რა კურიოზი შეემთხვათ გიგი დედალამაზიშვილის ცოლსა და დედას და რატომ უყურებდა ხალხი აეროპორტში მათ ოჯახს შეშლილი თვალებით
ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილისა და უკრაინელი ფოტოგრაფის, მარინა კარპის წყვილი დიდი ხანია, შედგა. მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა: 2015 წლის 10 დეკემბერს ოჯახს ახალი წევრი – ლიზი დედალამაზიშვილი შეემატა. შვილმა კიდევ უფრო დააკავშირა ცოლ-ქმარი. პატარა ლიზის უკრაინიდან ბევრი მნახველი ჰყავს. დედალამაზიშვილების ოჯახს ვესტუმრეთ და გიგის დედას, ქალბატონ ციცის ვესაუბრეთ, რომელიც ემოციური და თბილი ადამიანი აღმოჩნდა. ამბობს, რომ შვილიშვილებმა მთელი სამყარო შეუცვალეს და სიყვარულით აღსავსე, ბედნიერი ქალბატონი თავის დიდი ოჯახის შესახებ გულახდილად გვიყვება.
ციცი ფალავანდიშვილი: ჩემი შვილები დედაჩემისა და მამაჩემის გაზრდილები არიან. რა თქმა უნდა, მე და ჩემი მეუღლეც ვმონაწილეობდით მათ გაზრდაში, მაგრამ ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც გვქონდა შვებულებები ან საღამოს, როცა მოვდიოდით სამსახურიდან. ჩვენ რომ არ გვემუშავა, არ შეიძლებოდა და ძალიან გვიწყობდნენ ხელს. ახლა ისე მოხდა, რომ შვილიშვილების გაზრდაში ვიღებ აქტიურ მონაწილეობას და ვამბობ, შვილიშვილებზე გავიგე, რა ყოფილა შვილის გაზრდა-მეთქი. ახლა უფრო მეტად ვაფასებ დედაჩემისა და მამაჩემის შრომას.
– დიდი და ლამაზი ოჯახი გაქვთ. როგორც ვიცი, ძალიან მეგობრული დედა ხართ.
– ვცდილობ (იცინის). ეს ყველაფერი ტრადიციებიდან მოდის. დიდი ხანია, რაც მშობლები გარდამეცვალა და, დღემდე რასაც ვაკეთებ, იმის შიშით, რომ დედას და მამას იქ რამე არ ეწყინოთ. ისინი, პირველ ყოვლისა, ჩემი მეგობრები იყვნენ. ვცდილობ, იგივე ურთიერთობა შევინარჩუნო ჩემს შვილებთან. ჩემს აზრს მათ არასდროს არ ვახვევ თავს, თუმცა ყოველთვის ვეუბნები, რასაც ვფიქრობ. ჩემი შვილების გამო სულხან-საბა გავხდი (იცინის), ხანდახან იგავ-არაკებით მიწევს საუბარი. გიგი და ნინი ხასიათებით ძალიან განსხვავდებიან: გიგის სითბოს გამოხატვა შეუძლია, უფრო მეტად იხსნება ჩემთან, ვიდრე ნინი. ძალიან უბრალო და მორცხვი ადამიანია, ხალხმრავალ ადგილებში ყოველთვის მორიდებულია. ნინი ცოტა ეგოისტია (იცინის), დღემდე ფიქრობს, რომ გიგი უფრო მეტად მიყვარს. მებრძოლი და მიზანდასახული, ძალიან ყურადღებიანი დედაა. ნინიმ მაჩუქა პირველი შვილიშვილი – ელენე, რომლის ერთი ნათქვამი – „ციცი, მიყვარხარ” და „გენაცვალე” – ჩემთვის ყველაფერია.
– დღეს თქვენ და გიგი კოლეგები ხართ. ალბათ, ბავშვობიდანვე უყვარდა სიმღერა.
