რატომ უნდოდა მარო მაყაშვილს კაცად დაბადება და ვის დანახვაზე მისდიოდა მას გული
„…ჩემ თვალწინ სანიტარულ ეტლს დაეცა ყუმბარა და თვრამეტი წლის ქალწული, შროშანივით ნაზი არსება, ჭიანჭველასაც რომ არ გასრესდა ფეხით, აიტაცა ასეთმა ყუმბარამ და იმ ადგილზე მხოლოდ ადამიანის სხეულის ნამუსრევები ვიპოვეთ მერმე…” (კონსტანტინე გამსახურდია. ნაწყვეტი მოთხრობიდან „დიდი იოსები“.) მოგვიანებით, ზაქარია ფალიაშვილს „დაისის” მთავარი გმირისთვის მარო სწორედ მაყაშვილების ასულის პატივსაცემად დაურქმევია. მას ხშირად იხსენიებდნენ ნინოს, თამარის, ქეთევანის გვერდით, „ქართველ ჟანა დარკსაც” უწოდებდნენ მანამ, სანამ საქართველოში ბოლშევიზმი მოიკიდებდა ფეხს და კოჯორ-ტაბახმელის გმირების ხსენებაც კი საშიში გახდებოდა. „ღმერთო, რად დამბადე ქალად. მინდოდა ვყოფილიყავი მძლავრი და ჭკვიანი კაცი!” – ეს 1919 წლის ზაფხულის ჩანაწერია. ერთად გადავავლოთ თვალი ამ საოცარი გმირი გოგონას დღიურებს.
„ერეკლე, ერეკლევ, რაზე დაგვღუპე? მართალია, შენც სხვა გზა არ გქონდა, მაგრამ რუსს რათ მიგვეცი? იმიტომ, რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ვიტანჯოთ? რათ? რა დაგიშავა საბრალო ერმა, ღმერთო?.. აქ გლეხი გამხეცდა და თავის მოძმე ქართველს ჰკლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა, გაფუჭდა. აი, რუსობამ რა შედეგი მოუტანა ჩვენს ერს. ნუთუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს... ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა, ამ ომის დროს და მერე… ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი. ღმერთო, მოგვიმართე ხელი.
1918 წლის 20 მაისი
***
იმ საშინელ დღეს მიდიოდა ორი ჯარი – ქართველები და გერმანელები. ხალხი ბუზებივით ირეოდა. ზოგი იცინოდა, მხიარულობდა, ზოგი კი სდუმდა და სევდას ეძლეოდა. ჩემზე ამან ისე იმოქმედა, რომ ტირილიც კი მინდოდა... რა საზარელი შეხედულება აქვთ: ჩასხმულები, მხარბეჭიანები, გოჭივით ჩასუქებული ცხვირ-პირი და სასტიკი გამომეტყველება. ჩემს უკან მოდიოდა ორი რუსი. ერთმა მათგანმა სთქვა, როცა ქართული სიმღერა გაიგეს: ïîé ëჭñòî÷êჭ, ïîé è ìîჯèëó ñåხå ðîé! აი რუსების უკანასკნელი გამომშვიდობება, ამ სიტყვებით მოგვეგებნენ...
1918 წელი, 12 ივნისი
***
ნუთუ არასდროს მეღირსება, რომ სადმე სოფელში სახლი და მიწა მქონდეს. ეგ არის ყველაზედ დიდი ჩემი ნატვრა. ერთი წლის შემდეგ გავათავებ სწავლას და უსათუოდ სამეურნეო კურსებზედ წავალ და რაში უნდა გამოვიყენო სწავლა? მე მამული არ მაქვს, მიწა-წყალი. თუ კარგად ვიქნებით, იქნება მამამ შეიძინოს სიბერის დროს დასასვენებელი ალაგი და იყიდოს მიწა და სახლი. მაშინ როგორ მოვაწყო. უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე... მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემს მიწა-წყალზედ... ოჰ, ღმერთო, აგვისრულე ეს მცირე თხოვნა, გაგვიგრძელე სიცოცხლე, მოგვეც ძალ-ღონე და თუ ადამიანს მოუნდა, ყველაფერს შეძლებს... იქნება როგორმე ჩვენც გაგვიღიმოს ბედმა. მამა პარლამენტში არის და იქ ეხლა აძლევენ ჯამაგირებს... ლამაზი სახლი… დიდი ბაღი… უჰ, ნუთუ მეღირსება, რომ სულ ჩვენი ხელით იყოს გაკეთებული... მე ყველაფერი წარმოდგენილი მაქვს, ჯერ ბავშობიდან ვნატრობ ამაზედ...
