რატომ უგზავნის ყოველი თავისი კონცერტის ჩანაწერს თეონა დვალი ლექსო თორაძეს და რით მოხიბლა მან ალენ დელონი
მსოფლიოს საოპერო სცენებზე უამრავი ქართველი ვარსკვლავი გამოდის, რომელთა შორის არის ახალგაზრდა ქართველი მომღერალი თეონა დვალი. რა გზა გაიარა თეონამ თბილისიდან „ლა სკალას” სცენამდე, როგორ გახდა მაესტრო რენატო სკოტის გამორჩეული მოსწავლე, როგორ აიხდინა ოცნება და იმღერა მაესტრო რიკარდო მუტისთან ერთად, ახლა სად არის და რას საქმიანობს – ამ და სხვა საინტერესო თემებზე თეონა ჩვეული ღიმილით გულახდილად გვესაუბრა.
თეონა დვალი: პირველი შთბეჭდილება ჩემზე ლუჩიანო პავაროტიმ მოახდინა. სამი-ოთხი წლის ვიქნებოდი, პირველად რომ მოვისმინე და მახსოვს, იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე, რომ საოპერო მომღერალი გავმხდარიყავი და ღმერთის წყალობით, გამიმართლა კიდეც. არასდროს გამჩენია სურვილი, საესტრადო სცენაზე დავმდგარიყავი. ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა პედაგოგთან და როდესაც მომისმინეს, ძალიან მოვეწონე, რადგან მაღალ რეგისტრში ვმღეროდი. ძალიან ხშირად გამოვდიოდი საბავშვო კონკურსებსა თუ ფესტივალებზე და ყოველთვის საოპერო სიმღერებს ვასრულებდი. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ფესტივალი „ბროლის ვაზა“, რომელიც ბორჯომში ტარდებოდა. ოთხი წელი არ გაცემულა პრიზი და იმ დღეს მე გადმომეცა. მახსოვს, მაშინ ნანი ბრეგვაძე იყო ჟიურიში. ნიკა რაჭველი, სოფო ნიჟარაძე და ნეკა სებისკვერაძე იმ ფესტივლზე გავიცანი. შემდეგ წავედი ოდესაში კონკურსზე, საიდანაც გამარჯვებული ჩამოვედი. არასდროს მიყვარდა კონკურსები. ძალიან დიდ ნერვიულობასა და სტრესთანაა დაკავშირებული, თუმცა საჭიროა პროფესიული ზრდისთვის, ყველა დამწყებ მომღერალს ვურჩევ, რომ წავიდეს. ბოლო ორ კონკურსზე იტალიაში გავხდი ლაურეატი და ავიღე პირველი ადგილი. ამით დავასრულე და მერე აღარ წავსულვარ კონკურსებზე. კონსერვატორიაში დედას დაჟინებული მოთხოვნით ჩავაბარე არა ვოკალზე, არამედ თეორიაზე, მუსიკათმცოდნეობის განხრით. ამისთვის დედას მადლობელი ვარ, რადგან დღეს ვარ განათლებული მომღერალი. პარალელურად, ვოკალის განხრითაც ჩავაბარე. დღემდე ვარ გულიკო კარიაულის მოსწავლე. დროს არ ვკარგავ და ყოველთვის ვმეცადინეობთ სკაიპითაც კი. სულ იცის, სად ვარ, რას ვაკეთებ.
– ბევრი საოპერო მომღერალი წარმატებით ჩაგინაცვლებია სხვადასხვა სცენაზე. არ იყო რთული ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება?
