საუზმე „ბუსთვის“ და „ტოროლასთვის“ – ბიორიტმების მიხედვით
დიეტოლოგები ამბობენ, რომ საუზმის გამოტოვება არ შეიძლება, ის კი არა, უმჯობესია, თუ ორჯერ საუზმობას შემოიღებთ წესად. როგორი უნდა იყოს ის – ნოყიერი თუ მსუბუქი? ეს ჩვენს ინდივიდუალურ ბიორიტმზეა დამოკიდებული, რადგან ის ყველას სხვადასხვა აქვს.
„ტოროლების“ ბიორიტმები იდეალურად ემთხვევა საჭმლის გადამუშავების სისტემის ბიორიტმებს დილის 7-დან 9 საათამდე. დროის ამ მონაკვეთში კუჭი ყველაზე აქტიურად ინელებს საკვებს.
დილით „ტოროლას“ საუკეთესო მადა აქვს. ამიტომ, საუზმისთვის საუკეთესო დრო გაღვიძებიდან ნახევარ საათში დგება. რეკომენდებულია ამინომჟავებით მდიდარი, ცილოვანი პროდუქტები, რომლებიც ჰორმონების გამომუშავებაზე აგებს პასუხს. დილით „ტოროლებისთვის“ არ შეიძლება მატონიზებელი სასმელები – ყავა და მაგარი ჩაი; რეკომენდებულია წვენები, სმუზი, ხილისა და ბალახეულის ჩაი. და, რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში აუცილებელია წყლის ბალანსის დაცვა.
დილის 6 საათზე – პირველი საუზმე: 2 კვერცხის ერბოკვერცხი (ცოტა ზეთში შემწვარი), 2 ცალი მოხარშული სოსისი (საქონლის ხორცის), 50 გრამი უცხიმო ხაჭო, 2 ნაჭერი შავი ცეხვილი პური, 1 ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაი.
დილის 11 საათზე – მეორე საუზმე: ენერგიის მომატებაში ხელს შეგიწყობთ ნახშირწყლები – ხილის ან ბოსტნეულის სალათა, რძეზე მოხარშული რომელიმე ბურღულეულის ფაფა, 1 პატარა ფინჯანი ყავა ნაკლებად ტკბილი ფუნთუშით.
დღის განმავლობაში მიირთვით ნებისმიერი კერძი, ოღონდ, მცირე რაოდენობით.
„ბუს“ ბიორიტმი ირთვება 2-3 საათით უფრო გვიან, თუმცა, ქალაქის ცხოვრების ტემპი აიძულებს მას, ადრე ადგეს. შესაბამისად, მაშინ, როცა ის უკვე ფეხზეა, მის ორგანიზმს ჯერ ბოლომდე არ გაუღვიძია. ამიტომ, მისი საუზმე უნდა იყოს მსუბუქი და შეიცავდეს ნახშირწყლებს, რათა გააძლიეროს ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის გამომუშავება; მეორე ვახშამი კი ცილოვანი, უფრო ნოყიერია მიზანშეწონილი.
დილის 7 საათი – პირველი საუზმე: რძიანი ყავა და 1 ცალი პატარა კრუასანი (ან შავი ჩაი 1 ბუტერბროდით) და ხილის სალათა (ან ფორთოხლის წვენი).
დილის 10 საათი – მეორე საუზმე. ბოსტნეულის სალათა მწვანილითა და ქათმის მკერდის ფილეთი, ცეხვილი პურის 2 პატარა ნაჭერი ხაჭოთი, შავი ყავა ან ჩაი.
დღის განმავლობაში, ასევე, მიირთვით ნებისმიერი კერძი მცირე რაოდენობით.
„ბუსთვისაც“ და „ტოროლასთვისაც“ იდეალური საუზმეა მშრალი ხაჭო. ეს არის D ვიტამინის, კალციუმისა და ფოსფორის წყარო. ის ასევე შეიცავს კაზეინს – რთულ რძის ცილას, რომელსაც ორგანიზმი ნელ-ნელა შეითვისებს, რის გამოც ხანგრძლივდება დანაყრების შეგრძნება.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რძის ცილების შემადგენლობაში შემავალ ამინომჟავებს ყველაზე მეტად შეუძლიათ ორექსინის გამომუშავების სტიმულირება. ეს ჰორმონი, რომლის სინთეზირებასაც თავის ტვინის განსაკუთრებული უჯრედები ახდენს, უნარჩუნებს ორგანიზმს ენერგეტიკულ წონასწორობას და პასუხს აგებს ადამიანის სიმხნევეზე. ასე რომ, ერთი ულუფა (150-200 გრამი) მშრალი ხაჭო დილიდანვე მოგამარაგებთ ენერგიით, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ის დამზადებულია ახალი, საქონლის რძისგან, კონსერვანტებისა და სტაბილიზატორების გარეშე.