როდის აბრკოლებენ სასულიერო პირები ეკლესიაში მიმსვლელთ და აქვს თუ არა მოძღვრის სულიერ მდგომარეობას მრევლისთვის მნიშვნელობა
„როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის, ის პირველ ეტაპზე ყველაფერს იისფრად აღიქვამს, ანუ ის ჯერ ბოლომდე ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რაც მას ელოდება. სულიერ ბრძოლაზე წარმოდგენა ხომ საერთოდ არ აქვს, რადგან გამოცდილება არ გააჩნია“. როგორ უნდა შეხვდეს სასულიერო პირი, მრევლი ეკლესიაში ახალმისულ ადამიანს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოძღვარი – ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):
– არა მხოლოდ ახლად მისული ადამიანი, ძალიან ბევრია, წლების განმავლობაში რომ დადის ეკლესიაში, მაგრამ ჭეშმარიტი სულიერი ბრძოლა არ გადაუტანია – ისე, როგორც ეს არის საჭირო, იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს. ბრძოლა, ეს არის არა მხოლოდ ეშმაკის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. ეკლესია სწორედ ამ ბრძოლებისადმი სწორ მიდგომას, სწორად შეწინააღმდეგებას გვასწავლის. ამას კი დიდი დრო სჭირდება, რამდენიმე წელი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება, ჩამოყალიბდეს ადამიანი ჭეშმარიტ ქრისტიანად. ეკლესიამ ადამიანს უნდა დაანახვოს რეალობა, ასწავლოს სულიერი საკითხები. თუ ეკლესიაში შეუფერებელი სამოსით შემოდის და არ არის ჯერ ეკლესიის წევრი, სასულიერო პირმა თუ სტიქაროსანმა მას არ უნდა დაატოვებინოს ეკლესია უხეში ფორმით. თუ ახალშესულს რაღაცის გამო – ეკლესიაში საუბრის, შეუფერებელი სამოსის, ვარცხნილობის გამო – შენიშვნას მისცემენ, უხეშად, აგრესიულად დაელაპარაკებიან, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც წლების განმავლობაში ეკლესიის მრევლია, ის შეიძლება, საერთოდ აღარ დაბრუნდეს ეკლესიის წიაღში. ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია სასულიერო პირის დამოკიდებულება. თუ ადამიანს აქვს სურვილი, გახდეს ეკლესიის წევრი, ილოცოს თუნდაც ცოტა ხნით, ის ეკლესიაში შეუფერებელი სამოსით რომც შევიდეს, მაინც არ უნდა იქნას იგნორირებული. ჩვენ, ადამიანებს, შეიძლება სამართლიანი, მაგრამ უხეში მიდგომით, არ უნდა დავუკეტოთ სასუფევლის, ეკლესიის კარი, რადგან, როდესაც ის ჯერ არ არის მყარი სარწმუნოებაში, რაღაცეები ეშლება, სცოდავს და ვერც წარმოუდგენია, სხვანაირად ჩაცმული როგორ უნდა დადიოდეს ან სხვანაირად როგორ უნდა იქცეოდეს.
– როგორ უნდა ასწავლონ ეკლესიაში ახალმისულს ეს ყველაფერი?
– ყველას სჭირდება სწავლება, განსაკუთრებით ეკლესიაში ახალმოსულს. მაგრამ, ეს უნდა მოხდეს შეგონებით, სიყვარულით, რამეთუ მაცხოვარი მკაცრად შეაგონებს ადამიანებს, განსაკუთრებით სასულიერო პირებს: ვინც ჩემს გზაზე მომავალ თუნდაც ერთ ადამიანს დააბრკოლებს, მას ურჩევნია, საერთოდ არ დაბადებულიყო, ან დოლაბის ქვა დაეკიდა და ზღვაში დანთქმულიყოო. რუსეთში ერთ-ერთი ეკლესიის კარზე ასეთი ტექსტი იყო დაწერილი: თუ გაქვთ ბრძოლები და გჭირდებათ ჩვენი დახმარება, კარი ღიაა, მობრძანდით. მაგრამ, თუ აღარ გაქვთ სულიერი ბრძოლები, აღარ გჭირდებათ სულიერი მკურნალობა, მაინც მოდით ჩვენთან და გვითხარით, რათა ვისწავლოთ თქვენგან. ეკლესია ის ინსტიტუტია, ის სიწმიდეა, სადაც ადამიანი უფრო უკეთესი ხდება და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში ავითარებს სულიერ ძალებს, შესაბამისად, სულიერადაც ვითარდება. ზუსტად ეს არის ეკლესიის მოწოდება და ყველა ადამიანის ცხოვრების მიზანი – გახდეს უკეთესი და მიემსგავსოს ღმერთს თავისი საქმეებით, შემოქმედებით. ადამიანის ეკლესიაში მისვლა მისი პირადი ნება, პირადი არჩევანია, მაგრამ იქ როგორი გარემო დახვდება, როგორ შეხვდება სასულიერო პირი, მის მომავალ ცხოვრებაზე აუცილებლად აისახება. თუ როგორ უნდა დახვდნენ ეკლესიაში ახლად მოსულ ადამიანებს, ეს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ სასულიერო პირზე, არამედ იმ მრევლზე, რომელიც წლების განმავლობაში დადის ეკლესიაში და ასევე სტიქაროსნებსა და ტაძრის მომსახურე პერსონალზე თანაბრად ნაწილდება.
– რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ ადამიანებმა სასულიერო პირი?
– სასულიერო პირი უნდა იყოს ჭეშმარიტად მორწმუნე, სხვანაირად ის ვერ გახდება მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, ვერ წაუძღვება მათ ცხონებისკენ, უფლის წიაღში დასაბრუნებლად, პირიქით, ის მათ დააბრკოლებს. მეორე და მესამე კრიტერიუმები – ეს არის მოძღვრის ინტელექტუალური და გარეგნული მხარე, გარეგნულ მხარეში კი შედის ყველაფერი: ჩაცმა-დახურვა, საუბარი, მოძრაობა, გადაადგილება, ადამიანებთან ურთიერთობა, ზრდილობა, დახვეწილობა. რაც შეეხება ინტელექტუალურ მხარეს, ძალიან ბევრს უთქვამს, მოძღვრის თვისებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სულიერი მდგომარეობააო. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ, როდესაც მოძღვარზე ვსაუბრობთ, სულიერებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს ინტელექტუალური მხარე, ანუ, მნიშვნელოვანია მისი განათლება, შემეცნება, სხვა შემთხვევაში, ის სხვა ადამიანს არა მხოლოდ სულიერად, არამედ ინტელექტუალურადაც ვერ ასწავლის. შეიძლება, მოძღვარი პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანი იყოს, მოწესრიგებული, ზნეობრივი, მესამე კრიტერიუმსაც, ანუ, გარეგნულ მხარესაც აკმაყოფილებდეს, მაგრამ, თუ არ ექნება ინტელექტუალური საღვთისმეტყველო განათლება, ვერ შეცვლის საკუთარი სამრევლოს სულიერ მდგომარეობას. ჩვენ არ ვეხებით იმ კანონებს, რომლებსაც თავი მოუყარა შვიდმა საეკლესიო კრებამ, იქნება ეს დოგმატური საკითხი თუ ის საკითხები, რომლებიც ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა, მათ არაფერი ემატება, არც აკლდება. დღეს თანამედროვე მოძღვრები ვსაზრდოობთ იმ ეკლესიური სწავლებით, მამათა სწავლებით, რომელიც დღემდეა მოღწეული და ჩამოყალიბებული, ჩვენ, ფაქტობრივად, არაფერს ვამატებთ. ანუ, კარგი გაგებით, ძველს ვაბრუნებთ და ახალს არაფერს ვქმნით, რადგან ეს სახარებისეული, ეკლესიური სწავლებაა და ვერაფერს შევმატებთ. მაგრამ, რაც შეეხება მიდგომებს, ჩვენ შეგვიძლია, გარკვეულ საკითხებს სხვანაირად მივუდგეთ, ვიდრე პირველ საუკუნეებში ხდებოდა. შესაბამისად, ჩვენი მიდგომები დღეს შეცვლილია, თუმცა, არა ფუნდამენტურად. ეს ძირითადად ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ეპიტიმია, დანაშაული. დოგმატური სწავლება ისევ რჩება, უბრალოდ, მიდგომა იცვლება. მაგალითად, თუ პირველ საუკუნეებში ადამიანი საპატიო მიზეზის გარეშე გააცდენდა წირვა-ლოცვას, მას ეკლესია წლების განმავლობაში უკრძალავდა წმიდა ზიარების მიღებას. დღეს ასეთი რამ წარმოუდგენელია. ხშირად ადამიანი არა მხოლოდ ორი კვირა, ერთი თვეც არ დადის ეკლესიაში და, ბუნებრივია, ამის „მიზეზიც“ არსებობს – ზოგი მუშაობს და ვერ ახერხებს მოსვლას. დღეს, ასე თუ ისე, ჭირს სამსახურის შოვნა, ოჯახის გამოკვება. ჩვენი მხრიდან არ ხდება ამ ადამიანების, წახალისება, არ ვეუბნებით, იმუშავე და, თუ გინდა, სამი თვე ნუ მოხვალ ეკლესიაშიო, მაგრამ ამ პირობებში ჩვენ იმდენად მომთხოვნები არ ვართ, როგორებიც ჩვენი წინაპრები იყვნენ, ანუ, მიდგომა შეიცვალა და დღევანდელ მდგომარეობას, ყოფას ვითვალისწინებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ღვთის თვალში ამით ვერ გავიმართლებთ თავს. თუ ადამიანს აქვს სურვილი, არა მხოლოდ სახელით იყოს ქრისტიანი, ეკლესიური, არამედ საქმეებითაც დაამტკიცოს ეს, შეიძლება, ორი კვირის განმავლობაში ვერ მოახერხოს ეკლესიაში მისვლა, მაგრამ, ყოველთვის გაუჩნდება და ექნება იმის სურვილი, მაქსიმალურად იყოს ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში და სიზარმაცის, უდებების გამო, არ გააცდინოს წირვა-ლოცვა. ანუ, თუ მოინდომებს, ის არ მოაკლდება ეკლესიურ მადლს.