რაზე მისცა კურთხევა მისმა უწმიდესობამ მარიამ ბაგრატიონს და რაზე თქვა მან უარი სიყვარულის გამო
მარიამ ბაგრატიონს, რომელიც ბაგრატიონების იმერეთის შტოს შთამომავალია, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაზე“ საავტორო გადაცემა – „პორტრეტები“ მიჰყავს. გადაცემა არაერთ საინტერესო და წარმატებულ ადამიანს ესტუმრა. თავად მარიამი კი საკმაოდ საინტერესო წამყვანი და პიროვნებაა, მრავალფეროვანი ბიოგრაფიითა და ნიჭით.
მარიამ ბაგრატიონი: დავამთავრე ნიჭიერთა სამუსიკო ათწლედი ფორტეპიანოს განხრით, შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში ვოკალის ფაკულტეტზე, რადგან, აღმომაჩნდა ხმა და, ბატონმა ნოდარ ანდღულაძემ მითხრა, რომ სერიოზულად უნდა მოვკიდებოდი ამ საქმეს. კონსერვატორიაში ვსწავლობდი 4 წელი. ამ პერიოდში ცნობილმა საოპერო მომღერალმა, კაროლინ დიუმამ, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული, აგვირჩია რამდენიმე სტუდენტი, მათ შორის –მე და ქეთევან ქემოკლიძე და მასთან ერთად კონცერტში მივიღეთ მონაწილეობა. დიდ სცენაზე რამდენიმე ოპერაში ვმონაწილეობდი, სოლო კონცერტიც მქონდა კონსერვატორიაში. შემდეგ, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა, სწავლა განვაგრძე მილანის ვერდის სახელობის კონსერვატორიაში, სადაც თითქმის 2 წელი ვსწავლობდი. თუმცა, სანამ იტალიაში წავიდოდი, შეყვარებული ვიყავი და, როდესაც ზაფხულში არდადეგებზე დავბრუნდი საქართველოში, ცოლად გავყევი დავით მხეიძეს, რომელიც დავით და კონსტანტინე მხეიძეების შთამომავალია. ახლა უკვე გვყავს ორი არაჩვეულებრივი გოგონა – ნატალიკო და ბარბარე და ვარ ძალიან ბედნიერი დედა.
– საოპერო კარიერაზე უარის თქმა და ოჯახის შექმნა თქვენი სურვილიც იქნებოდა.
– რომ არა ჩემი სურვილი, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, არ გავთხოვდებოდი და არ მივატოვებდი საოპერო კარიერას. მეუღლემ იტალიაშიც წამიყვანა, აკადემიურიც ავიღე, მაგრამ შემდეგ დავფეხმძიმდი, ჯერ ერთი ბავშვი დაიბადა, მერე – მეორე; თან, ისეთი დედა ვარ, 6 თვე ჩემს შვილს არავის ვაკარებდი, მე ვზრდიდი და, შესაბამისად, აღარ გამოვიდა მუსიკალური კარიერის გაგრძელება.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– სრულიად შემთხვევით, ეს ჩემი ახლო მეგობრის, ნინო ლეჟავას დამსახურეება. პირველივე ნახვისას ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი. იტალიაში წასვლის წინ ჩვენი გზები გაიყარა – ვიჩხუბეთ. მაგრამ, როცა ზაფხულში არდადეგებზე დავბრუნდი, შევრიგდით და განვაგრძეთ ურთიერთობა. ერთ დღესაც, მთხოვა: აღარ წახვიდე იტალიაში, ოჯახი შევქმნათო და, მეც იმდენად ვიყავი შეყვარებული, რომ მაშინვე დავთანხმდი. არ მიფიქრია მშობლებზეც, რომლებმაც ამდენი იწვალეს და კოშკებს აგებდნენ ჩემს მუსიკალურ კარიერაზე, განსაკუთრებით – დედა. ასე რომ, ყველას ყველაფერი წყალში ჩავუყარე.
– როგორც ვიცი, თქვენ წლების წინ „მის საქართველოზე“ გამოდიოდით და გარკვეული პერიოდი სამოდელო კარიერასაც გეგმავდით.
– იმ პერიოდში თათა ვარდანაშვილთან ვმეგობრობდი, რომელიც ია კიწმარიშვილთან მეგობრობდა. თათასგან წამოვიდა იდეა: ლამაზი გოგონა ხარ, რატომ არ გინდა, „მის საქართველოზე“ გამოხვიდე და ბედი სცადო? თუ გინდა, იას შეგახვედრებო. შევხვდით იას, მოვეწონე და ამირჩია 24 საუკეთესო გოგონას შორის. შემდეგ, კონკურსზე ვიმღერე, „მის ტალანტი“ გავხდი და ათეულში შევედი. როდესაც მილანში ვსწავლობდი, მაშინ განვაგრძე სამოდელო კარიერა და, კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად, სხვადასხვა ჩვენებაზე გამოვდიოდი, „შოუ- რუმებში“ და ფოტოგადაღებებში ვიღებდი მონაწილეობას. „ბარბერის“ ჩვენებაზეც გამოვედი, ასევე, გამოვდიოდი საკმაოდ წარმატებული ბრენდების საქორწილო კაბებისა და ქურქების ჩვენებაზე. სააგენტომ თვითონ გამიკეთა ბუქი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ძირითადი პროფესია სიმღერა იყო. თუმცა, იტალია ისეთი ქვეყანაა, შეგიძლია, გამოიყენო შენი სილამაზე, ცოდნა. ასე გამოვიყენე კარგად ენების ცოდნაც – ხუთი უცხო ენა ვიცი, რადგან სულ მაინტერესებდა და ვსწავლობდი. იტალიაში ეს ცოდნა კარგად გამოვიყენე – მახსოვს, ათი დღის განმავლობაში ინგლისურის გაკვეთილებს ვატარებდი და 1 200 ევრო გადამიხადეს.
– როგორი იყო მილანის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდი?
– მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი – ვილმა ბორელი, რომელიც ჩემი მეორე დედასავით იყო. მთხოვდა – ჩემთან მოდი და აქ იცხოვრეო. მაგრამ მაშინ ნინო მაჩაიძესთან ერთად ვცხოვრობდე და უარი ვუთხარი. ეს ქალბატონი ცდილობდა ზედმეტი გაკვეთილები მოეცა ჩემთვის, ძალიან მოსწონდა ჩემი ხმა და საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდა. ვერდის სახელობის კონსერვატორიაში, ჩაბარებაზე დიდი კონკურსი იყო, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, რომ სწორედ ამ კონსერვატორიაში ისწავლოს. მე იმ დროს ერთ-ერთი პირველი ქართველი ვიყავი, რომელმაც იქ ჩააბარა. იმდენად დიდი კონკურსი იყო, რომ ეს ქალბატონი, ანუ ჩემი მომავალი პედაგოგი, დირექტორთანაც შევიდა: ძალიან ნიჭიერი გოგონაა, დიდი პოტენციალი და ხმა აქვს და შანსი უნდა მივცეთო. ასე რომ, ჩავირიცხე და ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი დღე, თუ არ ჩავთვლით ჩემი შვილების დაბადებისა და ჩემი ქორწინების დღეებს. მახსოვს, იმ მომენტში ნინო სურგულაძესთან ვიყავი სახლში. შემდეგ იყო წარმატებები, წინსვლა, გაზრდა; უკვე ვცდილობდი „ლა სკალას“ აკადემიაში ჩაბარებას, მაგრამ, აღარ დამცალდა. სხვათა შორის, როდესაც საქართველოდან ჩემს პედაგოგს დავურეკე და ვუთხარი: გავთხოვდი და ოჯახი შევქმენი-მეთქი, რა თქმა უნდა, გაუკვირდა, მაგრამ, იმდენად მოსიყვარულე და კარგი ადამიანი იყო, რომ მომილოცა: ისეთი კარგი გოგონა ხარ, კარგ ოჯახს შექმნი და კარგი დედა იქნებიო. ჩემი მეგობრები უფრო დარჩნენ გაოგნებულები. მოგვიანებით ისევ დავიწყე სიმღერა – ქალბატონ დოდო დიასამიძესთან დავდიოდი, მის უწმიდესობასთანაც ვიმღერე კაჩინის „ავე მარია“ და მან კურთხევა მომცა: შენ აუცილებლად უნდა იმღერო, ისეთი ხმა გაქვს, საცოდაობა იქნება, კარიერა რომ არ განაგრძოო. ალეკო ხომერიკთანაც დავდიოდი, მისი დიდი მადლობელი ვარ და დღესაც ზოგჯერ დავდივარ მასთან. თუმცა, არაფერი არასდროს არ იკარგება და, ის შრომა, რომელიც ჩავდე მუსიკაში, მომავალში გამომადგა – ჩემს გადაცემაში.
– ეს კიდევ სხვა, ახალი ეტაპია თქვენს ცხოვრებაში.
– დიახ. ლაპარაკი ყოველთვის მიყვარდა და მეხერხება კიდეც. 14 წლის ვიყავი, საბავშვო გადაცემა რომ მიმყავდა მაიკო ასათიანთან ერთად. დიდი ხანია, მეუფე პეტრეს ვიცნობ და, როგორც მისი უწმიდესობის, ასევე მისი დიდი მადლობელი ვარ. მან შემომთავაზა, გამეკეთებინა გადაცემა. როდესაც მეუფემ მკითხა, რა გადაცემას გააკეთებო, მეორე დღესვე გადავწყვიტე გამეკეთებინა „პორტრეტები“, სადაც წარმატებულ და საინტერესო ადამიანებთან ვისაუბრებდი. მინდოდა, კლასიკურ მუსიკაზე გამეკეთებინა აქცენტი და მათთვის დამეთმო ერთი საათი. მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცნობდა მარიამ ბაგრატიონს როგორც ჟურნალისტს, ჩვენი, ქართველი დიდი მომღერლები გადაცემაში სიამოვნებით და სიხარულით მოდიოდნენ. თავიდან სტუდიაც კი არ გვქონდა, მაგრამ მერე ძალიან დაგვეხმარა „დიზაინ ავენიუ“ და დიდი მადლობა მას გვერდში დგომისთვის. საბოლოოდ, ისეთი გარემო შეიქმნა, რაც ჩვენს გადაცემას შეეფერებოდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც სულ გვერდში მიდგას და, მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგ საქმეს ვაკეთებ.
– როგორ მიიღო მეუღლემ თქვენი ახალი პროფესია?
– თავიდან არ უნდოდა, მაგრამ, ვუთხარი: მუსიკალური კარიერა დავთმე, ამას კი არ დავთმობ-მეთქი. მეუფესიც მოერიდა და, მოკლედ, დაგვთანხმდა. ჩვენი სტუდია დიდ საკონცერტო დარბაზშია, ერთი წლის განმავლობაში ისეთ სიცივეში ვიჯექი, ვკანკალებდი. მახსოვს, პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი, ნინო სურგულაძე, თამარ ივერი და სხვა დიდი ხელოვანები რომ მოდიოდნენ, კანკალებდნენ, მაგრამ გადაცემაში მონაწილეობაზე არასდროს უთქვამთ უარი. ნინო ანანიაშვილი ბოლოს კანკალებდა, მაგრამ, ისე მოეწონა გადაცემა, მადლობა გადამიხადა და მითხრა, გამათბობელს მე მოგიტანო. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს სტუმრებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი გადაცემის წამყვანი ვარ და ასეთ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა.
– თქვენი წარმომავლობის შესახებაც მინდა მესაუბროთ. როგორც ვიცი, ბაგრატიონების იმერული შტოს წარმომადგენელი ხართ.
– მე ვარ იმერეთის მეფის შთამომავალი. ბედნიერი ვარ და ამაყი, რომ ცისფერი სისხლი ჩქეფს ჩემს ძარღვებში. სხვათა შორის, შემთხვევით მოხდა ისიც, რომ ჩემი მეუღლე მხეიძეა – ეს წინასწარ არასდროს დამიგეგმავს. როდესაც ასეთი გვარის წარმომადგენელი ხარ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა – ვერაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც ამ გვარს, წარმომავლობასა და ჩემს პროფესიას არ შეეფერება. ბაგრატიონებთან ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენს შტოს ჰყავს ირაკლი ბაგრატიონი – იმერეთის მეფის ღირსეული შთამომავალი, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია, პატიოსანი და ყველანაირად ვუდგავართ მას გვერდში. მე ყოველთვის მის მხარეს ვარ. ძალიან მინდა, ყველა შტოს ბაგრატიონები კონსესუსამდე მივიდნენ. ირაკლი კი დაქორწინდეს ღირსეულ ადამიანზე. სხვათა შორის, ჩემში ასევე დიდ პატივისცემას იწვევს ნუგზარ ბაგრატიონი, იოანე-ხუან ბაგრატიონი, რომელიც ძალიან თავმდაბალი, კარგი, ღირსეული და განათლებული ადამიანია. ჩემი ოცნებაა, მის უწმიდესობაზე გავაკეთო გადაცემა. იმედია, ეს მოხერხდება.