დედაქალაქის გადასარჩენად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-5(487)
საღამოს ათი საათი სრულდებოდა, როდესაც რატი დედამ გააღვიძა და უთხრა:
– რატი, შვილო, ჩიტო გირეკავს.
– ჩიტო? – გაიმეორა რატიმ და კედლის საათს შეხედა.
– ჰო, შვილო, ჩიტო. სახლის ნომერზე რეკავს. ასე მითხრა, მობილურზე ვერ ვუკავშირდებიო.
რატი მკვირცხლად წამოხტა ლოგინიდან, გადადებულ ყურმილს დასწვდა და ძმაკაცს უთხრა:
– გისმენ, ჩიტო.
– გაგაღვიძე, ბიჭო?
– რა დროს ეგაა, რა ხდება?
– შეგიძლია, რომ რაც შეიძლება მალე გლდანში გამოხვიდე? – თქვა ჩიტომ და მისამართი უკარნახა.
– მოვდივარ, – მიუგო რატიმ და ყურმილი აპარატზე დადო. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი უკვე კიბეებზე ჩარბოდა, რათა ლიფტის გამოძახებაში დრო არ დაეკარგა.
თერთმეტის ოცდახუთ წუთზე რატიმ უშიშროების „ბეემვე“ კაკუბავას მანქანას უკან მიაყენა, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის უკან იდგა. შემდეგ მის მანქანაში გადაჯდა და იკითხა:
– რა ხდება, ბატონო ვარლამ, ხომ მშვიდობაა?
– რა შუსტრად მოხვედი, – თქვა რეზომ, კაკუბავამ კი რატის მიუგო:
– მე მგონი, ზუხრას კვალს მივაგენით.
– იმ თურქი გოგონასი? – აგზნებულად თქვა რატიმ.
– ჰო, იმისი. დამშვიდდი და მომისმინე. ლიდა გავაშელი ხომ იცი, იმ ბინის მეპატრონე, სადაც ის ტერორისტი მოკლეს. ჰოდა, საათ-ნახევრის წინ სწორედ იმ ლიდამ დამირეკა და მითხრა, მგონი, ჩემი თურქი მდგმური ვნახეო, – კაკუბავამ საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის ფანჯრებისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა: – აი, ამ ბინაში უნდა იყოს სავარაუდოდ ის ზუხრა.
რატი გაფაციცებით უსმენდა თავის ყოფილ უფროსს, რომელიც თხრობას განაგრძობდა:
– ეგ ლიდა ხომ მე დავკითხე პირველად, ჩემი ტელეფონიც ჩავაწერინე და ვუთხარი, თუკი რამეს გაიხსენებდა, ჩემთან დაერეკა. მაგ ლიდას დაქალი ამ ბინის მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობს და დღეს დილით ლიდა გავაშელი სწორედ მასთან იყო სტუმრად. სხვა დაქალებსაც ელოდებოდნენ, რადგან მათ ერთ-ერთ დაქალს სიბერეში შვილი გაუჩენია და მის სანახავად ერთად უნდა წასულიყვნენ სამშობიაროში. ერთ-ერთი მათი დაქალი თურმე იგვიანებდა მოსვლას და ლიდა წამდაუწუმ „გლაზოკში“ იხედებოდა – ხომ არ მოვიდაო. ერთ-ერთი გახედვის დროს კი მას სწორედ ის ზუხრა დაუნახავს, რომელიც სწრაფად შესულა მოპირდაპირე ბინაში. მალე ის დაგვიანებული დაქალიც მოსულა და ყველანი ერთად წასულან სამშობიაროში. შემდეგ ბავშვის მამას ყველანი რესტორანში დაუპატიჟებია და მე მხოლოდ საღამოს გავახსენდი ლიდას, 9 საათზე დამირეკა და ზუხრას ამბავი მიამბო. ათის ნახევრიდან მე და რეზო აქ ვართ და, აი, შენც მოგიყვანეთ, – თქვა კაკუბავამ, ჩაბნელებულ ფანჯრებს დააკვირდა და დაამატა, – როგორმე უნდა გავარკვიოთ, მართლა ზუხრა ნახა ლიდა გავაშელმა თუ მოეჩვენა.
– შეიძლება, გკითხოთ, ბატონო ვარლამ? – თქვა რატიმ.
