როგორ გამაგრდა დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე პარლამენტში და საიდან „მიჰქონდა“ მას სახლში ფული „მეშოკით”
უკვე სამი წელია, ომარ ნიშნიანიძე პარლამენტარის მანდატს ფლობს – ის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სახელისუფლებო სიით მოხვდა. დიდი პოლიტიკისთვის იყო დებიუტანტი, თორემ როგორც თავად ამბობს, პროფესიით ისტორიკოსი, პროფესორი კაცი, მთლად „ნავიჩოკი” არ ყოფილა. ასე იყო თუ ისე, ბატონი ომარი – გამორჩეული იუმორით ცნობილი დეპუტატი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე „ფრთოსანი” გამონათქვამითაც მოხვდა და არც ოპონენტებს დააკლო ხეირიანი „კვანტი”.
ომარ ნიშნიანიძე: ქართულ პოლიტიკაში თეორიულად გამოცდილი მოვხვდი. პროფესიით ისტორიკოსი ვარ, წლების განმავლობაში ვკითხულობდი ლექციებს პოლიტიკის ისტორიაში. ამის მიუხედავად, „პრაქტიკა” იმაზე რთული ყოფილა, ვიდრე თეორიაა და ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება ადრეც მქონდა. ეროვნული მოძრაობის დროს დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეც ვიყავი. ასე რომ, მთლად „ნავიჩოკი” არ ვყოფილვარ, თუმცა მაშინ, როცა დეპუტატი გავხდი, დიდი პოლიტიკისთვის მაინც დებიუტანტი აღმოვჩნდი. აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ყოველთვის გამოვირჩეოდი, რევოლუციონერის, დამყაყებულის წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯი მქონდა. ამიტომაც, ჩემი კოლეგები ჩემი დანახვისას ხუმრობდნენ ხოლმე: აი, ნიცშე მოდისო! ამის გამო მივიღე მონაწილეობა თავის დროზე ვარდების რევოლუციაში. ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ მივხვდი, ესენი საით მიდიოდნენ და ჩვენი გზები გაიყარა – ამ ხალხთან ბევრი არც არაფერი მაკავშირებდა. რამდენჯერმე შევხვდი ნინო ბურჯანაძეს და ისტორიის ინსტიტუტიდან ვიცნობდი მიშა სააკაშვილის დედას, რომელიც ერთი-ორჯერ სახლამდეც მივაცილე. მერე დადგა პერიოდი, როცა აქტიურად დავიწყე ჩემი პოზიციის დაფიქსირება. არ გამართულა ოპოზიციის არც ერთი აქცია, მე რომ მონაწილეობა არ მიმეღო. პოლიტიკაში თავით გადავეშვი მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. პარლამენტში პარტიული სიით შევედი. დღეს, როცა უკვე სამი წელი გავიდა, რაც პარლამენტის წევრი ვარ, გულწრფელად გეტყვით, რომ ქართული პოლიტიკა რთულია ბევრი თვალსაზრისით – როდესაც ადამიანები გარეგნულად გულწრფელობას გამოხატავენ და ამ დროს სიცრუით არიან გაჟღენთილი, ეს ჩემთვის ძნელია; იმ ადამიანების მოსმენა, რომლებიც სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს, დღეს კი ჩემ წინა რიგებში სხედან და სულ სხვა „პათოსით” გველაპარაკებიან. რამდენიმე პარლამენტარს „ბედმა გაგვიღიმა” და ვსხედვართ რიგში, რომლის წინაც „ნაციონალური მოძრაობის” წევრების ადგილებია. უმრავლესობის უმეტესი ნაწილი მარჯვენა ფლანგზე ზის, ჩვენ, რამდენიმე გამონაკლისი დეპუატატი, ცალკე მოვხვდით.
– ფლანგის შეცვლა არ გიფიქრიათ?
– არა, რას ამბობთ, ეს სტრატეგიული ადგილია. ადგილის გაცვლა კი მთხოვა რამდენიმე კოლეგამ, მაგრამ ვერ დამითანხმეს. აქედან კარგად ჩანს, ვის ვისზე აქვს კუდი გადაბმული, ვინ ვის ეჩურჩულება. ჩემს თვალსაწიერშია მთელი პარლამენტი, ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს (იცინის).
