როგორ დაუპირისპირეს ერთმანეთს მონღოლებმა ძმები – დავით მერვე და ვახტანგ მესამე
1289 წელს, მონღოლების მიერ დიმიტრი მეორე თავდადებულის სიკვდილით დასჯის მერე, ჰულაგუიანების დინასტიის დამაარსებლის, ჰულაგუ ყაენის შვილის, აბაღა ყაენის ძე – არღუნ ყაენმა ტფილისის ტახტზე დასვა დასავლეთ საქართველოს მეფის, დავით მეექვსე ნარინის უფროსი ვაჟი და თანამოსაყდრე – ვახტანგ მეორე, რუსუდან მეფის შვილიშვილი. 1292 წელს ვახტანგ მეორე მოულოდნელად გარდაიცვალა და ახალმა ყაენმა, არღუნის ძმამ – ქეღათუმ ტფილისის ტახტზე დაამტკიცა დიმიტრი მეფის უფროსი ვაჟი, დავით მერვე, ლაშა-გიორგის შვილთაშვილი. ამ დროს საქართველო გაყოფილი იყო სამად. დასავლეთ საქართველოში მეფობდა დავით ნარინი, აღმოსავლეთში გამეფდა დავით მერვე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მართავდნენ ჯაყელები, რომლებიც უკვე არ ემორჩილებოდნენ ბაგრატიონებს და პირდაპირ საილხანოს დაქვემდებარებაში იყვნენ.
ილხან ქეღათუს უნდოდა, ჩინურის მსგავსად, ქაღალდის ფულის გამოშვება, მაგრამ არ გამოუვიდა. საილხანოში პოლიტიკური კრიზისი იყო. 1295 წელს ქეღათუ მოკლეს და ტახტზე ავიდა ჰულაგუს შვილის, თარაღაის შვილი - ბაიდუ ყაენი. რამდენიმე თვეში კი, ისიც მოკლეს და ილხანი გახდა არღუნ ყაენის ვაჟი – ყაზანი.
გავიდა დრო. ყაზან ყაენმა ურდოში მიიწვია დავით მეფე, მაგრამ უარი მიიღო. დავით მერვეს ძალიან სძულდა მამამისის მკვლელი ჰულაგუიანი მონღოლები. ცდილობდა, მონღოლთა ურდოებს შორის დაპირისპირება თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ამ მიზნით, თავისი მომდევნო ძმა, ვახტანგ უფლისწული ოქროს ურდოში გაგზავნა და იქაურ ყაენს, თოხთას მოკავშირეობა შესთავაზა ყაზან ყაენის წინააღმდეგ. თუმცა, ოქროს ურდოსა და საქართველოს კოალიცია ვერ შედგა.
1297 წელს ილხანთა ურდოს ჯარი შემოიჭრა საქართველოში. დავით მეფე მთიულეთში გამაგრდა. იქვე დაამარცხა კიდეც მონღოლთა არმია, რომელმაც გზად აიკლო საქართველო.
ამ ხანებში დავით მეფემ უნდობლობა გამოუცხადა თავის ძმას, ვახტანგს, დაატყვევა და ჩააგდო ჟინვალის ციხეში.
ვახტანგი გაიპარა, მივიდა მეფესთან დაახლოებულ ივანე ბურსელთან და სთხოვა, ძმასთან შერიგებაში ეშუამდგომლა: „ბოროტი არაფერი გამიკეთებია ჩემი ძმისთვის, გააგებინე, რომ მოვედი შენთან. თუ უნდა, ფიცი მომცეს, რომ ცუდს არაფერს დამიშავებს, არ დამაპატიმრებს და მივალ მასთან და მცირე სარჩოც მომცეს.“
ივანე ბურსელმა გააგზავნა კაცი და შეატყობინა მეფეს. დიმიტრი თავდადებულის უფროს ძეს ძალიან გაუხარდა და ფიცით მიინდო ძმა. წაიყვანა, კარგად ეპყრობოდა და ზრუნავდა მასზე. მაგრამ, შემდეგ ისევ უნდობლად განეწყო მისდამი, რადგან არაგვის გავლენიანი ერისთავის, შაბურის ძის ასული შეირთო ვახტანგმა ცოლად.
