კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„წლის გმირი“ – პაატა კურტანიძე

„თბილისელების” წლის გმირი „ავერსის” დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე გახდა. თავად თავმდაბალი პიროვნებაა და მიიჩნევს, რომ ამ სტატუსს მისი კომპანიის რიგითი წევრები უფრო იმსახურებენ. თუმცა, ჩვენი მკითხველების გამოკითხვების შედეგად, ბიზნესმენი, რომელსაც წლების განმავლობაში,  მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და კიდევ მრავალი,  სხვა ტიპის ქველმოქმედება აქვს გაწეული, უპირობოდ  იმსახურებს  „წლის გმირის” სტატუსს. 

 – ბატონო პაატა, რას ნიშნავს თქვენთვის გმირობა?
– ჩემთვის, გმირობის გამოკვეთილი განსაზღვრება არ გახლავთ ის, რომ  ადამიანი  მაინცდამაინც ბრძოლაში დაიღუპოს ან რაიმე ფატალური შემთხვევისას... ჩემი შეფასებით, გმირი ისაა, ვინც თავისი ყოფითი ქმედებებით ან თუნდაც, ცხოვრების წესით, არის განსხვავებული. მახსოვს, მოსწავლეობის ასაკში,  ნახევრად მხატვრული, ნახევრად დოკუმენტური ფილმი ვნახე, რომელიც უსახელო  გმირ წინაპრებს ეძღვნებოდა. იმ  ადამიანებს, რომლებმაც გმირობა ჩაიდინეს, თუმცა მათი სახელები ისტორიას არ შემოუნახავს. ამან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და დღემდე ასეა. ვინც უჩუმრად აკეთებს თავის გმირულ საქმეს, სახელოვან წინაპრებთან ერთად, დიდ პატივისცემას იმსახურებს. დღემდე, როდესაც ტრადიციულად სადღეგრძელოს ვამბობ წინაპრების შესახებ, აღვნიშნავ, როგორც სახელოვან ისტორიულ მამულიშვილებს, ისე, უსახელო გმირებს. რა თქმა უნდა,  რთულია და მაღალი თვითშეგნების მაგალითია, როდესაც ომის წინა ხაზზე  სამშობლოსთვის სწირავ თავს, თუმცა არანაკლები გმირობაა, როცა ათეული წლების განმავლობაში,  ყოველდღიური რუტინული შრომით, ემსახურები კეთილ საქმეებს,  სხვა ადამიანების კეთილდღეობას ისე, რომ სიზარმაცე  და არაკეთილსინდისიერება  არ გძლევს. ასე რომ, გმირობას ერთი სახე არ აქვს. ის შეიძლება, სხვადასხვაგვარ სიტუაციაში ჩაიდინოს ადამიანმა.
– ბატონო პაატა, 21 წელია, რაც „ავერსი” ფუნქციონირებს, თქვენ კი პირადად უკვე 23 წელიწადია, რაც  გმირობის ტოლფას რეჟიმში გიწევთ მუხლჩაუხრელი მუშაობა. დღევანდელი გადასახედიდან, ბიზნესის საწყის ეტაპზე რა იყო ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული?
–  მარტივი არის საქმის კეთება მაშინ, როცა მართალი ხარ ღმერთის, კანონის, ანუ შენი ქვეყნისა და ადამიანების წინაშე; როცა კეთილსინდისიერი ხარ  შენს მომხმარებლებთან.  ჩემთვის  აფთიაქის მომხმარებელი არ გახლავთ მხოლოდ მედიკამენტის მყიდველი. როდესაც ბიზნესი დავიწყე, ყველაზე რთული გახლდათ მაშინდელი ხელის შემშლელი 2 ფაქტორი: კრიმინალები, ეგრეთ წოდებული თოფიანი ყაჩაღები, რომლებიც ძალადობისა და ტერორის გზით ცდილობდნენ, შრომით დაგროვებული  წაერთმიათ; მეორე მხრივ კი, იგივე ყაჩაღები იყვნენ მაშინდელი საგადასახადო სამსახურების თანამშრომლები, რომლებსაც ხელში გაცილებით ძლიერი იარაღი, კანონიც ჰქონდათ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, წნეხის ქვეშ მოექციათ ბიზნესი და ხელის მოთბობის საშუალებად ექციათ. დღეს, საბედნიეროდ, სიტუაცია შეიცვალა: თოფიანი და უთოფო ყაჩაღები ბიზნესს ვეღარ დაემუქრებიან. როდესაც  ფარმაცევტული ბიზნესი დავიწყე, მახსოვს, თავდაპირველად, ჯიბეში  70 დოლარამდე მქონდა. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა, საბჭოთა კავშირის სისტემის დანგრევის შემდეგ, სრულად მოშლილი იყო ყველა სფერო. ელვის სისწრაფით იყიდებოდა ყველაფერი დახლებზე, რადგან საქონლის  სრული დეფიციტი იყო. ერთ-ერთ  ბავშვთა კლინიკაში პედიატრად პრაქტიკას გავდიოდი. ბავშვთა ქირურგობაზე ვოცნებობდი და  სულაც არ ვგეგმავდი  ბიზნესს. თუმცა, რადგან ასე დეფიციტური იყო მედიკამენტები და გადასახვევი მასალები, მოსკოვში გადავფრინდი, სადაც იმხანად სააფთიაქო სამმართველოს უფროსად ჩემი მეგობრის დედა მუშაობდა და ვთხოვე, წამლების  მცირე პარტია განვადების სისტემით მოეცა. წამოვიღე ეს აუცილებელი მოხმარების მედიკამენტები და  იქვე, პედიატრიულ კლინიკაში  გავხსენით აფთიაქი. სულ 16 დასახელების მედიკამენტი გვქონდა. მალევე უკან დავბრუნდი და უფრო დიდი პარტია წამოვიღე. შემდეგი  პარტია 1 000 დოლარის იყო, ხოლო იმის შემდგომი – 3 777 დოლარის... ასე წინ და წინ წავედით.  ძალიან სწრაფად ვითარდებოდა ჩემი ბიზნესი და დღის წესრიგში დადგა: ბიზნესმენობა ან ექიმობა. ორივე ერთმანეთს ვერ შეუთავსდებოდა, ამიტომაც  ვარჩიე ბიზნესი. თუმცა, ექიმობა დამრჩა ოცნებად (იცინის). სამაგიეროდ, კლინიკები გავხსენით და ამით, ერთგვარად ავისრულე ეს ოცნება.
– „ავერსმა” ერთი აფთიაქით დაიწყო ოპერირება ბაზარზე და დღეს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა...
– მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და  ბიზნესმენი, ყველაზე მეტად ვამაყობ „ავერსის” მიერ დასაქმებული  ადამიანების რაოდენობით. ამ მხრივ ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ვართ და დღეის მდგომარეობით, 8 000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. ეს, ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. გაცილებით უფრო დიდი სიამოვნებაც კი, ვიდრე – ქველმოქმედება.  ჩვენ გვაქვს „ავერსის” საქველმოქმედო ფონდი, რომელიც  მატერიალურად შეჭირვებულ ადამიანებს, ავადმყოფებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ასე შემდეგ ეხმარება. თუმცა, იმაზე დიდი ქველმოქმედება, ადამიანს მისცე სამსახური, პირადად ჩემთვის, არ არსებობს.  როცა ადამიანს სამსახურს აძლევ, მას ანიჭებ განცდას, რომ ის საჭიროა რაღაცისთვის, ვიღაცისთვის. ეს გაცილებით უფრო კეთილშობილური საქმეა, ღირსეულად ემსახუროს საკუთარ ოჯახს, კომპანიას და ქვეყანას. მეორე, რითაც ვამაყობ, ბიუჯეტში ჩვენ მიერ შეტანილი თანხებია, რომელიც ყოველწლიურად, დაახლოებით, ათეულ მილიონს შეადგენს. მესამე სიამაყე კი ისაა, რომ 6 შვილი მყავს. სწორედ ამიტომაც, ჩვენი საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ, ყოველ მეხუთე შვილზე ოჯახისთვის დახმარების გაწევა.  ეს იდეა 2005 წელს მომივიდა, როცა ჩინეთსა და ინდოეთში ვიყავი და მითხრეს, რომ  მოსახლეობის ოდენობას მოხმარებული მარილის მიხედვით ითვლიდნენ. ალბათობა +200 მილიონიაო. ამის შემდგომ პარიზში  უკვე თითქმის მეათედ ჩავფრინდი და შევნიშნე,  რომ იქ ძალიან ბევრი უცხოელი იყო. საქართველოში დაბრუნებისთანავე მომივიდა იდეა: რა შეიძლება, გავუკეთოთ ჩვენს ქვეყანას ყველაზე კეთილი საქმე და ეს არის გამრავლება-მეთქი. 100 წლის წინ ამიერკავკასიაში ყველაზე ბევრი ქართველი იყო და ერთი საუკუნის შემდეგ კი, მეზობელი ერი 3-ჯერ მეტია ჩვენზე. მე რა შემიძლია გავაკეთო, რომ მოსახლეობას მოტივაცია ჰქონდეს-მეთქი და გადავწყვიტე, ყოველი ოჯახისთვის, რომელსაც მეხუთე და მეტი შვილი შეეძინებოდა, მატერიალური დახმარება გაგვეწია.
