როგორ დასაჯა სტალინმა თავისი შვილები და სერგო მიქოიანი უდისციპლინობისთვის
სტალინის მეგობრის, არტიომ სერგეევის დაღუპვის შემდეგ, დიდმა ბელადმა მისი ერთადერთი ვაჟი, პატარა არტიომი იშვილა და საკუთარ ოჯახში ღვიძლი შვილივით ზრდიდა. გმირი რევოლუციონერის ვაჟს სტალინი სიყვარულით ტომკას ეძახდა და საკუთარი შვილებისგან არ არჩევდა. ტომკა კი სტალინს მამას ეძახდა, ისევე, როგორც იაკობი, ვასილი და სვეტლანა. ტომკა და ვასია თანატოლები იყვნენ. მართალია, ტომკა ახლოც კი ვერ მოვიდოდა ვასიას ცელქობასთან, თუმცა ისიც ძალიან მოძრავი ბავშვი იყო, ამიტომ ძმებს ხშირად სჯიდნენ ხოლმე უდისციპლინობისთვის როგორც სკოლაში, ასევე სახლშიც. სახლში ამ მისიას, ძირითადად, სტალინი ითავსებდა. დიდი ბელადი არასდროს უწევდა ხმას, მით უმეტეს, ხელს არ ასწევდა მათზე. ის, უბრალოდ, მკაფიოდ და გასაგებად უხსნიდა საკუთარ დანაშაულს ბავშვებს. შემდეგ კი მათ სასჯელის აღსასრულებლად უშვებდა, რაც დაკისრებული სამუშაოს შესრულებაში გამოიხატებოდა. მაგალითად, ნაკვეთის დასუფთავება ზუბალოვოს აგარაკზე ან საზარეულოში კარტოფილის გათლა და ასე შემდეგ. ბავშვები ყოველთვის კეთილსინდისიერად, ბოლომდე ასრულებდნენ დაკისრებულ სასჯელს. სტალინი კი ასევე, ყოველთვის ამოწმებდა შესრულებული სამუშაოს კეთილსინდისიერებას.
ერთხელ კრემლის საცხოვრებელი კორპუსის კიბეებზე ქვიშით სავსე კასრი დააგორეს, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებისთვის იყო განკუთვნილი. საშინელი გრუხუნი ატყდა. ჩვენი სამსახურის ბიჭები ისე დაფაცურდნენ, რომ კაცი იფიქრებდა, ტერორისტების შემოსევააო. ჩვენი უფროსი – ნიკოლაი ვლასიკი პისტოლეტმომარჯვებული დარბოდა აქეთ-იქით და გამალებული ეძებდა დამნაშავეებს. მეც იქვე ვიყავი და უმალვე მივხვდი, რაშიც უნდა ყოფილიყო საქმე. „ტერორისტების“ ადგილსამყოფელიც ვიცოდი – მესამე სართულზე, მარცხენა დერეფნის კუთხეში, ლენინის უზარმაზარი ბიუსტი იდგა და ვასია და ტომკა ხშირად ამ ბიუსტის უკან იმალებოდნენ. სტალინი ახალდაბრუნებული იყო სახლში. ხმაურზე დერეფანში გამოვიდა და იარაღმომარჯვებულ, სახეწამოჭარხლებულ ვლასიკს ჰკითხა:
– სიდოროვიჩ, რა პისტოლეტით დარბიხარ დერეფანში, სასწავლო მეცადინეობა გაქვთ?
– არა, ამხანაგო სტალინ. უცნობმა ბოროტმოქმედებმა კიბეებზე ქვიშით სავსე კასრი დააგორეს. ძალიან საეჭვო ფაქტია. ყველანი ფეხზე ვართ და მალე შევიპყრობთ მათ. თქვენ კი უსაფრთხოების მიზნით, ოთახში შედით, – მიუგო ვლასიკმა და კიბეებისკენ გაქანდა.
სტალინს გაეცინა. მე მიმიხმო და, რომ მივედი, მითხრა:
– მიშა, შენ გეცოდინება „ტერორისტების“ ადგილსამყოფელი და როგორც კი შეიპყრობ, იმწამსვე მომგვარე.
– გასაგებია, ამხანაგო სტალინ! – ღიმილითვე მივუგე დიდ ბელადს და მესამე სართულისკენ გავემართე.
ხუთი წუთის შემდეგ ორივე „ტერორისტი“ თავჩაღუნული იდგა სტალინის წინ და ხმას არ იღებდა. ბელადმა ბავშვები აათვალიერ-ჩაათვალიერა და მკითხა:
– მესამე სართულზე რომ ილიჩის დიდი ბიუსტი დგას კუთხეში, იმის უკან იმალებოდნენ ხომ?
– დიახ, ამხანაგო სტალინ, – მივუგე ბელადს.
– აბა, გამოტყდით, ქვიშიანი კასრი თქვენ დააგორეთ კიბეებზე? – ჰკითხა სტალინმა ბავშვებს და დააყოლა:
– ვასია, შენ გეკითხები და პასუხი გამეცი.
