რატომ უნდა მივიღოთ უზმოზე ნაკურთხი წყალი და რატომ უნდა ასხურონ მშობლებმა ძილის წინ შვილებს აიაზმა
19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. „მახსენდება დედ-მამასთან გატარებული ჩემი ბავშვობის წლები. ოჯახში შენახული გვქონდა ჩვენი დაბადების წელს აღებული აიაზმა. იგი ისეთივე იყო, როგორც ახალაღებული წყალი. საერთოდ, აიაზმის სასწაულს ვერასდროს მისწვდება და ახსნის ადამიანის გონება... თქვენ უნდა წაიღოთ ეს წყალი და მთელი წლის განმავლობაში უნდა იმყოფინოთ. გახსოვდეთ, ყოველ დილით, უზმოზე უნდა მიირთვათ; ასევე, აიაზმა უნდა ასხუროთ თქვენს შვილებს, თქვენ თვითონაც დაიპკუროთ და თქვენს სახლსაც და კარმიდამოსაც ასხუროთ. ყოველ საღამოს, მამაჩემი ლოცვას რომ წაიკითხავდა, დასასრულ აუცილებლად გვასხურებდა ყველას აიაზმას და მერე მივდიოდით დასაძინებლად. ეს წესი უნდა იყოს ყოველ მართლმადიდებლურ ოჯახში, ის დიდად შეუწყობს ხელს სიმშვიდისა და სიყვარულის ატმოსფეროს შექმნას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სახლის კურთხევა. ყველა ოჯახში მოდის სტუმარი. ზოგიერთი მათგანი კეთილი გულით შემოდის, ზოგიც – ბოროტი განზრახვით. ამიტომ ხშირად უნდა აკურთხოთ სახლი. მაგალითად, წმიდა იოანე ოქროპირისა და წმიდა ბასილი დიდის დროს ყოველთვე აკურთხებდნენ ხოლმე მორწმუნეები თავიანთ საცხოვრისს. თქვენც შესაძლებლობისამებრ უნდა გააკეთოთ ეს.“ – კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
რა მნიშვნელობა აქვს ნათლისღების დღესასწაულს, რა ასაკში უნდა მოვნათლოთ ბავშვები, როგორ უნდა შევარჩიოთ ნათლიები – ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– მაცხოვრის შობას და მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაულს მეხუთე საუკუნემდე ეკლესია ერთსა და იმავე თარიღით აღნიშნავდა. მეხუთე საუკუნის შემდეგ მოხდა მათი დაშორება, ანუ ვზეიმობთ ჯერ მაცხოვრის შობას, ხოლო შემდეგ – ნათლისღების დღესასწაულს. ორივე დღესასწაული არის თეოფანია, ანუ ღვთის გამოცხადება. ნათლისღება არის წმიდა საღმრთო საეკლესიო საიდუმლო, რომლის ძალითაც ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. ადრე, როდესაც მოციქულები ნათლავდნენ ხალხს, მათი ხელდასხმით გადმოდიოდა ადამიანებზე სულიწმიდა. რადგან ნათლისღების მსურველთა რაოდენობა ბევრი აღმოჩნდა, ამიტომ ეკლესიაში დადგინდნენ მოციქულების მიერ ნაკურთხი ხუცესები, იგივე მღვდელმსახურები, რომლებსაც კეთილსურნელების სახით მირონი გადაეცათ. დღეს ეკლესიაში სულიწმიდის გარდამოსვლა აღესრულება მირონის ცხებით. მირონის ცხებით, ნათლისღების საიდუმლოს დროს, ადამიანს ენიჭება სულიწმიდის მადლი. ბევრმა არ იცის, რომ ნათლისღების დღეს ის ორ საიდუმლოში მონაწილეობს: პირველი – ეს არის ნათლისღება მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით, ხოლო მირონცხებით ადამიანს ენიჭება სულიწმიდის მადლი, რომლის გარეშე მას არ შეუძლია, თქვას აღსარება, ეზიაროს, იაროს ეკლესიაში და, რაც მთავარია, ვერ ცხონდება.
– დღეს მშობლები, ფინანსური პრობლემების გამო, გარკვეული წლების გასვლის შემდეგ ნათლავენ შვილებს. ეს რამდენად სწორი და მისაღებია?
– სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, ადამიანის ნათლისღება მისი ყრმობის ასაკშივე უნდა აღსრულდეს. ახალშობილი დაბადებიდან მერვე ან მეორმოცე დღეს უნდა მოინათლოს, ხოლო, თუ ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინ, ჯობია, მისი მონათვლა დაბადებისთანავე მოხდეს, რაც, ხშირ შემთხვევაში, გამოჯანმრთელების მიზეზიც გამხდარა. როდესაც მოძღვარი „შეფუცვის ლოცვებს“ კითხულობს, მოსანათლავი კი ნათლიასთან ერთად დასავლეთისკენ ბრუნდება (დასავლეთი ბნელეთის, დემონების სამფლობელოს გამოხატავს). ამ დროს ის ქრისტეს მხედარი ხდება და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: „განვეშორები ეშმაკისგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან“. ამას სამჯერ იმეორებს და ზიზღისა და უარყოფის ნიშნად დასავლეთის მხარეს განერწყვავს. ეს ცოდვისა და ცოდვის მამის – დემონისადმი სიძულვილის ნიშანია. ამის შემდეგ მოსანათლავი ნათლიასთან ერთად აღმოსავლეთისკენ ბრუნდება და სამგზის დებს პირობას, იფიცება უფლის წინაშე: „შევუდგები ქრისტეს“. როდესაც მოსანათლავი ჩვილია, მაშინ ამ სიტყვებს ნათლია წარმოთქვამს. ნათლისღების დროს მღვდელი მოსანათლავს მირონს სცხებს, რომელსაც მღვდელმთავარი განსაკუთრებული წესით, გამუდმებით სახარების კითხვითა და სხვადასხვა ყვავილით ამზადებს. მისი ცხებით ადამიანი სახარების მცნებებს იძენს, რომლებიც მას ცოდვებთან ბრძოლაში ეხმარება. ნათლობის დასასრულს მღვდელი ნათელღებულს თმას ჯვარედინად ჰკვეცს. თმის მოკვეცა ნიშნავს იმას, რომ მონათლული ადამიანის ბატონი მხოლოდ ღმერთია.
– დღეს ჩვენში ასევე გავრცელებულია აზრი, რომ თითქოს მშობლები არ უნდა დაესწრნენ შვილის ნათლობას. ეს შეხედულება მცდარია?
– როდესაც ბავშვს მეორმოცე დღეზე ადრე ნათლავდნენ, იმ დროს დედას ეკრძალებოდა ეკლესიაში შესვლა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის უწმინდურ მდგომარებაში იმყოფებოდა. მაგრამ, თუ ყრმას მეორმოცე დღეს მონათლავენ, მაშინ დედას მოძღვარი სპეციალურ „განწმენდის ლოცვებს“ უკითხავს, რომლის შემდეგაც ის სიხარულით ესწრება საკუთარი შვილის ნათლისღებას. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს სრული უფლება აქვთ, დაესწრონ ნათლობას. ხშირად მოძღვრებს იმასაც გვეკითხებიან, დაბადების დღე აღვნიშნოთ თუ ნათლობის დღეო. ჩემი პასუხი ასეთია: ყველა ქრისტიანმა უნდა იცხოვროს უფლის წესების დაცვით და მადლობით აღნიშნოს როგორც დაბადების, ასევე ნათლობისა და ანგელოზის ხსენების დღეები; ნათლიამ უნდა იზრუნოს ნათლულის სულიერ აღზრდაზე, ხოლო მშობლები და შვილები ერთმანეთს პატივისცემითა და სიყვარულით უნდა ექცეოდნენ.
– ხშირად ნათლობის დროს მოსანთლავ ადამიანს სახელს უცვლიან. ეს რატომ არის აუცილებელი?
– როდესაც წმიდანების სახელებს ვარქმევთ ჩვენს შვილებს, მათ უკვე წმიდანების სახით ჰყავთ მფარველები, რომელთა წინაშე მთელი ცხოვრება უნდა ილოცონ, დახმარება, შემწეობა სთხოვონ და მადლობა გადაუხადონ. წმიდა იოანე ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დამკვიდრდა. ნეტარი თეოდორატის მოწმობით კი, ახლად ნათელღებული სულებისთვის წმიდანთა სახელების წოდება საყოველთაო წესად მეოთხე საუკუნეში გადაიქცა. ეკლესიური განაწესით, ჩვილს ქრისტიანული სახელი ნათლობამდე ერქმევა, რაც ნათლობისადმი მოსამზადებელი მოქმედებაა. კურთხევანის მიხედვით, ქრისტიანს სახელი დაბადებიდან მერვე დღეს ერქმევა, ისევე, როგორც იესო ქრისტეს დაარქვეს დაბადებიდან მერვე დღეს.
– აქვს თუ არა მოძღვარს უფლება, ნათლობის აღსრულებაში მოითხოვოს ფული?
– სახარებაში წერია, რომ მუშაკი ღირსია თავისი საზღაურის. მოძღვარს არ აქვს უფლება, თქვენ გარკვეული „სტავკა“ დაგისახელოთ. ჩვენ ყველანი‚ ვისაც სამსახური გვაქვს, ვიხდით გაზის, დენის გადასახადს, გვყავს შვილები და მოძღვარსაც სჭირდება შემოსავალი, რომ თავისი ოჯახი არჩინოს სწორედ იმ შემოწირულობებით, რომელსაც მას მრევლი შემოსწირავს. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც მოძღვარი ისეთ თანხას ითხოვს, რომ, მისი წასვლის შემდეგ ოჯახში სიხარული კი არა ტრაგედია რჩება – ამხელა თანხა გამოგვართვაო. იმის მაგივრად, რომ ნათლიას ნათლისღებაში, ქორწინებაში მონაწილეობა უხაროდეს, პირიქით, დადარდიანებულია – იმდენ თანხას მომთხოვენო. ეს ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ ფაქტია. უფალს არ დაუდგენია გარკვეული თანხის გადახდა, თქვენ გულით უნდა შესწიროთ.