იწვევს თუ არა ხშირი გაციება გულის დაავადებებს
ზოგიერთი დაავადების დროს გულის ზომა იმატებს. ეს პათოლოგიაა და ამის მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. არსებობს გულის გადიდების ბუნებრივი მიზეზები, მაგალითად, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა გულის უფრო აქტიურ მუშაობას მოითხოვს, რაც გულის კუნთის უჯრედების ზომაში მატებასა და გულის მასის ზრდას იწვევს. ეს ფიზიოლოგიური მიზეზია, მაგრამ, მეტისმეტმა დატვირთვამ, სტრესმა და სხვადასხვა დაავადებამ, შესაძლოა, შემდგომში გულის ჰიპერტროფიულ დაავადებამდე მიგვიყვანოს.
გულის დაავადების სხვა მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებულია ჰიპერტონიული დაავადება. სისხლძარღვებში წნევის მატებისას გულს მეტი დატვირთვით უწევს მუშაობა სისხლის გადასაქაჩად. ამიტომ, გულის კუნთები გაძლიერებულად მუშაობს, ზომაში იმატებს და გული ჰიპერტროფირდება. ის ფართოვდება, რათა შეებრძოლოს მომატებულ წნევას და სისხლი სპაზმირებულ სისხლძარღვებში გადაქაჩოს.
გულის იშემიური დაავადებისას გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვები ზიანდება და ირღვევა გულის კუნთის სისხლმომარაგება. ამის გამო, კუნთის უჯრედები იწყებს გადაგვარებას და მათ ჩაენაცვლება შემაერთებელი ქსოვილი. ეს ქსოვილი კი არ არის ელასტიკური, არ შეუძლია, შეიკუმშოს და ხდება გულის ღრუების გაფართოება, რასაც დილეტაცია ეწოდება.
გულის ზრდა შესაძლოა გამოიწვიოს გულის კუნთის ანთებამაც. ანგინის ან ქუნთრუშის გადატანის შემდეგ ხშირად ვითარდება გართულებები გულზე. თუ დაავადებას დროულად არ უმკურნალეთ, შესაძლოა, განვითარდეს საკმაოდ მწვავე დაავადება. დაავადებისგან გამოფიტული გულის კუნთის ქსოვილი დუნდება და გულის ღრუები იმდენად ფართოვდება, რომ გული გულმკერდის ორივე ნახევარს იკავებს.
რევმატიზმი ფარულად მიმდინარეობს, ამ დროს ადამიანი გრძნობს სისუსტეს, რასაც გადატანილ ანგინას, გრიპსა და სხვა დაავადებას აბრალებს. ამ დროს კი კარდიტმა, ანუ გულის კუნთის ანთებამ, შეიძლება, გულის მანკის განვითარება გამოიწვიოს. კარდიტის ძირითადი პროფილაქტიკაა ანგინის დროული მკურნალობა ანტიბიოტიკებით.
საკმაოდ ხშირია გრიპის შემდგომი მიოკარდიტები, რომლებიც ასევე იწვევს გულის კონფიგურაციის ცვლილებას. გულის გადიდებას შეიძლება, იწვევდეს თანდაყოლილი მანკები, ალკოჰოლით ინტოქსიკაცია და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ გადიდებულ გულში კუნთოვანი ქსოვილის დეფიციტია, მისი კუმშვითი ფუნქცია ქვეითდება. ის ნაკლებ სისხლს გადაისვრის ორგანიზმში და ცუდად ამარაგებს მას. ამის შედეგად ვითარდება გულის უკმარისობა. გულის უკმარისობის მოხსნა კი მეტად მნიშვნელოვანია ჰიპერტონიითა და იშემიით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობის დროს.
გადიდებული გულის მკურნალობა გულისხმობს ძირითადი დაავადებების, კერძოდ, იშემიისა და ჰიპერტონიის მკურნალობას. ამ დროს მნიშვნელოვანია სისხლში ქოლესტერინის დონის მოწესრიგება. ამისთვის საჭიროა უცხიმო დიეტის დაცვა, რაციონის გამდიდრება მცენარეული საკვებითა და უცხიმო რძის პროდუქტით. ასევე, კარგია უცხიმო ხორცი, თევზი, ხილი, ბოსტნეული. აღსანიშნავია, რომ ბადრიჯანი აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, დღეში ორი ვაშლის ჭამა კი ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლებზე დალექილი ქოლესტერინის გამოტანას. ამ დროს აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.
აღიდგინეთ ჯანმრთელობა კომშისა და ლიმონის დახმარებით
მხედველობის გასაუმჯობესებლად და ხველების სამკურნალოდ კომში უებარია. კომშის 2 ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათი, შემდეგ, გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა, ჭამის წინ; დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნაყენი კი – ჭამის შემდეგ. კურსი ორი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ხველაც შეგიჩერდებათ და მხედველობაც გაგიუმჯობესდებათ.
ასევე, ხველების დროს კარგია კომშის გულისა და კურკების ნახარშის მიღება: გაჭერით კომში შუაზე, ამოაჭერით გული კურკებიანად, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთი. დალიეთ 1 ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, თბილი, ჭამის შემდეგ, დილით და საღამოს.
ლიმონი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. გირჩევთ, სისტემატურად მიირთვათ ლიმონი და სვათ მისი ახალგამოწურული წვენი. ლიმონი მდიდარია ასკორბინის მჟავით, რაც ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ინფექციებისადმი. მისი წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ლიმონის მჟავას; რბილობსა და ცედრაში კი არის პექტინები, ფიტონციდები, ეთერზეთები, კალიუმისა და სპილენძის მარილები და სხვა მიკროელემენტები.
ლიმონის წვენი კარგია ციებ-ცხელების დროს, წყურვილის მოსაკლავად და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მას იყენებენ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ანთებების, შემცირებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტის, ნიკრისის ქარისა და კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
წყალში გაზავებული ლიმონის წვენი კარგია ბუასილის დროს. გარეგანი მოხმარებისთვის კი ლიმონის წვენს იყენებენ კანის სოკოვანი დაავადებებისა და ქავილის სამკურნალოდ.
იმისთვის, რომ ძალები აღიდგინოთ და ორგანიზმმა ვიტამინების ნაკლებობა არ განიცადოს, აუცილებელია, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
* გულის მუშაობისა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კანიანად გახეხეთ ერთი ცალი ლიმონი და ერთი ცალი ფორთოხალი, შემდეგ კარგად გაწურეთ და მიღებულ წვენს დაუმატეთ იმავე რაოდენობის ანადუღარი ცივი წყალი. დალიეთ დღეში ერთხელ, დილის საათებში. ეს რეცეპტი ჰემოგლობინის დონესაც არეგულირებს და სისხლსაც წმენდს.
* 500 გრამ თაფლს დაუმატეთ 500 მილილიტრი ალოეს წვენი და 500 მილილიტრი ნატურალური შავი ღვინო. დადგით ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ 30 მილილიტრამდე ამოშრება. დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
* 1 ჩაის კოვზი ასკილის ნაყოფი გარეცხეთ, დანაყეთ, ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში და ადუღეთ ხუთი წუთი. დადგით ოთახის ტემპერატურაზე და 5 საათის შემდეგ გაწურეთ დოლბანდში. წვენს დაუმატეთ 2 ცალი ბროწეულის წვენი, 2 ლიმონის წვენი და 1 ჩაის ჭიქა თაფლი. მიიღეთ ყავის ჭიქით, დღეში ორჯერ, ჭამამდე ორი საათით ადრე.
რა უნდა გაითვალისწინოს წნევიანმა ადამიანმა
ასაკის მატებასთან ერთად, უმეტესობას აწუხებს ჭარბი წონა. ჭარბ წონასა და არტერიულ წნევას შორის კი პირდაპირი კავშირია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხიმის დაგროვებას მუცლის ირგვლივ. სხეულის მასის შემცირება კი აფერხებს არტერიული წნევის მატებას, აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას. ძირითადი მნიშვნელობა ამ მხრივ ენიჭება მოხმარებული ცხიმისა და მარილის რაოდენობას. ცხოველური ცხიმები, რომლებიც ორგანიზმში ხვდება საკვების სახით, შეიძლება გახდეს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობით დაგროვების მიზეზი. ქოლესტერინი მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ, მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღების დროს იზრდება ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკიც.
სასურველია, საკვებ რაციონში შეზღუდოთ ცხიმები, ხორცის პროდუქტები, შემწვარი საჭმელი და უპირატესობა მიანიჭოთ რძისა და მცენარეულ პროდუქტებს, რადგან ისინი მცირე რაოდენობით შეიცავენ ცხიმებს. ასევე, აუცილებელია მარილის შეზღუდვაც, რადგან ის იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას. უნდა დაიცვათ ბალანსი საკვებით მიღებულ და დახარჯულ ენერგიებს შორის, რადგან, თუ მიღებული ენერგიის რაოდენობა ჭარბობს მის დანახარჯს, მაშინ ენერგიის ეს სიჭარბე ორგანიზმში ცხიმების სახით გროვდება, ნორმალური წონის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკული დანახარჯების რეალურ დონეს.
