კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-4(486)

 ზურაბ გეგეშიძეს დონალდ ონილი ახლდა, რომელიც ჯერ რატის მიესალმა, ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– ძალიან ენერგიული ადამიანი ყოფილხართ, რატი. როგორც ვიცი, რაც ჩვენთან გადმოხვედით, ჯერ არ გძინებიათ, სულ მუშაობთ და მუშაობთ.
– ამას უყურე, რა ენაწყლიანად მეტყველებს ქართულად, – გადაუჩურჩულა გაოცებულმა კაკუბავამ ჩიტოს, როდესაც ამერიკელის ქართულ ლაპარაკს მოჰკრა ყური. რეზომ ღიმილით დაუკრა თავი კაკუბავას. რატიმ კი ამერიკელს მიუგო:
– დიახ, მისტერ ონილ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხე დასვენება. იმდენი საქმეა, რომ ამის დრო არ მომეცა.
– ჰოდა, აქედან რომ სამსახურში დავბრუნდებით, ბატონ სოსოსთან გიშუამდგომლებთ, რომ ხვალ დილამდე სახლში გაგიშვათ. დასვენება აუცილებელია, – უთხრა რატის ამერიკელმა და ღიმილით დაამატა: – და, კიდევ ერთი, რატი (ამერიკელი შენობით ლაპარაკზე გადავიდა), გუშინ ხომ გთხოვე, დონალდი დამიძახე-მეთქი. ჩვენ, ამერიკელები უბრალო ხალხი ვართ, ისევე, როგორც თქვენ – ქართველები.
– კარგი, მისტერ დონალდ, – გაეღიმა რატის.
– რატი! – ონილს წყენა აღებეჭდა სახეზე.
– კარგი, დონალდ, შევთანხმდით, – თქვა რატიმ.
– შევთანხმდით და აღარ დავარღვიოთ, – თქვა ონილმა და ჯერ კაკუბავას ჩამოართვა ხელი, შემდეგ ჩიტოს და ბოლოს იკითხა:
– აბა, რა ხდება, მეგობრებო, სადაა გვამი და რატომ ფიქრობთ, რომ მკვლელობაა?
– ბრძანეთ, ბატონო ვარლამ, – უთხრა რატიმ კაკუბავას და მან ამერიკელს უთხრა:
– ბატონო ონილ, გვამს შუა თავის ქალაზე ძლიერი დარტყმის კვალი აქვს, რასაც მისი დასიებული თვალების ქუთუთოებიც ადასტურებს და ასეთი ვარაუდი ამიტომ გამიჩნდა. თუმცა, საბოლოო სიტყვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებზეა და ზუსტ პასუხს გაკვეთა გვიჩვენებს.
ონილი, კაკუბავასთან და გეგეშიძესთან ერთად, ცალთვალა კუჭკუჭას სადგომში შევიდა. გარეთ დარჩენილმა ჩიტომ კი რატის უთხრა:
– ვინაა, შე ჩემა, ეს ონილი, ასე სუფთად რომ ბაზრობს ქართულად? ვარლამს ლამის თვალები გადმოსცვივდა გაოცებისგან.
– „ეფბეერის“ წარმომადგენელია საქართველოში, –  ხმადაბლა მიუგო რატიმ ძმაკაცს.
– კაროჩე, ვარლამმა მითხრა, თუ მართლა სახლში გაუშვებენ დასასვენებლად, „მოდულიდან“ რომ გამოვა, დამირეკოსო. რაღაც საქმე აქვს შენთან, გაიგე?
– გავიგე. გამოდიან, – მიუგო რატიმ რეზოს და ონილს მიაპყრო მზერა, რომელმაც კაკუბავას უთხრა:
– გამორიცხული არაა, რომ მაწანწალებმა ერთმანეთში იჩხუბეს და მკვლელობაც ამიტომ მოხდა. ვფიქრობ, ამ საქმეს თქვენ და პოლიციამ უნდა მოჰკიდოთ ხელი და მოკვლევის შედეგები გაგვაცნოთ, შემდეგ კი უკვე ჩვენ ჩავერთვებით, თუ, რა თქმა უნდა, ეს საჭირო გახდა, – ონილმა მარჯვნივ გაიხედა, მათკენ მომავალ მანქანებზე მიანიშნა კაკუბავას და დაამატა: – აი, როგორც ვხედავ, პოლიციაც მოვიდა, ალბათ, ექსპერტებიც არიან და ისინიც ჩაერთვებიან.
– დიახ, ბატონო ონილ, – მშვიდად მიუგო კაკუბავამ ამერიკელს და რატის არ გამოჰპარვია, რომ მის ყოფილ უფროსს ამერიკელი არ მოეწონა.
ონილმა იგივე გაუმეორა ბუხუტი ბაქრაძესა და ვანო გურგენიძეს, რომელსაც ქეთიც თან ახლდა და გოგონას დანახავაზე რატის გული აუჩქარდა. ქეთი კი თვითონ მივიდა რატისთან. რეზოს მიესალმა და რატის ჰკითხა:
– როგორ ხარ, რატი?
– კარგად, ქეთი. შენ?
– მეც კარგად. შენ, რა, არ გძინებია?
– არა.
– დაისვენე, თორემ გამოიფიტები. ახლა გავრბივარ. დამირეკე, ხომ?
– კარგი.
ქეთი გურგენიძეს გაჰყვა, რომელიც რატის შორიდან ხელის აწევით მიესალმა. ჩიტომ კი რატის ჰკითხა:
– დაგევასა ქეთი?
– შენ საიდან იცნობ?
– ბიჭებისგან გამიგონია, ისეთი უკარება და ბაევოიაო, რომ, თურმე, მტრისას. ისე, ვერაფერს დაუწუნებ, მაგარი გოგოა.
– აბა, აბა, გეყოფა...
– რა მეყოფა, შე ჩემა. ცუდი რა ვთქვი, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ჩიტომ.
– იტყვი და... – რატიმ აღარ დაასრულა, რეზომ კი ეშმაკური ღიმილით მიუგო:
– კარგი, კარგი, ნუ იმუქრები. საცოლე ბიჭი ხარ და, თუ ივაჟკაცებ, ერთი კარგი პურიც ვჭამოთ.
– წავედი, ჩიტო, ონილი მეძახის, – უთხრა რატიმ რეზოს და თვალით ანიშნა, კაკუბავას დანაბარები მახსოვსო. შემდეგ განცალკევებით მდგარ გეგეშიძესთან და ონილთან მივიდა. ორიოდე წუთის შემდეგ რატი „ბეემვეთი“, ონილი და გეგეშიძე კი მაიორის მანქანით „მოდულის“ შენობისკენ გაემართნენ.
სამსახურში რომ მივიდნენ, ონილმა თქვა:
– თქვენ პოლკოვნიკთან ადით. მეც მალე მოვალ და ერთად შევაჯეროთ ფაქტები.
– ალბათ, ნიუმენსას მოიყვანს, – გადაულაპარაკა გეგეშიძემ რატის და, როცა მარტო დარჩნენ, რატიმ უთხრა: – დაძახებას დარეკვა არ ერჩივნა?
– რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა მაიორმა და ორივენი სოსო ჯაფარიძის მისაღებში შევიდნენ. შემდეგ კაბინეტის კარი შეაღეს და მარტო მყოფ პოლკოვნიკს ეახლნენ.
ათიოდე წუთში ონილი და ნიუმენიც გამოჩნდნენ, მაგიდას მიუსხდნენ და ნიუმენმა პირდაპირ რატის უთხრა:
– აი, ისევ შევხვდით ერთმანეთს. აბა, რა ხდება, მეგობრებო, რა სიახლეებია?
– თქვი, რატი, – უთხრა ჯაფარიძემ პეტრიაშვილს და რატიმ თქვა:
– როგორც ბატონმა სოსომ დამავალა, მოკლული აბრეზას საქმეს მოვკიდე ხელი. ჯერ მარკეტის გამყიდველ ქალს გავესაუბრე, მაგრამ მისგან ახალი არაფერი შემიტყვია. შემდეგ კი ერთი მაწანწალა დავკითხე, გაბო ჰქვია. გამახსენდა, რომ წუხელ სწორედ მან მითხრა, აბრეზა „მორკინალთან“ ვიღაცეებს მანქანაში ჩაუჯდაო და ამ ინფორმაციის დაზუსტება მინდოდა. გაბოს კი არც მანქანის მარკა ახსოვს და არც ის ადამიანები. შემდეგ გაბოს გაახსენდა, რომ გუშინ აბრეზა და ცალთვალა კუჭკუჭა, ანუ ის მაწანწალა, რომელიც ამ დილით მე აღმოვაჩინე მოკლული, ერთად იყვნენ და, შეიძლება, მან, ანუ კუჭკუჭამ მოგაწოდოს ინფორმაციაო. კუჭკუჭასთან რომ მივედი, ის, სამწუხაროდ, მოკლული დამხვდა.
– რა იცით, რომ მოკლულია? იქნებ მაწანწალებმა ერთმანეთში იჩხუბეს და მკვლელობაც ამის გამო მოხდა?  – თქვა ნიუმენმა, შემდეგ კი დაამატა: – უფრო სწორად, იმის თქმა მინდა, რა იცით, რომ ეს მკვლელობა, თუ მართლა მკვლელობაა, ჩვენს საქმესთანაა კავშირში? მაწანწალები მთელ მსოფლიოში ჩხუბობენ ხოლმე ერთმანეთში და მკვლელობებიც ხდება. ასეა ამერიკაშიც.
– თითქმის ასპროცენტიანია, რომ მკვლელობაა. მეც დავათვალიერე იმ მაწანწალას გვამი და  მგონი, ასეა, – უთხრა ნიუმენს ონილმა. ნიუმენმა კი მიუგო:
– დავუშვათ, ასეა, მაგრამ, ჩვენს საქმესთან კავშირი რით დასტურდება?
– ამ საქმეს რატი იკვლევს, – თქვა ონილმა და ნიუმენმა ახლა რატის ჰკითხა:
– რამე ფაქტები გაქვთ ამის დასტურად?
– კონკრეტული ფაქტები ჯერ არა, მაგრამ სავარაუდოა, რომ მკვლელებმა კვალის დაფარვის მიზნით მოკლეს კუჭკუჭა, ანუ, იმიტომ, რომ მას გამოძიება აბრეზას მკვლელობის კვალზე არ გაეყვანა.
– ეს მხოლოდ ვარაუდია, ბატონო რატი, ჩვენ კი ფაქტები გვჭირდება, –  უთხრა ნიუმენმა პეტრიაშვილს და ჰკითხა: – გეტყობათ, რომ არ გძინებიათ, ხომ?
– დიახ, – მიუგო რატიმ.
– ვფიქრობ, დასვენება არ გაწყენდათ, – თქვა ნიუმენმა, ონილმა კი დაამატა:
– რატისაც ვუთხარი წეღან და, მინდა, ბატონ სოსოს ვთხოვო, რომ ეს ენერგიული ყმაწვილი ხვალ დილამდე გაათავისუფლოს. ხვალიდან კი რატი ახალი ენერგიით შეუდგება სამსახურს.
– თუ მეტი კითხვა არ გაქვთ რატისთან, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. წავიდეს და დაისვენოს, – თქვა ჯაფარიძემ.
– მეტი კითხვა არ მაქვს, დაისვენოს, – მიუგო პოლკოვნიკს ნიუმენმა.
– თავისუფალი ხარ, რატი. ხვალ დილით გელოდები, – უთხრა ჯაფარიძემ პეტრიაშვილს და გაუღიმა.
რატი წამოდგა. კაბინეტში მყოფთ დაემშვიდობა და კარისკენ გაემართა. ჯაფარიძემ კი მას სიტყვა დააწია:
– რატი, შეგიძლია, მანქანა წაიყვანო.
– გმადლობთ, ბატონო სოსო, – მიუგო რატიმ პოლკოვნიკს და კაბინეტი დატოვა.
„მოდულის“ შენობიდან გამოსულ რატის თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ უძინარი იყო, საერთოდ არ გრძნობდა დაღლილობას და მზად იყო მუშაობის გასაგრძელებლად. მან ტელეფონზე კაკუბავას ნომერი აკრიფა და უთხრა:
– გამოვედი, ბატონო ვარლამ.
– რუსთაველზე რომ „ანტრეა“, იქ მოდი, გელოდებით, – მიუგო კაკუბავამ და ტელეფონი გათიშა.
***
შუა რუსთაველის გამზირზე მდებარე პატარა კაფე სანახევროდ იყო ხალხით სავსე. ვარლამ კაკუბავა და რეზო ჩიტაძე ყრუ კედლის კუთხესთან მდგარ მაგიდას უსხდნენ და ჩაის სვამდნენ. რატი მაგიდას უხმოდ მიუჯდა და კაკუბავამ ჰკითხა:
– რა მოვატანინო?
– არაფერი, – მიუგო რატიმ.
– ისედაც სკილეტი ხარ და უფრო გამოიფიტები. გეჭამა რამე.
– არ მინდა, ბატონო ვარლამ. მაძღარ კუჭზე ძილი მერევა.
– ჩაისაც არ დალევ ან ყავას? წვენი?!
– არა, არა, – კატეგორიულად იუარა რატიმ.
კაკუბავამ კი რეზოზე მიანიშნა რატის და უთხრა:
– შენს ძმაკაცს მაინც მიბაძე, ბიჭო, ჭამას არ მაზავს. ისეთი მადა აქვს, ერთი სიამოვნებაა მისი ცქერა.
ჩიტოს ჩაეცინა, კაკუბავამ კი სერიოზული სახე მიიღო და თავის ყოფილ ხელქვეითს უთხრა:
– ახლა საქმეზე გადავიდეთ. აქ ტყუილად არ დამიბარებიხარ, მინდა გაგაფრთხილო.
– გამაფრთხილოთ? – გაუკვირდა რატის.
– ნუ მაწყვეტინებ, შე მამაძაღლო. ჰო, უნდა გითხრა, რომ დიდი დაკვირვება და ყურადღება გმართებს, ამერიკელები რაღაცას წიომნობენ. სიმართლე გითხრა, ეგ ქართულად მოლაპარაკე ონილი არ მომწონს. ძალიან შინაურულად გექცევა, არადა, ასაკსა და თანამდებობას რომ თავი დავანებოთ, სულ რაღაც ოცდაოთხი საათია, რაც გიცნობს და, რაში დასჭირდა შენთან ასე დაახლოება? პირველ რიგში ამაზე იფიქრე. მე ვერ ვხვდები, იქნებ შენ მოტვინო.
ჩიტომ კაკუბავას პაუზით ისარგებლა და თქვა:
– თვითონ არ ახსნა ეს? არ გახსოვთ, რომ თქვა, ამერიკელები უბრალო ხალხი ვართო?
– თქმა ერთია, მაგრამ, რამდენად სწორი თქვა – მეორე, – მიუგო რეზოს კაკუბავამ და რატის მიუბრუნდა: – ახლა, რაც შეეხება წიომნობას, გასაგებია, რომ ყველაფრის გასაიდუმლოება უშიშროებაში ახალი ხილი არაა. გასაგებია ისიც, რომ თბილისში მოკლული ტერორისტის ამბის გამხელა ჯერჯერობით არ უნდათ და, არც ის მიკვირს, რომ ყველა ექსპერტიზას „ეფბეერი“ ატარებს, მაგრამ, რაში დასჭირდათ ვაშინგტონიდან ასე სასწრაფოდ აგენტთა „ოთხეულის“ გამოგზავნა? ბოლობოლო, სტამბულის ფილიალიდან ჩამოიყვანდნენ ხალხს.
– ვაშინგტონში, ალბათ, უფრო კვალიფიციური ხალხი ჰყავდა, – თქვა რეზომ.
– შეიძლება, მაგრამ, არა მგონია, რომ მთავარი ეს იყოს, – თქვა კაკუბავამ.
– აბა, რა?  – იკითხა რატიმ.
– რა და, ვფიქრობ, ვაშინგტონელ აგენტებს სპეციალური დავალება აქვთ მიღებული და ასე სასწრაფოდ იმიტომ ჩამოფრინდნენ თბილისში.
– ამ სიშორეზე ფრენასა და დროის დაკარგვას ერთი ზარი არ ჯობდა? – თქვა რატიმ და დაამატა: – დარეკავდნენ და დავალებას ისე მისცემდნენ. ბოლო-ბოლო, სტამბულიდან ჩამოიყვანდნენ აგენტებს და ამდენ დროს არ დაკარგავდნენ გზაში.
– ეს ლოგიკაა, რეალობა კი, შეიძლება, სულ სხვა იყოს. რადგან ასე არ გააკეთეს, ესე იგი, ისე იყო საჭირო, როგორც ქნეს. ანუ, სწორედ ვაშინგტონიდან უნდა გამოეგზავნათ ხალხი და სწორედ ის ადამიანები, ვინც თბილისში ჩამოვიდნენ.
– ვთქვათ, მართალს ბრძანებთ, ბატონო ვარლამ, მაგრამ რისთვის დასჭირდათ ეს?
– სწორედ ეგ მაინტერესებს და, ვფიქრობ, რომ სერიოზულადაა  საქმე. ასე რომ, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით იყავი. ნუ მოდუნდები და, თუკი დაგჭირდით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დაგვირეკეთ მე და რეზოს.
– გმადლობთ, ბატონო ვარლამ, ასე მოვიქცევი.
– წეღან რეზოსაც ვეუბნებოდი, სანამ შენ მოხვიდოდი, – თქვა კაკუბავამ და დაამატა: – ისე მომეჩვენა, რომ იქ, კუჭკუჭას ბარაკთან, ეგ ონილი ცდილობდა, დავერწმუნებინეთ, რომ თითქოს ცალთვალას მკვლელობა აბრეზას მკვლელობასთან არაა კავშირში. არადა, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ცალთვალა კუჭკუჭა სწორედ აბრეზას გამო მოკლეს.
– იმავეს ცდილობდა არნოლდ ნიუმენიც, – უთხრა რატიმ კაკუბავას.
– ეგ ვინღაა? – ჰკითხა ვარლამმა.
– ვაშინგტონური ოთხეულის წევრი. ჩემი აზრით, ამ ჯგუფის უფროსია. ეს არავის უთქვამს, მაგრამ, საქციელზე ეტყობა, რომ ასეა.
– მოკლედ, ჩემო რატი, როგორც შევთანხმდით, ისე მოვიქცეთ. შენ ფრთხილად და ყურადღებით იქნები. ჩვენ კი, თუ რამ ახალი გავიგეთ, გაგაგებინებთ.
– კარგი, შევთანხმდით, – მიუგო რატიმ კაკუბავას. ვარლამმა კი უთხრა:
– ახლა სახლში წადი და დაისვენე. ერთად გასვლა არაა საჭირო. პირველი შენ გადი და ჩვენ მერე წავალთ. აბა, ნახვამდის.
– ნახვამდის, – მიუგო რატიმ. „ანტრედან“ გამოვიდა და სახლისკენ გაემართა.
დღის სამი საათი სრულდებოდა, რატი პეტრიაშვილმა სახლში რომ ფეხი შედგა და დედამისს უთხრა:
– დედი, ძალიან მშია და მეძინება. სანამ შხაპს მივიღებ, რამე მომიმზადე.
– კი, დედიკო, ახლავე, – მიუგო დედამ და სამზარეულოსკენ გაემართა.
რატიმ ჯერ შხაპი მიიღო, შემდეგ ჭამა, ბოლოს კი დაწვა და უმალვე ჩაეძინა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3