კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გავაკეთოთ ღორის გრიპის თავიდან ასაცილებლად და განსხვავებულია თუ არა მისი და სხვა გრიპების მკურნალობის მეთოდები

ეგრეთ წოდებული „ღორის გრიპის“ შედეგად ამ სეზონზე საქართველოში უკვე რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და ბევრია დაავადებული. თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მათი რაოდენობა ზღვრის პიკს საგრძნობლად ჩამოუვარდება, ამიტომ ეპიდემიის საშიშროება ჯერჯერობით არ დგას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს გრიპი იწვევს მძიმე გართულებებს და, უკიდურეს შემთხვევაში – გარდაცვალებასაც, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა სიმპტომებით ვლინდება ის, როგორ ხდება მკურნალობა და რა გზებითაა შესაძლებელი მისი თავიდან არიდება.

 ირაკლი ქარსელაძე (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ეპიდემიოლოგი): არსებობს გრიპის A, B და C  ტიპები, რომლებსაც, თავის მხრივ, უამრავი ქვეტიპი აქვთ. A ტიპის გრიპის ერთ-ერთი ქვეტიპია H1N1, ეგრეთ წოდებული „ღორის გრიპი“. ღორის გრიპის ცირკულაცია მსოფლიოში პირველად 2009-2010 წლების გრიპის სეზონზე დაიწყო. მომდევნო სეზონებში ცირკულაციაში იყო სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც.
– დღეს როგორი მდგომარეობა გვაქვს საქართველოში?
– საქართველოში გრიპზე ეპიდზედამხვედველობა ხორციელდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ. აღნიშნული ზედამხვედველობა გულისხმობს სტატისტიკური ინფორმაციის დათვლას, მატება-კლების ტენდენციების განსაზღვრას, რაც ხორციელდება საყრდენი ბაზების საშუალებით. საყრდენი ბაზები კი მოიცავს წინასწარ შერჩეულ პოლიკლინიკებსა და კლინიკებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღნიშნული ზედამხედველობა აპრობირებულია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში. საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით 100 000 მოსახლეზე მაჩვენებელი 333-ს შეადგენს. შედარებისთვის რომ წარმოვიდგინოთ, ეპიკზღვარი არის 100 000 მოსახლეზე 500 ადამიანი. შესაბამისად, ეპიდემიაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჯერჯერობით მაჩვენებელი სეზონისთვის დამახასიათებელია. მოგეხსენებათ, რომ აქტიური გრიპის სეზონი საქართველოში იანვარ-თებერვალია და წინა ორი წლის განმავლობაშიც,  ამ დროისთვის ზუსტად იგივე მაჩვენებლები გვქონდა, რაც წელს.
– წელს ამ ვირუსით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, რამ გამოიწვია ასეთი შედეგი?
– ამ დროისთვის დადასტურებულია გარდაცვალების 6 შემთხვევა. საყურადღებოა, რომ მათ შორის 5 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1-ია და ერთი – H3N2.  აქედან გამომდინარე, გართულებების შემთხვევაში,  ნებისმიერი გრიპის ვირუსი რისკს წარმოადგენს. გარდაცვლილი პაციენტები მიეკუთვნებოდნენ რისკ-ჯგუფებს. არსებობდა რამდენიმე წამყვანი ფაქტორი, რომლებმაც მათი გარდაცვალება გამოიწვია, მათ შორის იყო ძირითადი ქრონიკული დაავადებების არსებობა, ექიმთან დაგვიანებული მიმართვა და, შესაბამისად, დაგვიანებული მკურნალობა.
– რა სიმპტომებით ვლინდება ღორის გრიპი და თუ არის შესაძლებელი მისი ჩვეულებრივი გრიპისგან განსხვავება?
– პაციენტისთვის გრიპებს შორის დიდი განსხვავება არ არის. ღორის გრიპი ისევე იწვევს გართულებებს, როგორც სხვა გრიპი. როგორც მოგახსენეთ, ერთი მოქალაქე H3N2-ით გარდაიცვალა. შესაბამისად, გართულებებს და შესაძლო ლეტალურ შედეგებს იწვევს ასევე B ტიპის გრიპი და გრიპის ყველა ქვეტიპი. განსხვავება არც კლინიკურ სიმპტომებშია. მათი დასაწყისი არის მწვავე და ხასიათდება მაღალი ტემპერატურითა და ხველით. შემდგომ მოდის მეორადი სიმპტომები: საერთო სისუსტე, თავის ტკივილები, ღებინების შეგრძნება და ასე შემდეგ. ეს სიმპტომები ახასიათებს ზოგადად გრიპის ვირუსს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეტიპის იქნება ის. გართულებები ძირითადად შეიძლება გამოიხატოს პნევმონიით, ანუ ფილტვების ანთებით. გარდა ამისა, იწვევს ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
