მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ოჯახს აქვს გაკეთებული ჯადო. როგორ მოვიქცეთ მის ასახსნელად?
პასუხი: ჯადომ რომ არ იმოქმედოს ოჯახზე, უპირველესად საჭიროა, ოჯახის წევრებმა დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება: ჰყავდეთ მოძღვარი, ამბობდნენ აღსარებას, მიიღონ წმიდა ზიარება. ამასთანავე, აუცილებელია, მღვდელმსახურს აკურთხებინონ ბინა, სადაც ისინი ცხოვრობენ.
კითხვა: როგორი ლოცვაა უფლისთვის სათნო?
პასუხი: ლოცვისას მხოლოდ კი არ უნდა ითხოვდე: „უფალო, შემეწიე, უფალო, შემიწყალე“, არამედ განუწყვეტლივ უნდა ჰმადლობდე და ადიდებდე უფალს, მაშინ გექნება სულის მშვიდობა.
კითხვა: როგორ ჩავუნერგოთ ბავშვს უფლისადმი სიყვარული და მოწიწება?
პასუხი: ბავშვს პატარაობიდანვე უნდა ასწავლოთ მუხლის მოდრეკა წმიდა ჯვრისა და ხატების წინაშე, მათზე მთხვევა; უფროსებმა უნდა დაანთებინონ სანთლები ხატების წინ, გაიღონ მოწყალება, საეკლესიო შესაწირავი; ბავშვი ხშირად უნდა ატაროთ ტაძარში; ხშირად აზიაროთ; მიაღებინოთ სებისკვერი და ნაკურთხი წყალი; ბავშვს შეასწავლეთ ლოცვები; ასწავლეთ მღვდელმსახურისგან კურთხევის აღება; მიაჩვიეთ გალობასა და წმიდა წერილის კითხვას; ბავშვის თანდასწრებით ისაუბრეთ უფალზე. მიაჩვიეთ ტკბილეულსა და თუნდაც პურის ნაჭრის გაყოფას ძმების, დებისა და სხვებისთვის.
კითხვა: როგორ ვამრავლოთ სიყვარული მოყვასისადმი?
პასუხი: ამისთვის საჭიროა, მუდამ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი მოყვასის ადგილას და ის – თქვენს ადგილას.