჟის არსებობასაც.
– წლების განმავლობაში არაერთი როლი გაქვთ ნათამაშები... მსახიობობის გარდა, სხვა პროფესიებიც იყო თქვენს ცხოვრებაში.
– სხვა პროფესია არ მქონია, თუმცა ბავშვობიდან ცხენოსნობაზე დავდიოდი და 13 წლის ასაკში, სწორედ იქედან მოვხვდი ფილმში „მაცი ხვიტია“. ახლა ვფიქრობ, რომ არა მსახიობობა, ალბათ, სიამოვნებით ვიქნებოდი ექიმი. უკვე ძალიან ბევრჯერ ვიწექი საავადმყოფოში ტვინის შერყევის, მოტეხილობის, მენისკის, აქილევსის მყესის, მომტვრეული თითების, ჭრილობების, ანთებების, ინფექციებისა და კიდევ სხვა მიზეზების გამო. ერთხელ საშინელ ავარიაში მოვყევი და საავადმყოფოში სამი თვე გავატარე. არავინ იცოდა, გადავრჩებოდი თუ არა. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ ექიმებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათ მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, მე მიმაჩნია, რომ არაჩვეულებრივი სპეციალისტები გვყავს.
– მოდელიც იყავით, თან საქართველოში პირველი.
– მაშინ 14-15 წლის ჰიპი ვიყავი. მე, გია ეძგვერაძეს, რომელიც ახლა გერმანიაში ცნობილი მხატვარი და პროფესორია, ისტორიკოს მამუკა დუმბაძეს და ცნობილ ნუგზარ კვაშალს ჯგუფი გვქონდა სახელად „ჯეჯილი“ და დასარტყამ ინსტრუმენტებზე ვუკრავდით. ქუჩას რომ ავერიდებინეთ, დედაჩემმა მარჯანიშვილის თეატრში წაგვიყვანა და კონცერტებსა და სკეტჩებზე მუსიკალურ გაფორმებებს ვუკეთებდით. შიგადაშიგ, ჩვენი სურვილის მიხედვითაც ვუკრავდით. როცა მარჯანიშვილში მოდების ჩვენება ჩატარდა, იქ ვიყავი. ჯინსებში ჩაცმული ერთმა კაცმა დამინახა და მითხრა, ჩვენთან მოდიო. სხვა დროს შეიძლებოდა, არ წავსულიყავი, მაგრამ მაშინ ცოტა გაორება ჰქონდა ყველას – უცბად „ბითლზები“, ჰიპები გამოჩნდნენ და ჩვენც ჰიპები გავხდით. მოკლედ, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი და მოდელობის შემოთავაზება მივიღე. თან, იქ ლამაზი გოგონები დამხვდნენ, რაც დამატებითი სტიმული გახდა (იცინის).
– შეიძლება, ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ხართ იმ მსახიობთა შორის, ვისაც ოჯახი არ დანგრევია და მთელი ცხოვრება ერთი ადამიანის გვერდით გაატარა, რაც ნამდვილად აღნიშვნის ღირსია.
– სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემი მეუღლე პირველად დავინახე. მოსკოვში ვსწავლობდი და თბილისში ვასო გოძიაშვილის გასვენებისთვის ჩამოვედი. რატომღაც მეგონა, რომ დიდუბის პანთეონთან ცხოვრობდა და იქ დავდიოდი ხოლმე. თუმცა, რა თქმა უნდა, არ შემხვდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, თურმე ნახალოვკაში ცხოვრობდა (იცინის). გავიგე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა და მივაკითხე, მაგრამ იგნორი გამიკეთა. მერე ახალი წლის დილას შემხვდა ქუჩაში, ტაქსს ელოდა. ცოტა ხნის შემდეგ დავურეკე და რატომღაც ჩემი ხმა იცნო. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მეუბნებოდნენ: ბიჭო, მაგას გადარეული მამა ჰყავსო, მაგრამ, რა მექნა, მე თვითონაც გადარეული ვიყავი (იცინის). ბოლოს დიდი ომების, მალვებისა და გაქცევების შემდეგ, როგორც იქნა, ყველაფერი კარგად დამთავრდა და მამამისმაც მიმიღო. არაჩვეულებრივი კაცი იყო ლევან თურმანიძე – ძველი „სუხიშვილების” მოცეკვავე, რომელიც, სხვათა შორის, მთავარ როლს თამაშობს ბაბლუანის ფილმში „ძმა“. დაქორწინების შემდეგ, შესარიგებლად თუ მათ პატივსაცემად, რესტორანში ვიყავით: მე, ჩემი ცოლი, სიმამრი და სიდედრი. მაშინ კი მითხრა, კარგი ბიჭი ყოფილხარო. ერთი ბოთლი ღვინო დავლიეთ და ფეხით მოვდიოდით. ცირკთან გამოვიარეთ და კიბეებს რომ გავუსწორდით, ეს კაცი ახტა, ხელებზე დახტა და კიბეებზე ხელებით გაიქცა. იქ მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მელოდა. ვიფიქრე, ესენი თუ ხელებით დახტიან, სასწრაფოდ მეც უნდა ვისწავლო, ან სხვა გამოსავალი ვიპოვო-მეთქი (იცინის).
ერთ წელიწადში გიორგი გაგვიჩნდა. მახსოვს, დიპლომს არ მაძლევდნენ, რადგან „მეცნიერული კომუნიზმი“ არ მქონდა ჩაბარებული. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მთელმა ოჯახმა მოითათბირა და მოსკოვში გამაგდეს, რომ იქ ჩამებარებინა. იქ ვიყავი, როცა მეუღლეს მშობიარობა დაეწყო. მაშინვე წამოვედი და გზაში მთელი ამბები გადამხდა. ყველამ იცოდა, რომ ჩემი მეუღლე მშობიარობდა და მთელი თვითმფრინავი „მბალელშჩიკობდა“. თუმცა სამშობიაროდან გამოიქცა, სანამ ზურა არ ჩამოვა, არ ვიმშობიარებო. რომ ჩამოვფრინდით, სანამ ტრაპს მოაყუდებდნენ, ჩამოვხვტი და ლამის ფეხი მომძვრა. დედაჩემი და ჩემი ძმაკაცი მეძახდნენ: ნუ ღელავ, ჯერ არ დაბადებულაო. როგორც იქნა, მოვასწარი დროულად მისვლა, მაგრამ ძალიან კი ვინერვიულე. მახსოვს, მაშინ ჩემს ცოლთან ერთად მამუკა სალუქვაძის მეუღლემ იმშობიარა და სამწუხაროდ, მშობიარობას გადაჰყვა. სამშობიაროდან მე ბავშვითა და მეუღლით, მამუკა კი მარტო ბავშვთან ერთად გამოვიდა, რაც ძალიან მძიმე და რთული მომენტი იყო. საშინლად მახსოვს და არც არასდროს დამავიწყდება.
როცა მამა ხდები, გგონია, რომ ცხოვრებაში მთავარი უკვე გააკეთე. ეს ასეცაა, მაგრამ შემდეგ იწყება გაუთავებელი ქეიფი და ღრეობა. კიდევ კარგი, ჩემს ოჯახში ბევრი ქალი იყო და ბავშვს ისინი უვლიდნენ. მე ხომ ქალების გარემოცვაში გავიზარდე. სამი დედა მყავდა – დედაჩემი და მისი ორი და – ერთი ფიზიკოსი, მეორე ინგლისურის პედაგოგი. გაუთხოვრები იყვნენ და მთელი ცხოვრება მე შემალიეს.
– რთული იყო სამი დედის შვილობა?
– ძალიან რთული იყო, რადგან დედა და დეიდები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. სამივე ძალიან მიყვარდა და მენატრებიან. მათ შორის პირველი დედაჩემი გარდაიცვალა. როგორც შემეძლო, ვუვლიდი, რაც ვიღაცეებს უკვირდათ. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ცოლი და ორი შვილი ჰყავს, დედასთან და დეიდებთან გარბის მოსავლელად, როგორი შვილი ყოფილხარო, – მეუბნებოდნენ. აბა, რა უნდა მექნა?! დეიდა ქეთევანი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო ლოგინად ჩავარდნილი და მე მასთან ერთად ვიყავი. ამ გზით, ჩემი ჭკუით, თითქოს მადლობა გადავუხადე მათ.
– რაც შეეხება მამას?
– მამის ფენომენი ცოტა რთული და გაუგებარი იყო ჩემთვის. უკვე დიდი ვიყავი და დედაჩემს ვეკითხებოდი: ლენა, გამაგებინე, ვინაა მამაჩემი-მეთქი?! მერე მითხრა და დავძმაკაცდი კიდეც მამასთანაც და ძმასთანაც, რომელიც ჩემზე უფროსი იყო. რამდენიმე წლის წინ 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა ძალიან კარგად მიმიღო. მამაჩემის ცოლი გადასარევი ქალი იყო და მასთან ვძმაკაცობდი. მამაც ძალიან კარგი ადამიანი გახლდათ, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი – ავთანდილ ვერულეიშვილი.
– მამის გარეშე გაიზარდეთ, შესაბამისად, არ გყავდათ მაგალითი, ვისთვისაც შეიძლებოდა მიგებაძათ. თავად როგორ გაითავისეთ მამობა?
– ალბათ, მაგიტომ და კიდევ იმიტომაც, რომ ცოტა თავქარიანი ვიყავი, ვერ ვიტყვი, იდეალური მამა გამოვდექი-მეთქი, თუმცა როგორც შემეძლო, ვცდილობდი. ახლა გიორგი საჯაროდ ხუმრობს: ზურა ორჯერ მოვიდა სახლში. გამოიცვალა, ზოოპარკში ჩაგვიყვანა, ორი სურათი გადაიღო და ჰგონია, ესაა საკმარისი. სულ ორჯერ მყავს ბავშვობაში ნანახიო, – მაიმუნობს. ასე არ იყო, მაგრამ ჩემს პროფესიას მართლა ბევრი დრო მიაქვს. თუმცა, გადაღებებზეც დამყავდნენ. რომ წამოიზარდნენ, უფრო მეგობრული ურთიერთობები გვქონდა, ზედმეტადაც კი. ამიტომაცაა, რომ მამას არ მეძახიან და სახელით მომმართავენ. გოგო ძალიან ხასიათიანი ქალია, რითაც დედაჩემს ჰგავს. სახელიც მისი ჰქვია. სულ ვეუბნები – საწყალი შენი ქმრები-მეთქი. ამას ადრე დედაჩემს ვეუბნებოდი და ახლა მას. ისიც გიჟდებოდა და ესეც გიჟდება (იცინის).
– ალბათ, არ იყო გასაკვირი, გიორგიმ რომ თქვენი პროფესია აირჩია.
– მე გამიკვირდა. ნამდვილად არ მეგონა, რომ გიორგისგან რაიმე გამოვიდოდა. პატარა რომ იყო, მახსოვს, დიდი ოთკუთხედი თავი ჰქონდა და ძალიან ჩქარა ლაპარაკობდა. ვეუბნებოდი: შვილო, დაწყნარდი და ისე მომიყევი-მეთქი. ამის გამო უფრო ნერვიულობდა და კიდევ უფრო უმატებდა საუბრის სიჩქარეს. სხვათა შორის, ამის გახსენება თვითონ არ მოსწონს (იცინის). მისგან მსახიობობას არ ველოდი. პირიქით, ბავშვობაში ლენუკა გვიტარებდა ხოლმე კონცერტებს. საბალეტო სკოლაში დამყავდა და ვფიქრობდი, მისგან შეიძლებოდა, მსახიობი დამდგარიყო. თუმცა, ასე არ ისურვა და გიორგიმ გადაწყვიტა, ამ გზას გაჰყოლოდა. 17 წლის ასაკში რეჟისორობა აირჩია, რასაც ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი (იცინის). მერე, როცა სამსახიობოზე გადავიდა და მოგვიანებით, მისი განსახიერებული მერკუციო ვნახე „რომეო და ჯულიეტადან“, ვთქვი, რომ მისგან რაღაც გამოვიდოდა.
– წეღან თქვენი სიმამრისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობდით, როგორი იყავით, როცა თქვენი შვილები გაიზარდნენ და ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს?
– როცა ბიჭმა ცოლი მოიყვანა, ცოტა დაბნეული ვიყავი. გოგონა რომ გათხოვდა, ამან უფრო იმოქმედა – ეს მამაზე თავისებურ გავლენას ახდენს. თუმცა, ამ მხრივ, მკაცრი არ ვყოფილვარ და ყველაფერს ლოიალურად ვუყურებდი. ერთადერთი, ლენუკას ვუთხარი, ნუ გაიპარებით, რადგან არავინ არაფერს გიშლით-მეთქი და მაინც რომ გაიპარა, ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი.
– თქვენი მყარი ოჯახის ფონზე, შვილებთან თუ გქონდათ უთანხმოება, როცა მათ ოჯახები დაენგრათ?
– მქონდა, იმიტომ რომ, ჯერ გგონია ერთი, მაგრამ მერე არის მეორე, მესამე და კაცმა არ იცის, ეს ვისი ბრალია. ისეთი მამა არ ვარ, ყველაფერში საკუთარ შვილს რომ დაიცავს. პირიქით, უპირველესად, სულ მგონია, რომ ჩემები იყვნენ დამნაშავე და იმიტომ მოხდა ასე.
– ბოლო პერიოდში, აქტიურად განიხილავენ მიშა მესხის ამბავს, რომელიც უკრაინაში შეემთხვა წამალთან დაკავშირებით. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– მანქანაში ვიჯექი, როცა ჟურნალისტმა დამირეკა და ამის შესახებ მითხრა. საუბარი ისე დაიწყო, რომ მეგონა, მიშა ცოცხალი აღარ იყო და კინაღამ ავარია მომივიდა. ერთხელ უკვე მოხდა მსგავსი რამ. „ქერჩის“ გადაღებისას დარეკეს და თქვეს, რომ მიშა მესხი გარდაიცვალა. იქ მისი მეგობრები იყვნენ. მას ჩემი შვილიც იცნობს და ერთი ამბავი ატყდა, მაგრამ მერე ტელეფონს თვითონვე უპასუხა და საბედნიეროდ, ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. მიშა ძალიან კარგი ბიჭია, მე მამამისსაც ვიცნობდი და ბაბუამისსაც. ბაბუამისი მამაჩემის ძმაკაცი იყო. ეგეთი ფეხბურთელი შეიძლება მსოფლიოს არ ჰყავდეს არასდროს. მამამისიც ისე თამაშობდა, დიდი მიშა იძახდა – მე ეგეთი რამე არ ვიცოდიო. მიშას რაც შეემთხვა, ეს ძალიან რთული თემაა. დიდი მადლობა უკრაინელებს, რომ გადაარჩინეს და მთავარი ესაა. ახლა უკვე მათი საქმეა, შეცდომიდან რა დასკვნებს გამოიტანენ. რად უნდა ლაპარაკი, რომ, როცა ასეთი რამ ხდება, მართალი არ ხარ. მაგრამ, საზოგადოების განსჯის საგნად რომ იქცევა, ეს ცოტა გამაღიზიანებელია.
– ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა. თქვენ თაობაშიც და მერეც. თქვენც დამდგარხართ მის წინაშე?
– კი, ჩვენც გვქონია შეხებაც და პრობლემაც. ხომ იცით, როგორიცაა აკრძალული ხილის თემა. ჰოლანდიაში, სადაც აკრძალვა არ არსებობს, პროცენტულად ნარკომანიის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელია და იქაურები ამით თავს არ იკლავენ. ახალგაზრდობაში ეს პრობლემა მეც მქონდა, თუმცა ჩემს თავს თვითონვე დავეხმარე. თუ თვითონ არ მოინდომე, ვერავინ გიშველის. შენ უნდა გინდოდეს და მერე დაგეხმარებიან. თუ თვითონ არ გინდა, როგორ უნდა დაგეხმარონ?! მე მქონდა საოცარი თანადგომა მეუღლის მხრიდან. ამ დროს ოჯახს და საქმეს დიდი მნიშვნელობა აქვს. წუთიერი ილუზიის შემდეგ ყველაფერში ხელი გეშლება – იქნება ეს ოჯახი, კარიერა, მუშაობა თუ სხვა. ეს ის თემაა არაა, რომელიც ყოველდღიურობაში უნდა იყოს ჩაწერილი. ხალხი ამაზე დამოკიდებული ხდება და ამით ცხოვრობს. თვეში ერთხელ შეიძლება გართობისა და განტვირთვისთვის ამ გზას მიმართო, მაგრამ დამოკიდებულება უკვე სხვა საკითხია.
– რადგან ეს გზა თავად გამოვლილი გქონდათ, შვილის მიმართ, ალბათ, უფრო გამძაფრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდით?
– თუ ადამიანი ისეთ წრეში ჩავარდა, სადაც ეს, როგორც ფასეულობა და ინტერესის საგანი ამოტივტივდა, ვერაფერს იზამ, ამ გზას ვერ ააცდენ. მერე შეიძლება, მოუარო, გადაჰყვე და ხელიდან გამოგლიჯო, მაგრამ როგორც მე ვიცი, აქ თადარიგის დაჭერა ძალიან რთულია.
– გიორგიც საუბრობდა ამ თემაზე, რადგან მასაც ჰქონდა ეს პრობლემა.
– კი, ჰქონდა და ეს ყველაზე ძალიან განვიცადე. იმიტომ რომ, ჩემს თავს ვადანაშაულებდი და მეუღლეც მე მადანაშაულებდა – ვაშლი ხიდან შორს არ ვარდებაო. მე უფრო მსუბუქ ფორმებში მქონდა ეს ყველაფერი გამოვლილი, მაგრამ მაინც. იმ პერიოდში ძალიან დაბნეული ვიყავი, თუმცა, რაც შემეძლო, იმას ვაკეთებდი. ყველაზე მეტად ჩემი ცოლი აქტიურობდა, რომ როგორმე გამოგვეთრია იქიდან და ღმერთის წყალობით, მოვახერხეთ.
– ალბათ, ბევრი განსაკუთრებული ემოცია გახსოვთ მაყურებლისგან.
– მაყურებლის მიმართ საოცარი მადლიერების გრძნობა მაქვს, რადგან ძალიან ბევრჯერ არაჩვეულებრივად მაგრძნობინეს თავი და დიდი სითბო გამოხატეს ჩემ მიმართ. ყველასთან ძალიან ჩვეულებრივად ვიქცევი. ეს ზოგს მოსწონს, ზოგი ღიზიანდება – განსაკუთრებული მეგონე და თურმე, შენც ჩვეულებრივი ყოფილხარო (იცინის). ერთი უცნაური ქალბატონი მახსენდება, რომელიც ჩემზე უფროსი იყო. ლექსებს წერდა და უნდოდა, ბინა ეჩუქებინა. ვუთხარი, როგორ შეიძლება ეგეთი რამ-მეთქი?!
– სერიოზულად, ბინას გჩუქნიდათ?
– კი. რაღაც გაჭირვება იყო და სამი ბინა გავყიდეთ. ჩემი, დედაჩემისა და დეიდების. რაჭაში ცოლის სახლი მიწისძვრისგან დაინგრა და ვეღარ ავაშენე. ეს ყველაფერი გაიგო და უნდოდა, დაგვხმარებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. უარი ვთქვი, რადგან ასეთი რამ არ შეიძლება.
– შემოქმედებას რომ დავუბრუნდეთ. საუბარი „ქერჩით“ დავიწყეთ, ამის გარდა რა ხდება?
– ბოლოს გერმანიაში მცხოვრებმა არაჩვეულებრივმა რუსმა გოგონამ გადაგვიღო ერთად მე, მერაბ ნინიძე, ჩუპან ხამატოვა და მირონოვი. სერიოზული ფილმი გამოვიდა, რომელმაც უკვე დაიმსახურა პრიზები. ახლა ლევან ანჯაფარიძე იღებს ფილმს „ციცინათელები“, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზეა და მე აფხაზი მუსლიმანის როლს ვასრულებ, რომელიც დადებითი გმირია. ცოტა ხნის წინ, გოგა ხაინდრავამ შემომთავაზა სერიალში მონაწილეობა, რომელიც ნაციონალების 9-წლიან მმართველობაზე იქნება, თუმცა მერე, მგონი, რაღაცეები შეიცვალა და ვნახოთ, რა იქნება.