კაკუბავას ამ სიტყვებზე გაეცინა და მიუგო:
– რა თქმა უნდა, გისმენ.
– ბატონო ვარლამ, მე მგონი, ჯერ ლიდა გავაშელის დაქალს უნდა გავესაუბროთ, ზუხრას ბინის მოპირდაპირედ რომ ცხოვრობს და პირველადი ინფორმაცია მისგან მოვიპოვოთ. მერე კი ისე მოვიქცეთ, როგორც საქმე გვიჩვენებს.
ვარლამ კაკუბავას გაეცინა, რეზოს გადახედა და წაურუსულა:
– მოია შკოლა. პრავილნო მისლიტ, – შემდეგ რატის მიუბრუნდა:
– ლიდას დაქალს ნონა პირველი ჰქვია და სწორედ მას ველოდებით ახლა. ის ჯერ კიდევ რესტორანშია. ლიდა კი ადრე წამოსულა იქიდან. ასე მითხრა, ხვალ დილით ადრე ვარ ასადგომიო.
საცხოვრებელ კორპუსს ტაქსი მიუახლოვდა და სადარბაზოსთან გაჩერდა. მანქანიდან ზორბა ტანის ორმოციოდე წლის ქალი გადმოვიდა და სადარბაზოში შევიდა. კაკუბავამ რეზოს უთხრა:
– მიდი, შეამოწმე. მე მგონი, ნონა პირველი მოვიდა. არ შეაშინო, იცოდე.
ჩიტო სწრაფად გადავიდა მანქანიდან. ორიოდე წუთში უკან დაბრუნდა და თქვა:
– წამოდით, ნონა პირველი გველოდება.
– ყოჩაღ, ჩიტო. ტყუილად არ გაჭმევ პურს, – თქვა კაკუბავამ და თავის ყოფილ და მოქმედ თანაშემწეებთან ერთად ლიდა გავაშელის დაქალის ბინისკენ გაემართა.
ნონა პირველის ოთხოთახიანი ბინა გემოვნებით იყო მოწყობილი. დიასახლისმა მისულები სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა და სავარძლებში დასხა. შემდეგ სიგარეტი გააბოლა, მოწევის ნება მათაც დართო და თქვა:
– გისმენთ, ბატონებო, რაშია საქმე?
ვარლამმა საკუთარი თავი გააცნო მასპინძელს, რატი და რეზოც წარუდგინა და უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, ქალბატონო ნონა, ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ამიტომ გავკადნიერდით ასე.
– ბოდიში საჭირო არაა, ბატონო ვარლამ. მკითხეთ, რა გაინტერესებთ.
– ქალბატონო ნონა, მიუხედავად იმისა, რომ არაოფიციალური საუბარი გვაქვს, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, რაც აქ ითქმევა, ჩვენ შორის დარჩეს.
– ჩვენ შორის დარჩება. გისმენთ.
– ქალბატონო ნონა, ჩვენ გვაინტერესებს თქვენს მოპირდაპირე ბინაში მცხოვრებთა ვინაობა.
– ახლა ვინ ცხოვრობს, არ ვიცი, ბინა გაქირავებულია. ისე კი მისი მეპატრონე ალა მგელაძეა. ის ადრე აქ ცხოვრობდა, სამი წლის წინ კი გათხოვდა, ქმართან გადავიდა საცხოვრებლად თემქაზე და იქაა.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?
– ჩვეულებრივი – არც ცუდი და არც კარგი. ადრეც ასე ვიყავი – გამარჯობა, გაგიმარჯოს.
– ქალბატონო ნონა, შემთხვევით მისი მობილურის ან თუნდაც ბინის ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვთ?
– მე არა, მაგრამ მეორე სართულზე მისი დაქალი ცხოვრობს – ტატა ბეშქენაძე და მას აქვს.
– ახლა სახლში იქნება?
– კი. სახლშია. აი... – ნონა პირველმა ჭერისკენ აიშვირა ხელი და დაამატა: – ნახეთ, რა ბრაგუნია. ჩემ ზემოთ ცხოვრობენ.
რეზომ მიაყურა და, იმ ადგილიდან, სადაც პროექტის მიხედვით საძინებელი იყო განთავსებული, ჭერზე რიტმული კაკუნის ხმა ისმოდა, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა.
