რამდენ ხანში გახდებიან მუსლიმანები დედამიწის მოსახლეობის 73 პროცენტი და რატომ არის მოსალოდნელი ევროპაში ფაშისტური ლოზუნგების გაჩენა
ისე მოხდა, რომ დედამიწის მოსახლეობის 32 პროცენტი ქრისტიანია, 23 პროცენტი – მუსლიმანი, 15 პროცენტი – ინდუიზმს მისდევს, 7 პროცენტი – ბუდიზმს და მხოლოდ 0,2 პროცენტი – იუდაიზმს. 2013 წლის თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში ისლამის მიმდევართა რაოდენობით ქვეყნების პირველი ათეული ასეთია: ინდონეზია – 221 მილიონზე მეტი, ინდოეთი – 177 მილიონი; პაკისტანი – 176 მილიონზე მეტი; ბანგლადეში – 144 მილიონი; ნიგერია – 88 მილიონი; ეგვიპტე – 79 მილიონზე მეტი; ირანი – 77 მილიონზე მეტი; თურქეთი – 74 მილიონზე მეტი; ეთიოპია – 46 მილიონზე მეტი, ალჟირი – 36 მილიონზე მეტი. მიიჩნევა, რომ პლანეტის ყოველი მეოთხე მცხოვრები მუსლიმანია, ყველაზე მეტი ცხოვრობს აზიაში – მილიარდ 200 მილიონამდე; შემდეგ ადგილზეა აფრიკა – 518 მილიონით; ევროპა მესამეზეა – 50 მილიონით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, საერთო ჯამში – 10 მილიონზე მეტი, ხოლო ავსტრალიაში – 700 000.
აღსანიშნავია, რომ მუსლიმანური ქვეყნები ხასიათდება მაღალი შობადობით და, ამერიკელი სპეციალისტების გათვლებით, 2050 წლისთვის მათი საერთო რაოდენობა შეადგენს პლანეტის მოსახლეობის 73 პროცენტს, ქრისტიანების კი 35 პროცენტამდე შემცირდება. რიგ ქვეყნებში – დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში – ისლამის მიმდევრები უმრავლესობაში იქნებიან. აშშ-ში კი ისლამი გახდება ნომერ მეორე რელიგია ქრისტიანობის შემდეგ. რაც შეეხება სხვა რელიგიების მიმდევრებს: უახლოეს ოთხ ათწლეულში არ ვარაუდობენ ბუდისტების რიცხოვნობის ზრდას (ისინი გამოირჩევიან ყველაზე დაბალი შობადობით). ვაშინგტონელი მკვლევრები იმასაც ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ შემცირდება ათეისტების, აგნოსტებისა და ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებიც თავს არცერთ რელიგიას არ მიაკუთვნებენ, თუმცა ცალკეულ ქვეყნებში ასეთთა რაოდენობა გაიზრდება.
ამ მეტად აქტუალურ თემაზე დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძეს გავესაუბრეთ.
– მუსლიმანურ ქვეყნებს შობადობის მაღალი ტემპი ახასიათებთ, ქრისტიანულსა და ბუდისტურს – დაბალი. საერთოდ, შობადობის მაჩვენებელს აქვს კავშირი აღმსარებლობასთან?
– დემოგრაფთა და, საერთოდ, მეცნიერთა შორის, კარგა ხანია, არსებობს აზრი შობადობაზე რელიგიური ფაქტორის გავლენის თაობაზე და ამას ასაბუთებენ სხვადასხვა რელიგიის მქონე ხალხთა შორის შობადობის დონეში არსებული განსხვავებებით. გარკვეულწილად ეს ასეა, მაგრამ, თავის მხრივ, დამოკიდებულია ამ რელიგიის მსახურთა და მიმდევართა კონსერვატიულობაზე. ქრისტიანობის მსახურთაგან განსხვავებით, საუკუნეების განმავლობაში ბუდიზმისა და ისლამის სულიერი მამები ბევრად უფრო კონსერვატიულად უდგებოდნენ შობადობის შეზღუდვას. ამის მაგალითია თუნდაც მალთუსი, ქრისტიანული რელიგიის მსახური ინგლისელი მღვდელი, რომელმაც პირველმა შენიშნა შეუსაბამობა ადამიანის საარსებო საშუალებებსა და მოსახლეობის გამრავლების ტემპებს შორის.
მისი აზრით, სწორედ საარსებო საშუალებათა მოპოვებისათვის იმართება ომები და ხდება ხალხთაშორის დაპირისპირება; სწორედ არაკალორიული და არასაკმარისი კვების შედეგად სუსტდება ადამიანი და იმუნიტეტდაქვეითებული ვეღარ სძლევს ავადმყოფობას. აქედან გამომდინარე, მიიჩნევდა, რომ საზოგადოებრივი პროგრესის შემაფერხებლად გარკვეულწილად გვევლინება შობადობის მაღალი დონე და სვამდა კითხვას: რამდენად მართებული მისაღებია საზოგადოებისათვის ქვეყნად მოვლენილი ადამიანის შიმშილით სიკვდილი ან შიმშილისგან ადამიანთა, განსაკუთრებით ბავშვთა, დასნეულებით გამოწვეული ეპიდემიებისა და მოკვდაობის მაღალი დონე. ამის პასუხად მიაჩნდა, რომ აუცილებელია შობადობის შეზღუდვა, რათა საზოგადოებამ სიღარიბეში არ იცხოვროს. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგად მოპოვებულ უნდა იქნეს საკმაო რაოდენობის საარსებო საშუალებები, ხოლო მედიცინის განვითარებით ხელი შევუწყოთ ადამიანთა ავადობის შემცირებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას.
ქრისტიანულ სამყაროში განვითარების დონის ამაღლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მალთუსისა და მისი მიმდევრების, ნეომალთუსიანელთა აზრის განვითარებას, რასაც მოჰყვა შობადობის დონის დაცემა. ანალოგიური რამ, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებიდან გამომდინარე, არ უქადაგიათ სხვა რელიგიის სულიერ მამებს. მაგალითად, ისლამი ყველა მუსლიმანისგან მოითხოვს ყურანის მკაცრ დაცვას, უფრო მეტიც, ისლამის იდეოლოგია ყოველთვის მკაცრად განსაზღვრავდა ქვეყნის მმართველობას.
– მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შობადობის მაღალ დონეს ყოველთვის არ წაახალისებდნენ მუსლიმანურ ქვეყნებში. რატომ?
– მე-20 საუკუნის დასასრულს ბევრი ისლამური ქვეყანა – თურქეთი, ირანი, ეგვიპტე და სხვები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელია შობადობის მაღალი დონე და, შესაბამისად, მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპი. ისლამის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, მაგალითად, აზერბაიჯანისა და შუა აზიის ქვეყნებში შობადობის შედარებით დაბალი დონე გამოწვეული იყო კომუნისტური იდეოლოგიის ზეწოლით რელიგიაზე. ის ყველანაირად უარყოფდა რელიგიას, რამაც საბჭოელ მუსლიმანთა შორის ისლამის გავლენა შობადობაზე გარკვეულწილად შეასუსტა. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მუსულმანურ რესპუბლიკაში შობადობა ქრისტიანულ რესპუბლიკებთან შედარებით მაინც მაღალი რჩებოდა და 1980-იანი წლების დასაწყისში, ზოგიერთი რუსი დემოგრაფის გამოთვლით, 2005 წლისათვის საბჭოთა არმიაში მომსახურეთაგან 70 პროცენტამდე მუსლიმანი იქნებოდა. 1980-იან წლებში კომუნისტური ხელისუფლების მიერ შუა აზიის რესპუბლიკებში შობადობის შეზღუდვის მიზნით გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებათა შორის ყურადღება დაეთმო ოჯახის დაგეგმვის მეთოდების დანერგვას, თუმცა ამას შედეგი არ მოუტანია, განსაკუთრებით სოფლად. სხვათა შორის, კომუნისტურმა იდეოლოგიამ ამ მხრივ ბევრად უფრო დაასუსტა ქრისტიანული, ვიდრე მუსლიმანური საბჭოთა რესპუბლიკები და, შესაბამისად, დემოგრაფიული თვალსაზრისით, ბევრად უფრო დაზარალდნენ ქრისტიანული რესპუბლიკები, რაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მოსახლეობის დეპოპულაციაში აისახა.
– მუსლიმანურ ქვეყნებში შობადობის კლების ტენდენცია ახლაცაა შენაჩუნებული?
– ახლა მეტ-ნაკლებად შეიცვალა, იმიტომ რომ, რელიგიას მეტი თავისუფლება მიეცა აზერბაიჯანში, შუა აზიაში. სხვა კონფესიები იქ ნაკლებადაა და არავინ ებრძვის. არასამთავრობოებიც ნაკლებად ერევიან რელიგიის საქმეებში, საქართველოსგან განსხვავებით.
– ირანში, თურქეთში, სირიაში იგივე ხდება?
– ის საფრთხე, რაც შენგენის ზონას დაემუქრა, გამოიწვია არაორგანიზებულმა მიგრაციამ. ორგანიზებული ჩასახლებები რომ ყოფილიყო, პროცესი უფრო მშვიდად წავიდოდა. მართალია, ამ ადამიანებს დაუნიშნეს სახელმწიფო დახმარება, მაგრამ დატოვეს ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე. რა პროფესიის ადამიანები არიან ეს ლტოლვილები? მათ არანაირი პროფესია არ აქვთ, ანუ დასაქმება შეუძლიათ მხოლოდ ძალიან მძიმე სამუშაოზე, რასაც თაკილობენ. თან, მუშაობისას გარკვეულ საათებში რელიგიური რიტუალი უნდა შეასრულონ. ამისგან შეიძლება, შორს იყოს, მაგრამ საქართველოს მაგალითს მოვიყვან იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადაპტაციის პროცესი. თავის დროზე ფშავიდან და ხევსურეთიდან დედოფლისწყაროში ჩავასახლეთ ხევსურები და ფშავლები. ორი-სამი წლის განმავლობაში დამნაშავეობა გაიზარდა და ძირითადად, ფშავ-ხევსურების გამო, იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ მეურნეობის ცოდნა. არ იცოდნენ ვენახის მოვლა, ხორბლის მოყვანა, მესაქონლეობას მისდევდნენ და დრო დასჭირდათ, რომ ესწავლათ. ანალოგიურად, ევროპაში ეს ლტოლვილი ახალგაზრდობა პირდაპირ მიუშვეს, არ გაუხსნეს კურსები, რომ რამე სპეციალობა ესწავლათ, რაც გააადვილებდა ადაპტაციას. მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიციის 2-3-კაციანი ჯგუფები ლტოლვილებს არ ეკარება.
– მუსლიმანი ლტოლვილების მიძალება ევროპაში მხოლოდ ჭარბი დემოგრაფიის შედეგია თუ სხვა მიზეზისაც?
– ომმა განაპირობა, თუმცა ტუნისში ომი აღარ არის, მაგრამ იქ არის დასაქმების პრობლემა. ტუნისელებმა, ძირითადად, იციან ფრანგული ენა და ისინი მაინც უფრო საფრანგეთისკენ მიდიან. სირიელებმა არცერთი ევროპული ენა არ იციან და მათთვის სულერთია, რომელ ქვეყანაში მოხვდებიან. ასე რომ, მათ ადაპტაციას ენის არცოდნაც უშლის ხელს და ამიტომ ისინი ერთმანეთთან საუბრობენ, ევროპელების ენა არ ესმით. 18 მილიონი კაცი ცხოვრობდა სირიაში და 15-დან 64 წლამდე მოსახლეობა 11 მილიონია თითქმის. შობადობა მაღალია და მთელი მოსახლეობის 37 პროცენტია 15 წლამდე ასაკის ბავშვები, შრომისუნარიანი მოსახლეობა კი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს. შრომისუნარიანი მოსახლეობა დაუსაქმებელია და, ომიც რომ არ ყოფილიყო, ისინი დასაქმების საძიებლად მაინც გავიდოდნენ ქვეყნიდან, ანუ ევროპისკენ მაინც უფრო 40 წლამდე ასაკის მოსახლეობა გავიდა. ერთია, რომ ამ ქვეყნებში მაღალია შობადობის მაჩვენებელი და მეორე, რომ დაბალია მოკვდაობის მაჩვენებელი. ყოველ 1 000 კაცზე 24 ბავშვი იბადება და ბუნებრივი მატება 18,5 ბავშვია ყოველ ათას კაცზე. თუმცა მიგრაცია ევროპისკენ სირიაში ბოლოდროინდელ მოვლენებამდეც შეიმჩნეოდა. ტუნისში უარესი ვითარებაა: იქ 70 პროცენტია შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა და ისინი ყველა ხერხით ცდილობენ, გადავიდნენ გემებით ევროპაში. შობადობა ტუნისში ჩამორჩება სირიას, მაგრამ ბუნებრივი მატება მაინც 11 პროცენტია. სირიაში შობადობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია – აქ ყოველი ასი ქალი შობს 303 ბავშვს, ამასთან შედარებით, ტუნისსა და თურქეთში შობადობა მცირეა. და, მიუხედავად იმისა, რომ ტუნისსა და სირიაში მაღალია მიგრაციის დონე, მას მაინც ფარავს ბუნებრივი მატება და ამის გამო მაინც იზრდება მოსახლეობის რაოდენობა. საქართველოსთან მიმართებაში ეს მონაცემები ცა და დედამიწასავით განსხვავდება. ჩვენთან დაბალია შობადობა, შრომისუნარიანი, ანუ 15-დან 64 წლამდე მოსახლეობა, 64 პროცენტია, დაბერება კი – 16 პროცენტი, ანუ ამდენია 70 წელს გადაცილებული მოსახლეობა. 2020 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 600 ათასამდე იქნება. მაშინ, როდესაც თურქეთი მიაღწევს 82 მილიონს, ტუნისი – 12 მილონს, სირიაში კი 21 მილიონი ადამიანი იქნება.
– ევროპაში რა ხდება ამ დროს?
– ევროპაშიც გაიზარდა შობადობის მაჩვენებელი, მაგრამ, ძირითადად, ემიგრანტების ხარჯზე. საქართველოშიც გაიზარდა შობადობა. ამას ეწოდება დემოგრაფიული ფანჯარა. თუმცა ვერავინ ახსნა, რამ გამოიწვია შობადობის ზრდა. ჩვენთან პატრიარქის მოწოდების შემდეგ ბოლო წლებში 5 პროცენტითაა გაზრდილი მესამე და შემდგომი ბავშვების წილი. ევროპაში ასეთი ფაქტორი არ ყოფილა და იქ ფაქტორია მაღალი შობადობა ემიგრანტთა შორის. ჩემი აზრით, ევროკავშირში უნდა დასხდნენ და მიგრაციის ერთიანი პოლიტიკა შეიმუშაონ ყველა ქვეყნისთვის. იქ დღეს არსებული მიგრაციული პოლიტიკა იმით გამოიხატება, რომ მიგრანტებს აპურებენ, მაგრამ მათ აქვთ დასაქმების პრობლემა. ევროპელები თვითონ არიან დაუსაქმებლები და, ამდენად, მოსალოდნელია, რომ ევროპაში გაჩნდება ფაშისტური ლოზუნგები, მით უმეტეს, რომ იქ უკვე არის ეკონომიკური კრიზისი. საბერძნეთი რატომ არ უშვებს მიგრანტებს?! იმიტომ, რომ ხალხი ჰყავს დაუსაქმებელი. უნგრეთმაც არ შეუშვა, დაკეტა საზღვარი, იმიტომ, რომ პრობლემები ექმნება. იგივენაირად მოიქცა ავსტრია, შვეიცარია. არც დიდ ბრიტანეთს მიუღია ლტოლვილები. ემიგრანტების მასა, ძირითადად, მიიღეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ. შვედეთშიც დიდი პრობლემაა: ამდენი გაუნათლებელი ხალხი რომ ჩავიდა, დაამძიმა კრიმინოგენური ვითარება: მოიპარეს, იქურდეს. შეიძლება, იფიქრო, რომ გაჭირვების გამო, მაგრამ მათ არც შიათ და არც სწყურიათ, ბინაც აქვთ. მიუხედავად ამისა, მაინც ძალადობენ. ამ ფაქტებს სერიოზული შესწავლა სჭირდება, მით უმეტეს, რომ იმ ხალხის დეპორტაცია ძალიან ძნელი იქნება, მაშინ დაჭერა მოუწევთ. ისინი უნდა გადაანაწილონ დასაქმების კუთხით, თორემ, დაბერებულ ევროპას დაუმძიმდება საპენსიო უზრუნველყოფა, მათი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს.
– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ დაბერებული ევროპა ვერ გაუძლებს მაღალი შობადობით გამორჩეულ აღმოსავლელ მიგრანტებს და უახლოეს მომავალში საკუთრივ ევროპელებს გადაუსწრებენ ლტოლვილები?
– ევროპაში დაბერების საშუალო მაჩვენებელი 16-18 პროცენტია, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპაში. მათ სოციალური დაზღვევის ისეთი სისტემა აქვთ, რომ ამდენს უკვე ვეღარ უზრუნველყოფენ, მით უმეტეს, რომ ლტოლვილთა დახმარებასაც იწყებენ. ამდენად, აქ ბევრი მომენტია. უნდა მისცე რაღაც სტატუსი. მოკლედ, ბევრი საორგანიზაციო პრობლემაა და ამის მოგვარებას დრო სჭირდება. ამას გარდა, ლტოლვილთა შორის ბევრი ტერორისტია. ასე რომ, ძალადობის გამოვლენის ფაქტებს, შესაძლოა, დაემატოს ტერორისტული აქტებიც. ყოველ შემთხვევაში, არაბულ სამყაროში ბევრი ფულია და თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ გარედან დააფინანსონ ტერორისტული აქტები.
– თითქმის ტერორისტული აქტი არ იქნება, თუ გადაუსწრეს რაოდენობით?
– ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ არის, მაგრამ უახლოესი ათი წლის განმავლობაში, რადგან ევროპის მოსახლეობა დაბერებულია, შესაძლოა, პირიქით, ასიმილაცია მოხდეს – არაბებისკენ. საფრანგეთს უკვე აქვს ეს პრობლემა – საფრანგეთში შობადობის გაზრდის მაჩვენებლის 40 პროცენტამდე მოდის არაბებზე. მე მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამ, რეპროდუქციული ქცევიდან გამომდინარე. ისინი სხვა ქვეყნებში უფრო მაღალი რეპროდუქციულობით ხასიათდებიან, ვიდრე საკუთარ ქვეყნებში, იმიტომ, რომ უკეთეს პირობებში მოხვდნენ.