კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-3(785)

 „ნერვებს არ უნდა ავყვე... ნერვები წესრიგში უნდა მქონდეს... “ – საკუთარ თავს უმეორებდა ლევანი და ხვდებოდა, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეღო. ის, რაც ახლა მის ცხოვრებაში ხდებოდა, თვითდინებით მიყოლას უფრო ნიშნავდა, ვიდრე რეალობის სრულფასოვნად აღქმას. გაბრიელას აშკარად არ ადარდებდა ეს ამბავი: მხიარული ჭრიჭინასავით ეგებებოდა დილას და დაღამებამდე იმას აკეთებდა, რაც იმ წუთას მოუვიდოდა აზრად.
– შენ ძალიან სერიოზული ხარ. მუდმივად შფოთავ და ოხრავ. ცოტა დამღალე...
– მეც დავიღალე, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია.
გაბრიელამ მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი, რას გულისხმობ, მაგრამ, ნებისმიერ წუთს შეგიძლია, წახვიდე.
– აქედან წავიდე? მაგდებ?
გაბრიელამ ხელი ხელს შემოჰკრა და გადაიკისკისა:
– ძალიან უცნაური ვინმე ხარ. სულ წარბშეკრული დადიხარ, იბღვირები, გინდა, რაღაც გამოქექო და ბოლომდე ამასაც არ აკეთებ. ამიტომაც გითხარი, წადი-მეთქი.
– უკვე მოგბეზრდი?
– ჰა, ჰა, ჰა! აი, ხომ ვთქვი, არ იცი,  რა გინდა, – გაბრიელამ გრძელი, ლამაზი ფეხები საწოლის თავზე შემოაწყო და სიგარეტს მოუკიდა.
– მართლა არაფერი გაღელვებს, სულ არაფერი?
– როგორ არ მაღელვებს? საიდან მოიტანე? მაგალითად, ახლა ფრჩხილი მოვიტეხე და ძალიან ვღელავ... მართლა... ვერ გადამიწყვეტია, მოვიჭრა თუ მოვიქლიბო...
ლევანს გაეცინა:
– განსაკუთრებული ვინმე ხარ, მშურს შენი... ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ლაღი და უდარდელი, მართლა არ მახსოვს, ან, საერთოდ, ვიყავი კი?!
– ეს შენი პრობლემაა. ადამიანები თავად იქმნიან სირთულეებს, მერე კი სხვებს აბრალებენ. დარწმუნებული ვარ, უამრავი ისეთი რაღაც გაქვს გაკეთებული, რის შედეგებსაც ახლა იმკი.
– ოჰო?! მორალს მიკითხავ? იმის თქმა გინდა, რომ ჩემი ცხოვრება შეცდომების ნაკრებია – ამას გულისხმობდი?!
– აი, ისევ ძალიან ასერიოზულებ ყველაფერს. მგონი, მართლა გაგაგდებ. ვერ ვიტან, როცა ცდილობენ, თავისი ცუდი განწყობა გადამდონ. როგორ გგონია, რატომ ვცხოვრობ მარტო? ჩემი მოვალეობა არ არის, დავამშვიდო ის, ვინც აფორიაქებულია.
– ჰო, ამას ნელ-ნელა ვხვდები, – ჩაეცინა ლევანს.
მოულოდნელად გაბი გაბრაზდა:
– იცი, რას გეტყვი? თუ არ მოგწონვარ, წადი! უკვე გითხარი, ამის გაკეთება ახლავე შეგიძლია!
– არ მინდა წასვლა.
– იქნებ, არ იცი, სად წახვიდე? – ირონიულად მოჭუტა თვალები გოგომ.
– ჰო, შეიძლება, ასეც არის, მერე რა?
– არაფერი, – მხრები აიჩეჩა გაბრიელამ, – უბრალოდ, მე შენს ადგილას ვეცდებოდი, დავმშვიდებულიყავი. თუ გინდა, ჩაგეხუტები – ამის გაკეთება კარგად გამომდის.
– გაბი, მომისმინე... – ლევანმა მხრებში ჩაავლო გოგოს ორივე ხელი, თავისკენ შეატრიალა და თვალებში ჩააშტერდა, – იქნებ, წავიმუშაო?
– რა?!
– სამუშაო მოვძებნო-მეთქი. რას იტყვი?
– ეგეც შენი გადასაწყვეტია. თუკი ხვდები, რომ გინდა მუშაობა... რისი გაკეთება გინდა?
– რა ვიცი, სულერთია...
– ჰა, ჰა, ჰა! – გადაიკისკისა გოგომ.
– რა გაცინებს? – გაუკვირდა კაცს – ასეთი სასაცილო ვარ?
– ნამდვილად. ამიტომაც გაქვს ცხოვრება არეული, თუმცა, ეს ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, რადგან სულ წუწუნებ, იმიტომ გითხარი.
– შენ ყოველთვის იცი, რისი გაკეთება გინდა?
– ყოველთვის! – გადაჭრით და დარწმუნებით თქვა გოგომ, – შეიძლება, არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ ასე არ არის. თუმცა, რაც გინდა, ის იფიქრე ჩემზე, არ მაღელვებს.
– ოჰ, გაბი, საერთოდ არ გაინტერესებ, ან, სპეციალურად იქცევი ასე.
– როგორ ვიქცევი? – გაეცინა გაბრიელას, – რატომ ხარ ასეთი პრეტენზიული გარემოსა და ადამიანების მიმართ? იქნებ ჯერ საკუთარი თავისთვის დაგესვა შეკითხვები? ოღონდ, არ იფიქრო, რომ ჭკუას გარიგებ – ასეთ რაღაცეებს ვერ ვიტან, მით უმეტეს, რომ არც დამრიგებლად გამოვდგები...
ლევანმა შეხედა გოგოს და ამოიოხრა. აშკარა იყო, რომ რაღაცაზე ჩაფიქრდა.
– მგონი, რაღაცაში გეთანხმები... ჰო, ბევრი რამ ჩემი ბრალიცაა, ასეა.
– კარგი, შენ იფიქრე, მე ყავას მოვადუღებ.
– მეც გამიკეთებ, ხომ? ვგიჟდები, ისე მომწონს შენი მოდუღებული ყავა.
– ამას მაშინ ამბობენ, როცა არ უნდათ, ზედმეტად გაისარჯონ და ყავის მოდუღებაც კი ვიღაცას შეაჩეჩონ, – ხუმრობანარევი მუქარით დაუქნია გოგომ თითი და მაღალი თეძოების რხევით სამზარეულოსკენ გაემართა. ლევანი საწოლზე წამოწვა და თავი ბალიშში ჩარგო...
***
... კახამ ღიმილით შეხედა ყავის ფინჯნებით მომავალ ქალს და მისაშველებლად წამოდგა.
– მოგეხმარები...
– იყოს, როგორმე მოვერევი, – ნაძალადევად გაიცინა თეონამ.
– მგონი, ძალიან გაწუხებ. ისე მომწონს შენი მოდუღებული ყავა – რაღაცნაირი, სხვანაირი გემო და სუნი აქვს, მგონი, მენატრება ხოლმე...
თეონას გულწრფელად გაეცინა.
– ჰო, ყავამ იცის მონატრება, ნამდვილად, – თქვა მრავალმნიშვნელოვნად, – მგონი, ღვეზელებიც უნდა მქონდეს.
– ძალიან მანებივრებ, ცოტა მერიდება კიდეც შენი.
– არა, რატომ? მოდი ხოლმე, როცა ყავა მოგენატრება.
ქალმა თეფშით ღვეზელები გამოიტანა და კაცს გვერდით მიუჯდა.
– შენთვის შეიძლება ყავა? – ჰკითხა კახამ და მის მუცელს შეხედა.
– რა ვიცი, ექიმს არ აუკრძალავს.
– ანუ, ყველაფერი წესრიგშია?
– როგორც ხედავ, – თეონამ ყავა მოსვა, – მე ვერაფერს ვამჩნევ განსაკუთრებულს ამ ყავას.
კახა გაწითლდა:
– იქნებ ფიქრობ, რომ შენთან ლევანის გამო მოვდივარ? ასე არ არის.
– არა, არ მგონია, მაგრამ, კარგია, რომ მოდიხარ. მომწყინდა სახლში უსაქმოდ ყოფნა. შენ ცოტას მახალისებ. როცა ვიცი, რომ უნდა მოხვიდე, მივდივარ და შენთვის საგანგებოდ ვაფქვევინებ ყავას.
– მართლა? – კახას სახე გაუბრწყინდა.
– ჰო, თმასაც საგანგებოდ ვივარცხნი – ვიპრანჭები.
კაცს უხერხულობა დაეტყო:
– დამცინი?
– არა. შენთან დალაპარაკების სურვილიც მიჩნდება.
კახას მოუსვენრობა დაეტყო, რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ახერხებდა. ბოლოს მაინც გარისკა:
– იცი, რა ვიფიქრე? როცა დრო გექნება, დამირეკე და გავისეირნოთ ხოლმე. მაგალითად, ქალაქგარეთ გავიდეთ – შენ სუფთა ჰაერი გჭირდება.
– მე თუ ბავშვს?
– ორივეს. ისე, მეც არ მაწყენდა, რას იტყვი?
ქალმა მხრები აიჩეჩა:
– პრინციპში, რატომაც არა?! ამით არაფერი დაშავდება. მე არავის წინაშე ვარ ვალდებული.
