ცერემონიალმაისტერის მონატრება
ვის აკლია კრეატივი?!
სავსებით ბუნებრივია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ერთი მხრივ, ამომრჩევლის გულის მონადირებას ცდილობს, ხოლო, მეორე მხრივ, აქტიურ პოლიტიკურ ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას, რათა სარფიანად დაიბანდოს თავი, რომ საარჩევნო მარათონში რაც შეიძლება მეტი სკამი მოიპოვოს.
ჰოდა, რაკი ეს ჭეშმარიტება სამყაროსავით ძველია, ჩვენც მოთმინებითა და გულისყურით ვადევნებთ თვალს წინასაარჩევნო პოლიტიკური ძალების მოთელვით სამუშაოებს.
მით უფრო, რომ კარგად გვახსოვს მაკიაველის შეგონებაც, პოლიტიკოსმა ისე უტიფრად უნდა მოატყუოს ამომრჩეველი, ამ უკანასკნელმა ეჭვიც კი ვერ შეიტანოს, თუ ასეთ ტყუილს ძეხორციელი იკადრებდაო. იმას გარდა, რომ ტყუილებიც მრავლად სმენია ჩვენს სამშობლოზე არანაკლებ მრავალტანჯულ ჩვენს ყურებს და ისეც გავუცუცურაკებივართ, პლატონ სამანიშვილის ტრაგედია მონაგონია.
ასეა თუ ისე, სულ ახლახან ფოტო გავრცელდა, რომელზეც „თავისუფალი დემოკრატების“ ორი ლიდერი: პარლამენტის წევრი ბ-ნი აბაშიძე და საგარეო საქმეთა ნამინისტრალი ქ-ნი ფანჯიკიძე, მეტროთი მგზავრობენ.
ჩვენ, ცხადია, არ ვიცით, ვინ გადაუღო მათ ეს „პაპარაცული“ ფოტო ან რატომ გადაწყვიტეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა (მხოლოდ შეგვიძლია, ვივარაუდოთ), თუმცა, რაკი ისეთი ცერემონიალმაისტერი გვყავდა (ვგულისხმობ ბ-ნ სააკაშვილს) და ისეთებიც გვანახვა, აშკარაა, „თავისუფალ დემოკრატებს,“ მიმართულებაში: „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად“, კრეატივი ნამდვილად არ აწყენდათ. –