ჩიტოს გაეღიმა და რატის გადახედა, კაკუბავამ კი დიასახლისს უთხრა:
– ალბათ, ბავშვები ჰყავთ და ისინი ხმაურობენ.
– არა, ბატონო, ტატა გაუთხოვარია, არც აყვანილი შვილი ჰყავს, არც შეფარებული და... – დიასახლისმა პაუზა გააკეთა, სიგარეტი ღრმად მოქაჩა და დაამატა: – თუმცა, რა ჩემი საქმეა.
– კარგი, ქალბატონო ნონა. მეტს აღარ შეგაწუხებთ. ახლა ზემოთ ავალთ და ტატა ბეშქენაძეს დაველაპარაკებით. ნახვამდის, – თქვა კაკუბავამ და ბიჭებთან ერთად კარისკენ გაემართა.
დიასახლისმა ზღურბლამდე მიაცილა სტუმრები და სანამ კარს მიხურავდა, კაკუბავას უთხრა:
– თუ კვლავ დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ და მომიკაკუნეთ. მე გვიანობამდე არ ვიძინებ.
– კარგი, ნახვამდის, – თქვა ვარლამმა.
– ნახვამდის, – მიუგო ნონა პირველმა და კარი მიხურა.
კაცები ერთი სართულით მაღლა ავიდნენ და სანამ კარზე ზარს დარეკავდნენ, კაკუბავამ თქვა:
– გესმოდათ, როგორ ბრაგიბრუგობდნენ? ლამის ჭერი თავზე ჩამოამხეს ნონას.
– რა ქნან, ასეთი აკუსტიკაა ამ სახლებში, – სიცილით თქვა რეზომ, ვარლამმა კი ტუჩზე თითი მიიდო, გაჩუმდიო და ზარის ღილაკს თითი ორჯერ მიაჭირა.
სანამ შემოსასვლელში შუქი აინთო და სათვალთვალოში გამოიხედეს, ხუთ წუთზე მეტი გავიდა. ბოლოს კი კარს მიღმა ქალის ხმამ იკითხა:
– ვინ გნებავთ?
– ბოდიშს გიხდით, ქალბატონო ტატა, რომ ასე გვიან გაწუხებთ, მაგრამ, პროკურატურიდან ვართ და თქვენთან სასწრაფო საქმე გვაქვს, – უთხრა ქალს კაკუბავამ.
მასიური რკინის კარი ოდნავ გაიღო, რადგან ფოლადის ჯაჭვზე იყო ჩაკეტილი. ღრიჭოში კი ქალის სახე გამოჩნდა, რომელმაც იკითხა:
– პროკურატურიდან?!
– დიახ, ქალბატონო ტატა, – ვარლამმა პირადობის მოწმობა გაშალა და დაამატა: – ბოდიშს გიხდით, რომ ასე გვიან გაწუხებთ, მაგრამ თქვენთან სასწრაფო საქმე გვაქვს და, შეიძლება, შემოვიდეთ?
ქალს აშკარად არ უნდოდა დაუპატიჟებელი სტუმრების ბინაში შეშვება და ვარლამს უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ სახლში მარტო ვარ. თანაც ძალიან გვიანია და ამ დროს სამი მამაკაცის ბინაში შეშვება, მეზობლების თვალში, რბილად რომ ვთქვა, უხერხულია. გარდა ამისა, ისე მეძინება, რომ ვერ ვაზროვნებ და, შეიძლება, თქვენს კითხვებზე სწორი პასუხებიც კი ვერ გავცე. ღრმად ჩაძინებული ვიყავი და ასე გვიან ამიტომ გამოვედი. იქნებ ხვალისთვის გადავდოთ ჩვენი შეხვედრა?
„ჰო, ღრმად გეძინა, როგორ არა. ავეჯი კი თავისით დახტოდა ოთახში“, – გაიფიქრა რეზომ და ჩაეცინა. ვარლამ კაკუბავამ კი ხალათში გამოწყობილ, მკერდმოშიშვლებულ დიასახლისს უთხრა:
– ხომ გითხარით, ძალიან სასწრაფო საქმე გვაქვს და ხვალისთვის ვერ გადავდებთ. არ გინდათ ჩვენი შემოშვება და ნუ გინდათ. მაშინ, ერთი თხოვნა მაინც შეგვისრულეთ.
– რა თხოვნა?
– რა და, ძალიან ღრმა ძილი გცოდნიათ. თქვენი გაღვიძება მაინც მოგვიწევს და, კვლავ რომ არ შეგაწუხოთ, სანამ პოლიცია მოვა, ასე ნახევარიოდე საათი იქნებ არ დაიძინოთ.
– პოლიცია? რა ხდება? რატომ უნდა მოვიდეს პოლიცია და რა შუაში ვარ მე? – შეშფოთდა ტატა ბეშქენაძე და მკერდი კიდევ უფრო გაეღეღა.
– სახლში არ გვიშვებთ, რომ მშვიდად გაგესაუბროთ და აქ ეს არ გამოვა, – მშვიდად თქვა კაკუბავამ.
ქალმა კარს ფოლადის ჯაჭვი მოხსნა. კარი ფართოდ გააღო და თქვა:
– შემობრძანდით.
პირველი, რაც სასტუმრო ოთახში შესულ ახალმოსულებს თვალში მოხვდათ, მამაკაცის შარვალი და ტრუსები იყო, რომლებიც ტახტზე ეყარა. საძინებლიდან კი სიგარეტის კვამლი გამოდიოდა – აშკარა იყო, რომ იქ ვიღაც ეწეოდა. კაკუბავა და მისი კოლეგები სავარძლებში მოკალათდნენ. ტატამ სიგარეტი გააბოლა. ტახტზე დაყრილ შარვალსა და ტრუსებს დააჯდა, რომ დაეფარა, გაიღიმა და კაკუბავას უთხრა:
– გისმენთ, ბატონო. მკითხეთ, რაც გაინტერესებთ.
– ქალბატონო ტატა, თუ არ ვცდები, თქვენ ალა მგელაძესთან მეგობრობთ, ხომ?
– კი, ალაჩკა ჩემი ახლო დაქალია. რაშია საქმე, დააშავა რამე? – გულწრფელად გაუკვირდა დიასახლისს.
– ნუ ღელავთ, არაფერი დაუშავებია, – თქვა ვარლამმა, ტატამ კი მას სიტყვა გააწყვეტინა:
– მადლობა ღმერთს. კინაღამ გული გამისკდა.
– ქალბატონო ტატა, ამჟამად ალა მგელაძე მეუღლის ბინაში ცხოვრობს, ხომ?
– დიახ. თემქაზე.
– აქ, მის ბინაში ცხოვრობს ვინმე?
– გაქირავებული აქვს უცხოელზე.
– უცხოელზე?
– დიახ, უცხოელზე. როგორც ვიცი, სტუდენტი გოგონა უნდა იყოს, მაგრამ, სადაურია, არ მახსოვს.
– არ იცნობთ?
– არა, თვალითაც არ მინახავს.
– ხომ არ იცით, როდის და რამდენადაა გაქირავებული ბინა?
– ალამ იანვარში გააქირავა ბინა. მდგმური მას სამას ორმოცდაათ დოლარს უხდის თვეში, სამი თვის ფულს წინასწარ აძლევს ხოლმე.
– ქალბატონო ტატა, ჩვენი საუბარი ჩვენ შორის უნდა დარჩეს. ბოდიშს გიხდით, მაგრამ, გაფრთხილებთ: თუ ინფორმაციამ თქვენი მიზეზით გაჟონა, პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ.
– სიტყვას არავისთან დავძრავ, – თქვა შეშინებულმა დიასახლისმა.
– საქმე ისაა, რომ ერთ ძებნილ ბოროტმოქმედს ვეძებთ. ეჭვი გვაქვს, რომ ის სწორედ ალა მგელაძის ბინაში აფარებს თავს. ამიტომ, თქვენ ალას მობილურის ნომერი უნდა მოგვცეთ. ჩვენ მას დავურეკავთ, აქ მოვიყვანთ, ბინას გავაღებინებთ და შევამოწმებთ. იმედია, მას სათადარიგო გასაღები ექნება.
– იცით, სათადარიგო გასაღები მე მაქვს, – ენის ბორძიკით თქვა ტატამ და დაამატა: – ალაჩკას სულ ეკარგებოდა ეს გასაღები და ბოლოს მე დამიტოვა.
– თქვენ?! – თქვა ვარლამმა და კოლეგებს გადახედა. ტატამ კი თქვა:
– თუ გნებავთ, მე გაგიღებთ კარს და ბინას დაგათვალიერებთ.
– ქალბატონო ტატა, იმ ბინის კარს ალბათ, ურდულიც ექნება, – თქვა კაკუბავამ.
– დიახ, – მიუგო ტატამ.
– თუ შიგნიდანაა ჩაკეტილი, ბინაში მაინც ვერ შევალთ.
– მაინც ვცადოთ, ბატონო ვარლამ. ის მაინც გვეცოდინება, ბინა ცარიელია თუ არა, – თქვა რეზომ.
– ცდით კი ვცდით, მაგრამ ბინის მეპატრონის ნებართვის გარეშე არ შეიძლება, – მიუგო კაკუბავამ რეზოს. ტატამ კი დაამატა:
– ალაჩაკას დავურეკავ და ვკითხავ. არა მგონია, უარი თქვას.
– მე დავურეკავ. ნომერი მითხარით, – თქვა ვარლამმა და როდესაც ალა მგელაძის ნომერი აკრიფა, ცოტა ხანს დაელოდა და უთხრა:
– ქალბატონი ალა მგელაძე ბრძანდებით?
– დიახ. თქვენ ვინ ბრძანდებით? – იკითხა ქალმა.
ვარლამ კაკუბავამ მოკლედ გააცნო ალა მგელაძეს საქმის ვითარება და ბოლოს უთხრა:
– გნებავთ, თქვენ თვითონ მობრძანდით და ბინა დაგვათვალიერებინეთ. ხოლო, თუ არ შეგიძლიათ, მაშინ ქალბატონ ტატას მიეცით ამის ნება.
– დიახ, რა თქმა უნდა. ტატამ დაგათვალიერებინოთ, – შეშინებული ხმით მიუგო ვარლამს ალა მგელაძემ და დაამატა: – ტატა დამალაპარაკეთ და ვეტყვი, რომ ბინა გაჩვენოთ.
ათიოდე წუთის შემდეგ ჩაცმული ტატა ბეშქენაძე, ვარლამი და მისი კოლეგები უკვე პირველ სართულზე იმყოფებოდნენ. რეზომ და რატიმ პისტოლეტები მოიმარჯვეს, ვარლამმა კი ტატას ანიშნა, – კარს მოშორდი და კიბეებზე დადექიო. შემდეგ კარს გასაღებები მოარგო. ფრთხილად გადაატრიალა და კარი გაიღო. შემდეგ თავადაც მოიმარჯვა პისტოლეტი და ჩაბნელებულ ბინაში პირველი შევიდა, მას რეზო და რატი შეჰყვნენ. დერეფანი რომ გაიარეს, ვარლამმა პატარა ზომის მძლავრი ფანარი ჩართო და რაღაცას დააკვირდა. ათიოდე წამის შემდეგ კი უკან, დაზღვევაზე მდგომ ახალგაზრდა კოლეგებს ხმამაღლა უთხრა:
– მე მგონი, აქ ორი ტრუპია. შუქს ავანთებ, – კაკუბავამ ჩიტოს გასძახა:
– რეზო, ტატას და ნონა პირველს დაუძახე, თვითმხილველები გვჭირდება.
ვარლამ კაკუბავა პირველი შევიდა სასტუმრო ოთახში და შუქი აანთო. რატი მას უკან მიჰყვა და ხალიჩაზე გაწოლილ ორ უსულო ადამიანს მოჰკრა თვალი. ერთი მათგანი ახალგაზრდა ქალი იყო და ტახტთან იწვა მოკუნტული, შუბლზე და გულში კი ნატყვიარები ეტყობოდა. მეორე მოკლული ათლეტური აღნაგობის, ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცი იყო. ის საძინებლის ზღურბლთან იწვა პირქვე. მას კეფასა და მარცხენა ბეჭზე, გულსუკან, ორი ნატყვიარი აჩნდა.
– თუ არ ვცდები, ესენი ზუხრა და მისი თანმხლები მამაკაცია, ის კაცია, ვინც აბრეზას წაეჩხუბა, – თქვა ვარლამმა და დაამატა: – ჯერ კაცია მოკლული, შემდეგ კი – ქალი. აქაც ვიღაცეებმა დაგვასწრეს, რატი. მიდი, შენებს დაურეკე, მე კი კოჩიას შევატყობინებ.
რატიმ და კაკუბავამ ერთდროულად მოიმარჯვეს მობილური ტელეფონები.
გაგრძელება შემდეგ ნომერში