სად აღმოჩნდა საქართველოში ზიკა ვირუსის გადამტანი კოღო და ვართ თუ არა მაღალი რისკის ქვეშ
არსებული ინფორმაციით, ზიკა ვირუსი ამ დროისთვის მსოფლიოს 23 ქვეყანაშია გავრცელებული და მაჩვენებლები სწრაფი ტემპით იმატებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკა ვირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვირუსისთვის ვაქცინა ან სპეციფიკური მედიკამენტები დღემდე არ არსებობს. ზიკა ვირუსის გავრცელების ერთადერთ საშუალებად კოღო ითვლებოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დადასტურდა ეჭვი, რომ მისი გავრცელება სქესობრივი გზითაც ხდება. მოზრდილებში ეს ვირუსი სიკვდილიანობას არ იწვევს, თუმცა ძალიან სახიფათოა ორსულებისა და ახალშობილებისთვის. ზიკა ვირუსის გავლენის შედეგად, შესაძლოა, ათასობით ჩვილი დაიბადოს განუვითარებელი ტვინით და, გამწვავების შემთხვევაში, ჩვილის სიკვდილიც გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, რიგ ქვეყნებში ქალბატონებს ფეხმძიმობის რამდენიმე წლით გადადებასაც ურჩევენ – მანამდე, სანამ პანდემია არ ჩაივლის.
პაატა იმნაძე (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე): მსოფლიოში გავრცელებული მზარდი ტენდენციების გამო, ზიკა ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ადამიანებში ზიკა ვირუსის გადაცემა ხდება ინფიცირებული „ედეს” სახეობის კოღოს ნაკბენით. ამ სახეობას, ასევე, გადააქვს დენგესა და ჩიკუნგუნიას ვირუსები. ამ სახეობის კოღო ძირითადად მრავლდება ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსებში, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება, მაგალითად, ვედროსა და ყვავილის ქოთანში. ეს კოღოები დღის აგრესიული მკბენარები არიან. ისინი ძირითადად ადამიანებს კბენენ და მათ შორიახლო ბინადრობენ. კოღოსთვის ინფიცირების წყარო დაავადებული ადამიანია. ინფიცირებული კოღო კი შემდგომ ადამიანთა შორის ავრცელებს ამ ვირუსს კბენის საშუალებით. კოღოს კბენიდან ინკუბაციის პერიოდი 3-დან 12 დღემდეა. თუმცა, გარდა კოღოს ნაკბენისა, ამერიკაში დადასტურდა, რომ ვირუსის გადაცემის გზა სქესობრივი კონტაქტიცაა.
ზიკა ვირუსით გამოწვეული შემთხვევები 1947 წლიდანაა აღწერილი აფრიკასა და აზიაში, 2000 წლიდან კი – ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. რაც შეეხება მისი გავრცელების არეალს, ზიკა ვირუსის პირველი შემთხვევა ბრაზიალიაში 2015 წლის მაისში დარეგისტრირდა, რის შემდეგაც ის ბრაზილიის 18 შტატში და მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდა, მაგალითად, კოლუმბიაში, სალვადორში, გვატემალაში, მექსიკაში, პანამაში, პარაგვაიში, სურინამსა და ვენესუელაში. წინა წელს აფრიკის კაბო-ვერდეში ამ ვირუსის 1 000 სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა. 2015 წელსვეა დაფიქსირებული ერთი სურინამიდან იმპორტირებული შემთხვევა ნიდერლანდებში. წელს, 2016 წელს, დაფიქსირდა ერთი შემთხვევა გერმანიაში, რომელიც იქ ჰაიტიდან შევიდა.
– სად გვხვდება ზიკა ვირუსი ამჟამად?
– როგორც ვთქვით, 2015 წელს ზიკა ვირუსის აფეთქებები დაფიქსირდა აფრიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. იმავე წლის მაისში ბრაზილიაში პირველივე დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, ამერიკის ჯანმრთელობის ორგანიზაციამ განგაში გამოაცხადა. გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია მოგზაურთათვის, კერძოდ, პირებისათვის, რომლებიც იმ რეგიონებსა და ქვეყნებში მოგზაურობენ, სადაც ზიკა ვირუსი ცირკულირებს. ამჟამად კი ეპიდაფეთქებები მრავალ ქვეყანაში ფიქსირდება. ზიკა ვირუსის გავრცელება გრძელდება და ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში მისი გავრცელების ტენდენციის განსაზღვრა საკმაოდ რთული იქნება.
– რატომ კეთდება განსაკუთრებული აქცენტი ორსულებზე?
– მშობიარობის წინ ინფიცირებულ დედას, შეუძლია ვირუსი გადასცეს ახალშობილს მშობიარობისას, თუმცა ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა. დედიდან ვირუსის გადაცემა, შესაძლოა, ნაყოფის მუცლად ყოფნის პერიოდშიც მოხდეს. ამ მექანიზმის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს. დღემდე არ დაფიქსირებულა ძუძუთი კვებით ვირუსის გადაცემის ფაქტი. ძუძუთი კვების სარგებლობიდან გამომდინარე, ზიკა ვირუსის გავრცელების არეალში ინფიცირებულ დედებსაც კი ურჩევენ ბავშვის ძუძუთი კვებას.
