როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ჯღამაძე
სახელ ჯაღადანაა ნაწარმოები გვარი ჯღამაძე.
ჯღამაძეებს ადრე რაჭაში უცხოვრიათ. ეს გვარი ჩანს 1545 წელს, შემდეგ გადმოვიდნენ სამეგრელოში. ადგილობრივ მეტყველებაში ჯღამაძე ხშირად იცვლება ვარიანტით ჯღამაია.
1733 წელს შედგენილ საბუთში დასახელებულნი არიან გეჯეთს მცხოვრები ბაბუშია და ნანაია ჯღამიები.
საქართველოში 822 ჯღამაძე ცხოვრობს: თბილისში – 212, სენაკში – 147, ზუგდიდში – 110. არიან სხვაგანაც.
თორდია-თორდინავა
თორდია და თორდინავა ერთი და იგივე გვარია. ორივეს ფუძეა თორი. პირველში სუფიქსია ია, მეორეში კი – ავა. ფუძესა და სუფიქსს შორის დი ინფიქსი მიგვანიშნებს, რომ გვარის საწყისი ფორმაა თორია, თორი.
ქართლში გაჩნდა თორელების საგვარეულო, ხოლო იქიდან წასულებმა სამეგრელოში შექმნეს გვარები: თორია, თორდია და თორდინავა.
არსებობს მოსაზრება, რომ თორდია თოდრაძეთა გვარიდან არის მიღებული. თითქოს თოდრაძეები კახეთიდან კოლხეთში არიან მიგრირებულნი და იქ თორდიები გამხდარან. მაგრამ ამ მოსაზრების გაზიარება ეჭვქვეშ დგება, რადგან თოდრაძეები გურიაში, კერძოდ, ოზურგეთსა და ჩოხატაურში, ასევე კახეთში ცხოვრობენ, კოლხეთში კი მსგავსი გვარი ჯერ არ შეგვხვედრია.
შესაძლოა, კოლხური გვარის წარმომავლობა მესხეთში გაჩენილ ფეოდალურ საგვარეულოს – თორელს დაუკავშირდეს.
სიტყვა თორს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: თორი აბჯრის ერთ-ერთი სახეობა იყო ძველ საქართველოში; ასევე, ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში.
საქართველოში 1 596 თორდია ცხოვრობს: ზუგდიდში – 1 208, თბილისში – 151, წალენჯიხაში – 76. არიან სხვაგანაც.
229 თორდინავა: მარტვილში – 131, თბილისში – 57, ქუთაისში – 30. არიან სხვაგანაც.
ბერიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ბერი. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ბერი ხანმრავალ კაცს ნიშნავს.
ფუძით ბერი ბევრი ქართული გვარია ნაწარმოები.
1719 წელს ედიშერ ციციშვილის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ბერუა ბერიშვილი.
1797 წლის საბუთით კი ირკვევა, რომ დავით და ბესარიონ ბერიშვილები ყოფილან თავად ლუარსაბ თარხნიშვილის ბიძაშვილები.
ღოუბნელმა გლახა ბერიშვილმა 1829 წელს იქორწინა ბოგველი თამაზას ასულ მართაზე. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ.
საქართველოში 4 107 ბერიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 868, ზუგდიდში – 680, წალენჯიხაში – 511. არიან სხვაგანაც.
გრიგოლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გრიგოლი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად მღვიძარს, ფხიზელს ნიშნავს.
1721 წელს მუხათში მოიხსენიება კირაოზა გრიგოლაშვილი.
სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
საქართველოში 703 გრიგოლაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 183, თბილისში – 177, წყალტუბოში – 81. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით