რა ოცნებები აუხდა ბროდვეიზე ნიკოლოზ საბაშვილს და რატომ დაწერს ის პიესას სპეციალურად ალ პაჩინოსთვის
„თავისებური ხედვა და ხელწერა, სარეჟისორო ხერხების გამოყენების ამოუწურავი ფანტაზია და დახვეწილი მანერა,“ – ასე აფასებენ თეატრმცოდნეები და კრიტიკოსები ნიკოლოზ საბაშვილს. მისი განსხვავებული ხედვა და დრამატურგია ადამიანს აკარგვინებს დროის შეგრძნებას. მის სპექტაკლზე მოხვედრისას, გრძნობ, რა სისწრაფით ხვდები წარსულში და ასევე, სწრაფად ბრუნდები აწმყოში. ნიკოლოზი ყოფილი მსახიობია. დღეს კი, არაერთ ჯილდოს ფლობს, როგორც რეჟისორი. მისმა ბოლო ექსპერიმენტმა ბროდვეიზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.
ნიკოლოზ საბაშვილი: არ ვარ უმადური და ვერ ვიტყვი, იღბლიანი არ ვარ-მეთქი. რაზეც ვოცნებობ, შეიძლება ბოლომდე არ მიხდება, მაგრამ დიდი ნაწილი მიმართლებს, რადგან ცხოვრებაში დამთხვევები ხშირი არ არის. ასე რომ, იღბლიანი ვარ როგორც კარიერაში, ასევე, პირად ცხოვრებაშიც და ამისთვის, მადლობა უფალს. სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და საკმაოდ წარმატებული სტუდენტი ვიყავი. მთავარ როლებს ვთამაშობდი და ფესტივალ „დებიუტში“ გრანპრიც მაქვს აღებული. კარგი სამსახიობო კარიერა შემეძლო გამეკეთებინა, თუმცა, რეჟისურამ გამიტაცა და დღეს ჩემსავე პიესებზე ვდგამ სპექტაკლებს. მაყურებელს ეს მოსწონს, რაც ჩემი ყველაზე დიდი დაფასებაა.
– რატომ გადაწყვიტე, მიგეტოვებინა საკმაოდ წარმატებული სამსახიობო კარიერა და რეჟისურაში გეცადა ბედი – ეს ხომ გარკვეული რისკი იყო და ერთგვარი ექსპერიმენტი?
– ესეც ბედისწერას შემიძლია, მივაწერო. სტუდენტობისას მე და ჩემს ჯგუფელებს მოგვივიდა იდეა, გვქონოდა საკუთარი სახელოსნო, სადაც ჩავიკეტებოდით და ვიმუშავებდით. ვიპოვეთ ალტერნატიული სივრცე, ვიქირავეთ პატარა ოთახი და დავიწყეთ თეატრის კეთება. ასე გაჩნდა საკუთარი თეატრალური სივრცე და აქედან დაიწყო „თეატრობანას“ თამაში – ამ იდეის განხორციელება. პირველი სპექტაკლი იყო „ქვაბი“. ეს სამკაციანი პიესაა და ძალიან საყვარელი სპექტაკლი, რადგან ჩემი რეჟისორად ჩამოყალიბება ამ დროს მოხდა.
– ძირითადად, თქვენ მიერ დაწერილ პიესებს დგამთ. ეს უფრო გიადვილებთ იმის გადმოცემას, რასაც შინაგანად გრძნობთ და განიცდით, თუ თქვენს მოქალაქეობრივ პოზიციას სცენიდან უფრო ადვილად აფიქსირებთ?
– მიმაჩნია, რომ მოქალაქეობრივი პოზიცია, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დააფიქსიროს და ამას არც სცენა სჭირდება და არც პროფესია განსაზღვრავს. ჩემ მიერ დაწერილ პიესებში უფრო თავისუფლად ვარ, მეტი ფანტაზიის საშუალება მაქვს. საინტერესო პროცესია, როცა პიესას წერ და არაფრისგან თხზავ ამბავს, რომელიც სცენაზე გადაგაქვს. მსახიობი ხორცს ასხამს მას და მაყურებელი უყურებს, აღიქვამს, როგორც რეალურს. ჩემთვის რეჟისურა და დრამატურგია გაიგივებულია. ერთობლივი მუშაობა ძალიან საინტერესოა, როგორც პიესაზე, ასევე სპექტაკლზე. ხშირად ხდება ისე, როცა სპექტაკლზე მუშაობას ვიწყებთ, პიესა ბოლომდე დაწერილი არ არის და ასე, გზადაგზა იწერება. ძალიან საინტერესო პროცესია. ჩემი პიესების ძირითადი სათქმელი კი, ადამიანური ურთიერთობებია – ტკივილი, სევდა, სიხარული, ბედნიერება.
– როგორც დრამატურგმა და რეჟისორმა „დურუჯის“ პრემია მიიღეთ. ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
– „დურუჯის“ პრემიის მიღება ძალიან სასიხარულო და იმავდროულად, საპასუხისმგებლოა. ეს არის განცდა, რომ შენს შრომას აფასებენ. ამიტომ, არ უნდა მოდუნდე, და არ დანებდე პრობლემებს, ბარიერებსა და წინაღობებს და უნდა იბრძოლო. ასევე, ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა ითამაშეს „ქაღალდის წვიმა“. ეს სპექტაკლი, ფესტივალის ფარგლებში ექვსჯერ წარმოადგინეს. ამ ფესტივალზე ისეთი მსახიობების გვერდით აღმოვჩნდი, დავიბენი. რთული ცხოვრება გავიარე, მაგრამ ოცნებების ახდენის ყოველთვის მჯეროდა და ვფიქრობ, ცხოვრება კიდევ ბევრ სიურპრიზს მპირდება.
– ამერიკაში, ბროდვეიზე, დადგი მიუზიკლი, რომელსაც კრიტიკოსებმაც კი ვერ დაუდეს წუნი. იქ როგორ მოხვდი?
– კულტურის სამინისტროს დახმარებით. გასულ წელს თოჯინების თეატრის დასი იყო ამერიკაში, ემიგრანტებისთვის ვითამაშეთ სპექტაკლი „იავნანამ რა ქმნა?“. იქ გავიცანი ადამიანები, რომლებმაც შემომთავაზეს თანამშრომლობა. სწორედ მათი დახმარებით შევძელით, დაგვედგა ბროდვეიზე ქართულ-ამერიკული მიუზიკლი – „ლეგენდა საქართველოზე“. ეს არის მიუზიკლი ემიგრანტებზე და მოქმედება ხდება ამერიკაში. მასში მონაწილეობდნენ როგორც ქართველები, ასევე ამერიკელები და რუსები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი პირველი მიუზიკლი-ექსპერიმენტი ბროდვეიზე მოხვდებოდა. თუმცა, არ დაგიმალავთ და ვოცნებობდი ამაზე (იცინის). სხვათა შორის, ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ვერ ვგრძნობ, რომ სხვა ქვეყანაში ვარ. იქ სტუმარი არ ვარ შინაურულად ვგრძნობ თავს. იმდენი ქართველი ვნახე ბრუკლინის ქუჩებში და მანჰეტენზე, მეგონა, თბილისის ქუჩებში დავდიოდი. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და იმედია, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლა არ მომიწევს. სტუმრად, კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. სიმართლე გითხრათ, იმდენი ოცნება მაქვს, ამის ახდენას ორი ამერიკა არ ეყოფა (იცინის). იცით, რა მინდა? მინდა, ვცხოვრობდე საქართველოში, გასტროლებზე დავდიოდე ამერიკაში, ჩემს სპექტაკლებზე იყოს დიდი რიგები და იქ ცნობადი ადამიანი ვიყო (იცინის).
– როგორც რეჟისორი, რომელ უცხოელ მსახიობ ვარსკვლავს ათამაშებდი შენს სპექტაკლში?
– ასეთი ძალიან ბევრია. ბროდვეიზე ვნახე ალ პაჩინო. აი, მასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი. მისთვის, ნამდვილად დავწერდი პიესას (იცინის). სხვათა შორის, არის ამერიკიდან შემოთავაზებები. საინტერესო პროექტები იგეგმება და ვნახოთ, იმედია, ყველაფერი გამოვა.
– მახსოვს, სპექტაკლს, „ქაღალდის წვიმა,” რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა, აფიშაზე ეწერა „+16“. ეს იმას ნიშნავს, რომ შენს სპექტაკლებზე დასწრება შეზღუდულია?
– დიახ, აფიშაზე ეწერა „+16“. სპექტაკლში ისეთი სცენებია, ამგვარ წარწერას რომ მოითხოვს. მაგალითად, აბაზანის სცენა, რა თქმა უნდა, კლოუნადურ-პიკანტურ სტილშია გადაწყვეტილი. ვიმეორებ, პიკანტურ და არა, ინტიმურ სტილში, მაგრამ მაინც ასე ვიფიქრეთ.
– არ შემიძლია არ შევეხო „1945-ს.” ამ სპექტაკლს საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა და ამბობდნენ, მსგავსი ექსპერიმენტი თეატრალურ სფეროში პირველიაო. სწორედ მის გამო მოგენიჭა ახალგაზრდა სარეჟისორო ნამუშევრის რანგში პრემია.
– ეს სპექტაკლი, ნამდვილი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც გაამართლა. ადოლფ ჰიტლერის ბიოგრაფიის ვერსიების დეტალებზე დაყრდნობით შევქმენი პიესა, სადაც არ არსებობს დრო და ადგილი. ამ სპექტაკლის მსვლელობისას ხვდები მეოცე საუკუნეში, მოგზაურობ სხვადასხვა ადგილებში, იყურები ფანჯრებაჭედილი მატარებლის ვაგონიდან, გრძნობ კრემატორიუმის სუნს, გტკივა, განიცდი, გცივა... ხოლო, როცა წითელი დროშა აფრიალდება, ჰიტლერი გარდაისახება სტალინად და გრძნობ მეორე დიქტატორის გავლენას... ანუ, თავადაც ხდები მსახიობი. მე ამ პიესით, ყველა დიქტატორს ვამხილ. საზოგადოებას ვაჩვენე ჩემი თვალით დანახული ომი და მისი შედეგები.
– ამბობ, ჩემს პიესებში რეალური დრო და ადგილი არ არსებობსო. ცხოვრებაში თუ არსებობს შენთვის რეალური დრო და ადგილი?
– რასაკვირველია, არსებობს. დროის შეგრძნების გარეშე, რთულია ცხოვრება. ადამიანი უნდა გრძნობდე იმ გარემოს, სადაც რეალურად ხარ. ილუზიებში ვერ ვიცხოვრებ. მართლია, ჩემი პიესებით დროსა და სივრცეში ვმოგზაურობ და ფრენაც შემიძლია, მაგრამ რეალური დროის შეგრძნებას არასდროს ვკარგავ.