რატომ არის საშიში საკუთარი ფოტოების ინტერნეტით გამომზეურება და როგორ დავიცვათ ჩვენი სხეულის ენერგეტიკა
თუ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, საქმე არ გამოგდით, თავს დათარსულად და წარუმატებლად მიიჩნევთ, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა. ანუ, არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და ბედმა გაგიღიმოთ; ან, უბრალოდ, არ იცით, როგორ მოიქცეთ. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლამარა ამბობს, საჭიროა, თავი დავიცვათ და ელემენტარული წესები გავითვალისწინოთ. ასევე, ვისაც დაკვირვებული თვალი აქვს, ის ადვილად ხვდება, რა ხდება მის გარშემო, საიდან ელის საფრთხე, როგორ მიაღწიოს წარმატებას, საით გადადგას ნაბიჯი, რომ გაუმართლოს და ასე შემდეგ.
ლამარა: ბევრი ბედზეა მინდობილი, დღევანდელი დღით ცხოვრობს, წინ არ იხედება და არ დარდობს, რა მოხდება ხვალ. თუ ფხიზელი თვალით შეხედავ გარემოს, ადვილად დაინახავ, რა გელის, როგორ უნდა იმოქმედო, რისგან დაიცვა თავიც და საკუთარი ახლობლებიც. თქვენ წარმოიდგინეთ, მომავლის დაგეგმვაც შესაძლებელია. უბრალოდ, საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა-გათვალისწინება და ფორტუნა თქვენკენ ასოთხმოცი გრადუსით შემოტრიალდება.
– ფორტუნა რომ ჩვენკენ შემოვაბრუნოთ და თავი მშვიდად და ბედნიერად ვიგრძნოთ, ამისთვის როგორ მოვიქცეთ?
– ადვილად რომ აიწყოთ ცხოვრება, სწორად იმოქმედეთ და რწმენა არ მოადუნოთ. ყველა ადამიანს გარს შემორტყმული აქვს თვალით შეუმჩნეველი მოციმციმე ენერგეტიკული გარსი, რომელსაც აურას უწოდებენ. ის იცავს ადამიანის ფსიქიკურ ენერგიას სხვისი ზემოქმედებისგან. ყოველი ავი ზრახვა, მზერა თუ მოქმედება უარყოფითი ბიოენერგიული მუხტია, რომელიც დარტყმას აყენებს და აზიანებს ადამიანის აურას, ეს ყოველივე კი ფიზიკურად ავადმყოფობაში გამოიხატება. ამიტომ ვამბობ ხოლმე, ჩვენი სხეულის ენერგეტიკის დაცვა ჩვენივე ჯანმრთელობის საწინდარია-მეთქი. თუ თქვენი აურა შეუღწევადი იქნება, მაშინ ვერანაირი გარეშე ენერგია ვერ შეძლებს თქვენს განადგურებას და ფსიქიკური დარტყმის მოყენებას. აურის დასაცავად შემიძლია, შემოგთავაზოთ ერთი უტყუარი და უძველესი მეთოდი. კერძოდ, ამ მხრივ ხახვსა და ნიორს შეუძლია დახმარების გაწევა, რადგან ეს პროდუქტები ადვილად შთანთქავს უარყოფით ენერგიას. აიღეთ ერთი თავი ხახვი, გააცალეთ კანი, გაჭერით შუაზე და დადეთ ნაჭრები საწოლის ქვეშ და შემოსასვლელი კარის მარცხენა კუთხეში, ანუ იქ, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგია გროვდება. ეს რიტუალი უნდა ჩაატაროთ თვეში ერთხელ. საღამოს დაწყობილი ხახვის ნაჭერი დილით ისე უნდა გაიტანოთ სახლიდან და გადააგდოთ ურნაში, შიშველი ხელით არ შეეხოთ. ასევე, კარგია, თუ ნივრის რამდენიმე კბილს დადებთ ოთახის კუთხეებში და მათ თვეში ერთხელ გამოცვლით. სამზარეულოსა და შესასვლელში ნივრისა და ხახვის აცმის დაკიდება კი ხელს შეუშლის სახლში ნეგატიური, დამანგრეველი და წარუმატებელი ენერგიების შემოდინებასა და მის ცირკულაციას. არ გირჩევთ ამ მიზნით დეკორატიული ნივრისა და ხახვის აცმის დაკიდებას, რადგან, მას ძალა არ აქვს.
– თუ ადამიანი არანაირ სამუშაოს არ თაკილობს და მაინც ხელმოცარული და უბარაქოა, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?
– ასეთებს ბარაქის არხი აქვთ ჩაკეტილი. მათი უიღბლობის, ხელმოცარულობის, უფულობისა და უბარაქობის მიზეზი სამყაროსეული არხის ჩაკეტვაა. ამისთვის არსებობს ბედნიერების გასახსნელი მცენარეები. შეიძინეთ ისინი, დადგით თქვენს ბინაში და მათგან წამოსული დადებითი ენერგია იმოქმედებს ბარაქის კოდის გახსნაზე და დაგეხმარებათ ადვილად მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ასეთი მცენარეებია: მონსტერა, გვიმრა და ჯუჯა ხეები. მათი ყიდვა დღეს პრობლემა არ არის, მაგრამ, დააკვირდით, ვისგან ყიდულობთ. თუ ისინი გაზარდეს ისეთ ოჯახში, სადაც უფულობასა და სიდუხჭირეს განიცდიან, მაშინ ასეთი მცენარის ყიდვა და სახლში შეტანა სახიფათოა. ამიტომ, უმჯობესია, მცენარეები მაღაზიაში შეიძინოთ და ასე დაიზღვიოთ თავი უსიამოვნებისგან. ასევე, კარგია თუ მინის პატარა ნივთებს შეიძენთ და მათ გამოსაჩენ ადგილას, მისაღებ ოთახში დადგამთ.
– ამბობენ, ადამიანის აურა ყველაზე კარგად ფოტოსურათზე იკითხება და თუ მას ბოროტი თვალით დააკვირდება ვინმე, ეს ცუდიაო. ამ მხრივ რას უნდა დავაკვირდეთ?
– დიახ, ადამიანის აურა ყველაზე კარგად ფოტოსურათზე იკითხება. ის ადამიანის ისტორიას და საიდუმლოს საუკუნეების განმავლობაში ინახავს. ფოტოსურათი ადამიანის ენერგეტიკული ასლია და მასთან ურთიერთობა იგივეა, რაც ცოცხალ ადამიანთან. სწორედ ამიტომ, არ შეიძლება ფოტოსურათის დახევა, დაწვა, გადაყრა; ასევე, არ არის სასურველი, თქვენი ფოტო ბოროტ, შურიან და ცუდის მოსურნე ადამიანს ჩაუვარდეს ხელში. ნურც უცხოებს დაათვალიერებინებთ თქვენს ფოტოალბომს. ის საგულდაგულოდ უნდა გქონდეთ შენახული. დღეს მოდაშია საკუთარი ფოტოების ინტერნეტით გამომზეურება. შედეგად, ისინი ნებისმიერმა შეიძლება ნახოს და შეაფასოს. ეს საშიშია, რადგან მას, შესაძლოა, ისეთი თვალი მოხვდეს, რომელიც ცხოვრებაში ხელს მოგიცარავთ. ბავშვების სურათების საიტებზე დადებას კი საერთოდ გიკრძალავთ, თუკი თქვენი შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა გსურთ. ფოტოსურათი ძალიან სათუთი რამაა და ის მხოლოდ გამოსახულება ნუ გგონიათ. მასზე მთელი თქვენი განცდა, აურა და ხასიათიც კი გადადის. ის, უამრავ სახესა და ისტორიას ინახავს, გვახსენებს ბედნიერ დღეებს, წუთებსა და წამებს, ზოგი მათგანი კი სევდასაც კი გვგვრის. ასე რომ, ფოტო თითოეული ადამიანის ენერგეტიკული ასლია და ეს უნდა გვახსოვდეს, სანამ მათ ყველას დასანახავად და შესაფასებლად გამოვფენთ. კიდევ გაფრთხილებთ, მოერიდეთ ფოტოების დახევას, გადაყრასა და დაჭრას, რადგან, ამას, შესაძლოა, ცუდი შედეგი მოჰყვეს. სანამ მას დაბეჭდავთ, მანამდე წაშალეთ არასასურველი ფოტოსურათი და შემდეგ აღარ მოგიწევთ მისი განადგურება. გადაგდებულ ფოტოს, შესაძლოა, თქვენი ბედიც თან გააყოლოთ; დაჭრილ ფოტოსთან ერთად თქვენი ბედნიერება შეამოკლოთ, სურათის დაწვით კი პირად ცხოვრებაში შეიქმნათ პრობლემა. ამ საქციელით, საყვარელი ადამიანების დაკარგვაც არ არის გამორიცხული. ასევე, არსებობს ისეთი დღეები, როცა, ადამიანი ფულს გასცემს და ის მალე გაორმაგებულად დაუბრუნდება მის ჯიბეს, მაგალითად, სავსემთვარეობისას. აუცილებლად გააჩუქეთ ამ დღეებში ფული და ის უკან უფრო მეტი დაგიბრუნდებათ, თანაც თუ გაჭირვებულს მისცემთ მას, მით უკეთესი. ენდეთ ამ რჩევას და აუცილებლად მიაღწევთ ფინანსურ კეთილდღეობას.