კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-3(485)

 ***
რატიმ თავისი პატარა ოთახი ყურადღებით შეათვალიერა, შემდეგ მაგიდას მიუჯდა და ჩაფიქრდა. შეკვრიდან ცარიელი თაბახის ფურცლები ამოაცურა. წინ დაიდო და ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში მომხდარი მოვლენები თანამიმდევრულად ჩამოწერა. შემდეგ ჩიტოს მობილურზე დაურეკა და უთხრა:
– ჩიტო, როგორ ხარ? როგორ მიმდინარეობს შენი პირველი სამუშაო დღე პროკურატურაში? ვარლამი ძალიან ხომ არ გგრუზავს?
– ვეჩვევი, რატი, ვეჩვევი... შენკენ რა არის ახალი, შენი საქმეები როგორ მიდის მანდ?
– მეც ვეჩვევი, – მოკლედ მიუგო რატიმ და ჰკითხა, – ჩიტო, თინა დეიდას მობილურის ნომერი ხომ არ გაქვს?
– მარკეტის გამყიდველის?
– ჰო.
– კი. ჩაიწერე, – უთხრა რატის რეზო ჩიტიშვილმა და სუპერმარკეტის გამყიდველის მობილურის ნომერი ჩააწერინა.
– ჯიგარი ხარ, წავედი... თუ რამე დაგჭირდა ან პირიქით, ერთმანეთს შევეხმიანოთ, – უთხრა რატიმ ძველ მეწყვილეს და ტელეფონი გათიშა.
რატიმ სუპერმარკეტის გამყიდველს დაურეკა და რომ გაიგო, მაღაზიაში იყო, შეხვედრაზე შეუთანხმდა. ტელეფონი გათიშა. შემდეგ ზურაბ გეგეშიძეს ეახლა და უთხრა:
– ბატონო ზურაბ, მოქმედების გეგმა შევადგინე და უნდა გავიდე. აქ რამეში ხომ არ გჭირდებით?
– ჯერჯერობით არა. თუ საჭირო იქნება, დაგირეკავ. მაინც, სად მიდიხარ?
– სუპერმარკეტის გამყიდველს უნდა დაველაპარაკო. რაღაც დეტალები მაინტერესებს აბრეზასთან დაკავშირებით და მინდა გავესაუბრო.
– კეთილი. წარმატებას გისურვებ. მიდი და, აბა, შენ იცი, – მიუგო მაიორმა და პეტრიაშვილი კაბინეტიდან გამისტუმრა.
რატიმ სამსახურის კუთვნილი „ბეემვე“ დაქოქა და ათიოდე წუთის შემდეგ უკვე სპორტის სასახლესთან იყო. მანქანა მან მაღაზიასთან გააჩერა. შიგნით შევიდა და ნაცნობ გამყიდველს მიესალმა. შემდეგ მანქანაში ჩაისვა და უთხრა:
– თინა დეიდა, ბოდიში, რომ გაცდენთ, მაგრამ სამი დღის წინ რომ აბრეზას ჩხუბი მოუვიდა ვიღაც კაცთან ის ამბავი მაინტერესებს და იქნებ მომიყვეთ?
რატის მარკეტის გამყიდველის ჩვენება წაკითხული ჰქონდა. ქალის მონაყოლში ახალი არაფერი იყო და ბოლოს ჰკითხა:
– თინა დეიდა, ის კაცი, აბრეზას რომ თავი გაუტეხა, იმ დღეს პირველად ნახეთ?
– ჰო, შვილო, პირველად, უცნობი იყო ისიც და ის თავსაფრიანი გოგოც. თუმცა არც მაშინ დამინახავს მათი სახეები – ქალს თავსაფრით ჰქონდა დაფარული, კაცს კი მუქი სათვალე ეკეთა, – თქვა გამყიდველმა და ამოიოხრა, – ეჰ, საცოდავი აბრეზა. არავის არაფერს უშავებდა. კი სვამდა უბედური, მაგრამ ზედმეტს არავის არაფერს ეტყოდა. მობეზრდა, ალბათ, ასეთი ცხოვრება და თავი ჩამოიხრჩო.
– კარგი, თინა დეიდა... მეტს აღარ დაგაკავებ. შეგიძლიათ, წაბრძანდეთ, – უთხრა რატიმ ქალს. კარი გაუღო. მანქანიდან გადაუშვა და „ბეემვე“ ადგილიდან დაძრა. ორმოცდაათიოდე მეტრი რომ გაიარა, ახალმშენებარე სახლებისკენ ჩაუხვია და ნაგვის ურნასთან მოფუსფუსე ერთ-ერთ მაწანწალას ჰკითხა:
– გაბო ხომ არ გინახავს?
მაწანწალამ საკვების ნარჩენებით სავსე პარკი ნაგვის ურნას მიაყუდა, რატის დააკვირდა და ჰკითხა:
– შენ რატი არ ხარ?
– კი, რატი ვარ, – მიუგო რატიმ.
– სად დაიკარგე, რატი. კარგა ხანია, აქ არ გამოჩენილხარ, – დაინტერესდა მაწანწალა.
– სხვაგან გადავედი. მითხარი, გაბო ხომ არ გინახავს?
– ხომ მშვიდობაა, რატი, გაბოს რატომ კითხულობ?
– მშვიდობაა, მშვიდობა. უბრალოდ, პატარა საქმე მაქვს და უნდა ვნახო. სადაა, არ იცი?
– ვიცი, მაგრამ არ უთხრა, რომ მე გითხარი, თორემ დამცხებს.
– არ ვეტყვი. თქვი, სადაა?
მაწანწალამ ახალმშენებარე სახლისკენ გაიშვირა ხელი და უთხრა:
– აი, ამ ხუთსართულიან მრგვალ სახლს ხომ ხედავ, თუ არ ვცდები, იმ სახლის პადვალში უნდა იყოს.
გაბო საბურთალოს ის მაწანწალა იყო, რომელიც რატიმ აბრეზას მკვლელობის საღამოს ნახა და იმიტომ ეძებდა, რომ გასაუბრებოდა. რატიმ მაწანწალას ჰკითხა:
– იქ რა უნდა, რა, „ბაითი“ შეიცვალა?
– არა, რა ბაითი შეიცვალა. უბრალოდ, ერთი ნაშა გაჩითა და იმას კერავს. წეღან ბოთლები ჩააბარა. არაყი დაითრია და ნაშასთან ერთად პადვალში ჩატყდა.
– რატიმ მადლობა გადაუხადა მაწანწალას. გამოემშვიდობა და მითითებული სახლისკენ აიღო გეზი.
რატიმ მანქანა მშენებარე კორპუსთან გააჩერა, გადმოვიდა და ცემენტით მოსვრილ კიბეებზე ფრთხილად დაეშვა. შემდეგ შეჩერდა, მიაყურადა და მარცხნივ გაემართა, საიდანაც ლაპარაკის ხმა გამოდიოდა. ათიოდე მეტრი რომ გაიარა, შეჩერდა და ნესტიანი სარდაფის კუთხეს მიაჩერდა, სადაც რადიომიმღებიანი ფანარი ანათებდა. იქვე ძველმანი ლეიბები ეყარა. უზარმაზარ გაცვეთილ საბურავზე დადებულ ფიცარზე კი პატარა სუფრა იყო  გაშლილი, რომელთანაც გაბო და ჭრელ, დაკონკილ, ჭუჭყიან კაბაში გამოწყობილი მაწანწალა ქალი ისხდნენ. გაბო ქალს სიყვარულს უხსნიდა და ცდილობდა, მისთვის წელზე ხელი შემოეხვია. ქალი კი უხეშად იშორებდა მას. სიგარის ნამწვავს აბოლებდა და თან ხრინწიანი ხმით იგინებოდა. რატიმ ერთხანს უყურა მათ და ბოლოს თქვა:
– კამპანიას გაუმარჯოს!
