რა დამატებითი შემოსავალი აქვს გერმანიიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე 1978 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. 1999-ში დაამთავრა ბაკალავრიატი, 2001-ში კი – მაგისტრატურაც. მისი შრომითი ბიოგრაფია 2000 წელს დაიწყო, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში: თავდაპირველად (2000 წლის ივნისიდან სექტემბრამდე), საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში, ატაშედ; ხოლო შემდეგ, 2001 წლამდე, პირველი ევროპული დეპარტამენტის მესამე მდივანი იყო. 2001-2003 წლებში პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩევლად იმუშავა; 2003-დან 2006-მდე კი – საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად; 2006 წლიდან ამას ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაც შეუთავსა. 2007 წელს კვლავ ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩევლობას დაუბრუნდა. 2008-ში ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის პირველი ევროპული სამმართველოს უფროსად დაინიშნა. 2009-2010 წლებში ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა. 2010-დან ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორად დააწინაურეს. 2012 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო; 2013 წელს იმავე საელჩოში საქმეთა დროებით რწმუნებულად გადაიყვანეს. ხოლო 2014 წლის 17 ნოემბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. 2010 წელს მას საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგიც მიენიჭა.
ბ-ნი გიგიაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2010 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მშობლები და მამიდა. იმხანად მათი ქონება შემდეგნაირი იყო: გიგი გიგიაძეს ეკუთვნოდა 60 პროცენტი ბინისა თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე (250 კვ. მ.), დანარჩენ 40 პროცენტს ფლობდა დედა; ასევე, ბ-ნი გიგიაძის საკუთრება იყო ბინა ბაკურიანში (85 კვ.მ.); დედის, ნანული ბურკაძის საკუთრება კი – აგარაკი მუხათწყაროში (700 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთი თეთრიწყაროს რაიონში (600 კვ.მ.); მამიდას, გულნარა გიგიაძეს ეკუთვნოდა ბინა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე (150 კვ.მ.).
რაც შეეხება შემოსავლებს: 2009 წლის განმავლობაში გიგი გიგიაძემ, როგორც ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, 26 851 ლარი აიღო, ხოლო ქ-ნმა ნანული ბურკაძემ, როგორც კარდიოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელმა, 3 000 ლარი.
ბ-ნი გიგიაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო. ის უკვე მარტო ცხოვრობს და მისი ქონების ჩამონათვალი შემდეგნაირია: ბინა ბაკურიანში, ბინა, ავტოფარეხი და სხვენი (125 კვ. მ.) თბილისში, მცხეთის ქუჩაზე და ბინა გერმანიაში, ბერლინში (58 კვ.მ.).
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში ბ-ნი გიგიაძემ, როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 63 019 ლარი მიიღო, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ (თვე-ნახევარში), 11 696 ლარი. ასევე, შემოსავალი მიიღო თავისი გერმანული ბინის გაქირავებით – 7 716 ევრო.