როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენი წინა ცხოვრების დეტალები გავიგოთ და რა არის დეჟავიუ
დეჟავიუ ყველას გვქონია და, განურჩევლად სიტუაციებისა, ამ შეგრძნებით გამოწვეული ემოცია ყველას ერთნაირი გვაქვს: ვგრძნობთ, გვიკვირს, ვიხსენებთ, მაგრამ ახსნას ვერ ვუძებნით, არადა, თითქოს ეს სიტუაცია უკვე ყოფილა. რეინკარნაციის საკითხთან დაკავშირებით და დეჟავიუს ასახსნელად ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს მივმართეთ.
– რეინკარაცია მოდის ინდური რელიგიებიდან, თუმცა სხვა რელიგიები ამას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, ვინაიდან ამ ფენომენის უარყოფა სახარებაში არ არის და, შესაბამისად, ამას სასულიერო პირები გვერდს უვლიან; ყოველ შემთხვევაში, მკაფიო პროტესტს არცერთი რელიგია არ გამოხატავს. ჩემი რწმენა რეინკარნაციის შესახებ ფაქტებით მყარდება, რომლის დამადასტურებელი უამრავი რეალური მაგალითია მსოფლიოში. ყველა სულს აქვს საკუთარი მისია, რისთვისაც ის განსხეულდება. შესაბამისად, იმისთვის, რომ სულმა დაუსრულებელი მისია შეასრულოს, აუცილებელია ადამიანის სხეული, თუმცა ის ყოველთვის ვერ ხვდება ადამიანის სხეულში და შეიძლება განსხეულდეს ცხოველის, ფრინველის ან თუნდაც ქვეწარმავლის სხეულში.
– ჩემი ნაცნობი ბუდისტებისგან გამიგია, რომ ისინი ბევრს ლოცულობენ, რათა მომავალში ისევ ადამიანში განსხეულდნენ და ნაკლებად პრობლემური ცხოვრება განვლონ სულის მისიის დასასრულებლად.
– ტიბეტურ რელიგიაში არსებობს იერარქიები და, შესაძლოა, მისიადასრულებულმა სულმა უკვე სამუდამო ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს და ანგელოზების სამყოფელში დაიდოს ბინა, რასაც ჩვენ სამოთხეს ვუწოდებთ. თუმცა არსებობს ჯოჯოხეთიც – როცა ღმერთი რამდენიმე შანსს აძლევს სულს, მაგრამ, ბევრჯერ რეინკარნირებული სული მაინც ვერ ასრულებს დაკისრებულ მისიას. არ მინდა, ეს ვინმემ მტკიცებით ფორმაში ჩამითვალოს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ და ჩემი მოსაზრება ფაქტებითა და მასალებით არის გამყარებული.
– როგორც ვიცი, მართლმადიდებლური ეკლესია რეინკარნაციას არ აღიარებს, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას.
– თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ მსოფლიოში არსებული რელიგიები ერთმანეთს ფუნდამენტურად კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ავსებენ. ყველა ფუნდამენტური რელიგია არის ერთი ჭეშმარიტების სხვადასხვა ფორმა. მაგალითად, ქრისტიანობა – ეს არის რელიგიის ფილოსოფია; ბრაჰმანიზმი – ეს არის ტექნოლოგია ანუ მედიტაციები და ტექნოლოგიები, როგორ დაუკავშირდნენ აბსოლუტს; ისლამი – ეს არის წესები. ვისაც ყურანი აქვს წაკითხული, იცის, რომ იქ ფილოსოფია კი არა, უბრალოდ, წესებია, რომლებიც უნდა შეასრულო; იუდაიზმი – ეს არის ფიზიკა. ვისაც თორა ან სეფი რეძირა წაუკითხავს, თუნდაც კაბალისტიკაში ერკვევა – ეს არის ფიზიკა, თუ როგორ არის ეს იერარქია განლაგებული.
– რა ფორმებით ვლინდება ადამიანში რეინკარნაციული ქმედება?
– 2-დან 5 წლამდე ბავშვებშიც კი შეიძლება იყოს რეინკარნაციული გამოვლინება. ხშირად შევხვედრივართ ბავშვებს, რომლებიც უფროსი ადამიანებივით იქცევიან და საუბრობენ. სწორედ ასეთ ბავშვებს უნდა დააკვირდნენ მშობლები და, შესაძლოა, ბევრი საინტერესო რამ გაიგონ. არსებობს ასეთი ცნობილი ფაქტი მამა-შვილ ორტეგებზე: მამა დაახლოებით 1-2 წლის შვილს საფენს უცვლიდა და ბავშვმა დამტვრეულად უთხრა – იყო დრო, როცა მე გიცვლიდი საფენსო. ბუნებრივია, ასე მკაფიოდ ბავშვი ვერ ალაპარაკდებოდა, მაგრამ, როგორც თქვა, ესეც შოკის მომგვრელი იყო მშობლისთვის. ორტეგამ თავისი მამის, ანუ ბავშვის ბაბუის სურათი აჩვენა პატარას, რომელმაც ზუსტად დაადო თითი ბაბუის გამოსახულებას და თქვა, რომ ეს მე ვარო. უფრო მეტიც, მან ის ავტომობილიც ამოიცნო, რომელიც მას ეკუთვნოდა. ასევე, 1957 წლის 5 მაისს ინგლისში მოხდა კატასტროფა, სადაც დაიღუპა ორი ბავშვი და მძღოლი. ამ კატასტროფიდან ერთი წლის შემდეგ დაღუპული ბავშვების მშობლებს შეეძინათ ტყუპები და ერთ ბავშვს ზუსტად იქ ჰქონდა ხალი, სადაც დაღუპულ ბავშვს. მეორეს კი აქვს შრამი შუბლზე და ცხვირზე, რომელიც მეორე დაღუპულმა ბავშვმა მიიღო ველოსიპედით სეირნობისას. ამ ფაქტების შემდეგ უარყოფა იმისა, რომ რეინკარნაცია არ არსებობს, სისულელეა, ანუ ზოგჯერ მხოლოდ სული კი არ რეინკარნირდება, არამედ, ის სული ზუსტად იდენტურ სხეულშივე იბადება, როგორიც იყო წინა ცხოვრებაში. კიდევ უამრავი ასეთი ფაქტი არსებობს, რამაც სერიოზულად დააფიქრა მსოფლიო სულის ხელმეორედ დაბადებაზე.