ქალმა ჩაახველა და რატის გახედა, გაბომ კი ბრაზიანი ხმით ჰკითხა ახალმოსულს:
– რომელი ხარ?
– რატი ვარ, გაბოჯან, რატი...
– შენ ხარ, უფროსო? აქ როგორ მომაგენი?
– გაბო, შენთან საქმე მაქვს და ათი-თხუთმეტი წუთი უნდა დამითმო. წამოდი, ზემოთ ავიდეთ. სალაპარაკო მაქვს.
– მერე რომ იყოს, უფროსო, არ შეიძლება? მანდილოსანთან ერთად ვარ, – თქვა გაბომ.
– არა, გაბო, მერე არ იქნება. სასწრაფო საქმე მაქვს და უნდა დაგელაპარაკო. შენს მანდილოსანს კი ბოდიშს ვუხდი. ადე, წამომყევი...
გაბოს წაყოლა არ უნდოდა და შეყოვნდა. მაწანწალა ქალმა კი ხელი ჰკრა მას და დააყოლა:
– ადე. ტრაკი ასწიე და გაყევი! მე არსად დაგეთესები, აქ დაგელოდები.
გაბო რატის გაჰყვა და ზემოთ რომ ავიდნენ, უთხრა:
– გისმენ, უფროსო. რა სასწრაფო საქმე გაქვს ჩემთან, რომ მანდილოსანთან არ გამაჩერე?
„მანდილოსნის“ ხსენებაზე რატის გუნებაში ეცინებოდა, მაგრამ გაბოს რომ არ სწყენოდა, არაფერი შეიმჩნია და მაწანწალას ჰკითხა:
– აბრეზას ამბავს, ალბათ, გაიგებდი.
– ჰო, გუშინ თავი ჩამოუხრჩვია, – მიუგო გაბომ.
– წუხელ რომ გნახე, გახსოვს?
– მახსოვს. სკლეროზიანი კი არ ვარ, – გაბრაზებით თქვა გაბომ.
– ნუ ბრაზობ, გაბოჯან, სწორედ წუხანდელზე უნდა დაგელაპარაკო.
– გისმენ, უფროსო. მკითხე. თუ რამე ვიცი, გეტყვი.
– გუშინ რომ აბრეზას ვეძებდი, შენ მითხარი, ვიღაცეებმა „მორკინალთან“ მანქანაში ჩაისვესო. გახსოვს?
– მახსოვს,
– ჰოდა, კარგად გაიხსენე, რამდენნი იყვნენ ის ტიპები და რა მანქანა ჰყავდათ.
– უფროსო, გუშინვე ხომ გითხარი, არ ვიცი-მეთქი? ბუხოი ვიყავი, თანაც, ძალიან მეძინებოდა. არ ვიცი. მართლა არ ვიცი, თორემ, რატომ დაგიმალავდი. თქმა რომ არ მდგომოდა, რაც გითხარი, არც იმას გეტყოდი, – თქვა გაბომ. შემდეგ ჩაფიქრდა და დაამატა, – უფროსო, მე მგონი, ვიცი, როგორ უნდა დაგეხმარო.
– როგორ?
– ცალთვალა კუჭკუჭას ხომ იცნობ?
– კი.
– ჰოდა, აბრეზა და ცალთვალა კუჭკუჭა გუშინ ღამით ერთად ტასაობდნენ. ის საცოდავი იმ ტიპებმა მანქანაში რომ ჩაისვეს, მე მგონი, კუჭკუჭაც იქვე იყო და შეიძლება, ის დაგეხმაროთ.
– სად ვიპოვი ახლა კუჭკუჭას, ხომ არ იცი? – გამოცოცხლდა რატი.
– დღეს არსად დამინახავს. შეიძლება, წუხელ მაგრად დათვრა და ჯერ კიდევ სძინავს. ამ ბოლო დროს მაგარი ზაპოი აქვს და გვიან გამოდის ხოლმე გარეთ.
– სად ცხოვრობს?
– პარმენას ძველი სახელოსნო რომ იყო, იქ. ყველაფერი დაანგრიეს, პატარა ბუტკა დარჩა და ღამეს იქ ათენებს.
რატიმ საფულიდან ხუთლარიანი ამოაცურა, გაბოს მისცა და უთხრა:
– მადლობელი ვარ, გაბოჯან. ბოდიში, რომ მოგაცდინე. შენს მანდილოსანსაც მოუბოდიშე ჩემ მაგივრად. ახლა კი წავედი.
გაბო სარდაფში დაბრუნდა, რატი კი მანქანაში ჩაჯდა და საბურთალოელი მაწანწალის, ცალთვალა კუჭკუჭას ადგილსამყოფლისკენ გაემართა, რომელიც ორასიოდე მეტრის მოშორებით მდებარეობდა. რომ მივიდა, მანქანა დაჟანგულ ჯიხურთან გააჩერა, გადავიდა და ჯიხურის კარი გააღო. პატარა ოთახში ჩაჟანგული რკინის ძველი საწოლი იდგა, რომელზეც დაფლეთილი ლეიბი იდო და იქაურობა ნესტითა და სიმყრალით იყო გაჟღენთილი. საწოლზე ცალთვალა კუჭკუჭა გულაღმა იწვა და არ იძროდა. რატიმ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. სუნთქვა შეეკრა და მაწანწალის სადგომში შევიდა. შემდეგ საწოლს მიუახლოვდა და კუჭკუჭა შეანჯღრია. ცალთვალა არ განძრეულა. რატიმ მას პულსი გაუსინჯა, შემდეგ თვალები. ბოლოს გარეთ გამოვიდა და ვარლამ კაკუბავას დაურეკა.
– გისმენ, რატი, რა ხდება? – ჰკითხა ყოფილმა უფროსმა.
– გამარჯობა, ბატონო ვარლამ, გცალიათ? – ჰკითხა რატიმ.
– თუ არ მცალია, მოვიცლი, შე კაცო. რაშია საქმე?
– ბატონო ვარლამ, შეგიძლიათ, რომ პარმენას ყოფილ სახელოსნოსთან მოხვიდეთ?
– რა მოხდა, კიდევ „ჩეპეა“?
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, მე მგონი, კი.
– კარგი. დაგველოდე, მე და რეზო მალე მოვალთ. კიდევ ვინმესთვის ხომ არ დაგირეკავს?
– ჯერჯერობით არა.
– ჰოდა, ჯერ არც გინდა. მოვალთ და მერე გადავწყვიტოთ.
– კარგი. გელოდებით, – თქვა რატიმ და ტელეფონი გათიშა.
ჩიტო და მისი უფროსი ათ წუთში მოვიდნენ. კაკუბავა რატის მიუახლოვდა და უთხრა:
– რა, კიდევ მკვლელობაა?
– მგონი, კი, – თქვა რატიმ და დაამატა: – ცალთვალა კუჭკუჭაა გარდაცვლილი, ვფიქრობ, რომ წუხელ მოკლეს.
კაკუბავა ჩაჟანგულ კიოსკში შევიდა. ცალთვალა კუჭკუჭას ცხედარი ყურადღებით დაათვალიერა და რომ გამოვიდა, რატის უთხრა:
– კი, მოკლულია. თავში აქვს ჩარტყმული მძიმე საგანი.
– ასეც ვიცოდი, – თქვა რატიმ. რეზომ კი დაამატა:
– რას დაერიენ ამ ბომჟებს?
– აქ რაღაც დიდი ამბავი უნდა იყოს, – ჩაილაპარაკა კაკუბავამ და რატის უთხრა:
– მიდი, დაურეკე შენებს.
რატიმ ზურაბ გეგეშიძეს დაურეკა და უთხრა:
– ბატონო ზურაბ, საბურთალოზე, სავარაუდოდ, მორიგი მკვლელობაა.
