კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა ნანა მირაშვილი აფრიკაში კანიბალებს და რატომ გადაწყვიტა მისმა საფრანგეთში დაბადებულმა და აფრიკაში გაზრდილმა ქალიშვილმა საქართველოში ცხოვრება

ცოტა ხნის წინ შედგა პრეზენტაცია პროფესორ ნანა მირაშვილის წიგნისა – „მონანიე და განდეგილი დედები ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში“. წიგნმა უდიდესი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა. ამ ნაშრომზე ქალბატონი ნანა რამდენიმე წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, ერთდროულად სამ ქვეყანაში:  საქართველოში, საფრანგეთსა და მაროკოში მუშაობდა. როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი, რატომ გაუჭირდა მას საფრანგეთის ცხოვრებასთან შეგუება და როგორ შეაყვარა ყველას თავი აფრიკის ჯუნგლებში, ამას მისგან შეიტყობთ.

ნანა მირაშვილი (ფილოლოგიიის მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ლაურეატი): ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური განყოფილება დავამთავრე და მუშაობა დავიწყე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ბიზანტიოლოგიის განყოფილებაში. 1988 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. მოკლე ხანში ვიქორწინე და საფრანგეთში გავემგზავრე მეუღლესთან ერთად. ჩემი მეუღლე ფრანგია. ცოტა ხანს იქ ვიცხოვრეთ, შემდეგ კი, მისი სამსახურის გამო, აფრიკაში წავედით საცხოვრებლად. პარიზში ვთანამშრომლობდი ბატონ ჯანრი კაშიასთან, რომელმაც მირჩია, რომ ჩემი საკანდიდატოს შესახებ კვლევა გამეღრმავებინა. ამისთვის ძალიან ინტენსიური მუშაობა დავიწყე და ეს ყველაფერი 2002 წელს წიგნად გამოვეცი, რომელიც სორბონის უნივერსიტეტში ცნობილ ქართველოლოგს, ბატონ ჟან პიერ მაეს გავუგზავნე. მან ნაშრომი ძალიან დადებითად შეაფასა და სორბონის უნივერსიტეტში მიმიწვია. შემომთავაზა, რომ ჩემი გამოკვლევა ფრანგულად მეთარგმნა. ტექსტებითაც ძალიან დაინტერესდა, რადგან ისინი მანამდე გამოუქვეყნებელი იყო და ფილოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მე მას კიდევ უფრო ვრცელი ნაშრომი შევთავაზე – „განდეგილი დედები ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში“. ეს თარგმანები ძირითადად პარხლის და ბოდლეს ხელნაწერებშია თავმოყრილი, რომელიც მე ორ ჯგუფად გავყავი. ორივე ჯგუფში განდეგილი დედებია, მაგრამ ერთია მონანიე დედების და მეორე – მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული დედების ცხოვრება. ორივე  ხასიათის წმიდანების ცხოვრება ძალიან საინტერესო და მომხიბლავია. ეს მასალა ფილოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, რადგან ქართული თარგმანი ყველაზე უფრო ძველი აღმოჩნდა დღემდე გამოქვეყნებულ თარგმანთა შორის. რაც შეეხება „ორ ცხოვრებას“, მისი დედანი არ იყო ცნობილი ქართულ ფილოლოგიაში და ძალიან ვამაყობ, რომ დაუღალავი შრომის წყალობით, მას მივაკვლიე. ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოში, საფრანგეთსა და აფრიკაში. ვხუმრობ ხოლმე, ეს ნაშრომი 5 წლის განმავლობაში სამ კონტინენტზე მზადდებოდა-მეთქი. ამის გაკეთებას ახლა თავიდან ნამდვილად ვერ შევძლებდი (იცინის). თუმცა, ყველაფერმა შესაბამისი შედეგი გამოიღო. 2008 წელს დავიცავი დისერტაცია, რომელსაც უმაღლესი რანგის შეფასება მოჰყვა. ბატონმა რისმაგ გორდეზიანმა რომ ნახა, აღფრთოვანდა და გადაწყვიტა, უნივერსიტეტში წიგნად გამოეცა. დაიბეჭდა ფრანგულ ენაზეც. ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ჟან პიერ მაიმ ის საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე წარადგინა და წიგნმა პრემია დაიმსახურა, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია.
– როგორც ვიცი, თქვენი მუშაობის პროცესი პატრიარქის მიერ იყო ნაკურთხი.
– როცა ამ თემაზე მუშაობა დავიწყე, მაშინ ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელი, განსვენებული პროფესორი ვაჟა გვახარია საპატრიარქოსთან ერთად მუშაობდა. მისი დახმარებით ჩემი დისერტაცია პატრიარქმა აკურთხა და მოგვიანებით, მქონდა საშუალება, უკვე წიგნად ქცეული ნაშრომი მისი უწმინდესობისთვის გადამეცა. ამ დისერტაციის ხელმძღვანელი, ვაჟა გვახარიასთან ერთად, ქალბატონი ლია კვირიკაშვილი იყო. პირველი წიგნის სახელწოდებაა „ცოდვა და ქრისტიანული ლეგენდა“ და მეორესი – „მონანიე და განდეგილი დედები ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში“.
– როგორც მითხარით, მეუღლის საქმიანობის გამო აღმოჩნდით აფრიკაში. ის რით არის დაკავებული?
– ჩემი მეუღლე კვების ტექნოლოგიაში მუშაობს. ჩემი პროფეისიისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მისი ყოველმხრივი თანადგომის გარეშე, ვერაფერს მივაღწევდი. თავიდან, როცა საფრანგეთში გადავედით საცხოვრებლად, ძალიან გამიჭირდა. მაშინ საქართველოში კარგი მატერიალური მდგომარეობა გვქონდა. აბსოლუტურად უზრუნველად გავიზარდე. მამა ცნობილი ქირურქი იყო „არამიანცის” საავადმყოფოში და ლექციებს კითხულობდა სამედიცინო უნივერსიტეტში; დედა – ფრანგული ენის სპეციალისტი. როცა საფრანგეთში, სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, გამიჭირდა, მაგრამ ადაპტაცია როგორღაც მოვახერხე. აფრიკაში რომ გადავედით, მაშინ უკვე შეგუებული ვიყავი მოგზაურობას. ამ მხარეს ასე თუ ისე ვიცნობდი, რადგან მამა სამი წელი მალის რესპუბლიკაში, ბამაკოში მთავარი საავადმყოფოს ხელმძღვანელად მუშაობდა. იქაურობას მეც მივეჩვიე.
– მოგვიყევით აფრიკული ცხოვრების შესახებ.
– სითბო ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ეკვატორზე ცხოვრების შემდეგ, განსაკუთრებით შევეჩვიე (იცინის). არაჩვეულებრივი პირობები გვქონდა. ძალიან ლამაზი სახლი, აუზი. გვყავდა მოსამსახურეები, მებაღე, ღამის დარაჯი, რომელსაც ღამე ძალიან კარგად ეძინა (იცინის).
– სანამ იქაურ ცხოვრებას შეეჩვეოდით, ალბათ, სირთულეების გამოვლაც მოგიხდათ.
