„მე რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიყო“
ამას დახვრეტა, იმას ჩამოხრჩობა, ანუ გულჩვილი
რაკი უკრაინის ბედნიერი მომავლისთვის იღვწის, სავსებით ბუნებრივია, რომ უკრაინული მედიის იმედიანი ყურადღებაც მისკენაა მიპყრობილი. ჰოდა, რაკი მიპყრობილია, სწორედ უკრაინული ტელევიზიის მეშვეობით შევავლებთ ხოლმე თვალს ჩვენს პრეზიდენტყოფილს და ყურსაც მოვკრავთ მის აწ უკევ წარსულად ქცეულ და ხანდახან ნოსტალგიურ აზრებს (ნოსტალგიურს, ვინაიდან ცერემონიალმაისტერობაში მას ბადალი არ ჰყავს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით).
ასე, მაგალითად, გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“, შევიტყვეთ, თუ ვის დააპატიმრებდა სიამოვნებით ბ-ნი სააკაშვილი (უკრაინაში) და რატომ არ ემთხვევა მისი და ბ-ნი საყვარელიძის დასაპატიმრებელთა სია ერთმანეთს.
სახელდობრ, კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტი რომ იყოთ, ვის ჩასვამდით ციხეშიო, ოდესის გუბერნატორმა უპასუხა, რომ 20-30 კაცის დაპატიმრება სავსებით საკმარისი იქნებოდა და რომ ის არ ეთანხმება (განა შექსპირს?!) ოდესის ოლქის მთავარ პროკურორს (ჩვენს ნარჩეულარსა და ნაპროკურორალ ბ-ნ საყვარელიძეს), რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ციფრი 15 000-20 000-ის ფარგლებში უნდა იყოს.
ვინაიდან, ბ-ნი სააკაშვილის აზრით, როდესაც ის 20-30 ჩასხდება, დანარჩენი 15 000-ც გამოსწორდება (შიში შეიქმს წესიერებასო). თუმცა ჩვენ კი ვიცით, რომ ერთი-ორი საჩვენებელი სისხლიანი სპეცოპერაციის გარეშე ეგ ამბავი ვერ ჩაივლის („გამოსწორებას“ ვგულისხმობთ).
ხოლო, ვიდრე ეს ჩვენი ორი თანამემამულე მსჯელობს, 30-ა საკმარისი თუ მაინც 20 000, უკრაინის მოსახლეობას ბ-ნი სააკაშვილი შესჩივის, რომ ფრიად განიცდის, მისი თანაპარტიელები რომ საქართველოს ციხეებში სივიწროვეში სხედან. მომყავს ციტატა: „… 5 კვადრატულ მეტრ საკნებში სხედან, რაც მე მკლავს.“
აქედან გამომდინარე კი, თუმცა არ ვიცით, მაინც რამდენს დაიჭერენ, თუ ოდესის გუბერნატორის ჩვილ გულს გავიხსენებთ, სავარაუდოდ, უკრაინელ „გამოსასწორებლებს “ უფრო ფართო საკნები ელოდებათ. –