როგორ გახდა ცოლი, ქალიშვილთან ერთად, ქმრის მკვლელობის მონაწილე
64 წლის ანზორ დ-ძის გვამი ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა დამხმარე სათავსოში აღმოაჩინეს. ცხედარს გარეგნული დათვალიერებით დაზიანებების კვალი არ აღენიშნებოდა, გარდაცლილი მამაკაცის ცოლის, 59 წლის ჟანა ბ-შვილისა და მისი ქალიშვილის, 24 წლის ემა ბ-შვილის განცხადებით, მამაკაცს ბოლო პერიოდში გული აწუხებდა და ის სავარაუდოდ, გულის შეტევით იყო გარდაცვლილი. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით კი, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია, რაც ფიზიკური ზემოქმედებით იყო გამოწვეული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება. გამოძიებას დაზარალებულად ცნობა მოსთხოვა, გარდაცვლილი მამაკაცის შვილმა პირველი ქორწინებიდან, რომელიც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, აცხადებდა, რომ ანზორ დ-ძე, სავარაუდოდ, ცოლმა მოკლა, რადგან ცოლ-ქმარს ბოლო პერიოდში კონფლიქტი ჰქონდა. ოჯახური დაპირისპირების მიზეზი მამაკაცის მიერ ალკოჰოლის ხშირი მოხმარება იყო, რაც დადასტურდა გარდაცვლილის მეზობლების მიერაც. მათი განცხადებით, ანზორი და ჟანა ხშირად ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს. ჩხუბში ერეოდა მამაკაცის გერი – ემა ბ-შვილიც, რომელიც თვითმხილველთა ჩვენების მიხედვით, რამდენჯერმე მამინაცვალს მოკვლითაც დაემუქრა ცოლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო. რა მოხდა გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახში, ამას გამოძიებამ გასცა პასუხი: ანზორ დ-ძის მეუღლემ, ჟანა ბ-შვილმა გამოძიებასთან აღიარა, რომ ქმარი საწოლში, ბალიშით გაგუდა, რადგან მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაულში ეჭვმიტანილი ქალის ჩვენების მიხედვით, მან ჯერ მძინარე მამაკაცი დაახრჩო, შემდეგ კი მისი ცხედარი, კვალის დაფარვის მიზნით, დამხმარე სათავსოში გაათრია. შემდეგ კი, მეზობლების დასარწმუნებლად, ვითომ გარდაცვლილი ქმარი შემთხვევით აღმოაჩინა, ხმაური და კივილი მორთო. ამონაწერი ლანა ლ-იას ჩვენებიდან, რომელმაც გამოძიებას ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმავია მიაწოდა: „როდესაც ჟანას კივილი გავიგონე, ეზოში შევვარდი. ერთ-ერთი პირველი მე ვიყავი, ვინც შემთხვევის ადგილზე მოხვდა, დანარჩენი მეზობლები მერე მოვიდნენ. ჟანა ისეთ ისტერიკაში იყო, ცოტა გამიკვირდა კიდეც. ვიფიქრე, დღედაღამ ამ კაცის გარდაცვალებაზე ოცნებობდა და ახლა რა დაემართა-მეთქი. მალე დედას შეცხადებაში შვილიც აჰყვა. მაშინ საეჭვო არაფერი შემიმჩნევია, მაგრამ მოგვიანებით, როცა გავიგე, რომ ანზორი ჟანას გაუგუდავს, გამახსენდა, რომ იმ დღეს დილით ჟანა დასთან გაემგზავრა მეზობელ სოფელში. მან რომ ქმარი აღმოაჩინა, 10-15 წუთის დაბრუნებული იყო სოფელში. ამის თვითმხილველებიც არსებობენ. ამ დროში ჟანა ვერც გაჩერებიდან სახლში მისვლას მოასწრებდა, ვერც ქმრის გაგუდვას და ვერც მისი ცხედრის გატანას სათავსოში. ცხადი იყო, რომ ის კიდევ რაღაცას მალავდა.”
გამოძიებამ რამდენჯერმე დაკითხა ჟანა ბ-შვილის ქალიშვილი, ემა ბ-შვილი, რომელიც ქალს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ის ექვსი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად ანზორ დ-ძის ბინაში, იქამდე ბებია ზრდიდა, რომელიც ასაკში გათხოვილ ქალიშვილს საკუთარი შვილის წაყვანის უფლებას არ აძლევდა. მეზობელების ჩვენების მიხედვით, თავიდან ანზორ დ-ძეს მეუღლის შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, ბოლო დროს მამინაცვალი გერთან ხშირად ჩხუბობდა. ხან ანზორ დ-ძე უწუნებდა გერს საქციელს და თანასოფლელ ბიჭებთან ურთიერთობას უშლიდა, ხან გერი ეწინააღმდეგებოდა ქეიფის მოყვარულ მამინაცვალს. ამას ისიც დაერთო, რომ ემა ბ-შვილი ანზორ დ-ძის უფროს ქალიშვილს დაუპირისპირდა. მარიამ დ-ძე მამას ეუბნებოდა, რომ ჟანა და მისი შვილი მისი ქონებისა და სახლის დაუფლებას ცდილობდნენ და მას კერძო სახლის მის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა. მეზობლების განცხადებით, რომლებიც ინციდენტის თვითმხილველნი გახდნენ, ემა ბ-შვილმა ანზორ დ-ძე სახლთან ისე სცემა, მეზობლები რომ არ დახმარებოდნენ, მას შესაძლოა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა შექმნოდა. ამ ინფორმაციების გახმაურების შემდეგ გამოძიებამ ემა ბ-შვილის ბრალეულობის მოკვლევა დაიწყო. მოწმის სახით დაკითხულმა ემა ბ-შვილმა განაცხადა, რომ, როდესაც ბინაში ინციდენტი მოხდა, ის სახლში არ იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და სახლში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მეზობლისგან გაიგო, რომ მისი სახლიდან ხმაური და ტირილი ისმოდა. „როცა ეზოში შემოვედი, ეზო მეზობლებით იყო სავსე. ყველა სახლიდან მოშორებით, სათავსოსკენ მირბოდა. მეც იქით წავედი და დავინახე ანზორი, რომელიც მიწაზე იწვა. თავიდან მეგონა, ნასვამი იყო. მოგვიანებით კი გავიგე, რომ გარდაცვლილი იყო.”
საქმის მასალების მიხედვით და გამოძიების მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ანზორ დ-ძე გერმა, ემა ბ-შვილმა მოკლა, მკვლელობის დროს ჟანა ბ-შვილი სახლში საერთოდ არ იმყოფებოდა. ემა ბ-შვილმა, მთვრალ მამაკაცს, რომელიც საწოლში იწვა სახეზე ბალიში დააფარა და დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ცდილობდა მის დახრჩობას. მას შემდეგ, რაც ემა ბ-შვილი დარწმუნდა, რომ ანზორ დ-ძე გარდაცვლილი იყო, მან ტელეფონით დაურეკა დედას და სახლში დროულად მისვლა სთხოვა. სახლში დაბრუნებულმა ჟანა ბ-შვილმა, რომელსაც ქმარი უკვე გარდაცვლილი დახვდა, შვილისთვის პრობლემები რომ არ შეექმნა, მასთან ერთად ქმარის ცხედარი სათავსოში გაათრია. შვილს კი მეზობელთან გასვლა მოსთხოვა და მხოლოდ ამის შემდეგ გაითამაშა ქმრის „აღმოჩენის” სცენა, რაც მისი და მისი შვილის მიერ იყო დადგმული. რატომ მოიცილა გერმა მამინაცვალი და გადაწყვიტა მისი მოკვლა, ეს გამოძიებისთვის ბოლომდე უცნობი დარჩა. დაკავებულმა დედა-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. სასამართლომ ემა ბ-შვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 8-წლიანი პატიმრობა კი ჟანა ბ-შვილს შეეფარდა, რომელიც სასამართლომ ქმრის მკვლელობის დაფარვისა და გამოძიებისთვის კვალის არევის ბრალდებით გაასამართლა.