– ახალი ჩასული ვიყავი, ქალიშვილი – ელენე პატარა მყავდა. ყველაფერს ვასტერილებდი და სულ დაავადებების გადამტანი ბუზი ცეცე მელანდებოდა (იცინის). ერთ დღეს მეუღლემ ჩვენი ძაღლი ვეტერინართან წაიყვანა, კანის ქვეშ ჭიები შეუძვრაო. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ვხედავ, მუცელზე პატარა ადგილი გამიწითლდა, რომელიც თანდათან გაიზარდა. ქინაქინას ყოველდღე ვსვამდით ყველა, რომ თავი დაგვეზღვია მალარიისგან, მაგრამ მაინც შემეშინდა. რადგან ძალიან გაიზარდა ეს ჩემი სიწითლე, ერთხელაც ხელით მაგრად დავაწექი და ვხედავ, იქედან თეთრი რაღაც გამოვიდა, რომელიც მოძრაობდა – მატლი. წარმოიდგინეთ, ჩემი რეაქცია. კივილი დავიწყე, მუცელში ალიენი მყავს-მეთქი (იცინის). ავიყვანე შვილი და გავრბივარ ტირილითა და კივილით. ჩემი მეუღლის სამსახური იქვე იყო და მასთან ერთად მთელი თანამშრომლები გამოცვივდნენ, რა ხდებაო?!. რომ დაინახეს, რის გამოც ვიყავი ამ დღეში, სიცილით მოკვდნენ. საშიში არაფრია. ეს რაღაცეები ხიდან ცვივა, შეიძლება თეთრეულზე დაეცა, შენმა მოსამსახურემ კი ის ალბათ კარგად არ გააუთოვა და ასე აღმოჩნდა კანზეო. ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი აფრიკული მოგონება (იცინის). ვიყავი ჯუნგლებშიც. მამაჩემის კერპი ამბერ შვეიცერი იყო, რომელმაც 1913 წელს ჯუნგლებში საავადმყოფო შექმნა. მამა ყოველთვის ოცნებობდა იქ მოხვედრაზე და როცა იქ მე ჩავედი, უპირველესად, მამის სურვილი გადავეცი ჯანმრთლეობის მინისტრს. ის გაეცნო ინფორმაციას მამაჩემის შესახებ და მითხრა, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ. მამა ჩამოვიდა და 66 წლის ასაკში აფრიკაში, ჯუნგლებში დაიწყო სამსახური, სადაც მთელი მსოფლიოდან იწვევენ საუკეთესო ექიმებს და იქ მათი ქვეყნის დროშებსაც აღმართავენ. თუმცა, საქართველოს დროშა არ იყო და როცა მამას საპატიო სიგელი გადასცეს არაჩვეულებრივი დასტაქრობის გამო, მაშინ ქართული დროშაც ააფრიალეს. 
– იქ ცხოვრებისას საფრთხეში არასდროს აღმოჩენილხართ?
– ჩემს თავს ავანტიურისტს ვეძახი, რადგან ისეთი რამეები მაქვს გაკეთებული, რომელიც შეიძლებოდა, ძალიან ცუდად დამთავრებულიყო (იცინის). ერთი პერიოდი, ყოველ საღამოს მეზობელი სოფლიდან დოლების ხმა მესმოდა, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა. ძალიან მაინტერესებდა, რა ხდებოდა იქ. ერთხელ, როცა ყველამ დაიძინა, ჩვენს ღამის დარაჯს ვთხოვე, იქ წავეყვანე. თავი გაიგიჟა, არაო. რომ არ მოვეშვი – პატრონმა იცისო, ჩემს მეუღლეზე მკითხა. მისთვის რომ მეთქვა, დამიშლიდა, ამიტომ ჩუმად გადავწყვიტე წასვლა (იცინის). წავედით იმ სოფელში და ვხედავ, ხალხი წრეზე დგას და დოლებზე უკრავს. რომ დამინახეს, დიდი პატივით მიმიპატიჟეს. ჩემი დარაჯი მიშლიდა, არ წახვიდეო, მაგრამ არ დავუჯერე. როცა ამ რიტუალის მიზეზი ვიკითხე, ერთ-ერთმა მითხრა, ეს კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება, რადგან