ინტიმური საუბრები
ახლა ვეღარ გადავკეთდები
ვარ ზედმეტად მორცხვი და მორიდებული ადამიანი და ამის გამო ძალიან მიჭირს თუნდაც ჩემს თანატოლებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით ბიჭებთან, თუმცა არც გოგოებთან მაქვს მთლად კარგად საქმე. ეს ბოლო წლებია, მივხვდი, რაც არის ამის მიზეზი, მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ახლა ვეღარაფერს გამოვასწორებ.
საქმე ისაა, რომ ჩემმა მშობლებმა ზედმეტად მკაცრად გამზარდეს. სიმკაცრეს ვინ ჩივის, ისეთი არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამომიყალიბეს, ვერანაირი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ვერ მიშველის. უკვე 28 წლის ვარ, დავამთავრე უნივერსიტეტი, ვმუშაობ ნორმალურ სამსახურში და გარეგნობითაც ნორმალური გოგო ვარ, მაგრამ მყავს მხოლოდ ორი მეგობარი, რომლებიც ბავშვობიდან მომყვებიან და, ჩემი ასაკის მიუხედავად, ჯერ არცერთხელ არ ვყოფილვარ პაემანზე, ანუ არ მყოლია თუნდაც ფლირტის დონეზე თაყვანისმცემელი. ასე ამიტომ კი არ მოხდა, რომ არასდროს არავის მოვწონებივარ, სხვათა შორის, მოვწონდი რამდენიმე ბიჭს და ერთს ვუყვარდი კიდეც, მაგრამ მე ვიყავი ბავშვობიდან ისეთი დაკომპლექსებული, ვერ წარმომედგინა, ნორმალურ ბიჭს როგორ უნდა მოვწონებოდი და, მით უმეტეს – შევყვარებოდი, რადგან თავი ყველაზე უშნო, ყველაზე მოუქნელი და ყველაზე უსიმპათიო მეგონა. ეს ყველაფერი კი პატარაობიდან ჩამინერგეს. სხვათა შორის, დედაჩემი ახლაც განაგრძნობს ჩემს დატერორებას, რაშიც ბებიაც ძალიან ეხმარება. დიახ, ასეთ მოპყრობას ტერორს ვუწოდებ, რადგან, დაუშვებელია, ამხელა ქალისგან მოითხოვო, ყველა წვრილმანი ისე გააკეთოს, როგორც შენ გინდა. ისეთი ვარცხნილობა გაიკეთოს, შენ რომ იკეთებდი მის ასაკში; ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაიცვას, შენ რომ მოგწონდა; ისეთ გოგოებთან იმეგობროს, შენ რომ მიგაჩნია შენი შვილისა და ოჯახის შესაფერისად; ბიჭებს არათუ საერთოდ არ შეხვდეს ან გაეპრანჭოს, არც კი დაელაპარაკოს, რადგან მათ უმრავლესობას შავბნელი აზრები უტრიალებს თავში, კარგ და გადასარევ ბიჭს კი შენნაირი გოგო რატომ მოეწონება და ასე შემდეგ. განსაკუთრებით კი ამ ბოლო ფრაზამ – „კარგ ბიჭს შენნაირი გოგო რატომ მოეწონებაო“ – ჩამინერგა საკუთარი თავის მიმართ ეჭვი, უნდობლობა და აგრესიაც კი. ერთ დღეს კი (მაშინ უკვე სკოლას ვამთავრებდი) უცებ ვიგრძენი, რომ საკუთარ თავს თვალის დასანახავად ვერ ვიტანდი; მძულდა ისე, როგორც შეგძულდება შენი დაუძინებელი მტერი. არაფერი მომწონდა ჩემს გარეგნობაში; არ მომწონდა არც ჩემი ხასიათი, არც ჩემი ქცევები, არც ჩემი გემოვნება (ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ისეთი ეჭვები გამიჩნდა, მეგონა, ყველაფერზე დამცინოდნენ: ჩაცმა-დახურვაზე, ლაპარაკზე, სიარულზეც კი). ამ ყველაფრის შედეგად გავხდი უკარება, უკონტაქტო; ჩავიკეთე საკუთარ თავში და ახლობლებთან და ოჯახის წევრებთანაც კი შემოვიფარგლე მხოლოდ აუცილებელი ფრაზებითა და ოფიციალური, ხანმოკლე ურთიერთობებით, რის გამოც დედაჩემმა ხან ბუტუსურა დამარქვა, ხან უხასიათო, ხან რა და ხან რა. მამა ერთს შემომხედავდა ხოლმე ისეთი სახით, რომ მე თვითონ შემეცოდებოდა ხოლმე ჩემი თავი, მერე ერთს ღრმად ამოიხვნეშებდა, ხელს ჩაიქნევდა, თავსაც გადააქნევდა და უსიტყვოდ გამშორდებოდა.
და ამ ყველაფრის შემდეგ, ახლა, 28 წლის ასაკში, სამივე ერთად (დედა, მამა და ბებია) მსაყვედურობს, რომ ვარ უინტერესო გოგო, მაკლია ქალურობა, არ მყავს მეგობრები და არ მოვწონვარ ბიჭებს, რადგან ასეთი მუდო და უხალისო გოგო არავის მოეწონება. ეს ყველაფერი მეც ვიცი, მაგრამ ახლა როგორ გადავკეთდე? ჩემი ბრალია, ასეთი რომ ვარ?!
ქეთი, 28 წლის.