რა პრობლემას უქმნის ქალს ეჭვიანობა და როდის დადგება ის ქმრის დაკარგვის საფრთხის წინაშე
ყველა ფსიქოლოგი ერთხმად ამტკიცებს, რომ ეჭვიანობა ცუდია, რომ ეს სენია, რომელმაც შესაძლოა, ტრაგედიამდე მიგვიყვანოს. ცუდი ისაა, რომ ეჭვიანობით პრობლემას, თუ ის რეალურად არსებობს, ვერც ვუშველით და მხოლოდ საკუთარ თავს ვაზარალებთ. ვიზიანებთ ნერვულ სისტემას. ვხვდებით დეპრესიულები და ცხოვრებაში წინ წასვლის მაგივრად, უკან და უკან ვიხევთ. მაგრამ, როგორ გინდა, გაუმკლავდე ეჭვს?!
ლიêკა (38 წლის): მგონი, ჩემზეა ნათქვამი, საკიდზე ჩამოკიდებულ კაბაზეც კი ეჭვიანობსო. მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს. როდის გავხდი ასეთი ეჭვიანი, არ ვიცი. მაგრამ მახსოვს, თავიდან ასეთი ნამდვილად არ ვყოფილვარ. რაღაც მოხდა ჩემში? მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ამან კი ცხოვრება შემიცვალა. იცით, როგორ ვარ? საკმარისია, ჩემმა ქმარმა კისერი ოდნავ მიაბრუნოს, რომ ვგიჟდები. საშინელება მემართება. თავს ვეღარ ვერევი და უკონტროლო ვხდები.
– თქვენ თქვით, რომ ადრე ასე არ იყავით...
– ჰო. შეყვარებული რომ ვიყავი, მაშინ საერთოდ არ ვეჭვიანობდი. რატომო, მკითხავთ – არ ვიცი. რა ბედნიერება იყო ის სიმშვიდე, რომელსაც მაშინ განვიცდიდი. ჩვენი მაშინდელი ურთიერთობა, შეიძლება. იდეალური არ იყო, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობდი. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, როგორი საშინელება ყოფილა ეჭვი.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, უმიზეზოდ გახდით ეჭვიანი? დაიძინეთ ჩვეულებრივმა და „ოტელოს სინდრომით“ გაიღვიძეთ?
– ასე არ მოხდებოდა, თქვენც ხომ ხვდებით? მიზეზი ნამდვილად იქნებოდა. ჩემსა და ჩემი ქმრის ურთიერთობაში ბზარი ერთად ყოფნის ორი წლის შემდეგ გაჩნდა. შეყვარებულები მართლა ძალიან კარგად ვიყავით. ჩვენგან ეჭვიც შორს იყო, კამათიც და ჩხუბიც... საგანგებოდ დავიწყე ფიქრი და მიზეზების მოძიება. მგონი, ეს მაშინ დაიწყო, როცა ჩემი ქმარი სკოლის დამთავრების აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა. ისეთი საოცარი ენთუზიაზმით დაიწყო მზადება, რომ მაშინვე არ მომეწონა.
– ენთუზიაზმით მზადებაში ცუდი რა არის?
– ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ ინტუიციამ მიკარნახა, რომ რაღაც ხდებოდა. წინათგრძნობა ხომ არსებობს? მოკლედ, ძალიან არ მინდოდა, რომ წასულიყო... ამის ნიადაგზე მოხდა ჩვენ შორის პირველი კონფლიქტი.
– უთხარით, არ წახვიდეო?
– დიახ. ვუთხარი, თანაც მშვიდად არა. ახლა რომ ვიხსენებ, საკმაოდ ცუდი ტონი მქონდა. პრინციპში, როგორი ტონიც უნდა მქონოდა, ჩემი ქმარი მაინც გადაირეოდა. საშინელი სიტყვები მითხრა. არანორმალური, პათოლოგიურად ეჭვიანი და ავადმყოფი ხარო... ეს იყო პირველი „მარცვალი“, რომელიც ქმარმა ჩადო ჩემში და ის ნელ-ნელა გაღვივდა, ფესვი გაიდგა და აქამდე მომიყვანა. მე ქმარს კი არ ვაბრალებ, მაგრამ შეიძლება, მაშინ ცოტა სხვანაირად რომ მომდგომოდა, აქამდე არ მივსულიყავი. ახლა ჩემი მდგომარეობა, შეიძლება ასე შეფასდეს – კრიტიკულად მძიმე.
– რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ წვეულებაზე. რატომ გაგიჩნდათ ეჭვი?
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემი ქმრის საქციელი იყო რაღაცნაირად არაბუნებრივი. ერთიანად შეიცვალა. ეტყობოდა, რომ სიხარულით ფეხზე ვერ იდგა.
– უხაროდა ყოფილ კლასელებთან შეხვედრა...
– ანუ, რა იყო ამაში არაბუნებრივი? გეტყვით – შევატყვე, რომ მოლოდინმაც კი გააბედნიერა. სხვანაირად გაუხარდა. წარმოუდგენელი რეაქცია ჰქონდა. გავოცდი. ისეთი ფაცი-ფუცით დაიწყო მზადება, ვიფიქრე, რომ ვიღაც კონკრეტულ ადამიანთან, სავარაუდოდ, ქალთან შეხვედრისთვის ცდილობდა ასე. ვეღარ მოვისვენე. თურმე, ეჭვი ერთხელ რომ „შეგიჯდება“ სხეულში, ერთხელ რომ ჩაგავლებს კლანჭებს, მერე მისგან გათავისუფლება ძალიან ძნელია. ეგრევე მარცხდები მასთან ბრძოლაში. მეც დამარცხებულის მდგომარეობაში ვარ. იცით, კიდევ რაში იყო საქმე? ერთხელ, სიმთვრალეში, ჩემმა ქმარმა თავისი პირველი სიყვარულის შესახებ მიამბო. ეტყობა, ეგ ჩამრჩა გულში. მოკლედ, იმ თავის წვეულებაზე წასვლის წინ ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ.
– მარტო მიდიოდა?
– დიახ და ესეც ძალიან გავაპროტესტე. რატომ უნდა წასულიყო მარტო. პრობლემა არ იყო ის, რომ მეც წავეყვანე. უბრალოდ, ორი კაცის ფული უნდა დაედო. ჩვენ არ გვიჭირს, საკმაოდ შეძლებულად ვცხოვრობთ. ისეთი გარეგნობაც არ მაქვს, ხალხში გამოჩენის რცხვენოდეს.... როგორ არ მეეჭვიანა?! მითხარით, თქვენ რა დაგემართებოდათ ჩემს ადგილას?! ერთიანად ვკანკალებდი... ვიტირე, ვიყვირე, ვაფიცებდი, არსად წასულიყო.
– თქვენ უნდა გათავისუფლდეთ ამ ეჭვებისგან... გაგიჭირდებათ... შეიძლება ქმარი გაგექცეთ.
– ქმარი გამექცეს? ეს სხვამაც მითხრა, ჩემმა მეგობარმა და ძალიან განვიცდი, ვნერვიულობ. ისეთი სკანდალი გვქონდა... ჩემი ქმარი კი მაინც წავიდა. გიჟი და პარანოიკი მეძახა. იმ დღის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. ჩემი ქმარი სულ ამრეზილი და გაღიზიანებულია. მის მობილურში ერთი მესიჯი წავიკითხე, მიმოწერის ფრაგმენტი. ეტყობა, საუბარს შლიდა და ეს ერთი დარჩა. ორაზროვანი ფრაზები იყო, თუმცა მივხვდი, რომ აშკარად ქალი იყო ადრესატი. ძველი ნაცნობი – „ეტყობა, რაღაცას ვერ გავუფრთხილდით, ვერ მივხვდით, რომ ეს სიყვარული იყო ან არ იყო“...
– რა გააკეთეთ, ეს რომ წაიკითხეთ?
– მინდოდა, თავი შემეკავებინა, მაგრამ ვერ შევძელი. მივახალე ჩემს ქმარს და პასუხად მივიღე ის, რომ თურმე, საშინელი ქალი ვყოფილვარ. სულში ვუფათურებ ხელებს და ამაზრზენად ვიქცევი... მე ვუყვირე – ვინ არის ეგ შენი შეყვარებული... სახლამდე მიაცილე, მისი ხელი გეჭირა, აკოცე-მეთქი? არ ვფიქრობ, რომ ურჩხული და საშინელი ქალი ვარ. აგრესია რომ გაჩნდა ჩემში, ეს ჩემი ქმრის ბრალიცაა. მისმა ჩემდამი დამოკიდებულებამ გამოიწვია ეს. იმის მაგივრად, რომ რაღაცნაირად გამიქარწყლოს ეჭვები, მომეფეროს... მიხვდეს თავის საქციელის სიმძიმესაც, შეტევაზე გადმოდის და საშიშს მხდის.
– საშიშს – რა გაგებით?
– ის გაგებით, რომ ზოგჯერ მზად ვარ, თვალები ამოვკაწრო, ვხვდები, რომ რაღაცნაირად თავი ხელში უნდა ავიყვანო. უპირველესად, ხომ ჩემს თავს ვუქმნი პრობლემებს... რამდენიმე დღის წინ მითხრა, აღარ მინდა სახლში მოვდიოდე და შენ გხედავდეო. გულში რაღაც ჩამწყდა.... თითქოს თვითონ არ გამხადა ასეთი.