– სხვათა შორის, სიმღერა გვიან დაიწყო და ძალიან ვნერვიულობდი. 5-6 წლამდე არ უმღერია და ძალიან განვიცდიდით, რადგან მთელი ოჯახი ვმღეროდით, ჩემი დედამთილ-მამამთილი კი მამშვიდებდა. როდესაც გასტროლებზე მყავდა გუნდი წაყვანილი ბალტიისპირეთში, ბიჭები მღეროდნენ და უცებ რაღაც უცხო ტემბრი ჩამესმა. გავიხედე და – გიგი! თავიდან გავიყინე, მაგრამ, იმდენად ზუსტი ინტონაციით მღეროდა, დავმშვიდდი.
– ქართულ რეალობაში ერთ-ერთი საუკეთესო დედამთილი ხართ. თბილისში ამბობდნენ, რომ, ჯერ კიდევ გიგისა და მარინას შეუღლებამდე, უკრაინელი სარძლო დედას გეძახდათ...
– დიახ (იცინის), ძალიან მზრუნველი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, ძალიან თბილი გოგოა. გაცნობიდან დღემდე დედას მეძახის. სულ რომ არ დაეძახა დედა, მე მაინც ძალიან მეყვარებოდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამ ფაქტმა ძალიან გამახარა, სულ სხვა სითბო მომცა.
– ტრადიციების მოყვარული ქართველი დედა როგორ შეხვდა შვილის გადაწყვეტილებას?
– ისევ ტრადიციებს დავუბრუნდები: დედაჩემმა და მამაჩემმა ჩემი მეუღლეც შვილად მიიღეს და რძალიც, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდათ. რასაც ჩემთვის აკეთებდნენ, ანალოგიურს უკეთებდნენ რძალს და უფრო მეტსაც. გიგი რომ დაიბადა, იმ წამიდან მიყვარდა ჩემი რძალი. ჩემთვის მთავარია, ჩემი შვილები ვნახო ბედნიერი. პირველად ეს ამბავი მაშინ გავიგე, როდესაც გიგი კიევში ჩაფრინდა. ჩვენ მხოლოდ დედა-შვილი კი არა, ერთმანეთის კარგი მეგობრებიც ვართ და ახლა უკვე – კოლეგებიც. როცა კიევში ჩაფრინდა, დამირეკა – ერთი გოგო მომეწონაო. იმდენად არასერიოზულად მივიღე, რომ არც შევწინააღმდეგებივარ – კარგია, თუ მოგეწონა, კარგი ბიჭი ხარ-მეთქი. ჩამოვიდა და სკაიპით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. სულ მეუბნებოდა, მოდი, გაგაცნობო და ყოველთვის თავს ვიკავებდი, რადგან, მინდოდა, ჯერ თავად გარკვეულიყვნენ საკუთარ გრძნობებში.
– მარინას მშობლები როდის გაიცანით, როგორ მიიღეს ქართველი სიძე?
– მარინას მამა ადრე გავიცანი, გუდაურში ჩამოვიდა და, ბუნებრივია, ჩვენთან მოვიდა. არაჩვეულებრივი ხალხია. მარინას დედას ტელეფონით ვიცნობდი, შემდეგ კიევში ჩავედით. რაც ყველაზე მეტად მომწონს, ძალიან ტრადიციული ოჯახია. კარგად მივიღეთ ერთმანეთი, ერთი დიდი ოჯახი ვართ. მე მარინა არ მიმიღია როგორც რძალი, ის ჩემი შვილია. არც ირინა და ანდრეი მიმიღია, როგორც მძახლები, ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. ელენე რომ დაიბადა, პირველი საჩუქრები კიევიდან მიიღო – ირინასგან; ასევე, კიევში აიდგა ფეხი. მარინას ბებიას აქვს სახლი ყირიმში და, მახსოვს, 4 თვის ელენე და მთელი ოჯახი წავედით დასასვენებლად. აეროპორტში ხალხი შეშლილი თვალებით გვიყურებდა.
– გიგი და მარინა შემდგარი წყვილია, საკუთარი კარიერული გზებით. რჩებათ დრო ერთმანეთისთვის? როგორც ამბობენ, მოსიყვარულეები და მეგობრულები არიან. ახლა უკვე მშობლები გახდნენ და შვილმა, ალბათ, კიდევ უფრო დააკავშირა ისინი ერთმანეთს...