– ვასია და ტომკა ყოველთვის აღიარებდნენ ხოლმე დანაშაულს, რის მერეც სასჯელის დადება და აღსრულება ხდებოდა. ამჯერად კი ვასიამ თავი ასწია და მამამისს მიუგო:
– ჩვენ არანაირი ქვიშიანი კასრი არ დაგვიგორებია კიბეებზე.
სტალინი დარწმუნებული იყო ბავშვების დანაშაულში. ასეთ პასუხს არ მოელოდა და ვასიას უთხრა:
– რაო, რა თქვი?
– ჩვენ არანაირი ქვიშიანი კასრი არ დაგვიგორებია კიბეებზე, – გაუმეორა სტალინს პატარა ვასიამ.
– არ გრცხვენია, რომ ცრუობ? – უთხრა სტალინმა შვილს.
– არ ვცრუობ, – მიუგო ვასიამ.
– თუ არ ცრუობ, მაშინ ილიჩის ბიუსტის უკან რატომ იმალებოდით?
– ბიუსტის უკან იმიტომ ვიმალებოდით, რომ გაქცევა ვერ მოვასწარით, – ლაპარაკში ჩაერთო ტომკა, რისთვისაც ვასიამ მას კეფაში წამოჰყრა, თუმცა იგივე მიიღო მისგან...
– ხელები დაიმოკლეთ! – გაუწყრა ბიჭებს სტალინი და თქვა: – რადგან გარბოდით, ესე იგი, დანაშაული ჩაიდინეთ. დანაშაული კი კასრის დაგორება იყო და ეს თქვენი ნამოქმედარია. მართალს არ ვამბობ?
– არა, არა, მამი, – პირდაპირ მიუგო ვასიამ მამას.
სტალინს ჩაეცინა და ტომკას ჰკითხა:
– შენ რას იტყვი ტომკა, შენც მიგაჩნია, რომ ვცდები.
– დიახ, მამა, ცდები, – მიუგო სტალინს ტომკამაც და ვასიასავით თავი ჩაღუნა.
– ესე იგი, ვცდები, ხომ? – თავისთვის ჩაილაპარაკა დიდმა ბელადმა და ახლა უკვე მე მკითხა:
– შენ რას იტყვი, მიშა, შენც ამათ აზრზე ხარ?
– ამხანაგო სტალინ, სხვა რაღაცაში უნდა იყოს საქმე. ბავშვები ყოველთვის აღიარებენ დანაშაულს და რაღა ახლა მოგვატყუებენ? – მივუგე სტალინს.
ამ დროს კარი გაიღო და ნიკოლაი ვლასიკი გამოჩნდა, რომელმაც ანასტას მიქოიანის ვაჟი – სერგო შემოიყვანა. ყველანი მათ მივაჩერდით. ბიჭები კი წამოწითლდნენ და ნერვიულობა დაეტყოთ. ყველაფერი ნათელი იყო – „ტერორისტი“ პატარა სერგო მიქოიანი უნდა ყოფილიყო. ვასია და ტომკა კი იმიტომ ანერვიულდნენ, რომ სერგო მიქოიანს შეიძლება ეფიქრა, რომ ის ვასიამ და ტომკამ დააბეზღეს, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეეფერებოდა. რა თქმა უნდა, სტალინი ყველაფერს მიხვდა, და ვლასიკს ჰკითხა:
– რაო, სიდოროვიჩ, რა ხდება?
– აი, ამხანაგო სტალინ, ამ ონავარს დაუგორებია კიბეებზე კასრი და სხვენში იპოვეს ჩემმა ბიჭებმა. იქ იმალებოდა და ყველაფერში გამოტყდა.
სტალინმა პატარა სერგოს თავზე ხელი გადაუსვა და ჰკითხა:
– ვასია და ტომკაც გეხმარებოდნენ კასრის დაგორებაში?
– პირიქით, ძია იოსებ. მათ ამის გაკეთება დამიშალეს. მე კი არ დავუჯერე, – მიუგო სერგო მიქოიანმა.
– გასაგებია, – თქვა სტალინმა, – ახლა კი, არწივებო, ნაბიჯით იარ სამზარეულოსკენ და მზარეულებს კარტოფილის გათლაში დაეხმარეთ. იცოდეთ, არ იცუღლუტოთ, აუცილებლად შეგამოწმებთ!
ბიჭები კარტოფილის გასათლელად გაემართნენ. ვლასიკმა კი სტალინს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, ვასიამ და ტომკამ რაღა დაგიშავეს, მათაც რომ სჯით?
– შრომა აკეთილშობილებს ადამიანს, – მიუგო სტალინმა ვლასიკს და დაამატა, – სიდოროვიჩ, შემდგომშიც რომ პისტოლეტმომარჯვებულმა არ ეძებო ტერორისტები კრემლის დერეფნებში, იქნებ რამე მოიფიქრო და ეგ ქვიშიანი კასრები მეხანძრეებს სხვაგან დაადგმევინო...
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით