როგორ გადაარჩინა ლავრენტი ბერიამ თავისი მომავალი ჯალათი სიკვდილს
სწორედ ბედის ირონია ჰქვია იმ ფაქტს, რომ ლავრენტი ბერიამ თავისი მომავალი ჯალათი, ანდრეი ბატიცკი, საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა სიკვდილისგან.
ისტორიკოსი ანდრეი პარშევი მოგვითხრობს: „გენერალი ბატიცკი იმპულსური, შეიძლება ითქვას, ისტერიული ადამიანი იყო და ხშირად სჩადიოდა ისეთ საქციელს, რაც ნამდვილად არ შეეფერებოდა სამხედროს, მით უმეტეს – უმაღლესი რანგის ოფიცერს. ის გენერალი გახლდათ და საბჭოთა სამხედრო ელიტაში შედიოდა. სასტიკი, დაუნდობელი და უსამართლო ბატიცკი საკუთარი კარიერისა თუ ამბიციის გამო, უახლოეს მეგობრებსაც კი არ ინდობდა, ხელქვეითებს დამამცირებლად ექცეოდა, ხელმძღვანელებს კი ელაქუცებოდა და ყველაზე დანაშაულებრივი ბრძანების შესასრულებლადაც კი მზად იყო. ასეთი დანაშაული ჩაიდინა მან მაშინაც, როდესაც, 1953 წელს, ყოველგვარი განაჩენისა და მტკიცებულებების გარეშე, კეფაში გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა საბჭოთა კავშირის მარშალი ლავრენტი პავლეს ძე ბერია... ოციოდე წლით ადრე კი, სწორედ ბერიამ, თანაც, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იხსნა ეს ნაძირალა სიკვდილისგან.
1933 წლის მაისის ერთ მზიან დღეს საქართველოს მეთაური ლავრენტი ბერია თავისი სახლიდან, რომელიც სოლოლაკში მდებარეობდა, სამსახურებრივი მანქანით მიდიოდა სამსახურში. მანქანამ კიროვის ქუჩა გაიარა და მარცხნივ, რუსთაველის გამზირისკენ შეუხვია. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბს (ამჟამინდელი სასტუმრო „მარიოტი“) რომ გაუსწორდა, ერთად შეჯგუფული უამრავი ადამიანი დაინახა. ბერიამ მძღოლს მანქანა გააჩერებინა და გადმოვიდა. გადმოვიდა მისი დაცვის უფროსი ბოგდან ქობულოვიც, რომელმაც მეორე მანქანიდან ოთხი პირადი მცველიც იახლა და ისინი შეჯგუფული ადამიანებისკენ გაემართნენ, რომელთა შორის ფორმიანი სამხედროები ჭარბობდნენ.
– რა ხდება აქ? – ჰკითხა ბერიამ ერთ-ერთ კაპიტანს, რომელმაც მისკენ შემოუბრუნებლად მიუგო:
– ისევ მაიორი ბატიცკი აწყობს სკანდალებს.
ბერიამ წრე გაარღვია და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, საყელომოღეღილი კაცი დაინახა, რომელსაც მარცხენა ხელში ნახევრად დაცლილი არყის ბოთლი ეკავა, დროდადრო სვამდა და თან ხმამაღლა იგინებოდა; მარჯვენა ხელით კი პისტოლეტს, უღერებდა ჰაერს და ვიღაცას ემუქრებოდა. ის ირგვლივ შეკრებილებს დროგამოშვებით უყვიროდა – არ მომეკაროთ, თორემ, თავს მოვიკლავო, თუმცა, მიახლოებას არც არავინ აპირებდა, ისინი, უბრალოდ, სანახაობით ერთობოდნენ.
– რას შეჯგუფულხართ ამ ცირკის საცქერლად! – შემოუწყრა ბერია შეკრებილებს და იქ მყოფებმა მხოლოდ ამის შემდეგ მიაქციეს ყურადღება „პირველს“, იცნეს ის და აჩურჩულდნენ – ბერია, ბერიაო... ლავრენტი ბერია წრეში შევიდა და შეჰყვნენ მცველებიც. ამ დროს ბატიცკიმ ბერიას პისტოლეტი მიუშვირა და დაუღრიალა:
– არ მომეკარო, თორემ, გესვრი!
ქობულოვი და პირადი მცველები ბერიას გარს შემოერტყნენ და, ის იყო, ბატიცკი უნდა ჩაეცხრილათ, როდესაც ბერიამ უბრძანა, არ ესროლოთო; შემდეგ დაცვა გვერდზე გასწია, მაიორს ორი ნაბიჯით მიუახლოვდა და მშვიდად უთხრა:
– შეწყვიტეთ ეს უმსგავსობა, მაიორო და თავი მოიწესრიგეთ. სირცხვილია!
უცებ ბატიცკიმ იარაღი შუბლზე მიიდო და უნდა გამოეკრა, რომ ბერიამ სწრაფად ჩაავლო მაჯაში ხელი და პისტოლეტი მის შუბლს მოაშორა. გასროლა მაინც მოხდა, მაგრამ ტყვია ჰაერში გავარდა. ქობულოვმა და მისმა ხელქვეითებმა ბატიცკი უმალვე გაკოჭეს და იარაღი წაართვეს. ქობულოვმა კი ერთ-ერთ ხელქვეითს უბრძანა:
– უახლოეს მილიციაში წაათრიეთ და მეც მალე მოვალ. ნახოს მაგან (ქობულოვმა მიწაზე გართხმული მაიორისკენ გაიშვირა ხელი), როგორ ისჯება ცეკას პირველ მდივანზე თავდასხმა.
– მილიცია არ გინდათ, თქვენთან ჩაისვით და კაბინეტში მომიყვანეთ, – უბრძანა ბერიამ პირად მცველებს, შემდეგ პირდაღებულ სამხედროებს შეუბღვირა და თავისი მანქანისკენ გაეშურა.
ნახევარი საათის შემდეგ მაიორი ბატიცკი უკვე ბერიას კაბინეტში იჯდა თავჩაქინდრული და მის კითხვებს პასუხობდა.
– სად მუშაობთ, მაიორო ბატიცკი? – ჰკითხა ბერიამ.
– ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის ოპერატიულ სამმართველოში, – მიუგო ბატიცკიმ.
ბერიამ დაწვრილებით გამოჰკითხა მაიორს ყველაფერი და გაარკვია, რომ მისი ასეთი მდგომარეობა ცოლთან კონფლიქტის ბრალი იყო. შემდეგ ისიც გაირკვა, რომ მაიორს თავის უშუალო უფროსთანაც ჰქონია კონფლიქტი, რომელიც მას დაქვეითებას უპირებდა ლოთობისა და დებოშის გამო.
– ჩემი ცოლის ბრალია ყველაფერი, ამხანაგო ბერია. კაცი ვარ და თავისუფალ დროს დალევაზეც არ ვამბობ უარს, ჩემს ცოლს კი ეს არ მოსწონს და სახლიდან გარბის. წუხელაც ასე მოხდა, დღეს დილით კი მოვიდა, ჩემოდნები ჩაალაგა და მოსკოვში, დედამისთან გაემგზავრა მატარებლით, – უთხრა ბერიას ბატიცკიმ.
– კაცი ხართ და ცოლთან ურთიერთობა თვითონ უნდა მოაგვაროთ, მაიორო ბატიცკი. შევეცდები, გიშველოთ; მაგრამ, თუკი მომავალში ოდნავი გადაცდენა მაინც გექნებათ, ასმაგად დაისჯებით. ახლა სახლში წადით და გამოიძინეთ, ხვალ დილით კი დროზე გამოცხადდით სამსახურში! – უთხრა ბერიამ მაიორს, შემდეგ წართმეული იარაღი დაუბრუნა და დაამატა: – აი, თქვენი იარაღი და, ეცადეთ, მტერს ესროლოთ და არა მოყვარეს ან საკუთარ თავს (სხვათა შორის, დაახლოებით 20 წლის შემდეგ, ბატიცკიმ ბერია სწორედ იმ ტაბელური იარაღით მოკლა და სროლისას ხმამაღლა თქვა: „სიკვდილი ხალხის მტერს...“).
ბერიამ გაარკვია, რომ ბატიცკის ცოლი პოლკოვნიკ ზოტოვთან, მის უშუალო უფროსთან ღალატობდა, ვინც ბატიცკის სამსახურიდან გაგდებას უპირებდა. ლავრენტი ბერიამ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს სთხოვა ბატიცკის პატიება, ზოტოვი კი მოსკოვში გადააყვანინა და ბატიცკის ცოლი ქმართან დააბრუნა. სულ მალე ბატიცკი მოსკოვში გადაიყვანეს და იქ მან კარიერა გაიკეთა. ეს ორი ადამიანი ხელმეორედ მხოლოდ ოცი წლის შემდეგ შეხვდა ერთმანეთს, მაგრამ, უკვე შეცვლილი როლებით: ბერია მუხანათური შეთქმულების მსხვერპლი იყო, უკვე გენერალი ბატიცკი კი – სასტიკი ჯალათი...“