– სამი წელი ვიარე რენატო სკოტისთან. ყოველთვის გამომარჩევდა და მეუბნებოდა, რომ შენსავით ადვილად არავინ სწავლობსო. ძალიან მოვწონდი. სულ აინტერესებს, სად ვარ, რას ვაკეთებ. მასთან გატარებული პერიოდი ჩემთვის იყო ძალიან დიდი პროფესიული ზრდა, განვითარება. შემდეგ მაესტრო გერგიევმა მომისმინა თავის ფესტივალზე პეტერბურგში. თავდაპირველად, ვიმღერე გალა კონცერტზე, შემდეგ შემომთავაზა ოპერაში მემღერა. „რიგოლეტო” შევასრულე თუ არა, დამიბარა და მკითხა თუ ვიცოდი ადინას პარტია. ვუთხარი კი-მეთქი. კარგი, მაშინ ოთხ დღეში უნდა იმღეროო. ანა ნეტრებკოს უნდა ემღერა და ვერ ახერხებდა. ყველა ელოდა, რომ ანა ნეტრებკო შეასრულებდა და შევასრულე მე, სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა. შემდეგ მაესტრომ მიმიწვია და ახლა ვარ „მარინის თეატრის” მიწვეული სოლისტი.
– „ლა სკალას” სცენაზეც გამოსულხარ, მაესტრო რიკარდო მუტისთან გიმღერია... როგორ გაიხსენებდი იმ პერიოდს?
– ორი წლის წინ, როდესაც გადაწყვიტეს, დაედგათ „ტრავიატა” და ეძებდნენ შემსრულებელს, ჩემმა საოპერო აგენტმაც გააგზავნა ჩემი მონაცემები. 500 ვიდეოდან მე ამარჩიეს. საოცრად დიდი გამოცდილება მომცა და ძალიან მიხარია, რომ ეს პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემი საოცნებო ადამიანია რიკარდო მუტი. ჩემი ცხოვრების ოცნება იყო, ოღონდ ის ცოცხლად მენახა და ხელით შევხებოდი. რავენაში ვიყავი, მისი მეუღლის მიერ მოწყობილ კონცერტზე. რეპეტიცია იყო და ვიჯექი პარტერში. სიბნელეში არაფერი ჩანდა და უცებ ვიღაც დამიდგა გვერდით. ავხედე და რიკარდო მუტი. გაოცებისგან ენა ჩამივარდა. ვერც ავდექი, ვერც მივხვდი, რა უნდა მექნა. დავიწყე ენის ბორძიკით ლაპარაკი. მკითხა, შენ ვინ ხარო, მე თეონა დვალი ვარ-მეთქი. თეონა ღვთაება არისო, მითხრა. მერე, როდესაც რავენაში კონცერტზე ვიმღერე, მახსოვს, რომ გამოვდიოდი ორკესტრთან ერთად, ერთი გადავხედე დირიჟორს, რომ დაეწყო და ერთხელ გავახილე თვალები დასაწყისში – დავინახე რიკარდო მუტი და ვიფიქრე, ან ახლა, ან არასოდეს-მეთქი და ისე მოვინდომე, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენე. კომპლიმენტებით ამავსო. შემდეგ რაღაც პერიოდი გავიდა. მახსოვს, ვერონაში ვიყავი და მივიღე იმეილი სათაურით: „სიმღერები რიკარდო მუტისთან“ – ეს რომ წავიკითხე ტელეფონი ხელიდან გამივარდა. შემდეგ რეპეტიციაზეც ძალიან ვნერვიულობდი. მეუბნებოდა, ნუ ნერვიულობო. მაესტრო, როგორ არ ვინერვიულო, ჩემი ოცნება ახდა, თქვენთან ვმღერი. მინდა რომ მოგეწონოთ, შთაბეჭდილება მოვახდინო-მეთქი. მან კი მითხრა: ნუ ნერვიულობ, შენ შთაბეჭდილება უკვე იქ მოახდინე და ახლა ჩემთან ერთად მღერიო.
– ევროპაში თუ იციან, რომ ლექსო თორაძის ნათესავი ხარ. იქ თუ გიგრძნია მისი გავლენა?
– ევროპაში იციან. მიუხედავად იმისა, რომ მე მისი დისშვილი არ ვარ, თვითონ ყოველთვის ამბობს: გაიცანით, ეს ჩემი დისშვილიაო. მე ძალიან მეამაყება, ლექსო რომ ჩემი ახლობელია. ლექსო თორაძის ოჯახის დამსახურებაა, რომ მე მომღერალი გამოვედი. ბავშვობიდან დავდიოდი ლექსოს კონცერტებზე, როცა კი ჩამოდიოდა. მან დიდი გავლენა მოახდინ ჩემზე. ის იყო ჩემი პირველი გულშემატკივარი და ყოველთვის ვნახულობ, როცა ჩამოდის. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მგულშემატკივრობს. მის კონცერტზე მრავალ ადგილას ვარ ნამყოფი – პეტერბურგში, ლონდონში. კონცერტების შემდეგ ყოველთვის ვიკრიბებით ვინმეს ოჯახში, ან რესტორანში და სულ მეუბნება: აბა, თეონა, იმღერეო. თუ ერთად ვართ და ინსტრუმენტია, ყოველთვის ვასრულებთ. ბოლოს მე და ლექსომ თბილისში, მისი მეგობრის სახლში შევასრულეთ „სუმმერ ტიმეის” ჯაზური ვერსია. ძირითადად ჯაზურ იმპროვიზაციებს ასრულებს. სულ მეკითხება, ბოლოს სად ვიყავი, რა შევასრულე. მთხოვს, რომ ჩანაწერი გადავუგზავნო და სულ ვასმენინებ ხოლმე ბოლო ჩანაწერს.
– უცხოეთში თუ აღნიშნავენ, რომ ოპერის მომღერლებისგან განსხვავებული გარეგნობა გაქვს. ძალიან გამხდარი ხარ...
– ჩემი სიგამხდრე გენეტიკურია, რისთვისაც მადლობა მამას (იცინის). ყოველთვის კარგად ვიკვებები. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდე, სულ ვიცი, სად არის კარგი ქართული რესტორანი და ყოველთვის მივდივარ იქ მეგობრებთან ერთად. მინდა, რომ ჩემმა მეგობრებმა, კოლეგებმაც დააგემოვნონ ქართული კერძები და რომ მოსწონთ, ძალიან მეამაყება. ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ძალიან გამხდარი ვარ და საიდან ამხელა ხმა, მაგრამ უკვე ტენდენციაა და ფიქრობენ, რომ მსმენელმა ესთეტიური სიამოვნებაც უნდა მიიღოს. როდესაც ალენ დელონი იყო ჩამოსული პაატა ბურჭულაძის კონცერტზე, მხოლოდ მომღერლები ვიყავით და როცა ფოტო უნდა გადაგვეღო, მკითხა: შენ ვინ ხარო. მეც მომღერალი ვარ-მეთქი. გაუკვირდა - საოპეროო? - დიახ, საოპერო-მეთქი. მაშინ დემონსტრირება მინდაო და მეც ეგრევე დავიწყე სიმღერა. ძალიან გაოცებული სახე ჰქონდა. ალენ დელონი ძალიან თბილად განეწყო ჩემდამი. სულ თეონა, თეონაო მეძახდა. მეკითხებოდა - შენი გამოსვლის დრო როდის არის. მოვალ და ეკრანთან გიგულშემატკივრებო. ბოლოს ყველა მე მეხვეწებოდა: შედი, ავტოგრაფი გამოართვი, შენ ვერ გეტყვის უარსო და ასე, ბევრი ავტოგრაფი გამოვართვი.
– თეონა, რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოვიცალე, მაგრამ უკვე დროა, დავფიქრდე (იცინის). რაიმე რომ ხდებოდეს, აუცილებლად გეტყოდით. ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ცოტა რთული იქნება კაცისთვის ჩემი გაგება – ხან სად ვარ, ხან სად. ვფიქრობ, რომ ჩემი მეორე ნახევარი მუსიკოსი თუ არა, მელომანი მაინც უნდა იყოს, რომ ჩემს ენაზე საუბრობდეს. თორემ ვინ გაუძლებს ჩემს ამდენ მოგზაურობას.
– რა სამომავლო გეგმები გაქვს?
– ახლა ვემზადები სოლო კონცერტისთვის, რომელიც ორ თებერვალს მაქვს. შემდეგ უფრო მასშტაბური კონცერტი მექნება კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ორკესტრთან ერთად და ალბათ, მეყოლება იტალიელი სოლისტები, სადღაც გაზაფხული-ზაფხულში.