კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-5(787)

 ლევანი დაღალა ქორწინების ცერემონიალმა. არასდროს მოსწონდა ასეთი წვეულებები, მით უმეტეს, რომ ამ ხალხში არავის იცნობდა. მალევე მოიწყინა და დაიბოღმა. ნანაც, თითქოს ჯიბრზე, ისე ხმამაღლა იცინოდა, ისედაც გაღიზიანებულს უარესად უშლიდა ნერვებს. ნანამ თავი გამოიდო: ჭურჭელი, საუზმე,  ყვავილები, გაფორმება და აქსესუარები – ყველაფერი საუკეთესო შეუკვეთა; კაბაც  განსაკუთერბული ქსოვილის შეაკერინა იქაურ ბომონდურ დიზაინერს, ბომონდურს, ალბათ, თავისი სნობი ამერიკელი მეგობრების წრეში, თორემ, ჰოლივუდურ „ფეისებს” ნანა ვერ გაქაჩავდა. პრონციპში, პრეტენზიაც არ ჰქონდა – ბედნიერებით  ტკბებოდა საკუთარი დიდების შარავანდედით გასხივოსნებული. ლევანმა ვეღარ გაუძლო, შამაპნურით სავსე ჭიქას ხელი მოჰკიდა და ტბისკენ მიმავალ პატარა ბილიკს გაუყვა. იდგა, სასმელს წრუპავდა და წყლის ზედაპირზე მონებივრე იხვებს ადევნებდა თვალს.
– ძალიან კარგი ქორწილია. გილოცავ, გაგიმართლა.
ლევანი შემობრუნდა – მის წინ რობერტო იდგა. იტალიელი თავისი შავი, მოციმციმე თვალებით უმზერდა და ცბიერად იცინოდა.
– ჰო, გამიმართლა. ყოველთვის ასეა, როცა გიყვარს.
– ნანას ვინ არ შეიყვარებდა. არც მე ვიტყოდი ასეთ ქალზე უარს, მაგრამ არჩევანი შენზე შეაჩერა.  დანახვისთანავე მომეწონა.
ლევანმა ეჭვით გადახედა:
– მართლა?
– რა თქმა უნდა. ნანას ბევრი ღირსება აქვს, ჩაიცინა რობერტომ, – იმიტომაც გითხარი, გაგიმართლა-მეთქი.
– და შენ გშურს? – გამოცრა ლევანმა ღვარძლიანად.
რობერტომ მხრები აიჩეჩა:
– რომ ვთქვა, არ მშურს-მეთქი, სულელი ვიქნები. ძალიან ბევრი სიურპრიზი გელოდება წინ. რაც მთავარია, ნანამ თქვენი ურთიერთობა ოფიციალური გახადა და ეს ბევრს ნიშნავს.
ლევანმა შამპანურის უკანასკნელი ყლუპი გადაყლაპა და ჭიქა ტბაში ისროლა. რობერტომ თავი გადააქნია:
– აქ ასეთი რამ კანონით ისჯება.
– არავის დაუნახივარ, – ბრაზით ჩაილაპარაკა ლევანმა და მაშინვე დაამატა, – შენ გარდა.
– როგორ გეტყობა, რომ ჯერ კიდევ ვერ გაიცანი ამერიკა. დროა, აქაურობას ალღო აუღო, . ნანას კაბის კალთის ქვეშ დიდხანს ვერ იქნები.
– ეგ შენი საქმე არ არის.
– რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არ არის. ის გოგო მაგარი ნაშა იყო? – რობერტო აშკარად ცდიდა ლევანის მოთმინებას.
– ვინ ის, რობერტო? – ლევანმა ხმა გაიმკაცრა და მოიღუშა.
– ვისთანაც სამი კვირა გაატარე. ოღონდ, არ მითხრა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სანაპიროზე გეძინა. ასეთი სისულელეების მხოლოდ ქალებს სჯერათ. ისიც, შეყვარებულ ქალებს.
– მე სანაპიროზე ვათევდი ღამეს, – გადაჭრით თქვა ლევანმა და ერთბაშად გაბრიელას მკერდი გაახსენდა, არანაირი ნაშა არ ყოფილა,   გესმის? წავედი, ცოლი მელოდება.
იმავე ღამეს, როცა ნანასთან ერთად ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს (ესეც ნანამ იქირავა საგანგებო და განსაკუთრებული ღამისთვის) ფეშენებელურ ნომერში განმარტოვდა, რობერტოსთან საუბრისას გაჩენილმა ბრაზმა ისევ შეახსენა თავი და, როცა ქალი მოეხვია, იფეთქა:
– ნანა, სიმართლე უნდა მითხრა – რობერტოსთან იწექი?
ქალი მოულოდნელობისგან გაშრა, მერე  გაიღიმა და აუჩქარებლად შეუდგა ტანსაცმლის გახდას.
– ნანა, უნდა ვიცოდე. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
– რა უნდა იცოდე, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? ნუ მაცინებ, ძალიან გთხოვ. რადგან ცოლად გამოგყევი, იმას არ ნიშნავს, რომ უფლება გაქვს, სულში ხელები მიფათურო. ჩემი წარსული ცხოვრება ჩემი წარსულია და არ ვაპირებ შენ წინაშე თავი ვიმართლო.
– მე კი არ ვაპირებ, ვიღაც ვიგინდარას ირონია უპასუხოდ დავტოვო.
– ჰა, ჰა, ჰა, ნუ მაცინებ! არ მითხრა, რომ რობერტოზე ეჭვიანობ. .
– არ უნდა ვიეჭვიანო?
ნანამ შიშველი მხრები აიჩეჩა და ვნებიანად გაიზმორა:
– შენი გადასაწყვეტია. თუ ასე ძალიან გინდა, იეჭვიანე.
ლევანმა ქალს მკლავებში მოჰკიდა ხელები და მსუბუქად შეანჯღრია:
– ნანა, მე სტივი არ ვარ, ჩემთან ასეთი თამაში არ გამოგივა. რობერტოსთან იწექი?
ნანამ სერიოზულად შეხედა და ძალიან უბრალოდ თქვა:
– ჰო.
– რა?! ხუმრობ?
– ხედავ? თავადაც არ გჯერა. მითხარი, რისი მოსმენა გინდა  და გიპასუხებ.
– სიმართლის მოსმენა.
– სიმართლე ბევრნაირი შეიძლება იყოს. ადამიანები ვიჯერებთ იმას, რისი დაჯერებაც გვინდა. ასე რომ, ან ახლა დავწვებით და დაუვიწყარ ღამეს მაჩუქებ, ან ჩავიცვამ და კლუბში გასართობად წავალ.
– სად წახვალ. ეს ხომ ჩვენი ქორწინების ღამეა!
– მართლა? მეგონა, დაგავიწყდა, – დასცინა ნანამ და საწოლთან მდგარი მაგიდიდან შამპანურით სავსე  ბოკალი აიღო, – ძალიან არარომანტიკული ხარ, ლევან, დღეს კი პროზა არ მჭირდება. ყველაფერი ძალიან კარგი იყო, წვეულებაზეც ის ადამიანები მოვიდნენ, ვინც მჭირდება, შენ კი ყველაზე შეუფერებელ მომენტში გაუჩინარდი. არ მინდოდა დღეს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, შენ დაიწყე. მინდოდა, შენთვის ვიღაც გამეცნო.
– კიდევ მოვასწრებთ.
– მაინც, სად იყავი?
– ტბასთან. რობერტოს ველაპარაკებოდი.
ნანამ შეხედა და გადაიკისკისა:
– აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე! და, რობერტომ გითხრა, ნანასთან ვიწექიო?
ლევანმა თავი გადააქნია:
– ეს რომ ეთქვა, ტბაში გადავაგდებდი.
– მართლა? ჩემი რაინდი! – ნანა კაცს მიეხუტა და მკერდზე აუცურა გრძელი, მოვლილი თითები, – აი, რა მენატრებოდა, აი, რა არ მქონდა სტივთან, აი, რატომ ხარ ჩემ გვერდით...
– შენი ყოფილი ქმრის ხსენება მეტისმეტია, რობერტოც მეყოფა ამ საღამოს.
– ლევან, კარგი რა, უკვე აღარ მეცინება! გაცხარდა ნანა, – არ მინდა, ჩვენი ქორწინების პირველივე ღამეს ვიჩხუბოთ.
– არც მე მინდა, მაგრამ, რა ვქნა, რომ ვეჭვიანობ?
– მოდუნდი. მოდუნდი და მოდი ჩემთან, საყვარელო. რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო გუშინ, გუშინწინ, ორი წლის წინ? ახლა ერთად ვართ და  სწორედ ეს არის მთავარი.
ლევანმა გადაწყვიტა, რომ საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, შარვალი გაიძრო და ნანას მოეხვია.
            * * *
ძმაკაცთან საუბრის შემდეგ კახა დიდხანს ფიქრობდა და ცდილობდა, გაეანალიზებინა მისი ნათქვამი. აქამდეც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ლევანი თეონასთან დაბრუნებას არ აპირებდა. თუმცა, მაინც ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა თეოსთან ურთიერთობის დალაგება.  ისიც უკვირდა, როგორ გაუჩნდა გრძნობა მეგობრის ცოლის თუ პარტნიორის მიმართ. ხან საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი. ხან ლევანზე იცოფებოდა, ხანაც თეონაზე. იმის ინტერესიც კლავდა, ისევ უყვარდა ქალს ლევანი თუ არა.  
„რომ უყვარდეს, აუცილებლად ეტყოდა, რომ ბავშვს ელოდება მისგან. ჰო, რა თქმა უნდა, ეტყოდა, ქალები ხომ კაცის დასაბრუნებლად, სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ ხოლმე. თეონამ კი კატეგორიული უარი განაცხადა, ლევანისთვის თავისი ორსულობა გაემხილა. ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ ეს მამაკაცი აღარ აინტერესებდა? ამდენი ფიქრიც არ შემიძლია“, –  უთხრა ბოლოს საკუთარ თავს და ორი დღის შემდეგ ისევ ესტუმრა.
კარი არავინ გაუღო. კახამ ყურები ჩამოყარა. ცოტა ხანს სახლთან იწრიალა. მერე მობილური აიღო და თეონას დაურეკა. აქვე ვარ, პარკშიო, უთხრა ქალმა და ისიც გახარებული გაუყვა გზას პარკისკენ.
– დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ, – უსაყვედურა თეონამ და გაუღიმა, – ხომ დამპირდი, რომ ქალაქგარეთ გავისეირნებდით?
– კი, დაგპირდი და გავისეირნებთ კიდეც, – კახა გაათამამა ქალის უშუალო, სითბოთი სავსე ღიმილმა. მხარზე ხელი მოხვია და მიიხუტა. – წავიდეთ, სადმე ჩაი ან ყავა დავლიოთ.
– ნამცხვარსაც თუ შემომთავაზებ, წამოვალ, – გაიპრანჭა თეო და ერთბაშად სახე დაუსევდიანდა.
– რა მოხდა? – შეწუხდა ლევანი, – გტკივა რამე?
– არა. კარგად ვარ. უბრალოდ, გამახსენდა, რომ შენ ჩემი ყოფილი ქმრის მეგობარი ხარ.
კახა შეცბა. ის, რომ ქალმა ლევანი „ყოფილად” მოიხსენია უკვე კარგი იყო.
მაგრამ, რა იგულისხმებოდა სიტყვებში: „გამახსენდა, რომ მეგობარი ხარ?“ უნდოდა, ეკითხა, რა მოხდებოდა, მეგობარი რომ არ ვყოფილიყავიო, მაგრამ, სიტყვა ვერ დაძრა და ისევ თეონას მიაჩერდა კითხვით სავსე მზერით.
– ესე იგი, ნამცხვარზეც დამპატიჟებ? სწრაფად შეცვალა ქალმა თემა და კახას ისე მაცდურად შეხედა, თითქოს ეუბნებოდა, ვიცი, რაც გაინტერესებს, მაგრამ არ გეტყვი და იწვალე ცოტა ხანსო.
– კი, რა თქმა უნდა. გამიგია, ორსულ ქალს უარი არაფერზე არ უნდა უთხრაო.
– სულ არაფერზე? ეს კარგია, – ისევ ეშმაკურად გაუცინა თეონამ.
კახა გაჩერდა, მკლავზე მოკიდა ხელი, თავისკენ შემოაბრუნა და თვალებში ჩახედა:
– რა გინდა, რომ გავაკეთო? მართლა არაფერზე არ გეტყვი უარს.
– ჰო?! მაშინ, ერთ კითხვაზე მიპასუხე: რას იზამ, უცბად ლევანი რომ ჩამოვიდეს?
– რა უნდა ვქნა? მხრები აიჩეჩა კახამ, – ვერ მივხვდი, რას გულისხმობ.
– იმას, რომ, მგონი, ჩვენი ურთიერთობა რაღაც ფაზაში შევიდა.
– ჰო, ამაზე მეც ვიფიქრე.
– მერე? რა იფიქრე?
ქალი დაჟინებით მოითხოვდა მისგან რაღაცას – ამას გრძნობდა. რაღაცნაირად, ვნებიანად გამობურცა ტუჩები. კახა მისკენ დაიხარა, ნიკაპზე  მოჰკიდა ორი თითი, წამოუწია და ხანგრძლივი კოცნით შეეწება.
* * *
შეზლონგზე წამოწოლილმა ლევანმა გვერდი იცვალა და აუზში მონებივრე ნანას ცერად გახედა.
– ჩამოდი, შორიდან რომ მზვერავ, იცი, რა თბილი წყალია?
– მე დილით ვიცურავე, სანამ შენ გეძინა, ახლა კი რუჯის მიღება მინდა.
– ჩამოდი, რა! მინდა, ერთად ვიცურაოთ, თან მოგეფერები...
– ნანა, ამ სასტუმროში ძალიან ბევრი ხალხია და, თან, საკმაოდ ცნობისმოყვარეებიც.
– მერე რა? – მხიარულად შეჰყვირა ქალმა –  ჩვენ ხომ ახალდაქორწინებულები ვართ?  ეს არავის გაუკვირდება. პირიქით, იცი, აქ როგორ  არის? სხვისი ბედნიერება უხარიათ. ისე კი არაა, როგორც საქართველოში.
– ჰო, აქ ბევრი რამე ისე არაა, როგოც საქართველოში, – ამოიოხრა ლევანმა. ნანა აუზის იმ კიდესთან მიცურდა, სადაც ლევანის შეზლონგი იდგა, მუჭით წყალი ამოიღო და ქმარს შეაშხეფა.
– აბა, რას აკეთებ? რაც ჩემი ცოლი გახდი, ქარაფშუტა გოგოსავით იქცევი, ცელქობ და კეკლუცობ.
– მერე, ეს ცუდია?
– არ ვიცი, მაგრამ, კაცების ყურადღებას აშკარად იქცევ.
– ძალიან გთხოვ, ნუ მოიქცევი აზიატი ქართველივით. პირიქით, უნდა გიხაროდეს, რომ შენი ცოლი ყურადღებას იპყრობს. ისედაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი.
ნანა წყლიდან ამოვიდა. ჯერ ისევ მკვრივი, მომხიბვლელი სხეულიდან წვეთები ჩამოიბერტყა, ლევანს შეზლონგზე ჩამოუჯდა და მიეხუტა.
– ნანა, ასე ხომ დამასველებ?
– კარგი, რა! თითქოს აუზთან არ ვიყოთ. იცოდე, ახლა გავბრაზდები. მაკოცე, მაკოცე, სანამ მართლა გავბრაზებულვარ!
ლევანი იძულებული გახდა, ცოლისთვის ეკოცნა, მერე ხელიც მოხვია და თმაზეც მოეფერა, მაგრამ ქალს აშკარად უფრო მეტი უნდოდა, რაზეც კაცი არ დათანხმდა. მხარზე ოდნავ უბიძგა და ამით ანიშნა, გაჩერებულიყო.
ნანამ წყენით გაბუშტა ტუჩები.
– ძალიან მოსაწყენი ვინმე ხარ.  
– ჰო, მოვიწყინე და იმიტომ. კიდევ დიდხანს უნდა ვიყოთ ამ სასტუმროში?
– ნუ დაგავიწყდება, საყვარელო, რომ თაფლობის თვე გვაქვს. ამიტომ, თუ შენთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს გაიღიმე და შესაბამისად მოიქეცი.
– რა გავაკეთო, თუკი უსაქმოდ დიდხანს ვერ ვჩერდები?
– მერე, ჩემს სიამოვნებაზე ზრუნვა საქმე არ გგონია? ჯერჯერობით მე ვზრუნავ შენს სიამოვნებაზე: საუკეთესო სასტუმროში ხარ, საუკეთესოს სვამ და საუკეთესოს ჭამ, მე თავზე გევლები, შენ კი მაინც წუწუნებ.
ლევანმა ქალს ხმაში ბრაზი შეატყო და დაფრთხა. არა, ახალა ნანას გაბრაზება და გაღიზიანება არ შეიძლებოდა. ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ მისი კეთილგანწყობა დაემსახურებინა და ქალს ეჭვი არ შეჰპარვოდა იმაში, რომ ლევანზე გათხოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ ქალს მიუჩოჩდა და ენის მოჩლექით მიუალერსა:
– საყვარელო, ხომ იცი, რომ შენთან ყოფნაზე მეტად არაფერი მიხარია, მაგრამ, რა ვქნა, ჯერაც ვერ შევეგუე იმას, რომ ცოლ-ქმარი ვართ, თან, ვეჭვიანობ კიდეც. მოკლედ, ზოგჯერ „ვჭედავ.” იმასაც ვხვდები, რომ შენ ძალიან ბევრი გააკეთე ჩემთვის, მე ჯერ არაფერი გამიკეთებია.  მინდა, რაღაც საქმეს მოვკიდო ხელი და, შენი კი არა, ჩემი ფულით, გაგიკეთო ისეთი საჩუქარი, ამ ყველაფრისთვის მადლობა რომ გადაგიხადო, – ლევანმა ქალის ხელი ტუჩებთან მიიტანა და აკოცა. ნანა მოლბა:
– კარგი, ავიდეთ ნომერში, მომენატრე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3