22 ივნისი
…ამას წინად მეხუთედ შემხვდა „ის”. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს. არ ვიცი, რისთვის. იმიტომ, რომ ვწითლდები, თუ… ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის… ამას წინად თეთრ ჩოხაში ვნახე, შესანიშნავი იყო… რაღაც მემართება. ახლა ძალიან შემემჩნა მარტოობა. მინდა დედა მალე ჩამოვიდეს, მოწყენით ვარ…
1918 წელი. 28 ივნისი
…თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზის არ ვიქნები. ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ.
17 ენკენისთვე
…ეჰ! რა დროს პირად გრძნობაზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. გათავდა მსოფლიო ომი. ვიფიქრეთ, პატარა და დიდი მტრები ეხლა მოისვენებენო. არა! ახლა პატარებმა, უმნიშვნელო, უსინდისო და კიდევ სხვა ერმა – სომხებმა გამოუცხადეს ომი! მერე ვის? ქართველებს. ლაჩრები. რამდენი სიკეთე ვუყავით, ათასობით ლტოლვილი, გლეხები, შიმშილსა და სიკვდილს გადავარჩინეთ, მეზობლებათ და მეგობრებათ ვთვლიდით… გუშინ ულტიმატუმი წამოუყენა სომხის მთავრობამ ერევანისა – ქართველებს. ახალქალაქი, ახალციხე, ჯავახეთი დაგვიცალეთო, თბილისი ნეიტრალურ ქალაქად გახადეთო. შორიდან გულადები, უნამუსოები… ეხლა ისე დავეცემით და გავლაჩრდებით, რომ ესენი ავასრულოთ? სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. ქართველი ძალიან მომთმენია, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მსხვერპლი დიდი იქნება. აი, რა არის საშიში, ღმერთო! ნუთუ მაგისთანა უსინდისო ხალხზე შენი კურთხევა წამოვა! არა მგონია, არა! მაშ დაიცადეთ, მგონი, დაგავიწყდათ ქართველების მუშტის გემო!!! ძალა რომ მქონდეს მე…
...ჩემი ნატვრა თუ ამისრულდა, ხომ კარგი და თუ არა და?.. ძალიან მინდა ყველა ენები შევისწავლო ისე, რომ მშვენივრად ვიცოდე. თუ არ ვიზარმაცებ, მუსიკას გავაგრძელებ. მინდა საზღვარგარეთ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ, ერთ წელიწადს ვიმსახურებ. მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი... ღმერთო, გემუდარები, გეხვეწები მონა შენი, დავიჭირო გამოცდები და სწავლა კარგად დავასრულო...
10 ოქტომბერი, 1918 წელი
…თანდათან რაღაც მეპარება მე გულში. რაღაც ახალი გრძნობა, ტკბილი, სასიამოვნო. ერთ ვინმეს რომ დავინახავ ხოლმე, გული ძგერას დამიწყებს და სისხლი თავში ამივარდება. მე არ ვიცნობ მას. არ ვიცი მისი სახელი, ამგვარი ნეტავ ვინ არის? მაგრამ მგონია, გავიგებ მალე.
17 დეკემბერი
***
გუშინ სასწავლებელში გვქონდა დიდი საღამო-ბალი... კორიდორებში გამოვედით დასასვენებლად, როცა გოგა, მე, ქეთო, გუგული და ბევრი სხვა ჩვენი ჯგუფისა შევედით პატარა სასტუმრო ოთახში და ცალკე ცეკვა გავმართეთ. იქვე როიალი იდგა, გუგული მამაცაშვილი უკრავდა. ჩვენ კი ყველაფერს ვცეკვავდით, ტანგოსაც კი. მერე ჩაჩნური მათამაშეს, ყველას ძალიან მოეწონა. მუსიკა მშვენიერი იყო. ხალხი ძალიან ბევრი იყო და კინაღამ ჩხუბი არ მოუვიდათ ზოგიერთ სამხედრო პირებს, მაგრამ გააშველეს. 11 საათზე პაოლო იაშვილი მოვიდა. მივესალმეთ და ყვავილები მივეცით. შემდეგ კოპალიც მოვიდა და ვახშმისთვის სულ კარგი ხალხი დარჩა. პირველ საათზე თუ ორის ნახევარზე ვახშამზე დასხდნენ. პაოლო ტოლუმბაშათ იყო. აუქციონზე შამპანური ორ ათასად გაჰყიდა. ძალიან ყვიროდა და დაიღალა. ესტრადაზე მე და ქეთო აგვიყვანა და იქ გვეჭირა ბოთლი. სხვები ფულს აგროვებდნენ. კაბარეს დროს პაოლომ და კოპალმა ლექსები წაიკითხეს. სახაზინო თეატრიდან მოიპატიჟეს მოცეკვავეები და მომღერლები. ძალიან კარგი იყო. ჩემ მაგიდიდან ბლომად ავიღე ფული. ძალიან ბევრნი მოვიდნენ კომერციულ სასწავლებლის საღამოდან ჩვენ ვახშამზე. 4 საათზე ხალხი წავიდ-წამოვიდა. თამარ ილინიშნამ ძლივს გააბრძანა ზოგიერთი მთვრალი სამხედრო პირი...
მერე პაოლომ და კოპალმა დალიეს, ალავერდი ჩემთან იყო. დაუკრეს ჩაჩნური, ვიცოდი, რომ მათამაშებდნენ. გავიქეცი და დავიმალე სხვა ოთახში. ყველანი გამომეკიდნენ – კნიაჟნა, კნიაჟნა! სულ ერთია, არ დაგანებებთ თავსო, მანამ არ ითამაშებთ. რა მექნა, მეც დავსთანხმდი. ტასო და რცხილაძე აქ ძალიან დაითვრნენ. ტასო ძლივს იჯდა სკამზე. ხან მე დამადებდა მხარზე თავს, ხან ელოს. მეც სანაძლეოზე ვჭყიპავდი. რცხილაძე ხომ კინაღამ მოკვდა. სულ გასულელდა და რაღაცეებს ბუტბუტებდა. ოჰ, რამდენი ვიცინეთ... ვაჟები, მე, სუნანა და მედია ერთად გამოვედით. აი, აქ იყო, რაც იყო. სახლამდინ არ მომიკუმია პირი, გიჟივით ვიცინოდით. სასწავლებლიდან რომ გამოვედით, პაოლომ მოტეხა ერთი დიდი ტოტი ხისა, შუა ქუჩაში დადგა და ყვირილი დაიწყო: გაიღვიძე, მინისტრო ევგენი გეგეჭკორო!.. ისე ვხმაურობდით, რომ ყველა ფანჯარაში იყურებოდა ღამის საცვლებში. პაოლო და კოპალი ქუდს უხდიდნენ და კოცნას უგზავნიდნენ. პირველნი სირცხვილისგან იმალებოდნენ. შეგვხვდა ერთი დროგი ჭარხლით. პაოლომ მისცა მედროგეს 5 მანეთი, 4 დიდი ჭარხალი ამოაცალა და გადმოგვიგდო. ერთი საჩაიეში შეიტანა და უთხრა, სადილისთვის ჭარხლის სუფი გამიკეთეთო. მეორე მუშას ჩაუჩხირა პირში. ორი ვირი მოდიოდა, ზედ შეაჯდა და გარეკა... კოპალმა და პაოლომ ორი უშველებელი თაიგული იები გვიყიდეს. მე და სუსანას ყველაზე დიდები მოგვცეს... პაოლომ, ციციშვილმა და კოპალმა დაინახეს ერთი მზარეული, რომელიც ფანჯარაში იდგა. რკინის ღობე ჰქონდა გაკეთებული. როგორც ნადირის, ისე ბრაზება დაიწყეს, თითს აჩვენებდნენ. ეღრიჭებოდნენ. იმანაც ვეღარ მოითმინა და წყალი შეასხა. ერთი თათრის დუქანში შევიდა პაოლო, აიღო დიდი ვაშლი და მთელ ქუჩაში მიყვირის: მარო, მაყაშვილის ქალო, ვაშლი, ვაშლი დაიჭირეო და გადმომიგდო. მე ძლივს დავიჭირე. მერე აიღო რაღაცა და მეუბნება, რა მაქვსო თქვენთვის, რაო! მე მივედი და ხახვი ჩამიდო ხელში…
1919 წ.
…მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა… გუშინ, არ ვიცი, რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის 1 საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის, მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი…”