ვერ აიტანა ამდენი ეჭვიანობა და შეურაცხყოფა უფლისწულმა ვახტანგმა, ხიფათიც ელოდა, მისი ბედი გაურკვეველი იყო და ამიტომ, წავიდა ურდოში ყაზან ყაენთან. ყაენმა, რომელიც გაგულისებული იყო ურჩ დავით მერვეზე, დიდი პატივით მიიღო ქართველი მეფისწული, დააჯილდოვა და მეფობასაც შეჰპირდა, თუ მისი ძმა არ დაემორჩილებოდა. საკითხი ადგილზე უნდა გადაწყვეტილიყო. გამოამგზავრა საქართველოში უფლისწული და ნოინი ხუტლუ-შაჰი (ხუტლუ-შა, ქუთლუღ-შაჰი, ქუთლუქა) დიდი არმიით.
ხუტლუ-შაჰი მრავალრიცხოვანი ჯარით მოვიდა ტფილისში. მოილაპარაკეს თათრებმა და ქართველებმა, მათ შორის სამცხის ბატონმა ბექამ, სარგის სპასალარმა, ტაოელებმა, თმოგველებმა, ქვემოქართლელებმა და სომხებმა, შანშე მხარგრძელის ხელმძღვანელობით და ვახტანგი მეფედ გამოცხადდა.
დავით ურჩმა რომ გაიგო, ვახტანგს მეფედ აცხადებენო, გამოაგზავნა ივანე ბურსელი ზავისთვის და მონღოლებს აღუთქვა, წავალ ურდოშიო. ოღონდ, ფიცით ხელუხლებლობის გარანტია მოითხოვა და მძევლები. ხუტლუ-შაჰმა შეჰფიცა და ყველა თხოვნის შესრულებას შეჰპირდა. ივანე ბურსელი დაბრუნდა მეფესთან და გადასცა ხუტლუ-შაჰის ნათქვამი. დავითმა გაიხარა და გამოაგზავნა დედოფალი ოლჯათი, კათალიკოსი აბრაჰამ I და ივანე ბურსელი. დედოფალი ოლჯათი იყო ყაენ არღუნის და, ყაზანის მამიდა. ის ადრე არღუნმა ვახტანგ მეორეს მიათხოვა. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ კი, ოლჯათი ცოლად მოაყვანინეს დავით მერვეს. ბაზალეთთან შეეგებნენ ხუტლუ-შაჰი და სხვა ნოინები ოლჯათ დედოფალს და ისეთი პატივი სცეს გარდაცვლილი ყაენის დას და მოქმედი ყაენის მამიდას, როგორც ყაენს.
მონღოლთა დიდებულებმა გადასცეს დავითის ელჩებს ყაენის ბეჭედი, ხელის მანდილი, როგორც ფიცის სიმტკიცის სიმბოლოები და აღუთქვეს, ყაენის კეთილგანწყობა და ხუტლუ-შაჰის შვილი – სიბუჩი მძევლად შესთავაზეს მეფის ელჩებს.
ხუტლუ-შაჰმა და ნოინებმა ოლჯათი იქვე დატოვეს და მეფესთან კათალიკოსი, ტფილისის ყადი და ივანე ბურსელი გააგზავნეს მოსალაპარაკებლად. როცა დავით მეფესთან მივიდნენ და ნახა მეფემ, რომ დედოფალი ოლჯათი არ დაბრუნდა, მოიმიზეზა, რატომ არ გამოუშვით ჩემი მეუღლეო და არ ინება მონღოლებთან მისვლა. დიდი შიში და რიდი ჰქონდა დავით მეფეს მონღოლებისა ბავშვობიდან, ის ხომ მამამისის მკვლელობას შეესწრო. გამოაგზავნა კათალიკოსი, ყადი და ივანე ბურსელი, მოითხოვა ოლჯათის გამოგზავნა და შეჰპირდა, მოვალო.
როცა დავით მეფის ელჩები მივიდნენ ხუტლუ-შაჰთან და გადასცეს მისი პასუხი, ხუტლუ-შაჰმა უთხრა ბურსელს: „კაცო, მოსატყუებელი რა არის. მე მტკიცე ფიცით შევფიცე და მაინც არ მოვიდა. ახლა პასუხი აგე ტყუილის ნაცვლად“ და განრისხებულმა მოკლა ივანე ბურსელი. შანშე მხარგრძელმა მისი ცხედარი გააგზავნინა საგვარეულო სასაფლაოზე.
