რატომ უნდა დაირგას ხე ყველა ადამიანის სახელზე და რა საფრთხის მომტანია ტანსაცმელზე ღილის ღამით დაკერება
ადამიანები ამქვეყნად იმ მისიით ვართ მოვლენილნი, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, ამით ხელი შევუწყოთ ჩვენსავე მომავალს და გარშემო მყოფების ცხოვრებაც სასიკეთოდ შევცვალოთ. ეზოთერიკოსი ქალბატონი ნელი მიიჩნევს, რომ, თუ თავის ეზოთერიკულ და პარაფსიქოლოგიურ ცოდნას სხვებსაც გაუზიარებს, ამით მათ უანგარო დახმარებას გაუწევს და დიდ სიკეთეს მოუტანს. მისივე თქმით, ყველასთვის აუცილებელია ძველი ტრადიციების გათვალისწინება, რომ ცუდი მოვლენები ავირიდოთ, მაგალითად, აუცილებელია ბუნებასთან, კერძოდ, ხეებთან კონტაქტი, ამით სასიცოცხლო ენერგიებით ავივსოთ და დახარჯული ენერგობალანსი მარტივად აღვიდგინოთ.
ნელი: ეზოთერიკული საკითხებით უკვე წლებია, დაინტერესებული ვარ და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც შევიძინე. ეს ცოდნა და გამოცდილება, მინდა ყველას გავუზიარო და ამით ყოფა შევუმსუბუქო. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ხეებს უდიდესი ენერგეტიკა აქვთ და მათთან კონტაქტი სასიცოცხლო ენერგიით გვავსებს, ორგანიზმს გვიჯანსაღებს, გვარიდებს უარყოფით ენერგიებს და ასე შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან ნარგავებს. ამიტომ, აუცილებელია, ის ენერგეტიკა, რომელიც დედამიწის სიღრმიდან ხეებს ფესვებით გადაეცემა, ჩვენც გავიზიაროთ. ამისთვის კი, გირჩევთ, ხშირად გახვიდეთ ბუნებაში, დაჯდეთ ხის ძირას, მოეხვიოთ მრავალწლიან ნარგავებს და ასე შეივსოთ ზამთარში დაქვეითებული სასიცოცხლო ენერგიები. უძველესი დროიდანაა ცნობილი, რომ ხეებს შეუძლიათ ჯანმრთელობის, ბარაქის, კეთილდღეობისა და დღეგრძელობის საკითხში წარმატების მოტანა, ავადმყოფობისგან დაცვა და განკურნება, გათვალვისა და ჯადოს აცილება და ასე შემდეგ. ადრე ბევრ სოფელში ასეთი ტრადიცია იყო: ბავშვი რომ დაიბადებოდა, მის სახელზე ოჯახის უფროსი მამაკაცი აუცილებლად რგავდა ხეს და, მიაჩნდათ, რომ სწორედ ის ხე იყო მისი მფარველი, დამცველი და ბოროტი ძალების ამცილებელი. ბავშვი რომ იზრდებოდა, ამ ხესთან უნდა ჰქონოდა ხშირი შეხება და ისიც დაიცავდა მას, ენერგიით აავსებდა. კონკრეტული ადამიანის სახელზე დარგული ხის მიზანი და ამოცანაა, დაიცვას კონკრეტული პიროვნება ბოროტი ძალებისგან, გადასცეს მას თავისი ძალის ნაწილი და იხსნას შესაძლო უბედურებისგან. ამბობენ, რომ ადამიანები და მათი დაბადების მომენტში მათ სახელზე დარგული ასეთი მფარველი ხეები, ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ბედის უხილავი ძაფებით. ამიტომ, თუ ხე კარგად ხარობს, ადამიანიც ბედნიერია, ხოლო, თუ ნელ-ნელა იწყებს ხმობას, მაშინ, რაღაც საფრთხე უახლოვდება ადამიანს.
– რომელ ხესთან კონტაქტია ადამიანისთვის ყველაზე სასარგებლო, ენერგეტიკული თვალსაზრისით?
– ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყველაზე კარგია მუხასთან ხშირი კონტაქტი. ძველად ხალხი გარკვეულ დროს ატარებდა ბუნების წიაღში, რადგან, იცოდა, რომ მისგან სასიკეთო ენერგიებს იღებდა, იმუხტებოდა დადებითი ემოციებით და ასე შემდეგ. ჩვენი სიცოცხლის გენის გახანგრძლივება, სწორედ ბუნებასთან, კერძოდ კი, კონკრეტულ ხეებთანაა კავშირში. ნებისმიერმა ადამიანმა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად საჭირო ენერგია ხეებისგან უნდა მიიღოს. ხეებს მართლაც გააჩნიათ სხვადასხვა სიდიდისა და ნიშნის ბიოენერგეტიკული ველები. თუ ადამიანს ენერგიის გადაჭარბებით ხარჯვა უწევს, აუცილებელია, ის შეივსოს, რათა თავადაც არ დაუძლურდეს. ამისთვის კი აუცილებელია მუხასთან კონტაქტი და მისი ენერგიით დამუხტვა. აბა სცადეთ, როცა ემოციით დაღლილი, შინაგანად აფორიაქებული ხართ და რაღაც არ გასვენებთ, ჩაეხუტეთ მუხას და, მალევე იგრძნობთ, როგორ ეუფლება თქვენს ორგანიზმს სიმშვიდე და თანდათან წყნარდებით. თქვენი ჯანმრთელობისთვის კი ეს, უბრალოდ, აუცილებელია.
– გამიგია, რომ ძველად ახალშობილის ტანსაცმელზე ამაგრებდნენ ხის ღილს და, ითვლებოდა, რომ ამით მას ბოროტებისგან იცავდნენ. ასეა?
– დიახ, მართალია. ძველად ხის პატარა ღილს აკერებდნენ ჩვილის ტანსაცმელზე და ითვლებოდა, რომ ეს ღილი მისი ბედნიერების მომტანი თილისმა იყო, ბოროტი ადამიანი მას ვერაფერს დააკლებდა, ბედიც გაუღიმებდა და ცხოვრებაშიც იღბლიანი იქნებოდა.
– ზოგადად, ღილთან დაკავშირებით ბევრი ტრადიცია გამიგია. მაგალითად, ის, რომ არ უნდა დავაკეროთ ტანსაცმელზე ღამით ღილი; კარგია თუ ტანსაცმელზე წყვილი ღილი იქნება დაკერებული და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– ეს წესები დღესაც შემორჩენილია და მას ბევრი გაუაზრებლად იცავს. მართლაც, მზის ჩასვლის შემდეგ არ უნდა დააკეროთ ტანსაცმელზე ღილი და არ ვარგა მაკრატლის ხმარებაც, რათა ახლო მომავალში ბევრი უსიამოვნება აიცილოთ თავიდან. ღამით ღილის ტანსაცმელზე დაკერებას, არ არის გამორიცხული, თქვენს ბედში უიღბლობა და საქმეში წარუმატებლობა მოჰყვეს. ასევე, გასათხოვარი გოგონას ან დასაოჯახებელი ვაჟის ტანსაცმელზე უნდა იყოს დაკერებული წყვილი ღილები, რათა მათ ბედში სასიკეთო ტენდენციები განვითარედეს და მომავალში სასურველი მეორე ნახევარი იპოვონ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ, თუ ხისგან დამზადებულ სამკაულებს ატარებთ, ის თქვენს წინსვლას შეუწყობს ხელს და გათვალვითა და ავი მზერით გამოწვეულ შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაგიცავთ. ხის სამკაული ერთ-ერთი უძლიერესი დამცველია გათვალვის საწინააღმდეგოდ. ამიტომ, გირჩევთ, ხშირად ატაროთ ხის სამკაულები, მით უმეტეს, თუ ბევრ და უცხო ადამიანებთან გიწევთ შეხვედრები და კონტაქტი. არ არის აუცილებელი, სამკაული დიდი ზომის იყოს, ხის პატარა ფიგურის დაკიდებაც კი საკმარისია, რომ მან ავი მზერა და შურიანი ადამიანის ბოროტი თვალი აგარიდოთ და დაგიცვათ მისი საკმაოდ საშიში ზეგავლენისგან.