რა საფრთხეს შეიცავს საქართველოსა და რეგიონისთვის რუსეთის ფედერაციის დაშლა და შეძლებს თუ არა საქართველო კავკასიის ისრაელის როლის შესრულებას
სიახლე არაა, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების ნაწილი იმედოვნებს, საქართველოს საშველი რუსეთის ფედერაციის დაშლააო, იმ მარტივი ლოგიკით, რომ სუსტ და იმპერიული ამბიციებისგან დაცლილ რუსეთს ჩვენთვის აღარ ეცლება, მაგრამ მსჯელობა აღარ გრძელდება თემაზე, თუ რა საფრთხეები შეიძლება, მოჰყვეს რუსეთის დაშლას. თეორიულ დაშვებაზე, თუ რა შედეგი მოჰყვება რუსეთის დაშლას საქართველოსთვის, ექსპერტთან კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– ვთქვათ, რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი თავის პერიფერიებზე, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიაზე, რომელიც ყველაზე აქტიურად უპირისპირდება ცენტრს: საომარი მოქმედებები გრძელდება გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან. როგორ აისახება ეს საქართველოზე და არა მხოლოდ?
– დასაწყისშივე უნდა მოვიტანო ერთი ფრაზა, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა კონგრესმენმა, შემდგომ – ამერიკის პრეზიდენტების მრჩეველმა და, საერთოდ, მცოდნე ადამიანმა ბზიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა: ჩვენ არ გვჭირდება ძლიერი რუსეთი, ჩვენ გვჭირდება ღონიერი რუსეთი. ამ ფრაზაში ძალიან მნიშვნელოვანი აზრია – ღონიერ რუსეთში იგულისხმება ისეთი რუსეთი, რომელიც მიიღებს მსოფლიოს იმ წესრიგს, რომელსაც განსაზღვრავს ვაშინგტონი და წინააღმდეგობას გაუწევს მთავარ გამოწვევებს. ასეთი ორი გამოწვევაა: ჩინეთი და რადიკალური პოლიტიკური ისლამი. რადგან ასეთი მოსაზრება არსებობს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ აშშ-ის დოქტრინაში, რომელიც მსოფლიოს განვითარების ამერიკულ პერსპექტივას გულისხმობს, რუსეთს აქვს როლი და ეს არის ერთგვარი წინაღობის როლი ამ გამოწვევების წინააღმდეგ. მეორე გამოწვევა – რადიკალური პოლიტიკური ისლამი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ხარისხი წლიდან წლამდე გაიზრდება. წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი დაიშალა და მან დაკარგა ანტიცენტრისტულად განწყობილი რეგიონები. ამ რეგიონების ჩამონათვალში, გარდა შორეული აღმოსავლეთისა და ციმბირის რეგიონებისა, ვნახავთ ჩრდილოეთ კავკასიის 7 რესპუბლიკიდან, სულ მცირე, სამს მაინც და თათარსტანს აუცილებლად.
– დავაზუსტოთ, რომელი სამი: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი.
– დიახ. არ ვლაპარაკობ დანარჩენ რესპუბლიკებზე. ყველაზე უფრო მცირე დანაკარგი დავუშვათ. ამ შემთხვევაში ჩვენი საზღვრის პერიმეტრზე მივიღებთ ისლამისტურ ქვეყნებს, რომლებიც მუდმივი ხიფათი იქნება დანარჩენი კავკასიისა და რუსეთისთვისაც. ხშირად ადამიანები, რომლებიც მსჯელობენ ამ თემაზე, არ იცნობენ ისტორიას და უჭირთ სწორი დასკვნების გაკეთება.
– ერეკლემ რუსეთს დახმარება, მათ შორის, იმიტომაც სთხოვა, რომ ლეკიანობას ვერ აუდიოდა.
– რასაკვირველია. ახლო აღმოსავლეთის მუსლიმანური ქვეყნების ინტერესების აქტიურობა კავკასიაში არავის გაუუქმებია. ამ მხრივ, თურქეთია ყველაზე აქტიური და აგრესიული. რაც საბჭოთა პერიოდშიც კი გამოკრთებოდა ხოლმე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის გაათმაგდა. დღეს თურქეთი განსაკუთრებით აქტიურია ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში, რუსეთთან კონფლიქტამდე – აფხაზეთში და აზერბაიჯანზე ხომ ლაპარაკიც აღარ არის. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ არც ირანის აქტიურობა შემცირებულა და ის საკმაოდ მაღალია კავკასიის შიიტურ მოსახლეობაში. ამას ემატება არაბების აქტიურობა სხვადასხვა ფორმით და ადვილი წარმოსადგენია, ინტერესების რა ბორშჩს ვიღებთ კავკასიაში. პირობითად, რუსეთის კავკასიიდან გასვლის შემდეგ ამ აგრესიის წინააღმდეგ ბარიერი უაღრესად დასუსტდება. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თავს მიიჩნევს მსოფლიო წესრიგის მთავარ წარმმართველად, ამ სენს მარტო ვერ გაუმკლავდება. ამას ვერ შეძლებს ვერც ევროპა. უახლესმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ევროპას არ აქვს რესურსი, უპირველესად, იდეოლოგიური, რომ ამ შეტევას გაუძლოს. ვგულისხმობ ლტოლვილების მასას და იმ მდგომარეობას, რაც ამის გამო ევროპაში შეიქმნა. მე არ ვამბობ, რომ რუსეთი ჰეგემონი უნდა იყოს რეგიონში. რადგან, სამწუხაროდ, როდესაც რუსეთი გრძნობს თავის ძალას, ანგარიშს არ უწევს არავის და მით უფრო, მცირე ზომის ქვეყნებს. ამის მაგალითია სომხეთი და ის, რაც დღეს ხდება აზერბაიჯანში. ჩვენ ეს უკვე ვიწვნიეთ და გავიარეთ.
– რა ხდება აზერბაიჯანში?
– ისეთი, შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთმა გადაწყვიტა ჩინური პროექტის – აბრეშუმის გზის გადაჭრა, აქ სუსტი რგოლი საქართველოა, მაგრამ წამყვანი რგოლი აზერბაიჯანია. ადრინდელისგან განსხავავებით, როდესაც რუსეთი, ძირითადად, საქართველოს უტევდა, ახლა, როგორც ჩანს, რუსეთმა გადაწყვიტა, აზერბაიჯანს შეუტიოს. პარადოქსული სიტუაცია იქნმება: დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლების შეცვლაზე ორიენტირებულია როგორც დასავლეთი, ისე რუსეთი.
– ინტერესთა ასეთი დამთხვევა, როგორც წესი, საბედისწეროა ხოლმე.
– აზერბაიჯანისადმი ამერიკული „მაგნიტსკის კანონის“ მიყენება ამას მეტყველებს და რუსეთმა კი აამუშავა ის ბერკეტები, რომლებსაც ფლობდა და დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე სერიოზული შეტევაა. მაგრამ, ჩემი პროგნოზით, თუ აზერბაიჯანის ხელისუფლება შეიცვლება, რამდენიმე წელიწადში იქ შეიძლება, ისლამისტები მოვიდნენ სათავეში.
– რაც ძალიან დაამძიმებს ჩვენს მდგომარეობას.
– მთლიანად რეგიონისას და ჩვენსას, მით უმეტეს. დიდი ქვეყნები, როგორც წესი, გეოპოლიტიკურ ვითარებას კი არ უწევენ ანგარიშს, არამედ, უპირველესად, საკუთარ ინტერესებს და ჯინს უშვებენ ხოლმე ბოთლიდან.
– გასაგებია, რომ საქართველოს არ აქვს ის ზომა და წონა, რომ ჩაანაცვლოს რუსეთი ისლამისტებთან ბრძოლაში, მაგრამ არის ალბათობა, „ნატომ“ თავისი უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ აიყვანოს საქართველო იმ მიზნით, რომ საქართველო მათთვის იქცეს ფორპოსტად რადიკალურ ისლამთან ბრძოლაში?
– ჰიპოთეტური სურათი რომ წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი აღარ არსებობს იმ ფორმით, რაც დღესაა და გახდა ჩვეულებრივი ქვეყანა, ამბიციებდაოკებული, მაშინ საქართველო უნდა გადააქციო ციხესიმაგრედ, რომ ამ ფორპოსტობის ფუნქცია მიანიჭო. ვშიშობ, დასავლეთში აცნობიერებდნენ მოსალოდნელი ხიფათის ზომას, რადგან მაშინ არ მოხდებოდა ის უკონტროლო პროცესები, რაც ხდება ევროპაში ლტოლვილებთან დაკავშირებით. ევროპულ პოლიტიკაში არ არიან ადამიანები, რომლებსაც შეეძლებათ, ერთი ხელის მოსმით მოსწყდნენ ფსევდოლიბერალური ტოლერანტობის იდეოლოგიას და მკაფიოდ და აგრესიულად შეცვალონ მიდგომები. სამწუხაროდ, დასავლეთის დემოკრატია დღევანდელ პირობებში ვერ ახერხებს საკუთარი თავის დაცვას და სხვას როგორ დაიცავს?!
საქართველოს ციხესიმაგრედ გადაქცევა ნიშნავს, რომ ის იქნება მუდმივი შეტევის ობიექტი. მე ამისთვის საქართველო არ მემეტება. ჩემთვის მისაღებია ძლიერი საქართველო, რომელსაც ჰყავს ძლიერი პარტნიორები რეგიონში და ახერხებს გამკლავებას იმ უბედურებასთან, რასაც ჰქვია პოლიტიკური ისლამი, მაგრამ მუდმივად მეციხოვნის როლის შესრულება ძალიან ძნელია.
– ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მხოლოდ აგრესიულობას ითხოვს რუსეთის მიმართ, საკუთარ თავს ნაკლებად მოიაზრებს რუსეთთან ბრძოლის წინა ხაზზე იარაღით ხელში, მათ ჰგონიათ, რომ სხვა დაიცავს, მაგალითად, „ნატო“. ერთია, რომ ჩვენ არ გვემეტება ჩვენი ქვეყანა ფორპოსტობისთვის, მაგრამ დასავლეთს უნდა, განიხილავს ამ ვერსიას?
– დასავლეთი ჯერჯერობით ვერ ხედავს ასე პროცესებს. იქ ისეთი პოლიტიკოსების დეფიციტია, რომლებიც იფიქრებდნენ ხვალინდელ დღეზე. თუ ფიქრობენ, უფრო ეკონომიკური, ვიდრე სერიოზული პოლიტიკის ჭრილში. შედეგად კი ვიღებთ იმ სურათს, რასაც ვიღებთ. დასავლეთმა ვერაფრით გააანალიზა ისრაელის მაგალითი. ისრაელია ის ფორპოსტი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ.
– რა თქმა უნდა, მეც სწორედ კავკასიის ისრაელი ვიგულისხმე საქართველოს სახით. იმას ამბობთ, რომ ისრაელის თავგანწირვა ვერ დააფასა დასავლეთმა?
– ვერც დააფასა და ვერც დაინახა, თუ რა ხიფათი ელის ისრაელის მაგალითზე. პირადად მე ისრაელის პერსპექტივას დიდი ეჭვით ვუყურებ, იმიტომ რომ, მუდმივად მეციხოვნედ ყოფნა ფიტავს. ამის მაგალითია რადიკალური იუდევური მოძრაობის არსებობა ისრაელში, რომელიც შიგნიდან ფიტავს ერს. მართალია, ის საუკუნეების წინ შეიქმნა, საპასუხოდ იმ ზეწოლისა, რომელიც ებრაელ ხალხზე იყო მუდმივად, მაგრამ ებრაული სახელმწიფოს შექმნის პირობებში, ეს მოძრაობა კონტრპროდუქტიული და მიმართულია ისრაელის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. იმიტომ რომ, რადიკალური იუდევური მოძრაობა გამორიცხავს ყოველგვარ კომპრომისს. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი უნდა შეინახოს ისრაელის სახელმწიფომ და ასეც არის. ისინი არ მუშაობენ, მეციხოვნეებადაც კი არ ვარგიან. ასე რომ, ურთულეს მდგომარეობაშია ის ქვეყანა და მის პერსპექტივას მაინცდამაინც დადებით კონტექსტში ვერ განვიხილავ. ეს მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რომ მუდმივად ფორპოსტად ყოფნა შეუძლებელია და ჩვენ ასეთი ბედი გველის, თუ რეგიონში არ იქნება რაღაც ქვეყნების ერთობა, რომლებიც რადიკალური ისლამის სენს ერთობლივად არ გაუმკლავდებიან.
რუსეთმა უმსხვილესი შეცდომები დაუშვა, როდესაც თავის დროზე სეპარატიზმს დაუჭირა მხარი და სხვა ტიპის ურთიერთობის სისტემა არ შექმნა სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის პოლიტიკაშია ჩადებული ხინჯი, იმ თვალსაზრისით, რომ არ იყოს აგრესიული. ერთადერთი კაცი რუსულ დიპლომატიაში, რომელსაც ახასიათებდა კომპრომისის ხელოვნება, იყო გორჩაკოვი. დანარჩენები, ყველანი, ყოველთვის ცდილობდნენ ძალის დემონსტრირებითა და აგრესიულად თავიანთი ინტერესების გატარებას და შედეგად ვიღებთ იმას, რომ რუსეთის პოლიტიკა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია და მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები, რელიგიური თვალსაზრისით, ვერ ვახერხებთ საერთო ენის გამონახვას. რუსეთი დღეს ნანობს, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო რეგიონის ქვეყნები და ასევე, საკუთარი თავიც, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობს. ჩვენთვის დღეს რუსეთი ოკუპანტია და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეგუება საქართველოსთვის წარმოუდგენელია. ეს არც მოხდება და ვერც ამას ვაგებინეთ.
– თავი დავანებოთ რადიკალური ისლამის საფრთხეს, ამის გარეშეც, ჩრდილოკავკასიელებს რა ისტორიული ანგარიშები შეიძლება, ჰქონდეთ ჩვენდამი?
– როდესაც გაქვს თანაცხოვრების ამხელა ტრადიცია, საერთო ენას ყოველთვის გამონახავ. თუ საქართველო იქნებოდა ძლიერი სახელმწიფო, საერთო ენას გამოვნახავდით. როგორც წესი, კავკასიელებს, ტრადიციულად, ეშინოდათ და იზიდავდათ ძლიერი საქართველო. როდესაც საქართველო სუსტდებოდა, მაშინ შიში ქრებოდა და რჩებოდა მიზიდულობა. ამ მიზიდულობის შედეგი კი იყო ის, რომ ზოგი ჩამოდიოდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად, ზოგიც – საყაჩაღოდ, რასაც სხვანაირად ლეკიანობას ვუწოდებთ. ერეკლეს მთავარი შეცდომა იყო ის, რომ პოლიტიკას კი არ აწარმოებდა, მხოლოდ იცავდა ქვეყანას. თუმცა დიპლომატიისა და დაცვის ნაჯვარის შედეგი ჩანდა, მაგალითად, დავით აღმაშენებლისა და გიორგი ბრწყინვალის ეპოქებში. საქართველოს ისტორიაში აღმატებულად დარჩნენ ის მეფეები, რომელთაც დიპლომატიისა და ომის წარმოების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდათ.