ინტიმური საუბრები
შობის ღამე ჩემთვის განსაკუთრებით ბედნიერი აღმოჩნდა
წელს ძალიან განსხვავებული მქონდა შობაც, ახალი წელიც და ბედობაც (ძველიც და ახალიც). სიმართლე გითხრათ, სულაც არ მოვმზადებულვარ საზეიმოდ, ერთადერთი, შობის ღამეს წავედი ეკლესიაში და გამთენიისას დავბრუნდი სახლში და ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი, ლამის დავფრინავდი. უფრო სწორად, კარგ ხასიათზე კი არა, ბედნიერი ვიყავი. სხვა დროსაც შევხვედრივარ შობას ეკლესიაში და კარგ ხასიათზეც დავბრუნებულვარ სახლში, მაგრამ წელს მაინც ძალიან განსხვავებული იყო. შეიძლება იმანაც ითამაშა როლი, რომ ეკლესიის ეზოში შევხვდი ჩემს ყოფილ შეყვარებულს, რომელიც უკვე ოთხი წელია, არ მინახავს, რადგან უცხოეთში იყო წასული სამუშაოდ; „ყოფილი“ კი იმიტომ არის, რომ უკვე კარგა ხანია, ოფიციალურად დავშორდით – ზუსტად ორი თვის შემდეგ მისი გამგზავრებიდან დედამისმა დამირეკა და მითხრა: აღარც დაურეკო და აღარც მისწერო ჩემს შვილს, იმას ახლა სხვა გეგმები და მიზნები აქვს, შენ კი მხოლოდ ხელს შეუშლი და უკან დასწევო. ისე მეტკინა გული, მთელი ღამე ტირილში გავატარე. მეორე დღეს ბევრი ვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი და ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მიმეწერა და დამედგინა, თვითონაც ასე ფიქრობდა თუ ეს მხოლოდ დედამისის აზრი იყო. დარეკვა და ტელეფონით დალაპარაკება არ მოვინდომე, რადგან მეშინოდა, ტირილი არ ამვარდნოდა. სკაიპით ყველაფერი მივწერე და ვთხოვე, გულწრფელად ეპასუხა ჩემს წერილზე, მაგრამ ოთხი წელი ისე გავიდა, იმ წერილზე პასუხის მოწერა კი არა, იმის მერე არც დაურეკავს. მეც ჩავთვალე, რომ ის დედამისს ეთანხმებოდა და, გადავწყვიტე, დამევიწყებინა მისი არსებობაც კი, რაც მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოვახერხე, ოღონდ ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ტკივილი და ადამიანებზე გულის აცრუება დამიტოვა. ამ ტკივილით ვიცხოვრე შემდეგი ორი წელიწადიც და, ცხოვრების თავიდან დაწყება რომ გადავწყვიტე, სწორედ მაშინ შევხვდი იმას, ვინც სამუდამოდ დავიწყებული და მეხსიერებიდან ამოშლილი მეგონა; მაგრამ, დავინახე თუ არა, უფრო სწორად, თვალებში შევხედე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი, რომ ისევ მიყვარდა. ვიგრძენი მიყვარდა კი არა, იცით, რა დამემართა? თითქოს ვიღაცამ მთელი ძალით ჩამოგლიჯა დიდი და სქელი მტვრიანი ფარდა და შუაგულ მზეში გამოჩნდა ის ადამიანის სახე, ვინც თურმე ასე ძალიან მენატრებოდა მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში. კინაღამ კივილით გავიქეცი და კისერზე ჩამოვეკიდე, ძლივს შევიკავე თავი. მაგრამ, ზუსტად ვიცი, ეკლესიაში რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, ვერ შევძლებდი თავის შეკავებას. თვითონაც დიდი ემოცია გამოხატა ჩემს დანახვაზე. დიდხანს მეკითხებოდა ჩემ შესახებ ყველაფერს, მერე კი მითხრა, გავიგე, რომ ტაძარში დადიხარ ხოლმე, ლოგიკურად, შობის ღამეს აუცილებლად უნდა მოსულიყავი აქ და მეც ამიტომ მოვედი, რომ შენ მენახე. პატიების სათხოვნელად და შესარიგებლად ეკლესია ყველაზე კარგი ადგილიაო.
დილის 5 საათამდე ვიყავით ტაძარში, მერე კი სახლამდე მომაცილა და გზაში მიამბო, სინამდვილეში რაც მოხდა – თურმე ეს ყველაფერი დედამისის ჩანაფიქრი იყო, რადგან შემთხვევით აღმოაჩინა მათი ოჯახისთვის უფრო სასურველი და შესაფერისი სარძლო, რომელიც იმ ქვეყანაში სწავლობდა, სადაც ჩემი სანდრო წავიდა სამუშაოდ და, გადაწყვიტა, ჩვენ დავეშორებინეთ, რაც ძალიან ადვილად მოახერხა. ჩვენი დაშორებიდან ერთ წელიწადში სანდროს მართლაც შეურთავს ის გოგო, მაგრამ რამდენიმე თვეში გაყრილან, რადგან სანდროს დედას აღმოუჩენია, რომ ამ თავის საოცნებო რძალს გათხოვებამდე შეყვარებული თუ საყვარელი ჰყოლია, რომელთან ურთიერთობაც გათხოვების შემდეგაც გაუგრძელებია. მზრუნველმა დედიკომ ეს ინფორმაცია მაშინვე ჩაუკაკლა შვილს და ცოლ-ქმარი ერთმანეთს დააშორა, თუმცა მაშინვე მოუნახავს თავისი შვილისთვის პირველი ცოლის ღირსეული შემცვლელი (როგორ ახერხებდა ეს ქალი თბილისიდან ევროპაში ამდენ ჩალიჩს, აზრზე ვერ მოვდივარ). მაგრამ სანდროს ამჯერად მეტი სიმტკიცე გამოუჩენია და დედასთან სერიოზული უსიამოვნების ფასად, მისთვის კატეგორიულად აუკრძალავს პირად ცხოვრებაში ჩარევის მცდელობაც კი და პირდაპირ უთქვამს, თუ ეკა მაპატიებს და შემირიგდება, მას მოვიყვან ცოლად, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ის მიყვარდა და დღემდე მიყვარსო.
ეტყობა, ღმერთს უნდოდა ჩვენი ერთად ყოფნა, თორემ ყველაფერი სხვანაირად გაგრძელდებოდა.
ეკა, 24 წლის.