შენ რომ ჩემთვის 3 000-ლარიანი პენსია არ მოგიციაო?!
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონითაა დადგენილი ზედა საპენსიო ზღვარი – 560 ლარი (ამ საპატიო პენსიას იღებენ პარლამენტის ყოფილი წევრები და, ასევე, ყოფილი ძალოვნები, ოღონდ, ჩინიან-მედლებიანნი), სულ ახლახან გაირკვა, რომ პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა სადეპუტატო პენსიის 3 000-ლარამდე გაზრდა მოითხოვეს.
ოღონდ, განა პათოსით: „მიყვარს ჭამა, მიყვარს სმაო“, იმ მარტივი მიზეზით, რომ, თურმე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისთვის მოუწერიათ ხელი.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ბ-ნი მეჭიაურის თქმით, ასეთი ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია, თუმცა ამთავითვე შენიშნავს, რომ ამის მხარდაჭერას არ აპირებენ.
ბუნებრივია, რა სჯობს, თუკი ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, სადაც არა მხოლოდ პატიოსან ან ნაპატიოსნარ გვამებს ექნებათ მაღალ-მაღალი პენსიები, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერთა ლოგიკა ერთობ უცნაურია და ბადებს რიტორიკულ კითხვას: იმ აქტს ხელი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოაწერეს (ფაქტია, რომ ისტორიამ უკვე უკვდავყო მათი სახელები) თუ თავიანთთვის გამორჩეულად თბილი ცხოვრების მოწყობის იმედით?! –