– არსებობს მედიტაციის ისეთი მეთოდი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წინა ცხოვრების გასახსენებლად?
– არის მედიტაციების უამრავი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ადამიანმა შეიძლება გაიხსენოს წინა ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები. სხვათა შორის, ამაზე ფილმიც არის გადაღებული: ბავშვს, რომელსაც ცეცხლის გამუდმებული შიში აქვს და მის ყოველ დანახვაზე შოკის მომგვრელი რეაქციები ეწყება, სწორედ მედიუმის წყალობით (რომელიც ბოლოს ინდოეთიდან მოიწვიეს), გაირკვა, რომ მასში იმ გოგონას სული იყო რეინკარნირებული, რომელიც ამ ოჯახში მის დაბადებამდე ალმოდებულ მანქანაში დაიღუპა.
რა თქმა უნდა, მედიტაციის მეთოდები არსებობს, მაგრამ ძალიან რთულია. პირადად მე ამ მეთოდს ვიყენებ, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თავიდან გამიჭირდა გონების კონცენტრირება, მაგრამ მერე უკვე ჩვევად ვაქციე და ბევრი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე, რაც კიდევ უფრო მიმყარებს მოსაზრებას, რომ რეინკარნაცია სრული რეალობაა. ყოველ დილას, სანამ ჩვენი გონება რაიმე ინფორმაციით დაიტვირთება, ეცადეთ, მოდუნდეთ, თვალები დახუჭოთ და წარმოიდგინოთ, რომ მაღალი კიბიდან ეშვებით, კიბის ბოლოს კარია, ხსნით ამ კარს და გადიხართ ბურუსში. ეცადეთ, გონება დაძაბოთ და ეს ბურუსი ნელ-ნელა გაფანტოთ, ამის მერე კი დააკვირდით, სად ხართ, რას ხედავთ, რა ხდება თქვენ გარშემო და ცოტა ხანს დარჩეთ იქ. როცა თვალს გაახელთ, ის ქმედება თუ სიტუაცია დაუკავშირეთ ამჟამინდელ ცხოვრებას.
– შეიძლება ეს, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყოს და ხელოვნურად წარმოვიდგინო გამწვანებული ტყე ან რაღაც სამოთხისმაგვარი ადგილი და, უნდა ჩავთვალო, რომ ანგელოზი ვიყავი?
– ჩვენი ტვინის მარცხენა მხარე – ეს არის ლოგიკური ნახევარსფერო, სადაც თავს იყრის ინფორმაცია, ბავშვობიდან დღემდე მიღებული გამოცდილება; მეორე – მარჯვენა ნახევარსფერო არის ასოციატიური და, შენსავე მაგალითზე გიპასუხებ, რომ შენი სული რუსეთის ერთ ერთ სოფელში მცხოვრები ღრმად მორწმუნე ქალის სხეულში ცხოვრობდა, რომელიც ცდილობდა, ქალაქში დაემკვიდრებინა თავი, მაგრამ ვერ მოახერხა. ამ ცხოვრებაში შენ დაიბადე ასევე სოფელში, მაგრამ ჩამოყალიბდი და განვითარდი ქალაქში, სადაც ახლა ცხოვრობ და მუშაობ. თუმცა რელიგიასთან დაშორებული ხარ, რაც შენს წარმატებაზე უარყოფითად მოქმედებს. ხომ ასეა? რაც შეეხება შენ მიერ დასმულ კითხვაში ხსენებულ სამოთხესა და ანგელოზებს, სწორედ ტვინის ასოციატიური ნახევარსფეროდან მომდინარეობს და ესეც იმის ნათელი მაგალითია, რომ რეინკარნაცია რეალობაა. რატომ არ გაგიჩნდა კითხვა: იქნებ ნანგრევებს ან უდაბნოს ვხედავო?! იმიტომ რომ, რასაც იქ დაინახავ, თუნდაც შენს ფანტაზიასა და პრიმიტიულ წარმოსახვას დააბრალო, ამას მაინც ლოგიკური ახსნა აქვს. დეჟავიუ სწორედ ასოციატიური ტვინის გაუთვითცნობიერებელი გააქტიურებაა; მოქმედება, რომელიც ან ამ ცხოვრებაში იყო და აღარ გვახსოვს, მაგრამ ის გადასულია მარჯვენა ნახევარსფეროში და ახლა ამოგვიტივტივდა, ან წინა ცხოვრების დროს განცდილი ქმედება, რომელიც მოცემულ სიტუაციაში ეგრეთ წოდებული დეჟავიუს სახით გვახსენებს თავს.
– ისეთ შემთხვევაში, როცა ადამიანი წინა ცხოვრებაში ქალი იყო და ახლა კაცია ან პირიქით, ახდენს თუ არა რამე გავლენას ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაზე?
– პირიქით! ძირითადად სქესი არ მეორდება, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ გამეორდა და ადამიანს ამ ცხოვრებაშიც ის სქესი აქვს, რაც წინა ცხოვრებაში ჰქონდა, მაშინ უფრო ექმნება პრობლემა სექსუალური ცხოვრების კუთხით.