გადაწყდა – ვახტანგს დაუმტკიცეს მეფობა.
მონღოლებმა გადაწყვიტეს დავით ურჩის დასჯა და შეუდგნენ მთიულეთის გზას. გადავიდნენ გველეთში, დარიალის ხეობაში, დღევანდელი ყაზბეგიდან 10 კილომეტრში, სადაც გამაგრებული იყო მეფე დავითი და იქიდან თავს ესხმოდა ციხე-სიმაგრეებში შესულ მონღოლებს და მათ მომხრე ქართველ დიდებულებს. დიდ ზიანს აყენებდა მათ, მაგრამ, მონღოლთა მრავალრიცხოვნობის გამო, ეს მაინც დიდად არ ცვლიდა ვითარებას.
რა ნახეს მონღოლებმა სიმტკიცე და აუღებლობა გველეთისა, აიყარნენ და უკან გამობრუნდნენ. მათ თავს დაესხნენ მთიულები და მრავალი გახოცეს. ზანდუკის ხევში შესული მონღოლებიც ხოცეს და ხოცეს მთიელმა ქართველებმა. ეს მოხდა 1297 წელს.
ქართლში დაბრუნდა მონღოლთა დამსჯელი ჯარი. იქიდან გაემგზავრნენ ურდოში და თან წაიყვანეს დედოფალი ოლჯათი.
ასე დამტკიცდა ყაზან ყაენისგან მეფობა ვახტანგ მესამისა აღმოსავლეთ საქართველოში. ჟინვალში დავით მერვე იჯდა და არ ცნობდა მონღოლთა ხელისუფლებას, მაგრამ ვერ აკონტროლებდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილს. მონღოლები აკონტროლებდნენ აღმოსავლეთ საქართველოს და მათი ხელდასხმით ტფილისში იჯდა ვახტანგ მეფე. ის ფლობდა ტფილისს, ქვემო ქართლს და ჩრდილოეთ სომხეთს. დასავლეთ საქართველოში ნარინის ვაჟი მეფობდა, რომელიც არ ემორჩილებოდა მონღოლებს. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთავრები – ჯაყელები აღარ ემორჩილებოდნენ ტფილისის ხელისუფლებას და მხოლოდ ყაენს აღიარებდნენ.
ვახტანგ მეფე ცდილობდა, წინ არ აღდგომოდა უფროს ძმას, რადგან ვახტანგი არ იყო მოშურნე. ის ყოველნაირად სრულყოფილი ადამიანი გახლდათ – ნამდვილი ქრისტიანი, მშვიდი, თავმდაბალი, უშფოთველი, ეკლესიის პატივისმცემელი...
დავით მეფე ზაფხულობით მთიულეთში იყო, ზამთრობით – ქართლში. აიშალა ქვეყანა. ვისაც არ ეზარებოდა, აოხრებდა აღმოსავლეთ საქართველოს, მათ შორის ყაჩაღობდნენ ოსები, ყივჩაღები, მონღოლები ხომ თავისთავად, განსაკუთრებით ხარკის აკრეფის დროს. დავით მეფემ შეკრიბა 15 000 მეომარი მთიული, ცხენოსანი და ქვეითი, და დაიძრა ტფილისისკენ. თავს დაესხა საზაფხულოდ მიმავალ ყივჩაღებს. ყივჩაღთა ნაწილი ქალაქს შეეფარა, ნაწილი მტკვარზე გადავიდა და გაიქცა.
ამ დროს ვახტანგ მეფე ტაბახმელაში იდგა. ეს რომ გაიგო, დაბრუნდა ტფილისში, განვლო ხიდი მეტეხთან, გაიარა საღოდებელი (დღევანდელი ავლაბარი) და გავიდა მახათას მთაზე. დავითი ქედის თავზე იდგა, ვახტანგი ქვემოთ. მოხდა შეტაკება. საბოლოოდ დავით მეფემ უკან დაიხია და გაბრუნდა.
არ უნდოდა ვახტანგ მეფეს ძმასთან ბრძოლა, მაგრამ მონღოლები აიძულებდნენ.
ასე გაიყო საქართველო ოთხად.