– რომელი დაავადებების დროსაა ეს გრიპი განსაკუთრებით სახიფათო და როგორია  საფრთხე ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით?
– ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, რომელიც მოქმედებს ადამიანის იმუნურ სტატუსზე და სწევს მას დაბლა, შეგვიძლია, რისკ-ჯგუფში შევიყვანოთ, იქნება ეს დიაბეტი, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები თუ სხვა. ასაკს რაც შეეხება, ზოგადად, გრიპის ვირუსი განსაკუთრებით მგრძნობიარეა დაბალი ასაკისა და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში, თუმცა ის ერთნაირად საშიაშია ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის და ცალსახად ერთის გამოყოფა არ შეიძლება. კონკრეტულად, წელს ლეტალური შედეგები საშუალოდ მაღალ ასაკში გვაქვს.
– თუ ღორის გრიპი ერთხელ უკვე გაქვს გადატანილი, ეს იმუნიტეტს გამოგიმუშავებს?
– დიახ, ზოგადად, გრიპის ვურუსს ახასიათებს დიდხნიანი იმუნიტეტის დატოვება. ვინც ის უკვე გადაიტანა, აქვს, მან, სავარაუდოდ, ანტისხეულები გამოიმუშავა და ამ გრიპის მიმართ იმუნიტეტი აქვს.
– რა უნდა იყოს ჩვენი პირველი ნაბიჯი აღნიშნული სიმპტომების შენიშვნისას?
– აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია. აუცილებელი არაა სასწრაფოს გამოძახება, ამ საქმეში უკვე რამდენიმე პოლიკლინიკაა ჩართული და ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. შეგიძლიათ, მიმართოთ ოჯახის ექიმს. ღორის გრიპის მკურნალობის გზები არაფრით განსხვავდება სხვა სეზონური გრიპების მკურნალობის მეთოდებისგან, თუმცა, ინდივიდუალურ შემთხვევებში, ექიმის მიერ ხდება საჭირო მეთოდის განსაზღვრა.
– თავდაცვის გზები როგორია?
– თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმუნიზაცია, ანუ გრიპზე აცრა. ეს უნდა მოხდეს სეზონის დასაწყისში, დაახლოებით სექტემბერში. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში გვყავს გრიპიანი პაციენტი, უნდა ვეცადოთ მის იზოლირებას და მოვათავსოთ ცალკე ოთახში, რადგან გრიპი წვეთოვანი ინფექციაა, რომელიც დაცემინებითა და დახველებით ორ მეტრ რადიუსზე ვრცელდება. აუცილებელია ნიღბები, პაციენტის ოთახის სველი წესით დალაგება და ხშირი განიავება. გრიპის ვირუსის ძირითადი გადამტანი ხელებია, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხელების ხშირად დაბანაა.
– ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ანტივირუსული საშუალებების გამოყენება. ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეგვიძლია თუ აქაც ექიმის ჩარევაა საჭირო?
– პროფილაქტიკის მიზნით ანტივირუსული საშუალებების მიღება ცოტა სპეციფიკურია, რადგან გრიპის ვირუსი შეიძლება იმ კონკრეულ მომენტში არ დაგემართოს. შესაბამისად, გამოდის, რომ ანტივირუსული საშუალება მთელი გრიპის ვირუსის სეზონის განმავლობაში უნდა ვსვათ. ის იმ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ პროფილაქტიკისთვის, თუ რისკ-ჯგუფებს მივეკუთვნებით. მაგალითად, კონტაქტი გვაქვს დაავადებულ პაციენტთან. ზოგადად, პროფილაქტიკისთვის კარგია ნებისმიერი საშუალება, რომელიც იმუნიტეტს ასწევს, იქნება ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ანუ ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტები და ასე შემდეგ.
– ბოლო დღეებში, ბავშვები სკოლებიდან და ბაღებიდან დაითხოვეს. ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება?
– ბავშვები სკოლებიდან და ბაღებიდან კი არ დაითხოვეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოცხადდა რეკომენდაცია, რომ, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ბაღსა და სკოლაში კონკრეტულ დღეს გააცდენდა ბავშვების 20 პროცენტზე მეტი, სამი დღით შეწყვეტილიყო სწავლა. შესაბამისად, რამდენიმე სასწავლო დაწესებულებამ სწავლა შეწყვიტა, თუმცა მიზეზი მხოლოდ გრიპით მოავადეთა გაცდენები არ იყო. ამას დაემატა გზების დაკეტვა და კიდევ სხვა მიზეზები.
 ეს პროცესები გაგრძელდება მანამ, სანამ გრიპი იქნება აქტიურ ფაზაში, ანუ მატების ტენდენციაში – როგორც გასული წლების სეზონების გამოცდილება გვიჩვენებს, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირა, თუმცა, ამ ეტაპზე ამომწურავი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.

скачать dle 11.3