კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინის რომელი რჩევა არ გაითვალისწინა ბერიამ და რატომ არ უყვარდათ ის სამხედროებს+

1941 წლის მიწურულს ფაშისტური გერმანია მოსკოვს მიადგა. ჰიტლერს საგანგებო ბრძანება ჰქონდა გაცემული, რომ მთელი ძალებით შეეტიათ, რათა საბჭოთა დედაქალაქი წლის ბოლომდე აეღოთ და ახალ წელს საბჭოეთის დედაქალაქში შეხვედროდნენ. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობდა. სრულად აკონტროლებდა სიტუაციას და მტრის რჩეულ, უძლიერეს არმიას მედგარ წინააღმდეგობას უწევდა. „თსკის“ (თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი) მთავარი მამოძრავებელი სტალინთან ერთად, ლავრენტი ბერია იყო. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი უმაღლეს მთავარსარდალს დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ უკეთებდა ამომწურავ მოხსენებას ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ძირითადად, სწორედ ბერიას მოხსენებების შედეგად ხდებოდა ფრონტის კორექტირება, ანუ საბჭოთა დაცვის სუსტი წერტილების გაძლიერება, რომ ფაშისტებს საშუალება არ მისცემოდათ, მოსკოვში შესულიყვნენ. ამ ზუსტ ინფორმაციებს  კი ბერია პირველწყაროდან იღებდა. პირადად დადიოდა ფრონტის წინა ხაზზე (ზოგჯერ დღეში რამდენიმეჯერ) და მხოლოდ ამის მერე მოახსენებდა ხოლმე სტალინს. ფრონტის წინა ხაზზე გასვლა უმაღლესი თანამდებობის პირისთვის დიდი რისკის შემცველი იყო. სტალინმა აუკრძალა ბერიას ამის გაკეთება. თუმცა, ბერია მაინც არ იშლიდა თავისას და სტალინს უთხრა:
– იმედია, ამხანაგო სტალინ, ვერც ტყვია დამაკლებს რამეს და არც ტყვედ ჩავვარდები. ხოლო, თუკი ფაშისტებმა შემიპყრეს, დამიჯერეთ, სიტყვას ვერ დამაცდენინებენ...
სტალინს მეტი არაფერი უთქვამს. ბერია კი ძველებურად აგრძელებდა ფრონტის წინა ხაზზე „ვოიაჟს” და არაერთხელ აღმოჩენილა სიკვდილის საფრთხის წინაშე. გენერალ-პოლკოვნიკი სემიონ ზარუბინი იხსენებს: „ომის დაწყებიდანვე გენერალური შტაბის ანალიტიკურ სამსახურში ვმუშაობდი და ფრონტზე შექმნილი სიტუაციის სწრაფი და სწორი ანალიზი მევალებოდა. ლავრენტი პავლოვიჩთან 1941 წლის ნოემბრის მიწურულს მოვხვდი და სულ რაღაც ერთი თვე გავატარე მასთან. როგორც შემდგომ გავიგე, ბერიას თავად მოუთხოვია სამხედრო ანალიტიკოსი, რომელიც მას ფრონტის წინა ხაზზე ეახლებოდა სიტუაციის შესასწავლად. როდესაც მითხრეს, რომ ბერიასთან მჭიდრო კონტაქტში უნდა მემუშავა,  მართალი გითხრათ, ტანში გამცრა. ეს იმიტომ, რომ ბერიაზე ბევრი ცუდი რამ მსმენოდა. განსაკუთრებით კი სამხედრო წრეებში. მასზე ამბობდნენ,  დაუნდობელი, სასტიკი, გაუცინარიო... ერთი სიტყვით, უაღრესად ნეგატიურ პიროვნებად სახავდნენ და ბუნებრივი იყო ჩემი შიშიც. თუმცა, მასთან გატარებულმა დღეებმა საპირისპიროში დამარწმუნა. რასაც მასზე მისი გარდაცვალების მერე ამბობდნენ, შემიძლია, თავი დავდო, რომ მონაჭორი და მტკნარი სიცრუეა. რა თქმა უნდა, ასეთი თანამდებობის პირი, მით უმეტეს იმ პერიოდში, წმიდანი ვერ იქნებოდა, მაგრამ ბერია არც ჯალათი იყო, არც ბრიყვი და მით უმეტეს, არც სამშობლოს მოღალატე.
1941 წლის 28 ნოემბერს, დილის 9 საათზე ბერიას კაბინეტში ვეახლე. ის „ენკავედეს“ გენერლის ფორმაში იყო გამოწყობილი. ეტყობოდა, რომ ღამე გაეტეხა და შესაძლოა, არა ერთიც... რომ დამინახა, წამოდგა. კაბინეტის შუაგულში შემეგება. ხელი ჩამომართვა. შემდეგ დაბალ მაგიდასთან სავარძლებში მოვკალათდით და მითხრა:
– ზარუბინი, სემიონ მიხაილოვიჩი, ხომ?
– დიახ, ამხანაგო ბერია, – მივუგე ლავრენტი პავლოვიჩს და ფეხზე წამოვდექი.
– იჯექი, იჯექი, სემიონ მიხაილოვიჩ, – გამიღიმა ბერიამ და მოღიმარი „ჯალათი“ რომ დავინახე, პირველად მაშინ შემეპარა ეჭვი ბერიაზე გავრცელებულ ხმებში. მან კი დაამატა – ბუდიონიც სემიონ მიხაილოვიჩია. იცნობთ მარშალ ბუდიონს?
– არ ვიცნობ, ამხანაგო ბერია.
– გაგაცნობთ. აუცილებლად გაგაცნობთ. ჯერ ეს წყეული „ფრიცები“ მოვაშოროთ მოსკოვს, – ბერიამ სერიოზული სახე მიიღო და განაგრძო, – თქვენზე მითხრეს, გენშტაბის საუკეთესო ანალიტიკოსიაო და ამიტომ მოგიწვიეთ აქ. ერთი დელიკატური შეკითხვა მაქვს და ნუ მიწყენთ.
– გისმენთ, ლავრენტი პავლოვიჩ.
– ფრონტზე თუ ხართ ნამყოფი. უფრო სწორად, წინა ხაზზე?
– სამწუხაროდ, არა, ამხანაგო ბერია. სულ შტაბში ვმუშაობდი.
– ეგ ცუდია. წინა ხაზზე არც მე ვარ ნამყოფი, – ბერიამ პაუზა გააკეთა, – ისე არ გამოვიდეს, ბრმა ბრმას აეკიდაო. თუმცა, საგანგებო მდგომარეობაა და რა გაეწყობა. ერთი სიტყვით, ძვირფასო სემიონ მიხაილოვიჩ, თქვენ ფრონტის წინა ხაზზე უნდა მეახლოთ, რათა შექმნილი მდგომარეობა ვნახოთ, გავაანალიზოთ და შესაბამისი ზომები მივიღოთ, – ბერიამ კვლავ გამიღიმა და მკითხა, – სემიონ მიხაილოვიჩ, ხომ არ გეშინიათ ჩემთან ერთად წამოსვლა?
– არა, ამხანაგო ბერია. რასაც მიბრძანებთ, იმას გავაკეთებ, – გამოვეჯგიმე მინისტრს.
– მაშინ, ჩემთან დარჩებით. არც მე მეშინია, – ბერიამ გამიღიმა და საათს დახედა, – ერთ საათში გავდივართ. მოემზადეთ.
იმ პერიოდის განმავლობაში ბერიას ზუსტად 110-ჯერ ვახლდი ფრონტის წინა ხაზზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თითოეული ასეთი გასვლა უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული და ბერიას წარბიც კი არ შეუხრია. არც შემკრთალა და არავის ამოფარებია ზურგსუკან... ჩვენს ამ გასვლებში კი სულ რაღაც რვა შეიარაღებული „ჩეკისტი“ გვახლდა თან. ალყაში რომ მოვხვედრილიყავით, აბა, ისინი რას გვიშველიდნენ? არადა, არც საარტილერიო დაბომბვა დაგვკლებია და არც უწყვეტი ტყვიამფრქვევების ცეცხლი. ერთხელ ტყვიამფრქვევიდან გასროლილმა ტყვიამ ბერიას მარცხენა მკლავში მსუბუქად გაჰკრა...
1941 წლის 31 დეკემბერს საშინელი, მინუს ორმოცგრადუსიანი ყინვის მიუხედავად, ფაშისტებმა საშინელი ძალით შემოგვიტიეს. ფრონტის ორი ვიწრო მონაკვეთი ორჯერ გაარღვიეს და ჩვენს ჯგუფსაც ორჯერ მოუხდა წინა ხაზზე გასვლა შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად. მეორედ რომ დავბრუნდით მოსკოვში, უკვე დღის 3 საათი იყო და ბერიამ თქვა:
– იმედია, „ფრიცები“ ვეღარ მოახერხებენ ნაბიჯის წინ გადმოდგმას. ცხრა საათში კი ახალი წელი დგება. ჰო, მართლა, სემიონ მიხაილოვიჩ, ღამის თერთმეტი საათისთვის მზად იყავით. კრემლში უმაღლესი მთავარსარდალი ვახშამზე გვეპატიჟება.
– სტალინი? – უნებურად წამოვიძახე მე.
– დიახ. სტალინი, – წადით, დაისვენეთ და მოემზადეთ.
ბერიას კაბინეტიდან ერთი საათის გასულიც არ ვიყავი, რომ კვლავ წინა ხაზზე მოგვიწია გასვლა. „ესესის“ რჩეულ დივიზიას ჩვენი რიგები გაურღვევია და ვოლოკოლომსკის სიმაღლეებისკენ გავემართეთ. ერთ-ერთ ბორცვზე განვლაგდით და ჩვეულ საქმიანობას შევუდექით. ბერიას ინფორმაციას ვაწვდიდი. ის კი საველე ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებოდა კრემლს და სად რა იყო საჭირო, ეუბნებოდა. იქიდან კი ცოცხალი ძალა და ტექნიკა იგზავნებოდა ფაშისტების შეტევის მოსაგერიებლად. დაღამდა. ყინვა გაძლიერდა, მაგრამ ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, ოფლში ვიწურებოდით. სწორედ ამ დროს მოხვდა ბერიას ტყვია მკლავში. როცა მას თავისი პირადი მცველი დაახტა, თოვლზე დააგდო და ტელეფონი გაგდებინა, ბერიამ ირონიით უთხრა:
– სკვორცოვ, რა ტყვიას მოვუკლივარ და რა შენ... მაცადე, სტალინს ველაპარაკებიო...
იქ კიდევ ერთ საათს დავყავით. პოზიციები რომ გამაგრდა და ცეცხლიც შეწყდა, ღამის 10 საათზე მოსკოვში დავბრუნდით და მხოლოდ ბერიას კაბინეტში აღმოუჩინა ლავრენტი პავლოვიჩს ექთანმა დახმარება. შემხმარი სისხლი სპირტით მოწმინდა და შეუხვია... ღამის 11 საათზე კი ბერიამ კრემლში მიახლა. ახალ წელს სტალინის კაბინეტში შევხვდით და ბელადიც გავიცანი და მარშალი ბუდიონიც. ბერია სწორედ მას ესაუბრებოდა. მე ხელით მიმიხმო და რომ მივედი, ბუდიონს უთხრა:
– გაიცანით, სემიონ მიხაილოვიჩ, ეს ახალგაზრდაც სემიონ მიხაილოვიჩია და ახლა რომ მტერი ვერ გვიტევს, მისი დიდი დამსახურებაცაა.

скачать dle 11.3