როგორ შევიქმნათ კომფორტული ცხოვრება და მივაღწიოთ მეტ წარმატებას ბინის ინტერიერის სწორად მოწყობით
ბინის ინტერიერის სწორად შერჩევა თქვენი ბედის, ფინანსური კეთილდღეობისა და კარიერული წინსვლის საწინდარია. ამიტომ, თუ ინტერიერის შეცვლა გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეზოთერიკოსის, ქალბატონი ნანას რჩევები, რათა თავი გაცილებით მშვიდად და წარმატებულად იგრძნოთ. თუ მას დავუჯერებთ, ბინის სწორად მოწყობა ჩვენს ცხოვრებას გაცილებით კომფორტულს გახდის.
ნანა: ადამიანთა უმეტესობა სახლში შესვლისთანავე დგება ცუდ ხასიათზე, მაშინვე ახსენდება პრობლემები, ყოველ წვრილმანზე ნერვები ეშლება და აგრესია ოჯახის წევრებზე გადააქვს. როგორც ეზოთერიკოსი, გეტყვით, რომ ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას საცხოვრებელი სახლიც შეიგრძნობს და მასზე რეაგირებს. ამიტომ, გირჩევთ, საკუთარ თავს დააძალოთ, იყოთ მომთმენი და სწორი არჩევნის გაკეთებაც შეგეძლოთ. საკუთარი ძალებით ადვილად შეძლებთ მატერიალური დოვლათის მიზიდვას, კეთილდღეობისა და იდილიის შექმნას. სახლში სულიერ განტვირთვას და ძალების მობილიზებას უნდა ვახერხებდეთ, მთელი დღის გადაღლილი ემოციები უნდა გავანეიტრალოთ, დავისვენოთ და სიმშვიდე ვიპოვოთ. თუმცა, ბევრისთვის საკმარისია, სახლის ზღურბლს გადააბიჯოს და მაშინვე ახსენდება წარუმატებლობა, პრობლემები, გაურკვეველი ურთიერთობები და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ თქვენი არასწორი ცხოვრების ბრალია. ამიტომ, ყველა ჩვენგანმა ისე უნდა მოაწყოს საცხოვრებელი ბინა, რომ თავი ენერგიულად, დაცულად და კომფორტულად იგრძნოს. თუ ადამიანის გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიებით არის დამუხტული, ამას სახლიც გრძნობს. ამიტომ, გირჩევთ, ცუდი განწყობა და უგუნებობა სახლის კარს იქით დატოვოთ და სახლში ღიმილით შეაბიჯოთ. პირველი კი, რაც უნდა გააკეთოთ, არ უნდა შეხვიდეთ იმ ფეხსაცმლით სახლში, რომლითაც გარეთ დადიხართ. ანუ, ფეხსაცმელი შესასვლელშივე უნდა გაიხადოთ. ის ტანსაცმელი კი, რომელიც ქუჩაში გეცვათ, გამოიცვალოთ და საშინაო ჩაიცვათ, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას კი უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა, სიტყვები, ურთიერთობები და სურვილებიც კი. თუ ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ეს აღმასვლის კარმული პერიოდია და ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ წინსვლისა და სიტუაციების დარეგულირებისთვის. არ იზარმაცოთ, აკეთეთ ბევრი საქმე და წინ წაიწიეთ წარმატების ადვილად მისაღწევად. ეს როგორც პირად ცხოვრებას, ასევე ფინანსურ სფეროსაც ეხება. კარმული აღმასვლის პერიოდში ადამიანი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს და შეძლოს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების დემონსტრირება.
– მართალია, რომ კოსმოსში ადამიანი საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას კარმული აღმავლობის პერიოდში გზავნის?
– სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, ამ დროს მეტად ყურადღებით უნდა იყოთ, მეტი სიფრთხილე და აქტიურობა გამოიჩინოთ-მეთქი. რაც უფრო ფრთხილად გაივლით ამ პერიოდს, გააზრებულად გადადგამთ ნაბიჯებს, მით მეტი წინსვლის საშუალება მოგეცემათ მომავალში. ზოგადად, ეზოთერიკაში არსებობს რჩევები და წესები, რომლებიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება და ამ მხრივ საქმეს უიოლებს, მთავარია მათი ცოდნა. კერძოდ, საცხოვრებელ ბინაში არსებობს ზონები, რომლებიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, უნდა იცოდეთ, რომ სახლში მისაღები ოთახის დასავლეთ მხარეს არ დადგათ ტექნიკა და არ ჩამოკიდოთ სარკე – ამან უბარაქობა იცის, მაგრამ, თუ ამ ადგილას დადგამთ ლარნაკს და შიგ ცოცხალ ყვავილებს ჩააწყობთ, აუცილებლად მოიმატებს ფინანსური წყარო და შემოსავლებიც გაიზრდება. ყვავილები დიდ გავლენას ახდენენ სახლის ენერგოსტრუქტურის ფორმირებაზე, კერძოდ, შთანთქავს ადამიანისთვის მავნე ენერგიებს. თუ ყვავილის ფოთლები ყვითლდება, ესე იგი, ბინაში ბნელი ძალები ჭარბობს. კარგი იქნება, თუ კაქტუსს შეიძენთ და დადგამთ ოთახში – ეს მცენარე დადებითი ენერგიის ნამდვილი წყაროა. ლარნაკში კი, რომელშიც ყვავილები ჩააწყვეთ და დადგით ოთახში, ყოველ დილა-საღამოს უნდა ცვალოთ წყალი. საერთოდ, წყალს რომ უდიდესი მაგიური ძალა აქვს, ეს უკვე ახალი არ არის. ამიტომ, სასურველია, თუ ღამით საძინებელ ოთახში ჭიქით წყალს დადგამთ, დილით კი, ახალგაღვიძებული, მას უზმოზე დალევთ. ამ მეთოდით თქვენ მთელი ღამის განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილ ცუდ ენერგიას ანეიტრალებთ. ასევე, აღმოსავლეთის ქვეყნებში, ყველა ოჯახში ახარებენ სახლში ხორბალს. უძველესი ტრადიციის თანახმად, ის ოჯახის შესანარჩუნებლად და მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად არის კარგი. თუ თქვენც ასე მოიქცევით, ხორბლის ენერგეტიკა, მერწმუნეთ, აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში. თუ მატერიალური დოვლათის მოზიდვა გსურთ სახლში, მაშინ ხორბლით სავსე ჭურჭელში ჩაყარეთ ხურდა ფული, ჩაამატეთ ცოტა შაქარი, ასევე, ჩადეთ ერთი ცალი წითელი ვაშლი და დადგით სასტუმრო ოთახში იმ მხარეს, საიდანაც სინათლის სხივი შემოდის. ვაშლი ნაყოფიერების სიმბოლოდ აღიქმება, შაქარი – ოჯახური სიამტკბილობის, ხურდა ფული – სიმდიდრის, ხოლო ხორბალი – ამ ყველაფრის ერთად.
– პირად საუბარში მითხარით, ოთახებში ნივთებისა და ავეჯის განლაგებას თავისი დატვირთვა აქვსო. ამაში რა იგულისხმეთ?
– ახლავე მოგახსენებთ: კარგია, თუ მისაღები ოთახის აღმოსავლეთ მხარეს დადგამთ დივანს, სკამებსა და მაგიდას – ეს ხელს შეუწყობს ახალ კონტაქტებს და წარმატებულ ნაცნობობას, რაც საქმეში დაგეხმარებათ. არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული ნივთებითა და ავეჯით სახლის გადატვირთვა, მთავარია, იცოდეთ, რა სად დადგათ. მხოლოდ ლამაზი სახლი კომფორტსა და ფინანსურ დოვლათს ვერ მოგიტანთ, მისი ინტერიერი სწორად უნდა დაგეგმოთ. ის ნივთები, რომლებსაც სახლში ინახავთ, მეტწილად ჩვენს ბედ-იღბალსა და კეთილდღეობას განსაზღვრავს ფინანსებსა თუ პირად ურთიერთობებში. მაგალითად, ზარდახშა, რომელშიც სამკაულებს ინახავთ, აუცილებლად უნდა დადგათ საძინებელი ოთახის ჩრდილოეთ მხარეს; ტანსაცმლის კარადა – აღმოსავლეთით დადგით, ხოლო საწოლი – ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომ მშვიდი ძილი და სასიყვარულო პარტნიორთან კარგი დამოკიდებულება გარანტირებული გქონდეთ. ბევრი ასეთ რამეებს ყურადღებას, არ აქცევს მაგრამ, ყოველივე ეს თქვენსავე კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი.