როგორ გამოსახავდა ელენე ახვლედიანი ტილოზე ნაკლოვან ადამიანებს და რომელი კომპოზიტორის შვილი აიყვანა მან მძევლად
„...ყოველთვის პრინციპული, უკომპრომისო ელენე გარეგნულად მიუკარებელი ჩანდა, მაგრამ, როდესაც დაელაპარაკებოდით, საოცარ სითბოსა და თანაგრძნობას შეამჩნევდით მის თვალებში. ამიტომ გვიყვარდა ჩვენ, მის მეგობრებს...” – ამბობს შალვა მალხაზიშვილი. ელენე ახვლედიანის დღიურები სწორედ ამ შეფასებებით და ცხოვრების იმ ეპიზოდებითაა საინტერესო, რომლებსაც დღეს შემოგთავაზებთ. (წყარო „ბურუსი“). აქედან გაიცნობთ ახლოს მხატვარ ქალბატონს, რომელმაც თავის დროზე თვით პიკასოს უთხრა პირდაპირ უარი, მიეყიდა თავისი ერთ-ერთი ნამუშევარი და რომელიც პარიზში გრეტა გარბოს იისფერმა თვალებმა გადარია.
ირინა კალანდაძე: „ელენე იყო ჩემი დეიდა. ჩემი სულიერი პოტენციალისა და მიდრეკილებების გამო, გამორჩეულად ვუყვარდი. ელენე ძალიან ბუნებრივი და უშუალო ადამიანი იყო, რაც ახლოს დგას ბავშვის ბუნებასთან. ის გიჟდებოდა ბავშვებზე და ბავშვებსაც ძალიან უყვარდათ იგი... ელენე ყიდულობდა უამრავ საჩუქარს მათთვის და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებდა. სახლშიც ძალიან ხშირად მართავდა ხელოვან ბავშვთა ნამუშევრების გამოფენებს. არ ეზარებოდა თავისი მრავალრიცხოვანი ნახატების ჩამოხსნა და ბავშვთა ნახატების გამოფენა.
არ უყვარდა ორპირი ხალხი და ნიჭი ჰქონდა ადამიანის ხასიათის გამოცნობის: თუ ადამიანი შემოვიდოდა და ელენეს სახე შეეცვლებოდა, მე უკვე ვხვდებოდი, რომ ის იყო ცუდი პიროვნება. ცნობილი ადამიანებიდანაც ბევრი ამბობს, რომ ის იყო ძალიან კაპასი და მკაცრი. მართლაც იყო ასეთი, ოღონდ, იშვიათად და დამსახურებულად. ამის მიუხედავად, არ იცოდა არანაირი წყენისა და ბრაზის გულში ჩადება. შეიძლებოდა ადამიანთან ეჩხუბა, ცოტა ხნის შემდეგ კი აღარც ახსოვდა. უკვირდა ხოლმე – როგორ ვერ შეისწავლეთ ჩემი ხასიათიო. საერთოდ, ცნობილი კრეატიული პიროვნებები ხასიათით არიან უარყოფითები... ადამიანების დახმარება მისი ერთგვარი მოვალეობა იყო, ვინ რა თხოვნითაც არ უნდა მისულიყო, თავის საქმეს მიატოვებდა და მას გაჰყვებოდა. ერთხელ, შევარდნაძემ, როდესაც ელენემ მას უჯარმის ულამაზესი ნახატი აჩუქა, თავი მოვალედ ჩათვალა და უთხრა, სამაგიეროდ რა შემიძლია, შეგისრულოთო. ელენემ უთხრა: „იცით ასეთი მხატვარი – ბაიახჩირი?” რა თქმა უნდა, მან არ იცოდა. „იცით, სად ცხოვრობს? სარდაფში...” და, მართლაც, ორ დღეში მიაკითხეს იმ მხატვარს და ბინაში შეასახლეს. ელენე ამბობდა, ხელისუფლება ვალდებულია, ხალხს ემსახუროს და, თუ ეს ავიწყდება, ვალდებული ვართ, შევახსენოთო. საკუთარი თავისთვის არასდროს არაფერს ითხოვდა. ერთხელ დაურეკეს და უთხრეს, წარდგენილი ხართ აკადემიკოსობაზე მხატვრობაშიო... გვესმოდა კიდეც, ტელეფონში თავის ნაცვლად უჩა ჯაფარიძე რომ ჩააწერინა. სახლში სულ ხალისით დადიოდა, თუმცა, საკმარისი იყო, შალი შემოეხვია, რომ უკვე ქალბატონი ხდებოდა. როცა გარდაიცვალა, ექსპერტი გაოცდა – ასეთი ლამაზი თავის ქალა ჯერ არ მინახავსო. აურაცხელი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მეუღლე, აპოლონ კაკაბაძე, არაჩვეულებრივი კაცი იყო და ძალიან უყვარდა ელენე, თუმცა, იგი ძალიან ეჭვიანობდა, ეჭვიანობდა ყველაფერზე და სწორედ ეს გახლდათ მათი გაყრის მიზეზი. მიუხედავად ამისა, აპოლონის გარდაცვალების შემდეგ, მის მეორე მეუღლესთან გაჩენილ შვილს სულ ელენე ედგა თავზე და ზრდიდა. ბავშვის გაჩენა არ უცდია ქმართან დაშორების შემდეგაც, რადგან პატარებთან ურთიერთობის დეფიციტს არ განიცდიდა მისი ბუნებიდან გამომდინარე... კინოში ხშირად არ დადიოდა, მაგრამ, თუ სადმე გადიოდა ფილმი „ქალი კამელიებით,” აუცილებლად წავიდოდა და ნახავდა. მან დათვალა, რომ ეს ფილმი 118-ჯერ ჰქონდა ნანახი. მისი ასეთი სიყვარული განაპირობა მთავარი როლის შემსრულებელმა გრეტა გარბომ. ეს ქალბატონი ელენე ახვლედიანმა ნახა პარიზში, კაფე „როტონდაში”. მისი ყურადღება მიიპყრო ამ ქალბატონის იისფერმა თვალებმა და მისმა არაჩვეულებრივმა გამოხედვამ. მას მერე იგი მუდამ ოცნებობდა, რომ კიდევ ენახა ეს თვალები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ქალი იყო ცნობილი კინომსახიობი გრეტა გარბო.
ელენე ახვლედიანს არ უყვარდა ზღვა. იგი უპირატესობას ანიჭებდა მთებს და სულ ამბობდა: „განა მთები არ სჯობია ზღვას?”თითქოს ზღვა არ უყვარდა, მაგრამ, შექმნა შესანიშნავი სურათი – „ტუაფსე.” სამუშაო დღე ელენე ახვლედიანის სახელოსნოში დილის 6 საათიდან იწყებოდა. 10 საათიდან მასთან იწყებდა მოსვლას ხალხი და მუშაობდა შესვენებებით. მას ღლიდა ეს სტუმრიანობა, მაგრამ, ეტყობა, ეს დაღლილობა საჭირო იყო, რადგან, იღვიძებდა ახალი ენერგიით სავსე და მზად იყო, გამასპინძლებოდა სტუმრებს. ის არ ზრუნავდა, რომ საკუთარი თავისთვის გაეკეთებინა საჭმელი, სამაგიეროდ, ბევრს ფიქრობდა სხვების დაპურებაზე და ბევრ დროს ეს ართმევდა. უდროობის მიუხედავად, იგი მუდამ მზად იყო, დახმარებოდა ავადმყოფებს, მოხუცებს და ბავშვთა თავშესაფრებს. მხატვრები ხშირად გადიოდნენ ქალაქგარეთ...
მსურს, მოგიყვეთ ერთი შემთხვევა: ერთ მხატვარს, რომელსაც დავითი ერქვა, სიცოცხლეს უმწარებდა ერთი ნაძირალა. დავითის გარდაცვალების შემდეგ ეს კაცი საპატიო ყარაულში დადგა. ელენე მივიდა და იქიდან გამოათრია...
მას ჰქონდა არაჩვეულებრივი ნიჭი – გამოესახა ნაკლოვანი ადამიანი ისე, რომ უნაკლოდ მოგჩვენებოდა. ელენემ კარგად იცოდა, რომ ის ხალხს ეკუთვნოდა და, ფიქრობდა, თავისი ნამუშევრები ხალხისთვის დაეტოვებინა. მისი 100-მდე ნამუშევარი გაფანტული იყო საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის – თბილისში, მოსკოვში, ლენინგრადსა და კიევში. დანარჩენი მისი ნამუშევრები მრავლად მოიპოვება ნათესავებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან.
1977 წელს ლეონიდ ვიქტოროვიჩი და ელენე კიევში სპეციალურად დგამენ სპექტაკლს „ხეები ზეზეურად კვდებიან”. ზამთარში კიევში იყო საშინელი ყინვა, გზა იყო მოყინული და ელენეს წაქცევის ეშინოდა, ამიტომ მისი მუდმივი კავალერი იყო ლეონიდ ვიქტოროვიჩი. ეს იყო შესანიშნავი წყვილი. ელენეს მუდამ ეშინოდა მოლიპულ გზაზე დავარდნის, ხოლო ლეონიდი მას აწყნარებდა. მისთვის შიში რომ გაეფანტა, ეკითხებოდა კოსტიუმზე, სპექტაკლზე...
შუადღისას, ყინვის მერე, მასთან ერთად სიარული შეუძლებელი იყო. როცა ელენე ერთდროულად მუშაობდა რამდენიმე თეატრში, ქირაობდა ტაქსის, სპექტაკლის შემდეგ ტაქსისტს აყოვნებდა და ეუბნებოდა: ეშმაკმა წაიღოს თქვენი ზამთარი! მე გადაგიხდი მთელი დროის საფასურს და დამხვდი თეატრთანო...
რასაც მე მოგიყვებით, მოხდა 60-იანი წლების თბილისში. სერგეი ფარაჯანოვი ელენე ახვლედიანის სახელოსნოში მივიდა უზარმაზარი სურათებით, საქაღალდით და განაცხადა, რომ რუსთაველის თეატრში „ჰამლეტს” დადგამს. იმ დროს ელენეს ბევრი სტუმარი ჰყავდა, მაგრამ სერგეის ყველაფრის თქმა შეეძლო, რაც სურდა. მან თქვა რაღაც ცუდი. ელიჩკას აუტყდა ფხუკუნი და გავიდა ოთახიდან. სერგეის არ მიუქცევია ყურადღება ელენესთვის, გაბრაზებულა და დაუწყია იატაკზე სურათების გაშლა. მეორე ოთახიდან ელენეს დაუნახავს და გამოსულა სახელოსნოში, რადგან სურათებმა ის თურმე განაცვიფრა – ისინი შესრულებული იყო დიდი ხელოვნებითა და გემოვნებით. მან აკოცა სერგეის ლოყაზე, რადგან ძალიან მოეწონა. ელენე ახვლედიანის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1978 წელს, იხსნებოდა მისი სახელობის სახლ-მუზეუმი. გახსნაზე ზღვა ხალხი მოვიდა, სახლთან მისვლა შეუძლებელი იყო. ამ ხალხმრავლობაში გამოჩნდა სერგეი ფარაჯანოვი, ხელში მას ბატკანი ეჭირა, უკან კი მოჰყვებოდნენ მეზურნეები, რომლებიც ძველ თბილისურ ჰანგებს მღეროდნენ. ყველამ ერთდროულად გაიწია და დაუთმო გზა. ეს იყო ნამდვილი კადრი ფილმიდან.
„თბილისი ჩემთვის არის ელენე ახვლედიანი,” – ამბობს სერგო ფარაჯანოვი“.
ალექსი მაჭავარიანი:
„...ელენე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ხელოვანია – პირდაპირი, მართალი პიროვნება, რომელიც მარად ვიღაცაზე ზრუნავს, ეხმარება. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. მისი სტუდია ძალიან ახლოს არის ჩემს სახლთან. თვითონაც იქვე ცხოვრობს სტუდიაში, მარტო... უზომოდ უყვარს მუსიკა, არ გამოტოვებს არცერთ მნიშვნელოვან კონცერტს, აინტერესებს ქართული მუსიკა და, რაც მთავარია, აქვს შესანიშნავი გემოვნება... ხშირად ვესტუმრები ხოლმე სტუდიაში. კარს რომ გამიღებს, რამდენიმე სიტყვას წაიბურტყუნებს, ხეირიანად ვერც გავიგებ ხოლმე, რას ამბობს და მანიშნებს: სადაც გენებოს, იქ დაჯექი, ან იდექი, თუ გინდა, დაწექი, თუ გინდა, ყირამალა დადექიო. თვითონ კი თავის საქმეს უბრუნდება. თუ მალე მოათავა, ხომ კარგი, მასთან საუბარი უაღრესად სასიამოვნოა, ხოლო, თუ სამუშაო გაუგრძელდა, შენ შენი თავის განკარგულებაში ხარ, რაც გინდა, ის გააკეთე. ელენეს სტუდიის სიმდიდრე მხოლოდ სურათებია. აქ ვერ დაინახავ ბროლს, ოქრო-ვერცხლს ან სხვა რაიმე მატერიალურ სიმდიდრეს. მას ამშვენებს ქართული ეროვნული ჯამ-ჭურჭელი, რომელიც საოცრად უხდება თვით ელენეს, ელენე კი – მათ. რაც მთავარია, ელენეს სურათები ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე... მისი ბუნება, როგორც მხატვრისა, ჩემთვის ახლოს არის. მაგალითად, იყო დრო, როდესაც ჩემთვის გაუგებარი იყო ლადო გუდიაშვილის შემოქმედება, თუ არ ჩავთვლით მის პირველ პერიოდს, ძველი თბილისის სურათებს, რომლითაც ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი...
ელენემ დამირეკა და მითხრა, რიხტერი უნდა მოვიყვანო შენთან სტუმრადო. გამიხარდა ამ უდიდესი მუსიკოსის სტუმრობა. ბევრი ვისაუბრეთ მუსიკაზე, ხელოვნებაზე... შემდეგ მთხოვა, ჩემი რომელიმე ნაწარმოები დამეკრა. მაშინ უკვე დამთავრებული მქონდა პირველი სიმფონია და მისი მეორე ნაწილი დავუკარი. ბოდიში მოვუხადე, მე პიანისტი არა ვარ და ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ-მეთქი. შევატყვე, რომ მუსიკა მოეწონა. როცა დავამთავრე, მითხრა, თუ ამ ოპუსის საფორტეპიანო ვერსიას გამიკეთებთ, სიამოვნებით შევასრულებო. მართალია, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ახალგაზრდული მაქსიმალიზმი ხშირად უგუნურ საქციელს ჩაგადენინებს... მოგვიანებით ძალიან ვნანობდი, მაგრამ დროს უკან ვერ დააბრუნებ. მივხვდი, რომ ელენემ, რომელსაც მოსწონდა ჩემი მუსიკა, სწორედ იმიტომ მოიყვანა ჩემთან რიხტერი, რომ შემოქმედებითად დავეკავშირებინე. მე კი…
***
საღამო ხანს დამირეკა ელენე ახვლედიანმა. სასიამოვნო და სასურველი სტუმრები ჰყოლია. ძალიან მთხოვა, ჩემი მეუღლით მივსულიყავი.
– შენი ბიჭი, ვახტანგი, მძევლად აქა მყავს, თუ არ მოხვალთ, სახლში არ გამოვუშვებო, – გამოგვიცხადა და დაკიდა ყურმილი. წავედით. სტუმრად ჰყავდა სტანისლავ ნეიგაუზი, ვაჟი დიდი გენრიხ ნეიგაუზის, ბრწყინვალე პიანისტის, რომელიც ასევე დიდი მეგობარი იყო ელენესი და, საერთოდ, საქართველოსი. სტასს ახლდა ორი სტუდენტი, რომლებმაც შესანიშნავი კონცერტი გამართეს ელენეს სტუდიაში...“