გრეიპფრუტი – სილამაზის სამსახურში
ყველასთვის ცნობილია, რომ, რასაც ვჭამთ და ვსვამთ დღის განმავლობაში, პრაქტიკულად მაშინვე აისახება ჩვენს კანზე. ალკოჰოლი, სიგარეტი, არასწორი საკვები და სტრესი – ჩვენი ახალგაზრდობისა და სილამაზის მთავარი მტრები არიან; ხოლო, რაც მეტ ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს მივირთმევთ, მით უკეთ ვგრძნობთ თავს და, შესაბამისად, უკეთ გამოვიყურებით.
ციტრუსები ყველაზე საყვარელი ზამთრის ხილია, რომელიც ყველაზე უფრო მდიდარია C ვიტამინით. მაგრამ ისინი გამოიყენება არა მხოლოდ საჭმელად და წვენის გამოსაწურად, არამედ კოსმეტიკური კრემებისა და ნიღბების დასამზადებლადაც, რადგან, მათში შემავალი ასკორბინის მჟავა, ისევე, როგორც სხვა მჟავები, ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია. ამ მხრივ კი განსაკუთრებით გამოირჩევა გრეიპრფუტი.
ანტიასაკობრივი ნიღაბი
გრეიპფრუტი დიდი რაოდენობით შეიცავს რეტინოლს – ერთ-ერთ უძლიერეს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს. სწორედ ის უმკლავდება წვრილ ნაოჭებს ყველაზე უკეთ. გარდა ამისა, გრეიპფრუტის ნიღაბი კანს დამატებით ტონუსს მისცემს. ნიღბისთვის დაგჭირდებათ: 1 სადილის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის ჭიქა „ჰერკულესი“ და ნახევარი გრეიპფრუტის წვენი კარგად შეაზილეთ ერთმანეთს. მიღებული მასა წაისვით გაწმენდილ სახეზე და დაიცადეთ, სანამ კარგად გაშრება, მერე კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემშრალებისთანავე წაისვით შესაბამისი მკვებავი. ეს ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.
ცხიმიანი კანისთვის
მოზარდის კანისთვის დამახასიათებელია მომატებული გაცხიმოვნება. თუ ცხიმიან კანს არასწორად მოუვლით, შესაძლოა, ჩირქოვანი გამონაყარი გაჩნდეს. მასში არსებული მჟავების წყალობით, გრეიპფრუტს შეუძლია კანში ცხიმის დაგროვება დაარეგულიროს და კანს სიპრიალე მოაშოროს. სახის გასაწმენდად გამოიყენეთ ტონიკი, რომელიც უნდა მოამზადოთ გრეიპფრუტის ახალგამოწურული წვენისა და ლავანდის წყლისგან (თანაბარი შეფარდებით) ან – პიტნის ნაყენისგან. ასეთ ტონიკში დაასველეთ ბამბის ტამპონი და კანი დილა-საღამოს გაიწმინდეთ.
თმის ხარისხი
რაც უფრო გრძელია თმა, მით ძნელია მისი დაცვა გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ამ საქმეში დაგეხმარებათ გრეიპფრუტის წვენი – ის აღადგენს თმის სტრუქტურას და, როგორც შეღებილი, ისე ბუნებრივი თმის ფერს, უბრალოდ, წაისვით გრეიპფრუტის წვენი თმის მთელ სიგრძეზე (და არა თავის კანზე), გაიჩერეთ 15-20 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ (ფენით არ გაიშროთ).
ტუჩების დაცვა
ზამთარში ადვილად სკდება ტუჩების კანი, ამიტომ ამ სეზონზე განსაკუთრებული უნდა იყოს მათი მოვლა. აუცილებელი ტუჩების დამატებით კვება. გრეიპფრუტის ფუძეზე დამზადებული კრემი იდეალურია ამ ფუნქციისთვის. ის შესანიშნავად ატენიანებს და კვებავს მგრძნობიარე კანს, ასევე, იცავს მას ყინვისა და ქარისგან. წაისვით საჭიროების შემთხვევაში და აუცილებლად დაიბანეთ დაძინებამდე 1-2 საათით ადრე. თუ გრეიპფრუტის ზეთს შეურევთ ქოქოსის ზეთში (თანაბარი რაოდენობით) და დაუმატებთ რამდენიმე წვეთ E ვიტამინს, მიიღებთ ნამდვილ მკვებავ ბალზამს ტუჩებისთვის.