თუ წნევა გაწუხებთ, მიირთვით უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი, თხილი, მარცვლოვანი კულტურები; უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან და მიკროელემენტებით (მაგალითად, კალიუმით, კალციუმითა და მაგნიუმით) მდიდარ საკვებს, რადგან მათ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აქვთ. ეცადეთ, საკვები დაძინებამდე 5 საათით ადრე მიიღოთ, რათა ორგანიზმი ღამით დაასვენოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა ეფექტურად ებრძვის არტერიულ ჰიპერტენზიას და გულის იშემიურ დაავადებას.
სტრესი და არასწორი კვება სისხლძარღვებს ცვეთს
სასიცოცხლო ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებლად აკონტროლეთ წნევა, სისხლძარღვების ჯანმრთელობა და წონა. გადაღლა, სტრესი და არასწორი კვება ცვეთს სისხლძარღვებს, უკარგავს ელასტიკურობას, იხშობა წვრილი ძარღვები, რასაც სპაზმები, თავის ტკივილი და მთელი რიგი უსიამოვნებები მოსდევს. ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ინსულტის რისკ-ფაქტორებს შორის პირველ ადგილზეა ჰიპერტონია.
კოორდინაციის დაკარგვის, თავბრუხვევის, თავის ტვინის სპაზმების დროს უნდა მიიღოთ მცენარეებზე დამზადებული წამლები, რომლებიც აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, წნევას, წმენდს კაპილარებს ცხიმოვანი დანალექებისგან, აღადგენს ძარღვების ელასტიკურობას და ასე შემდეგ. დაძაბულობისა და გადაღლის დროს უნდა მიირთვათ საქონლის ღვიძლი ან ტვინი, ბროწეული, ანანასი, ავოკადო, ხორბლის ღერღილის ნაწარმი, ბევრი ხილი და ბოსტნეული.
C ვიტამინი, რომელსაც უხვად შეიცავს ფორთოხალი და გრეიპფრუტი, წმენდს ტვინის სისხლძარღვებს. კვებით რაციონში აუცილებლად ჩართეთ მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ზღვის პროდუქტებიც, რაც აუმჯობესებს ადამიანის გონებრივ აქტივობას.
სისხლში გროვდება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც გამოდევნილი უნდა იყოს ორგანიზმიდან, ესენია მიმოცვლისთვის უსარგებლო და საზიანო პროდუქტები. თუ ორგანიზმში რაღაც წესრიგში არ არის, სისხლში მათი შემადგენლობა იზრდება, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას აუარესებს. პირველად იმ ორგანოს უნდა უმკურნალოთ, რომლის გამოც არის ეს გამოწვეული. მაგრამ, პერიოდულად სისხლის გაწმენდა რეკომენდებულია თუნდაც იმიტომ, რომ, ლიპიდური ბალანსის დარღვევისა და სისხლში ქოლესტერინის მომატების შედეგად, ის ზედმეტად სქელდება, ვეღარ ახერხებს უწვრილეს კაპილარებში გავლას და უჯრედების კვებას ჟანგბადითა და სხვა საკვები ნივთიერებებით. ეს საშიშროება 40 წლის შემდეგ თითქმის ყველას ემუქრება. ხალხურ მედიცინაში სისხლის გაწმენდის რამდენიმე რეცეპტი არსებობს. მაგალითად:
* 2 ჭიქა ნატურალური ღვინო, 1 ჭიქა დანაყილი კამის თესლი და 2 სადილის კოვზი ვალერიანის დანაყილი ძირები ჩაყარეთ მოზრდილ თერმოსში, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი და 1 დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, დღეში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში.
სისხლს კარგად წმენდს სამკურნალო ბალახებიც, რომელთაგან ზოგიერთს სხვა სამკურნალო თვისებებიც აქვს. კერძოდ:
* მინის ჭურჭელში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ჭინჭარი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და დადგით 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დილით და საღამოს, ერთი თვის განმავლობაში. ეს ნაყენი არა მარტო წმენდს სისხლს, არამედ ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის აღდგენას.