ჭეშმარიტი სარწმუნოება
მთავარეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი)
ცნობილი ქირურგი, მთავარეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი) ბაღში სეირნობდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. მას, რა თქმა უნდა, ანაფორა ემოსა. მეუფე მილიციელმა დაინახა და მაშინვე მივარდა: „მოქალაქევ, ამ სამოსით რატომ სეირნობთ, აქ ხომ ბავშვები არიან? დაფიქრდით, რა მაგალითს აძლევთ მათ!“
მეუფემ უპასუხა: „თქვენი აზრით, მე რომ პისტოლეტით ვიარო, უკეთესი მაგალითი ვიქნები მათთვის?“
50-იან წლებში ოფიციალურ სახელმწიფო მიღებაზე მთავარეპისკოპოს ლუკას საბჭოთა მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიუახლოვდა და დაცინვით მიმართა: „აი, ახლახან საბჭოთა თანამგზავრები კოსმოსში გაფრინდნენ, ღმერთი კი იქ ვერ ნახეს. რით ახსნით ამას?“
„ქირურგი რომ ვიყავი, – უპასუხა მთავარეპისკოპოსმა, – მეც მრავალჯერ მოვახდინე თავის ქალის ტრეპანაცია, მაგრამ ჭკუა ვერც მე ვნახე იქ“.
გიორგი მერჩულე – („წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან”)
ერთხელ, ჟამის წირვის დაწყების წინ ხანძთის მამასახლისი ეპიფანე შეიმოსა და საკურთხეველში შევიდა, რათა კვირის ღვთისმსახურება დაეწყო. ის იყო, „წმიდაო ღმერთოს“ წინა ასამაღლებელი უნდა ეთქვა, რომ საკურთხეველში მამა გრიგოლი ავიდა, კვერთხი ჩასცა თავში და დადუმება უბრძანა. შეშფოთებული ბერი დადუმდა. მოძღვარმა უბრძანა, სადიაკვნოში წასულიყო და საღვთისმსახურო სამოსი განეძარცვა. ყველა გაოცდა. ბერი კი დამორჩილდა მამა გრიგოლს, განიძარცვა და მის წინაშე დადგა. მოძღვარმა კვლავ უბრძანა, შემოსილიყო და ღვთისმსახურება დაეწყო. მანაც განიხარა და შეასრულა წმიდა მამის სიტყვები: ჯვარი გარდაისახა, ამპარტავნების სენი დაძლია და შევიდა საკურთხეველში, რათა უსისხლო მსხვერპლი შეეწირა.
ვერავინ გაბედა, ეკითხა წმიდა გრიგოლის განრისხების მიზეზი, რომელმაც ბოლოს თავადვე თქვა: „ძმანო, იხილეთ სიმდაბლით ქმნილი საქმე ეპიფანესი?! მას არაფერი დაუშავებია, რადგან მისი ღვთისმოშიშების, სიწმიდისა და სიმდაბლის გამო სულიწმიდა მარადის მასთანაა“...
ღირსმა ეპიფანემ აღასრულა წირვა და ყველა ეზიარა წმიდა საიდუმლოს, ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ბოლოს ძმებმა ერთად შესწირეს მადლი ყოველივეს შემოქმედს – წმიდა სამებას.