როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
მენთეშაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მანთაშო.
ხოსიტა მენთეშაშვილი მოიხსენიება 1860 წელს, სოფელ ღვევში.
მანთაშაშვილები 1721 წლის აღწერით ყაფლანაშვილების მამულში ჩანან.
„ოთარ მანთაშაშვილს, აზნაურს, 1721 წლის აღწერით, დედოფლის მემამულეს, ყმები ჰყავდა სომხითში.”
მენთეშაშვილები, 60 კომლის ოდენობით, ცხოვრობდნენ სოფელ მაჩხაანში. იყვნენ სხვაგანაც. ზოგ ადგილას, გამოთქმის გასაადვილებლად, მანთაშაშვილებსაც ეძახდნენ. ძველი დროიდანვე ისინი ქართველები იყვნენ, კარგ მეომრებად ითვლებოდნენ და მეფე თეიმურაზისა და ეკლესიისგან, მეთვრამეტე საუკუნის შუა ხანებში, სიგელიც კი აქვთ ნაბოძები.
რადგან ქიზიყს ხშირად ესხმოდნენ თავს, მენთეშაშვილების რამდენიმე კომლი თბილისში გადასახლდა, მათგან, ზოგი – წავკისში, ბორბალოსა და ვაშლოვანში. ისინი იქაური მებატონეების ყმები გახდნენ და გრიგორიანული სარწმუნოებაც მიიღეს. ამიტომ, მენთეშაშვილები ჯერ მანთაშაშვილები, შემდეგ კი მანთაშოვები გახდნენ. დღევანდელი მანთაშოვები მენთეშაშვილების შთამომავლები არიან.
მენთეშაშვილებს მეთვრამეტე საუკუნეში თეიმურაზ მეორისგან ეძლევათ აზატობისა და თარხნობის წერილები. თბილისელი მანთაშოვები, მეთვრამეტე საუკუნეში არიან ქიზიყიდან თბილისში გადმოსახლებული.
საქართველოში 1 556 მენთეშაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 675, სიღნაღში – 288, რუსთავში – 127. არიან სხვაგანაც.
კოლოტაური
„დიღომში კოლოტაურები ქვემოუბანში, წერწვერაზე სახლობენ და მათი საგვარეულო უბანი დიღმის ხევს დაჰყურებს. კოლოტაურები, ანუ, ჯაბადრიანი, როგორც მათ უწოდებენ დიღომში, მეთვრამეტე საუკუნეში უნდა დასახლებულიყვნენ და, მართლაც, 1781 წლის მოსახლეობის აღწერის დავთარში, დიღმის მკვიდრთა შორის, მუხრანის ბატონის ყმა კოლოტაური იესეა შეტანილი. მათი წინაპარი სამეფო კარის მსახური, ჯაბადარი ყოფილა. ჯაბადარი მეაბჯრეს ნიშნავდა და ვახტანგ მეექვსის „დასტურლამალში” სპეციალური თავითაა შეტანილი, რომელსაც „საჯაბადაროს მოხელენი“ ეწოდება. კოლოტაურების ზოგიერთმა პირმა გვარი ჯაბადრად გადაიკეთეს. ამაზე მეტყველებს ხალხური სახუმარო ლექსიც, რომელიც დიღომშია ჩაწერილი: „კოლოტაური კაკოლა ძალად გახდა ჯაბადარი, ამისთანა მამაძაღლი მთელ დიღომში არვინ არი“.
კოლოტაურები მეცხრამეტე საუკუნეში საბატონო ყმებად იწოდებოდნენ და მუხრანელ ბაგრატიონებს ეკუთვნოდნენ.
საქართველოში 105 კოლოტაური ცხოვრობს: მცხეთაში – 94, თბილისში – 10, რუსთავში – 1.
ბაციკაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი ბაციკა.
ბაციკაძეები 1941 წელს ასურეთში გადასახლებულან საცხოვრებლად სოფელ კორტიდან.
ამავე ძირისაა გვარები: ბაცანკალაშვილი, ბაცანიძე, ბაცანაძე, ბაცაცაშვილი, ბაცელია, ბაცელაშვილი, ბაციაშვილი, ბაცილავა და ბაცაცია.
საქართველოში 468 ბაციკაძე ცხოვრობს: თბილისში – 151, გორში – 101, ქარელში – 76. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით