ვის „გამოექცა“ მოსკოვიდან თბილისში მარიამ მათურელი და რატომ უთხრა მან მოსკოვში ცნობილ ბიზნესმენს ცოლობაზე უარი
სამოსის ქართული ბრენდი MATURELLI, რომელსაც სათავეში ნიჭიერი, ახალგაზრდა დიზაინერი მარიამ მათურელი უდგას და რომელიც მოსკოვში, დაახლოებით 4 წლის წინ შეიქმნა, ნელ-ნელა კიდევ უფრო წარმატებული ხდება. რაც მთავარია, დიზაინერის ხელწერას ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ადგილას ამოიცნობთ. თუმცა, მარიამის კარიერა ამით არ დაწყებულა. 23 წლის გოგონამ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა, მაგრამ ქართული ხასიათი ყველგან და ყველაფერში ეხმარებოდა.
მარიამ მათურელი: სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის თვალწინ მედგა მზე, საოცარი ფერები, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობაში, საქართველოში ცხოვრებისას აღვიქვამდი. იმ საქმეში, რომელსაც ხელს ვკიდებდი, მუდმივად გადამქონდა ნათელი ფერები და ყველა ხვდებოდა, რომ ისეთი საოცარი ქვეყნიდან ვიყავი, როგორიც საქართველოა – თბილი, მზიანი, ნათელი, ულამაზესი ბუნებით. ჩემი ბავშვობის მოგონებები, რომელსაც ისეთმა მეგაპოლისმა, როგორიც მოსკოვია, ვერაფერი დააკლო, ნელ-ნელა ჩემს კაბებში გადმოვიტანე, რომლებიც მხოლოდ მოსკოვში არ იყიდება. ხშირად ვაგზავნით მათ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, უკრაინაში. ადამიანები მუდმივად ხედავდნენ ამ საოცარ ფერებს და განსაკუთრებით ამის გამო ინტერესდებოდნენ. უცხოეთში მცხოვრები ბევრი ქართველი ყიდულობს ჩემს კაბებს და როგორც თავად ამბობენ, მათი ტარებისას ცოტა ხნით საკუთარ ქვეყანაში ბრუნდებიან.
– როგორია შენი შინაგანი სამყარო?
– ძალიან ექსპრესიული. ბოლო პერიოდში საკუთარი თავის ანალიზით ვარ დაკავებული და ბევრ უცნაურ რაღაცას ვპოულობ. ხომ ამბობენ, ხელოვანი ხალხი ცოტა „სტრანნიაო“. მე ჩემი თავი ჩვეულებრივი მეგონა, მაგრამ ასე არ ყოფილა. მთლიანობაში ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო, რომ სხვები არ დაზრალდნენ. როცა პატარა ხარ, ძირითადად, ემოციებით ცხოვრობ: იგრძნობ და აკეთებ. მაგრამ, რომ იზრდები, უკვე აკვირდები ხალხს, საკუთარ თავსაც უკეთ შეიცნობ, ფსიქოლოგიურად უდგები ბევრ რამეს, ემოციებს აკონტროლებ. ეს არ არის ცუდი და გამოცდილებასთან ერთად მოდის. ასეთ დროს უფრო მეტ ჰარმონიას გრძნობ. ჩარჩოები ყოველთვის საჭიროა. თითოეული ადამიანი პატარა სამყაროა, თავისი კანონებითა და ჩარჩოებით და როცა ეს ყველაფერი ირღვევა, ქაოსი, არეულობა ისადგურებს შენში და შენ ირგვლივაც. ამიტომ, ჩარჩოები ყოველთვის აუცილებელია. უბრალოდ, მათში არ უნდა ჩაიკეტო და ზოგჯერ, თუ საჭიროა, გარღვევაც უნდა შეძლო. ბოლო პერიოდში ერთი რამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში – ვეღარ ვენდობი მამაკაცებს, რადგან მათგან ბევრი არაორდინარული ქმედებაა მოსალოდნელი. ადრე რომ ეთქვათ: ეს სარკე ვარდისფერიაო და არადა თეთრი იყო, ვიტყოდი: კი, ვარდისფერია-მეთქი – მისი თვალით შევხედავდი. ახლა, არ არის ასე. თუ მცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი ადამიანი, ვინც ცუდად მოიქცა და გული მატკინა.
– შენ არავისთვის გიტკენია გული?
– ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. შეიძლება არ მდომებია, მაგრამ ასეთი რამ მომხდარა. ადამიანებს უყვართ თამაში, რითაც არც თავად არიან ბედნიერნი. როდესაც ნამდვილი ხარ და ვისთანაც ურთიერთობა გაქვს, ისიც ნამდვილია, ერთად ქმნით რაღაცას ჯადოსნურს, ჰარმონიულს – ასე უნდა იყოს ქალისა და კაცის ურთიერთობაშიც, სიყვარული არ არის ადვილი. მე ახლა ძალიან კარგად ვარ – ჰარმონიულად საკუთარ თავთან, გარემოსთან, საქმესთან. ჩემმა პროფესიებმა თავისთავად მიპოვეს და ალბათ, ასე უნდა მიპოვოს სიყვარულმაც. მამაკაცი თავად უნდა მიხვდეს, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს, რომ მე მის გვერდით ვიყო. ის უნდა იყოს ჩემი შთაგონების წყარო, ისევე როგორც მე მისთვის. ხელოვანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სულიერი ჰარმონია. იმ ფერებს, რაც ჩემშია, მე მას აუცილებლად ვაჩუქებ და ვეცდები, მისი ცხოვრებაც გავაფერადო.
– როგორც ვიცი, საკმაოდ პატარა ასაკიდან დამოუკიდებლად ცხოვრობ და მუშაობ.
– ყოველთვის დამოუკიდებელი და აქტიური ბავშვი ვიყავი. ბებიის მხრიდან კაზაკურმა სისხლმა უფრო მიზანდასახული, მებრძოლი გამხადა. დედის აქტიური ხასიათი, მამის სულიერი ჰარმონია შეერწყა ერთმანეთს ჩემს ხასიათში და ერთად, ამდენი თვისება შევიძინე. საკმაოდ ბევრი საქმე ვცადე, რომ მივმხვდარიყავი, საბოლოოდ რა უნდა მეკეთებინა. პატარა ასაკში ვმუშაობდი ოპერატორად, გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი – ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ, მუდმივად მინდოდა, მეკეთებინა ის, რაც ხალხს ბედნიერებასა და სიხარულს მიანიჭებდა, სიყვარულს აჩუქებდა. ოღონდ ისე, რომ თავადაც ამ სიყვარულსა და ჰარმონიაში ვყოფილიყავი. შემეძლო, ყველა კარი გამეღო და მეთქვა: მე ამის კეთება მინდა, ეს მაინტერესებს, რადგან ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია – მთავარია, მიზანი ჰქონდეს და იპოვოს გზა მიზნისკენ. 15 წლის ვიყავი, როცა პირველი სამუშაო მქონდა. სკოლაში ვსწავლობდი და ზაფხულში, არდადეგებზე ერთ-ერთ ტელევიზიაში სტაჟირებაზე წავედი. მონტაჟსაც ვსწავლობდი, გადაღებასაც, ჟურნალისტადაც ვმუშაობდი, გადაცემის ჩაწერასაც ვესწრებოდი და სწორედ ამ დროს ავიღე ჩემი პირველი ხელფასი. სტუდიაში ვმუშაობდი დიდ კამერაზე, პატარა ხელებით ძლივს რომ ვიმორჩილებდი, მაგრამ ისეთი აზარტული იყო... გადაღებაზე დავდიოდი მხარზე კამერით, ჩემთან ერთად 15-20 ოპერატორი იდგა. ყველა მამაკაცი – 40 წლის ზემოთ და მე პატარა გოგონა, მთლად ბავშვი. ფოტოებს მიღებდნენ, მოდიოდნენ, მეკითხებოდნენ რაღაცეებს. მერე ფოტოგრაფიით დავინტერესდი. ბევრი ცნობილი ადამიანი მოხვდა ჩემს ობიექტივში. შემდეგ დიზაინერობამ გამიტაცა და ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რა მინდა, ვაკეთო მთელი სულითა და გულით.
– ძალიან ბევრი ცნობილი ოჯახის, რუსი და უცხოელი ბიზნესმენების პირადი ფოტოგრაფი იყავი. რატომ გირჩევდნენ შენ?
– ამ საქმეში მთავარი ნდობაა, რადგან ისინი პირად ცხოვრებაში, პირად სამყაროში გიშვებენ. მე მათთან ერთად მიწევდა გარკვეული დროის გატარება. ასე იყო ბერეზოვსკის შემთხვევაშიც – მის ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი გარკვეული პერიოდი. მათ ცხოვრების წესებს ვეცნობოდი, მაგრამ ისინი ყოველთვის მენდობოდნენ. მე მათ შესახებ არასდროს არსად არაფერი მითქვამს, თუმცა შემეძლო, ჩემი ინტერვიუებით, ფოტოებით საკმაოდ დიდი თანხა გამეკეთებინა. ასეთი შემოთავაზება არაერთხელ იყო. მაგრამ, ჩემთვის მთავარი მაინც ადამიანების ნდობა და სიყვარულია, ამიტომ ეს ფოტოები და მათი პირადი ცხოვრება მხოლოდ ჩვენ შორის რჩებოდა, არასდროს გამომიყენებია ის ფულისა და პიარისთვის.
– შენს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდი, შენი ცოლად მოყვანაც უნდოდა, მაგრამ უარი უთხარი.
– მოსკოვში, ჩემს წრეში, რომელიც საკმაოდ დიდია, რადგან პროფესიიდან გამომდინარე, ძირითადად, მედიასთან, შოუ-ბიზნესთან, მსახიობებთან მაქვს ურთიერთობა, ეს თემა დიდხანს იყო განხილვის საგანი. მოსკოვი კი დიდი ქალაქია, მაგრამ მაინც ძნელია, რაიმე დაიმალოს. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში, თუმცა დასამალი არც არაფერი ყოფილა. არსებობდა ადამიანი, საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც მუდმივად ჩემ გვერდით იყო. ინტერესდებოდა ჩემი საქმით, ჩემი ზრდით, განვითარებით, უხაროდა ჩემი წარმატებები. ჩემზე დიდი იყო ასაკით და მუდმივად მანებივრებდა ყურადღებით, სიურპრიზებით: ყვავილებით, სამკაულებით. ფიქრობდა, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები. მაგრამ, იმ დროს პატარა ვიყავი, ჩემი წარმატებები დღითი დღე იზრდებოდა, მე მხოლოდ კარიერაზე ვფიქრობდი და მას როგორც უფროს მეგობარს, ისე ვუყურებდი. ერთ საღამოს მან მთხოვა, შევხვედროდი, ხელი მთხოვა, ბრილიანტისთვლიანი ულამაზესი ბეჭედი მაჩუქა. ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ მე იმდენად არ ვიყავი მზად ოჯახის შესაქმნელად და თან, არც მიყვარდა, რომ უარი ვუთხარი. სხვათა შორის, საკმაოდ ცუდი რეაქცია ჰქონდა. ამ ყველაფერს მოჰყვა სხვა ეტაპი, რაზეც ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ცოტა შეშინებული ვიყავი.. საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა.
– ამის გამო ხომ არ გამოიქეცი საქართველოში და შენი კარიერის გაგრძელება აქ გადაწყვიტე?
– კი, ამის გამო გამოვიქეცი – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მე სულ მინდოდა საქართველოში დაბრუნება. ჩემი პირველი კოლექციაც ხომ აქ შეიქმნა. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. უკვე მყავს სანდო გუნდი, რომელთა დახმარებითაც თბილისში ძალიან მალე გავხსნი ატელიე-შოუ რუმს. იქ შეიქმნება როგორც ჩემი ახალი კოლექციები, ასევე პირად, ინდივიდუალურ შეკვეთებზეც ვიმუშავებთ. ვიცი, რომ ქართველი ხალხი მელოდება, მოსწონთ ჩემი კაბები და მეც მათ უამრავ ლამაზ ფერს, სინაზეს, ქალურობასა და სიყვარულს ვაჩუქებ.