ასე, ავი სულები უნდა გავდევნოთ, რომელიც ჩემი შვილის სხეულში არიან ჩასახლებულიო. მანახვეს კიდევაც ახალგაზრდა ბიჭი, რომლისთვისაც ეს რიტუალი სრულდებოდა. დამპირდნენ, ავი სულები მეც თუ ჩამისახლდებოდა, უფასოდ მომემსახურებოდნენ (იცინის). ეს სერიოზულად, რა თქმა უნდა, არ მიმიღია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მათთან ერთად მეც დავიწყე ცეკვა. ლუდიც მივირთვი, ხელიც ჩამოვართვი ყველას და ბოლოს ჩემი დარაჯის დაჟინებული თხოვნით, წამოვედი. მეორე დღეს ძალიან კმაყოფილი მოვუყევი ჩემს ქმარს, რომ წინა ღამით სამ საათამდე მეზობელ სოფელში ვიყავი და ის საიდუმლო გავარკვიე, რაც მაინტერესებდა. გაგიჟდა, შენ იცი, რომ იქ კანიბალები ცხოვრობენ და შეიძლება, შეეჭამე. ნახევრად ველურები არიან და ეგ როგორ გააკეთეო. ძალიან შეეშინდა. თუმცა, გეტყვით, რომ იქ ყოფნის განმავლობაში კარი ერთხელაც არ ჩამიკეტავს. მერე მითხრეს კიდევაც, თქვენ ერთი თვით რომ წახვიდეთ და კარი ღია დატოვოთ, შიგნით მაინც არავინ შევა, რადგან ხალხს ძალიან უყვარხართ და პატივს გცემენო. ვცდილობდი, ადამიანებს მივხმარებოდი. იქ პატარა დასახლებაა და ამის შესახებ ინფორმაცია მალე ვრცელდებოდა. ამიტომ, ყველას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემთან. ერთადერთი უსიამოვნო ინციდენტი მახსოვს: სახლში რომ მოვედი, ადგილობრივი შავკანიანი მომიახლოვდა და მითხრა: თქვენს ქმართან ვმუშაობდი და გამათავისუფლა. მე ოჯახი და შვილები მყავს სარჩენი და უთხარით, აღმადგინოსო. შევამჩნიე, რომ ნასვამი იყო და აგრესიული გახდა მაისურის ქვემოდან დანაც დავინახე. შენ ახლა ეს დანა შეინახე და წყნარად მოიქეცი, თორემ მაგას გამოგართმევ და ისეთ ადგილას გაგირჭობ, მთელი ცხოვრება ხმას ვეღარ ამოიღებ-მეთქი. იმწუთს გაქრა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა თავის დაცვა მომიხდა.
– ფრანგი მეუღლე როგორ გაიცანით?
– საქართველოში ქართველი მეგობრის ქორწილში იყო ჩამოსული და ერთმანეთი იქ გავიცანით. ჩვენი ქალიშვილი საფრანგეთში დაიბადა და აფრიკაში გაიზარდა. შემდეგ სასწავლებლად კვლავ საფრანგეთში წავიდა. საერთაშორისო ბიზნესი დაამთავრა. ძალიან უყვარს საქართველო. აქ დაქორწინდა, ჰყავს ქართველი მეუღლე და ახლა შვილს ელოდება. მუშაობს გერმანულ სამშენებლო კომპანიაში და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. მანამდე აქ წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა და ბავშვობიდანვე არაჩვეულებრივად ლაპარაკობს ქართულად.
– თქვენ რა გეგმები გაქვთ, სად აპირებთ ცხოვრებას?
– მხოლოდ ის ვიცი, რომ ცოტა ხანში ბებია უნდა გავხდე და ახლა ჩემი შვილის გვერდით უნდა ვიყო. ცხოვრებით კი ყველგან ვცხოვრობ და თან, არსად. განსაკუთრებით ბოლო წლებში. თუმცა, ახლა ზუსტად ვიცი, რომ აფრიკაში ცხოვრება აღარ მინდა. ვნახოთ, როგორ წარიმართება ყველაფერი.

скачать dle 11.3