– გასაგებია. ადგილი მითხარი და მალე მოვალ.
რატიმ მაიორს შემთხვევის ადგილის კოორდინატები აუხსნა და ტელეფონი გათიშა. კაკუბავამ კი ბუხუტი ბაქრაძეს  დაურეკა და ტელეფონი რომ გათიშა, თქვა:
– ძალიან შავბნელი საქმე ჩანს, ვფიქრობ, მკვლელობები ისევ იქნება.
– რატომ ფიქრობთ ასე, ბატონო ვარლამ? – ჰკითხა ჩიტომ თავის უფროსს. კაკუბავამ თანაშემწეს რატიზე მიანიშნა და თქვა:
– ეს უკვე უშიშროების პრეროგატივაა. საქმეს გრიფი „საიდუმლო” ადევს და ჩვენ არავინ გვეკითხება.
– ჰო, მაგრამ, ფიქრის უფლება ხომ გვაქვს? – თქვა ჩიტომ.
– მერე, იფიქრე, – ჩაეცინა კაკუბავას და დააყოლა: – იფიქრე, რეზო, იფიქრე, მაგრამ ენას კბილი დააჭირე, – მერე კი რატის მიუბრუნდა: – მართალს არ ვამბობ, რატი?
რატი კარგად იცნობდა თავის ყოფილ უფროსს. იცოდა, რომ კაკუბავა წყენანარევი ირონიით ლაპარაკობდა და  მიუგო:
– ჩვენში ასეთი რამ არ მოსულა, ბატონო ვარლამ. თქვენ და ჩიტოს საკუთარი თავივით გენდობით და დასამალი არაფერი მაქვს. ასე რომ არ იყოს, პირველად თქვენ არ დაგირეკავდით.
– კარგი, კარგი, გული ნუ ამიჩუყე, ბიჭო. წესი წესია და, რადგან უშიშროება ასე თვლის საჭიროდ, ესე იგი, მართლა ასეა საჭირო. ჩვენ კი დახმარებისთვის ყოველთვის მზად ვართ, – თქვა კაკუბავამ და პაუზის შემდეგ დაამატა: – ვანო გურგენიძისგან ხომ არაფერია ახალი?
– არ ვიცი. წუხელ „მოდულის“ შენობაში რომ დასკვნას წერდა, იმის მერე არ მინახავს. შემდეგ მე საქმეზე გავედი, – მიუგო რატიმ.
– ბიოლოგიური ექსპერტიზების შედეგებია ძალიან საინტერესო. ვანომ საგულისხმო ნიმუშები ამოიღო აბრეზას სახლიდან და, ვფიქრობ, ბევრ რამეს მოჰფენენ ნათელს, – თქვა კაკუბავამ, მობილურზე ნომერი აკრიფა და დაამატა: – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში ვრეკავ და, აბა, ვნახოთ, რას მეტყვიან.
კაკუბავამ სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ დაასრულა ლაპარაკი, ტელეფონი გათიშა და თქვა:
– ასეც ვიცოდი. ყველა ნიმუში „ეფბეერს“ წაუღია და უთქვამთ, ჩვენ გამოვიკვლევთო. – კაკუბავა ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ დაამატა – ძალიან ჩახლართული და საინტერესო საქმე ჩანს. დიდი ხანია, ასეთი აბდაუბდა არ შემხვედრია. უყურე შენ ამერიკელებს, როგორ ჩაავლეს უცებ ყველაფერს ხელი?!
მოსახვევში ზურაბ გეგეშიძის მანქანა გამოჩნდა და რატიმ თქვა:
– მაიორი გეგეშიძე მოვიდა.
– გვეყოფა ბჭობა და ენას კბილი დააჭირეთ. არაფერზე გვილაპარაკია, გასაგებია? – სხაპასხუპით თქვა კაკუბავამ, რაზეც რატიმ და რეზომ თავი დაუქნიეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3