– როგორც ჩანს, იუმორთან კარგად ხართ. ამ სამ წელიწადში თქვენი რამდენიმე „ფრთიანი” გამონათქვამის მოწმენი გავხდით. ამას წინათ ისიც კი თქვით, პარტიას ჯადო გვაქვს გაკეთებული და გამოლოცვა გვჭირდებაო.
– მე ჯადოსი დიდად არ მჯერა, თუმცა, ჩემო ბატონი, ვიცი, რომ არსებობს თვალი. ეს მეცნიერულად არის დადასტურებული. პარტიაზე ეს ხუმრობით ვთქვი, მაგრამ ხუმრობა იქით იყოს, ვაშენებთ პარტიასო და არა და არ დაადგა საშველი. ბოლშევიკები გიჟები კი არ იყვნენ, კარგად იცოდნენ რა ძალა ჰქონდა პარტიას. ჩვენ სამი წელია, მივდივართ წინ, მაგრამ მაინც ვერ გადავდგით ნაბიჯი. ჯადოა, აბა, რა არის? გამგები გაიგებს, რაც ვთქვი (იცინის). ეჭვი მაქვს, ჯადო ნაციონალების ამბავია, თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ გარდა, შიგნითაც ბევრი გვყავდეს გამთვალავი. გვყავს ჩვენ ერთ-ერთი მთავარი გამომლოცველი, რომელიც აამოქმედებს თავის ძალას და საჭირო დროს გვიშველის. ვინ არის ეს ადამიანი, კი მიხვდით – ბიძინა ივანიშვილი. მის გარდა, სხვა ვინ აგვხსნის ამ ჯადოს. მალე მოვა დრო, იტყვის ის თავის წონიან სიტყვას. ჩვენ რომ თავი არ დაგვიზოგავს, იცის ეს ბატონმა ბიძინამ. იცის მან, ვინ არის მისი ერთგული და ვინ – არა. მგონია, რომ ის კვლავ დახვეწს თავის გუნდს.
– ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ახალ პარლამენტში ვერ მოხვდება ის ხალხი, ვინც იურისპრუდენციასა და საკანონმდებლო საქმიანობაში არაა გამოცდილი. თქვენ არც სპორტსმენი ხართ, არც მსახიობი, მაგრამ მათ ბედს ხომ არ გაიზიარებთ?
– მე ვიქნები თუ არა პოლიტიკაში, ეს დიდი დანაკლისი არ იქნება პარლამენტისთვის, მე რომის სამართალს ვკითხულობდი თავის დროზე, იურისპრუდენციის სწავლა გამიჭირდება?! მე არ მქონდა საკანონმდებლო გამოცდილება, მაგრამ დღეს ათი თავით მაღლა ვარ, ვიდრე ვიყავი სამი წლის წინ. ვიცი, რომ ვიღაცეებს არ მოსწონთ ჩემი გულწრფელობა. ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. ურჩევნიათ, იქ, „ზემოთ”, ყველაფერს თუ „დავარცხნილად” მიაწვდი. ვერ ვიტყვი, რომ დაუკრეფავში ხშირად გადავდივარ, მაგრამ მჩვევია გულწრფელად თქმა, რაც საქმეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება. თუ ჩემი სიმართლით ვინმეს „ვაწუხებ”, აგერ, ბატონო, სიმართლის მთქმელის ცხენი მზადაა. შევჯდები და წავალ ჩემი გზით! საქმეს ვერ ვიპოვი? - პროფესორი კაცი ვარ, მივხედავ ჩემს ქუთაისში ჩემს საქმეს. არ მგონია, ჩემმა ქალაქმა გამრიყოს. მთელი ცხოვრება იქ მაქვს გატარებული. სულ რაღაც ათი წელი გრძელდებოდა ჩემი „ეპოპეა” თბილისში, სადაც ბოლომდე ვერ გადამიბირეს – ახლაც, როცა პარლამენტში თბილისში მიწევს ჩამოსვლა, ერთი-ორი ღამით ძლივს ვჩერდები ხოლმე. თბილისში გავატარე სტუდენტობა. სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვსწავლობდი ასპირანტურაში, რის შემდეგაც წელიწდანახევარი-ორი წელი ვიმუშავე კონსერვატორიაში. იმ დროს ცოლიც შევირთე. ქირით ვცხოვრობდით. გაჭირდა ცხოვრება და კონსერვატორიაში ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად დავიწყე მუშაობა. ვხუმრობდი, მუსიკას ვწერ-მეთქი.
– სინამდვილეში, მწყრალად ხართ ხელოვნებასთან?
– კარგი მუსიკის კარგი შემფასებელი ვარ. შეზარხოშებული წაღიღინებასაც ვბედავ. ცეკვა უფრო მეტად მეხერხება, ვიდრე – სიმღერა. თქვენ არ გაქვთ ნანახი ჩემი „ბრეიქი?” იქამდე, სანამ დეპუტატი გავხდებოდი, ჩემი ყოფილი სტუდენტების შეხვედრაზე დამპატიჟეს. ახალგაზრდებმა შეჯიბრი გამოაცხადეს, ვინ იცეკვებდა ორიგინალურად. ამ შეჯიბრში მეც ჩავერთე. 50 წელს უკვე გადაცილებული ვიყავი, მაგრამ ჩემმა ნაცეკვმა „ბრეიქმა” დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც შემდეგ სოციალურ ქსელშიც მოხვდა. ჩემმა არაკეთილმოსურნეებმა ჩემი ცეკვა ცუდად გამოიყენეს, რაზედაც ჩემმა კოლეგებმა უპასუხეს: ამ ხნის კაცი „ბრეიქს” თუ ცეკვავს ასე კარგად და ერთ ადგილს არ აქიცინებს, ეს პლუსია, მინუსი კი არაო და ასე გააჩუმეს ჩემი „ოპონენტები” (იცინის). მე საერთოდ ყველაფერს გულით ვაკეთებ. საოცრად მიყვარს სოფელი, მიწაზე მუშაობა, ბუნება. კიტრიც მომყავს ბოსტანში, პომიდორიც და მწვანილიც. სხვათა შორის, მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საგურამოს სანერგე მეურნეობიდან ნერგები მაჩუქა. ყველა ნერგი გავახარე, რამდენიმე ჯიშის ყურძენიც. გაზაფხულზე ხეს რომ ვრგავ ან ვამყნობ, იმასაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები.
– და ამ სამმა წელმა თქვენი ცხოვრება როგორ შეცვალა?
– ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრების გრაფიკი, სულ მენატრება ჩემი შვილიშვილები, მათთვის ვერ ვიცლი – დღე და ღამე თბილისი-ქუთაისის გზაზე სინაზე გაბმული ძაღლივით ვარ გამოკიდებული. მე ხომ მძღოლი არ მყავს და ჩემი გაძვალტყავებული „ოპელით” დავდივარ. ვერ ვიტყვი, რომ დეპუტატობამ ჩემი ქონებრივი ცენზი შეცვალა. ადრე უფრო კარგად ვცხოვრობდი მატერიალურად, ბიზნესი მქონდა – კერძო სკოლა, ხელოვნების ინსტიტუტი, სამხატვრო და თეატრალური სპეციალობებით, ასევე სასურსათო მაღაზია. სხვათა შორის, პირველ თვეს, როცა დეპუტატი გავხდი, როგორც ნახევარი თვით გვიან შესულს პარლამენტში, ხელფასიც ნახევარი თვის მერგო. ეს იმდენი ფული იყო, ვიხუმრე, ომარ ნიშნიანიძე აშენებულხარ, სახლში „მეშოკით“ ფული მიგაქვს-მეთქი. ვფიქრობდი, ნახევარი თვის რომ ამდენი ავიღე, ერთი თვის ხელფასი რაღა იქნება-მეთქი. მოვიდა მეორე თვე და იმის ნახევარი ხელფასი ავიღე, რაც პირველად. მოვიკითხე მიზეზი და მითხრეს: გეყოფათ ეს ხელფასი, ბიძინა ივანიშვილმა ასე თქვაო. მოკლედ, წინა პარლამენტარების ხელფასი შეიკვეცა და ჩემი ხელფასი თავის პრემიიან-დანამატიანად „სამუდამოდ” „სეკვესტრში” მოჰყვა (იცინის).