– ჰო, აბა, რა? ჩვენ არავის წინაშე არ ვართ ვალდებულები, – გაიმეორა კახამ და ფინჯანს გაუბედავად მოჰკიდა ხელი.
***
გაბრიელამ საწოლზე მოირთხა ფეხი და ყავა მოსვა.
– მართლა კარგად გამომდის. ყავახანა ხომ არ გამეხსნა?
ლევანი გამოცოცხლდა:
– გადასარევი აზრია. მოდი, დავფიქრდეთ. შეიძლება, გამოგვივიდეს კიდეც.
– რას ამბობ, მე მხოლოდ ვიხუმრე. რომელი ბიზნესვუმენი მე ვარ. ან შენ რა გამოცდილება გაქვს ამ საქმეში?
– ყავის მოდუღებას რა გამოცდილება უნდა?
– გამოცდილება ყველაფერს უნდა, ყველაფერს. დიდი ბიჭი ხარ და ეს უნდა იცოდე. საერთოდ, რას საქმიანობდი?
– მე? – გაიოცა ლევანმა, – ანუ, სად ვმუშაობდი? აქ, ამერიკაში თუ იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვედი?
გაბრიელამ მხრები აიჩეჩა:
– რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ მითხარი, რაც შეიძლება, მოკლედ.
– მოკლედ რა უნდა გითხრა... ხან რას ვაკეთებდი, ხან – რას.
– დარწმუნებული ვარ, ქუჩებს არ ხვეტდი და ნაგავი არ გაგქონდა.
– შენ ამას ირონიით ამბობ, მაგრამ, არც ისეთი ზარმაცი ვარ, როგორიც გგონივარ. ფიზიკურადაც მიმუშავია.
– ძალიან კარგი. ჰოდა, ხვალიდან შეგიძლია, ცოტა წაიმუშაო. აღარ ვაპირებ შენს კვებაზე და სიგარეტზე ზრუნვას.
– ასეც ვიცოდი, – ჩაიცინა ლევანმა, – ალფონსი გგონივარ.
– რა მგონიხარ? – ვერ მიხვდა გაბრიელა და ლამაზი მხრები აიჩეჩა.
– ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცი? სკოლაში რას გასწავლიდნენ?
– იმას, რაც შენთვის ნამდვილად არ უსწავლებიათ, – გესლიანი ღიმილით მიუგო გოგომ, ყავის ჭიქა იატაკზე დადგა და გაიზმორა, – საინტერესო ობიექტი ხარ დაკვირვებისთვის.
– რა?! ესე იგი, შენთვის კურდღელი ვარ, რომელსაც ცდებისთვის იყენებენ?
– ნუ ბუზღუნებ, თორემ, ბებერს ემსგავსები, –  დასცინა გაბრიელამ, – მოკლედ, თუ ჩემთან დარჩენა გინდა, ხვალიდან მუშაობა უნდა დაიწყო, ან – მშიერი იქნები.
– ღიზიანდები, ჩემზე ფულს რომ ხარჯავ?
– არა, უბრალოდ, ფული აღარ მაქვს.
ლევანს გაეღიმა:
– აჰა, ესე იგი, შენი სალარო დაცარიელდა.  მე კი მეგონა, რომ...
– ჰო, სალარო უნდა შევავსოთ. მეც არ ვიჯდები ისე, ბარში მიმტანად წავიმუშავებ.
– შენი გარეგნობით უკეთესი სამსახურის პოვნაც შეგიძლია.
– რისთვის? მიმტანობა მომწონს. უკეთეს სამსახურს უკეთესი პასუხისმგებლობა და სტაბილურობის სურვილი სჭირდება, რაც მე არ გამაჩნია.
– მდაა... – ამოიოხრა ლევანმა, – მგონი, მეც მაგის პრობლემა მაქვს – სტაბილურობისა და პასუხისმგებლობის. მოიცა, შეგიძლია, შენი მობილური ტელეფონი მათხოვო?
გაბრიელამ უსიტყვოდ გადაუგდო ტელეფონი.
– უნდა გავხსნა და შიგ ჩემი ბარათი ჩავდო. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს?
– არა... – გაბრიელამ ჭიქები წამოკრიფა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
– დარჩი, ნაცნობს ვურეკავ, პირადული არაფერია.
– მე არ მაინტერესებს, ვის ურეკავ, თუნდაც პირადული იყოს... – მხრები აიჩეჩა გაბიმ.
***
ნანამ მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და სახლში აჩქარებული ნაბიჯით შევიდა.
– აბა, რა სიახლეა? – ჰკითხა მოუთმენლად ყოფილ ქმარს, რომელიც შესასვლელშივე მიეგება და პალტო ჩამოართვა.
– ვიპოვეთ შენი რაინდი. ბარში დარეკა, რობერტოსთან – აქვეა, ორას კილომეტრში... ძალიან შორს არ წასულა. ადგილი, საიდანაც დარეკა, უკვე დავაფიქსირეთ – სანაპიროსთან ახლოსაა.
– სანაპიროზე რა ჯანდაბას აკეთებს? – წარბი შეიკრა ნანამ და კაცს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. სტივი მიხვდა, რისი გაგება აინტერესებდა ქალს.
– პატარა კემპინგია, უბრალო, დამოუკიდებელი ნომრებით. ეტყობა, იქ გაჩერდა. ფული ჰქონდა?
– არ ვიცი, – ნანამ თავი გადააქნია, – შეიძლება, ჰქონდა კიდეც.
– რის გაკეთებას აპირებ?
– ჯერ არ ვიცი. ბარში წავალ და რობერტოს დაველაპარაკები. მაინტერესებს, რა უთხრა.
– გეტყვის?
– რას გულისხმობ?
– სიმართლეს გეტყვის-მეთქი? ეგ იტალიელი ჩემს ნდობას არასდროს იმსახურებდა.
– მეტყვის. თუ არადა, ბარიდან გავაგდებ, – ნანამ ჩანთა და პალტო აიღო, – წავედი. მადლობელი ვარ შენი.
– სულ ეს არის? – ჩაილაპარაკა კაცმა იმედგაცრუებით.
ქალი მისკენ შეტრიალდა:
– სტივ, ახლა ამის დრო არ არის.
– ჰო, ვხვდები... და, არც არასდროს იქნება. კარგი, წავიდეთ, მეც წამოგყვები.
***
ლევანი დიდხანს ფიქრობდა, როგორ ეთქვა გაბრიელასთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ. რობერტოსთან საუბარმა მიახვედრა, რომ ნანას მისი დაბრუნების სურვილი ჰქონდა, თან, ვერც სამუშაოს ძებნის პერსპექტივამ მოხიბლა – ამერიკაში იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ბარში ჭურჭელი მერეცხა. სხვა, გაცილებით დიდი გეგმები მქონდა და არაფრის გულისთვის არ შეიძლება ამის დავიწყებაო, – ფიქრობდა. რა დროს ნანასთან ჩხუბი იყო, როცა ქალი ქმარსაც კი გაშორდა მასთან ყოფნის გამო. ლევანის გაქცევით გაკვეთილს ნანაც მიიღებდა. ასე რომ, ცდად ღირდა. თუმცა, გაბიც არ ეთმობოდა – იმის გაფიქრებაც კი უჭირდა, რომ მის შესანიშნავ მკერდს ვეღარ შეეხებოდა.
გაბრიელამ ქაღალდის ჩანთა მაგიდაზე დადო.
– იმედია, მექსიკური სამზარეულო გიყვარს... პირობა დავარღვიე – დღესაც მე მოგიტანე საჭმელი, მაგრამ ეს ბოლოა...
– გაბი, მე მივდივარ...
– სამსახური იშოვე? კარგია. ვჭამოთ და ისე წადი, თუ, ახლავე გარბიხარ?
– გაბი, შენ ვერ გამიგე... სულ მივდივარ.
– კარგი, – საკმაოდ მშვიდად წარმოთქვა გოგომ, – მაგრამ, რატომ გაქვს ასეთი სახე? საშინელება არ მომხდარა, ეს შენი გადაწყვეტილებაა.
– ანუ, შემიძლია, ასე, ავდგე და წავიდე?
– ჰო. ჩვენ ხომ თავიდანვე შევთანხმდით ამაზე? არანაირი პრობლემა. შეიძლებოდა, პირველი მე წავსულიყავი, ან, უბრალოდ, გამეგდე.
– ჰო?! აპირებდი ამას?
გაბრიელამ დამცინავად შეხედა:
– ვერ გავიგე, გინდა წასვლა თუ ჩემს გაღიზიანებას ცდილობ? მინდა გითხრა, რომ არაფერი გამოგივა.
– მინდა ვიცოდე, კიდევ გნახავ თუ არა.
– ოჰო, აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე! სიმართლე გითხრა, გამორიცხული არაფერია, ანუ, შეიძლება, მნახო კიდეც.
– მომენატრები, – კაცი გაბისთან მივიდა და მხრებში მოჰკიდა ხელი.
– არა, – თქვა გაბიმ.
– რა – არა?
– შენთან ახლა არ დავწვები. რადგან მიდიხარ, წადი. მონატრება და მსგავსი სენტიმენტები ჩემთვის უცხოა, მხოლოდ მეცინება ამაზე.
– მართლა მომენატრები, – გაუმეორა ნირწამხდარმა ლევანმა.
– ეგ უკვე შენი პრობლემაა, – გადაიკისკისა გოგომ და, კაცის დაღვრემილი სახე რომ დაინახა, დაამატა: – როცა ჩემი ნახვა მოგინდება, მიპოვი, დარწმუნებული ვარ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3