„ვისია, ვისია, ქალი ლამაზი“
პირადი გრძნობების გარეშე…
განა იმიტომ, რომ სხვა საქმე არ გვაქვს, ან, სეირი იყოს და ბუზი ბაღადადიდან მოვაო, პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით, ჩვენებური საზოგადოება ფრიად ცხოვლად გამოეხმაურა ხალხის რჩეულ ბ-ნ ბერძენიშვილის (ლევანის) მოსაზრებას მარტოხელა, ანუ გაუთხოვარი ქალების მისამართით გამოთქმულს.
და თუმცა ბ-ნმა ბერძენიშვილმა საკუთარი მოსაზრება პარლამენტის სტაჟიორებს გააცნო და, როგორც თავად ამბობს, სრულიად კეთილშობილური მოტივებით, თანაც – ხუმრობით (ვიხუმრე, არისტოფანო), აღშფოთების ზარები ფრიად ხმამაღლა დაირისხა.
შედეგად, ხალხის რჩეული საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამიერიდან თითოეულ თავის გამონათქვამს ინსტრუქციას მიაყოლებს (პათოსით: ეს ხუმრობაა, ანუ, აქ და ამ დროს უნდა გაიცინოთ).
სახელდობრ, მან ბრძანა: „საქართველოში ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია. ეს ძალიან ბევრია. აქედან გამოსავალს ვერ გიკარნახებთ… იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ბალანსი შეიცვლება. საქართველო დაბალქორწინებიანი ქვეყანაა. იგი ევროპას ემგავსება ყველაზე უკუღმართული გზით – გოგონები გვიან აპირებენ გათხოვებას. ევროპაში გარკვეულია, ეს რატომ მოხდა – მუშაობენ და არ უნდათ, კარიერაზე უარი თქვან… ჰგონიათ, რომ ერთგულება არის ქართული ფენომენი. მინდა გითხრათ, რომ აშშ-ში ცოლქმრული ღალატის გამო იჯახი დაინგრევა აუცილებლად, ხოლო საქართველოში – არავითარ შემთხვევაში.“
რთული სათქმელია, რა იყო ამ მოსაზრებაში აღსაშფოთებელი ან რატომ არ აქვს, ვინც უნდა იყოს, თავისი აზრის გამოთქმის უფლება ვიწრო წრეში და, რაც მთავარია, სულ 4-მილიონიან ქვეყანაში თუ ნახევარი მილიონი ქალი მარტოხელაა, მგონი, ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს, წესითა და რიგით, რაზე უნდა შემოგვეკრა განგაშის ზარები?! –