– ბატონო პაატა, როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? ცნობილია, რომ თქვენ თითოეული საათი და წუთი გათვლილი გაქვთ.
– უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ყოველი დღე და საათი დაგეგმილი მაქვს. დროის დაგეგმვა ჩემთვის  ხელოვნების რანგშია აყვანილი. ყველაფერი გათვლილი მაქვს, დრო სპორტისთვის, ძილისთვის, ოჯახთან ურთიერთობისთვის.  მაგალითად, ყოველი სადილის შემდეგ, აუცილებლად უნდა დავიძინო 18 წუთი, რომელიც ერთგვარი რეგენერაციის საშუალებას მაძლევს. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად, დავდივარ წვეულებებზეც, თუმცა არ ვსვამ ისე, როგორც სტუდენტობისას. მიყვარს ზომიერი სადღეგრძელოები. მირჩევნია საღამოს ერთი ჭიქა ღვინო მოვსვა, ვიდრე ლიტრობით სმა და მეორე დღეს შემაწუხებელი ბახუსი.
დაგეგმვა მიყვარს ბიზნესშიც. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს და აღვნიშნავდი ერთ-ერთს:  წელს „ავერსის” კლინიკაში, სამედიცინო ბირთვული ცენტრის ბაზაზე,  კიდევ ერთი უახლესი აპარატის  დამონტაჟებას ვაპირებთ, რომელიც „ნოუ ჰაუ” იქნება  ქართულ სამედიცინო ბაზარზე. ის სიმსივნით დაავადებულ  ქართველ პაციენტებს საშუალებას მისცემს, აღარ იარონ უცხოეთის წამყვან კლინიკებში და ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილონ. ვფიქრობ, ეს მართლაც რომ საგმირო საქმე იქნება ქართული საზოგადოებისთვის.
– თუ საიდუმლო არ არის, რომელ მედიკამენტს მოიხმართ ყველაზე ხშირად?
– ზოგადად, წამლის დალევა არ მიყვარს, თუმცა ხშირად ლივანგინს ვხმარობ. გლანდები არ მაქვს ამოჭრილი და ხანდახან ყელი შემაწუხებს ხოლმე. კანფეტივით არის ჩემს პირად  აფთიაქში. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ  „ავერსი-ფარმას” მიერ წარმოებული მედიკამენტები მაღალი ხარისხისაა და ტოლს არ უდებს მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული ქარხნების პროდუქციას. მეტიც, საწარმოში გვაქვს ძალიან ბევრი ლაბორატორიული კვლევის ისეთი აპარატი თუ დანადგარი, რომელიც  მულტინაციონალურ კომპანიებშიც კი არაა ჯერ დამონტაჟებული. მაგალითად,  ბოლო მოდელის ქრომატოგრაფი, რომელიც პირველებმა ჩვენ შევიძინეთ მსოფლიო ბაზარზე 135 000 დოლარად. მაშინ, როცა ის ცნობილ კომპანიებს – „პფაიზერსა” და „გლაქსოსაც” კი არ ჰქონდათ. დღეისთვის ასეთი თორმეტი  აპარატი გვაქვს. ასეთია ჩვენი მიდგომა ყველა დანადგართან მიმართებაშიც. როცა ჩემთვის მანქანას ვყიდულობდი, ყოველთვის ვცდილობდი, ახალი მეყიდა, ქარხნიდან გამომეყვანა. თუ  პირადი სიამოვნებისთვის ყიდულობ ახალ მანქანას, როცა საქმე წამალს ეხება,  როგორ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში დაზოგო ფული?! ვფიქრობ, ნებისმიერ ბიზნესში უნდა იყო კეთილსინდისიერი. სუფთა სინდისით უნდა იმუშაო მომხმარებელთანაც, თანამშრომელთანაც და ქვეყნის წინაშეც. ეს ჩემი ცხოვრების პრინციპია!

скачать dle 11.3