ორსულობის პერიოდში დედის ამ ვირუსით ინფიცირება ზრდის ნაყოფში მიკროცეფალიის განვითარების რისკს, რადგან ვირუსს აქვს უნარი, შეაღწიოს ნაყოფში. ბრაზილიის 20 შტატში 2015 წელს მიკროცეფალიის 2 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგანაც 29 ლეტალური შედეგით დამთავრდა. ამის ასეულობით შემთხვევა წინა წლებშიც იყო. საერთო ჯამში, მიკროცეფალიის 134 შემთხვევაში დაადგინეს ახალშობილის ზიკა ვირუსთან კავშირი, კერძოდ, ბავშვის დედას ეს დაავადება ორსულობის პერიოდში აქვს გადატანილი. დანარჩენ შემთხვევებში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ეძებენ კავშირს ზიკა ვირუსით დაავადებულ ორსულ ქალებსა და მიკროცეფალიით დაავადებულ ბავშვებს შორის. სანამ შედეგები ცნობილი იქნება, ორსულმა ქალებმა ან ფეხმძიმობის მსურველებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და თავი დაიცვან კოღოს ნაკბენისგან. მიკროცეფალია არის იშვიათი მდგომარეობა, როდესაც ჩვილს არანორმალურად პატარა თავი აქვს. მას იწვევს ტვინის პათოლოგიურად განვითარება ჩვილის მუცლად ყოფნის დროს ან ბავშვობის ეტაპზე. ჩვილებსა და ბავშვებს, რომლებსაც მიკროცეფალია აქვთ, ხშირად უჩნდებათ პრობლემები ტვინის განვითარებასთან დაკავშირებით.
ამ ვირუსს სპეციფიკური სიმპტომები არ გააჩნია. ჩვეულებრივ, მას ახასიათებს: თავის ტკივილი, ცხელება, ზურგის ტკივილი, გამონაყარი და კონიუნქტივიტი. თუმცა, ხუთი შემთხვევიდან მხოლოდ ერთშია გამოხატული სიმპტომები, ანუ, ხუთი დაავადებულიდან ავად შეიძლება ერთი გახდეს. დაავადებას ხშირ შემთხვევაში ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა და ის 2-იდან 7 დღემდე გრძელდება. მას ლეტალური შედეგი არ ახასიათებს. ამ ვირუსის მძიმე კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობა იშვიათია და, შესაბამისად, იშვიათია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. მისი პრევენციისთვის ვაქცინა ან სპეციალური მედიკამენტი ჯერჯერობით არ არსებობს, მკურნალობა კი გამოვლენილი სიმპტომების მიხედვით ტარდება. დიაგნოზის დასმა ხდება სისხლის ანალიზის მეშვეობით. ვირუსი ორგანიზმში დაახლოებით ერთი კვირა რჩება, შემდეგ კი იწმინდება.
– პრევენცია თუა შესაძლებელი?
– როგორც უკვე ვთქვით, ჯერჯერობით ზიკა ვირუსის ვაქცინაცია არ არსებობს. პრევენცია შესაძლებელია კოღოების კბენისგან თავდაცვით. მისი გამავრცელებელი კოღოები ძირითადად დღისით იკბინებიან და, ამიტომ, მათი გავრცელების არეალში აუცილებელია კოღოების კბენისგან თავდაცვა სპეციალური ბადეების მეშვეობით; გრძელმკლავიანი და გრძელტოტებიანი ტანსაცმლის ტარება არაკეთილსაიმედო ქვეყანაში მოგზაურობისას. მისი მკურნალობა სიმპტომების მიხედვით ხდება და რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი და დასვენება; საჭიროა ბევრი სითხის მიღება გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები; არ არის რეკომენდებული ასპირინის მიღება სისხლჩაქცევების რისკის გაზრდის გამო.
– საქართველოს თუ ემუქრება ეს საფრთხე?
– როცა ვირუსი ვრცელდება, რისკის ქვეშ ჩვენც ვართ. რა თქმა უნდა, არა ძალიან მაღალი რისკის, რადგან, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მთელი საქართველო სამხრეთ ამერიკაში კოპა კაბანას პლაჟზე ისვენებს. მაღალი არა, მაგრამ, შემოტანის რისკი მაინც არსებობს. სამწუხაროდ, კოღოს ეს სახეობა ჩვენთანაც არის. ის პირველად 2014 წელს ვიპოვეთ დასავლეთ საქართველოში. ადრეც არსებობდა, თუმცა შემდეგ აღარ იყო. ჩვენ მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს, თუ რა სახეობის კოღოებია ქვეყანაში და ის პირველად 2014 წელს ბათუმში დაფიქსირდა, თუმცა, არა ქალაქში, არამედ ქალაქგარეთ, ერთ წერტილში, სადაც ღია საბურავების საწყობია. გამომდინარე იქიდან, რომ საბურავებში წყალი დგება, ამ კოღოსთვის ეს შესაბამისი გარემოა. 2015 წელს ზუგდიდშიც, ანალოგიურ გარემოში – ქალაქგარეთ, საბურავების ღია საწყობში აღმოაჩინეს.