მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორც გავიგე, ეკლესიის აღმშენებელს უფალი ყველა ცოდვას შეუნდობს. ახლა ბევრი ტაძარი შენდება. ხშირად გაურკვეველი გზით ნაშოვნი ფულითაც აშენებენ. ასეთ ადამიანებს ყველა ცოდვა მიეტევებათ?
პასუხი: თუ ადამიანი ვერ გაიაზრებს, რომ ეკლესია თავისი ცოდვების მონანიების მიზნით ააგო, არ ცდილობს შეცვალოს თავისი შინაგანი სამყარო, რა აზრი აქვს ეკლესიის მშენებლობას? ეკლესია არ არის ხარკი ღვთის წინაშე ადამიანის განუწყვეტელი ცოდვებისთვის. პირიქით, ტაძრის აღმშენებელს უფრო მეტი მოეთხოვება ღვთის წინაშე. ადამიანმა ჯერ საკუთარ სულში უნდა ააგოს ტაძარი. უფალი შეიწირავს და ცოდვებს შეუნდობს მაშინ, თუ შესაწირი თავმდაბლობითა და ქრისტიანული მადლით შეიწირება.
კითხვა: მისაღებია თუ არა ჯვრისწერა, როდესაც ქალი ფეხმძიმედაა?
პასუხი: ჯვრისწერამდე ინტიმური ურთიერთობა ცოდვაა, ამიტომ ქალმა უნდა მოინანიოს ეს ცოდვა. თუმცა ჯვრისწერა, რა თქმა უნდა, დასაშვებია, როდესაც ქალი ორსულადაა.
კითხვა: მიწიერი სიკეთის ბოროტად გამოყენების ცოდვა თუ არსებობს?
პასუხი: დიახ. ეს არის: სიძუნწე, მოჭარბებული სწრაფვა მომხვეჭელობისკენ და მფლანგველობა – ქონების უფრო მეტად ფლანგვა, ვიდრე ამის საშუალებას მდგომარეობა გვაძლევს.
კითხვა: ამბობენ, რომ ერთი ზიარება აღდგომის დღესასწაულზე ორმოც ზიარებას უდრისო. შეეფერება თუ არა ეს სინამდვილეს?
პასუხი: ყოველ ზიარებას უფლის სისხლითა და ხორცით ერთი ძალა აქვს.