– მარინა ყველაფერში ხელს უწყობს გიგის, თავად ხელოვანია, ძალიან კარგი ფოტოგრაფია. იმდენად იყვნენ თავიანთი შემოქმედებით დაკავებულები, რომ ქორწინებიდან სამი წელი ბავშვზე არ უფიქრიათ. ისინი ყველანაირად მოემზადნენ. არასდროს არ უშლიდნენ ხელს ერთმანეთს. გიგი გასტროლებზე იყო, მარინა – გადაღებებზე. ხშირად სულ სხვა ქალაქაში შეიძლება ენახათ ერთმანეთი. მათი სიყვარული არ განელებულა, დრომ ისინი უფრო დააკავშირა, ბავშვმა კი უფრო შეკრა ოჯახი. ახლა ბინა შეიძინეს და ცალკე გადადიან. რაც მთავარია, ჩვენს მეზობლად იქნებიან – უერთმანეთოდ ვერ გავძლებთ. ძალიან უყვართ ერთმანეთისთვის სიურპრიზების გაკეთება. როცა შეყვარებულები იყვნენ, სულ მეშინოდა, მეგონა, რომ გზაში ასცდებოდნენ, რადგან, მოულოდნელად აკითხავდნენ ერთმანეთს. ძალიან ლამაზ დაბადების დღეებს უწყობენ ერთმანეთს. როცა გიგის დაბადების დღეა, უკვე ხვდება, რომ თორმეტ საათზე არ უნდა მოვიდეს სახლში (იცინის). ბუშტებით, ტორტით, წარწერებით ვხვდებით. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის გახდა, მთავარია, ის ბავშვობა შენარჩუნდეს. ერთხელ პატარა კურიოზი დაგვემართა: გიგი პირველ აპრილს არის დაბადებული და მარინა ვერ ახერხებდა ჩამოსვლას და მერე დამირეკა: დედა, პირველში ჩამოვალ, ოღონდ, გიგის არ უთხრაო. გიგის კონცერტი ჰქონდა. მარინა გაფრთხილებული მყავდა – ტელეფონზე კონტაქტზე მე ვიქნები-მეთქი. ისე მოხდა, რომ თორმეტ საათზე ვერც მე დავურეკე გიგის და ვერც მარინამ. გიგი გაბრაზებული დაბრუნდა სახლში – აღარ დამელაპარაკოთო. ამ დროს მარინამ დარეკა ჩემს ტელეფონზე და გიგიმ აიღო შემთხვევით (იცინის). შენ მე არ მილოცავ და დედაჩემს ურეკავო, კარგად იყავიო, – და გაუთიშა (იცინის). მერე მიხვდა, რაც ხდებოდა, გიგი შეხვდა. სანამ მოვიდოდნენ, მარინას უკრაინულად დავუწერე – „კეთილი იყოს შენი მოსვლა”.
– გიგი როგორი მამაა?
– პატარებზე გაგიჟებულად შეყვარებული გიგი არასდროს ყოფილა. მეშინოდა, ელენე რომ დაიბადა, როგორ მიიღებდა (იცინის), მაგრამ, მიეჩვია – ხელში აიყვანა და, ფაქტობრივად, პირველი მზრუნველობა პატარაზე ლიზიმდე ელენეს მიმართ ჰქონდა. არაჩვეულებრივი მამაა, ძალიან მოსიყვარულე. როცა გიგი ლიზის აძინებს, ვერ გეტყვით, რომ ნანას უმღერის, მაგრამ, თავისებურ ენაზე ელაპარაკება (იცინის).
– ლიზი დედალამაზიშვილის დაბადებამ დიდი სტუმრიანობა გამოიწვია თქვენს ოჯახში...
– ლიზის გაუმართლა: მას ჰყავს მეორე ძალიან მზრუნველი ბებია – ირინა, რომელმაც მიატოვა კიევი, ჩამოვიდა და დღემდე ჩვენთანაა.