ერთ თუ ეთნაირსქესიანები?!
რუსული დესანტი – დემოკრატიის ნიღბით
რაკი ამ ჩვენს ორიენტირ დასავლეთს ცხოვრების დონით მაინცდამაინც ვერ ვუტოლდებით, არაა გასაკვირი, რომ მავანთ უფრო იოლი გზა აირჩიეს. თუმცა საქმე მთლად სიიოლეშიც არ არის: ამ მიმართულებას ფინანსებიც ბლომად მოჰყვება ხოლმე (და ეს ამბავი კარგად უწყის არასამთავრობო სექტორში დასაქმებულმა თითოეულმა ადამიანმა, რაგინდ რიგითიც უნდა იყოს ის).
ჰოდა, რაკი იოლიცაა და კიდეც მოჰყვება, ან, შესაძლოა, სულაც, სხვა მიზეზით, გავრცელებული ინფორმაციით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დასამკვიდრებლად ამ ჩვენს ტანჯულ სამშობლოშიც დაწყებულა ბრძოლა (ოღონდ ჩვენში ჯიუტად იმეორებენ – ერთსქესიანთაო, თუმცა, რეალურად, ერთნაირსქესიანთაა, რადგან სქესი ყველას ერთადერთი გვაქვს).
კერძოდ, გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „ლგბტ“ პირების უფლებებათა დამცველ, ადვოკატ ვინმე გიორგი ტატიშვილს მიუმართავს, რომელიც მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნოს სამოქალაქო ნორმა, რომელიც ქორწინებას ქალისა და მამაკაცის ერთობად განმარტავს. ვინაიდან ტატიშვილი უბნობს, რომ საჭიროა დაზუსტება იმისა, რომ ოჯახის დეფინიცია განა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის, მამაკაცისა და მამაკაცის, აგრეთვე, ქალისა და ქალის ერთობასაც გულისხმობს.
მოლოდინიც დადებითი ჰქონია, იმ მარტივი მიზეზით, რომ სარჩელში გერმანიისა და აშშ-ის კონსტიტუციების მაგალითები მოუხმია და იმედოვნებს, რომ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „შესაძლებელი იქნება ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება და ოჯახის დეფინიციის განსაზღვრა.”
მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, ჩნდება ეჭვი, რომ კრეატიულობის სიმწირეა, თორემ, რაღა მაინცდამაინც ოჯახი და ქორწინება უნდა ერქვას მამაკაცი-მამაკაცისა თუ ქალი-ქალის კავშირს?!
თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ხსენებული კამპანია ევრაზიული სივრცის მოტრფიალეთ ფრიად ნოყიერ მოტივაციას უქმნის, კიდევ ერთხელ განაცხადონ, თითქოს დასავლური ღირებულებები სხვა არაფერია, თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი არა ადამიანის უფლებების დაცვის, არამედ სწორედ ოკუპანტის წისქვილზე ასხამს მეტად უხვად წყალს.